შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„შავი სარკის“ მეტაფორები

„ეს გამორთული ეკრანია. ნებისმიერი ტელევიზორის, აიპედის, აიფონის თუ ლეპტოპის გამორთვისას ჩვენ წინაშე შავი სარკეა. ეს ისეთი საშინელია და ამ დროს კი შიგნით საკუთარ გამოსახულებას ვუყურებთ’’.

ჩარლი ბრუკერი, „შავი სარკის’’ შემქმნელი

„შავი კვადრატი არის ის, რომელშიც ყველა შესაძლებლობის ჩანასახია“

კაზიმირ მალევიჩი

 

 

ამ სერიალის ყურება სამჯერ წამოვიწყე და პირველი სეზონის პირველ ფილმს ვერ გავცდი… ბოლოს, სხვა სერია ვნახე და ასე ამოვწურე ოთხივე სეზონი.

ჩემი მთავარი კითხვაა: რისი მეტაფორაა სათაური „შავი სარკე“?  უცებ თუ ჯადოქრობა და კუდიანები გაგახსენდებათ, არ შეცდებით, თუმცა ეს მაინც არ არის.

აი, ახლა კომპიუტერს ვუზივარ, გახსნილი მაქვს ვორდის დოკუმენტი და კლავიატურას ვუკაკუნებ. ეკრანი თეთრია და შავი ასოებით ვწერ… ამაში არაფერია განსაკუთრებული. პარალელურად, ჩაკეცილი მაქვს სოციალური ქსელი, რამდენიმე სტატია, თან მუსიკას ვუსმენ… ოთახში ტელევიზორს ხმა გავუთიშე… ტელეფონი გვერდით მაქვს. ხედავთ, რამდენი „შავი ეკრანის“  გარემოცვაში ვარ? უფრო გვიან – გამოვრთავ ტელევიზორს, ტელეფონს, გავთიშავ კომპიუტერს და დაველოდები, ვიდრე ეკრანი ჩაქრება. ეკრანი რომ ჩაქრება, ნიშნავს, რომ „ძილის და დასვენების დროა“. და ვიდრე ჩამქრალ ეკრანს საბოლოოდ ჩავხურავ, ეკრანის „შავ სარკეში“ ავირეკლები, თვალს შევავლებ საკუთარ ლანდს და იქნებ არც არასდროს დავფიქრდე იმაზე, „ვინ არის ის, ვინც ჩამქარალ ეკრანზე გაკრთება?“

„შავი სარკის“ მეტაფორიდან გამომდინარე,  ხშირად ვსვამ ამ კითხვას: „ვინ ვრჩებით მას შემდეგ, როცა ყველაფერს გავთიშავთ და ჩვენი  „შავი სარკის“ ეკრანზე ავირეკლებით?

როგორ გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი? იქნებ გავტეხოთ ეს „შავი სარკეები“ და უფრო ღრმად ჩავიხედოთ პრობლემაში?

საგულისხმოდ წერს ერთი ქართველი ქუბერი მარი გელაშვილი (სანფონი) ამ ფილმის შესახებ: „ამ სერიალის ნახვისას, რაც სასოწარკვეთასა და პესიმიზმს იწვევს ადამიანში არის ის, რომ, პირიქით, ადამიანი არც ცუდია და არც კარგი, არამედ ის არის უბრალოდ ადამიანი, დეტერმინირებული მექანიზმი, tabula rasa და რადიკალური ბიჰევიორიზმის გამოვლინება, MACHINA-მანქანა, მექანიზმი, რომელიც ისეთივე ცარიელია, როგორც ჩვენი გამორთული სმარტფონი და რომელიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც მას გარემო აქცევს. განა, მართლაც, რომ დავფიქრდეთ, რა უფრო საშინელია, იმის განცდა, რომ შენ ცუდი ხარ? მაგრამ იცი, რომ ეს შენ ხარ, შენია, შენ მოგაქვს ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში, თუ ის, რომ შენ „არაფერი ხარ’’, არამედ ჭურჭელი, რომელსაც რა საწყაოთიც უნდათ, იმით აავსებენ – ტელევიზია მომხმარებლური ფსიქოლოგიით, ვიდეოთამაშები – აგრესიით, პორნოინდუსტრია – ტრენდული პერვერსიებით“. https://litagora.ge/2017/12/26/blackmirroran/

„შავი სარკის“ მეტაფორამ უნებურად მალევიჩის „შავი კვადრატის“ მეტაფორა გამახსენა. ორივე „ეკრანია“. ორივე „შავი ფერის“ და ორივე მეტაფორის შესახებ უამრავი ინტერპრეტაციაა. უბრალოდ, ისინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შინაარსობრივი ანტონიმები.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი ასეთი სურათი ერთმანეთის გვერდით: ერთი – გამორთული სმარტფონის „შავი ეკრანი“, რომელიც უკავია ადამიანს, არეკლილია მასზე და მიშტერებია; და მეორე: „შავი კვადრატის“ წინ მდგარი დამთვალიერებელი, რომელიც შთაგონებით აკვირდება ნახატს…

რა საერთოა და რა განსხვავებაა მათ შორის?

პირველ შემთხვევაში „შავი სარკე“ აქეთ გვავსებს დაშტამპული „შინაარსებით“ და მეორე შემთხვევაში კი ჩვენი შინაგანი განცდების, გრძნობების, შეხედულებების პროექციას ვახდენთ შავ კვადრატზე – ანუ ინტუიციური, შემოქმედებითი ინტერპრეტაციაა;

როგორც კაზიმირ მალევიჩი წერდა: „კვადრატი არის ის, რომელშიც ყველა შესაძლებლობის ჩანასახია“. ნახატის შექმნისას ავტორი სრულიად ალოგიკურია და მიჰყვება ინტუიციას… მან, ერთი მხრივ, ყოველგვარი შინაარსისაგან დაცალა ფორმა და, მეორე მხრივ, მისცა ნიადაგი ახალი შინაარსების გამოვლენას!

და რა ხდება „შავ სარკეში“? ისტორიები, რომლებიც თითოეულ სერიაშია, დამოუკიდებელ მეტაფორებად წარმოგვიდგება და ბევრ რამეზე დაგვავფიქრებს. მაგალითად, სერიაში: „ადამიანები ცეცხლის წინააღმდეგ“, რომელშიც იყენებენ „მასის’’ იმპლანტს, რომელიც ამ მებრძოლების სისხლში შეჰყავთ, ეს კი უქმნის მათ წარმოსახვით რეალობას. ამის შემდეგ მებრძოლები ხედავენ მოწინააღმდეგეებს – პარაზიტებს – საშინელ არსებებად, როგორც სერიის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „უფრო მარტივია გასროლა, როდესაც მონსტრს უმიზნებ”.

რისი მეტაფორაა „მასის“ იმპლანტი“?

ფილმში ფიზიკურად ხდება ამ იმპლანტის შეყვანა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს არის ცნობიერების იმპლანტი, რომელსაც, მაგალითად, თანამედროვე რეალობას თუ ავიღებთ, ნერგავს მასმედია მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციებით, რომლის შემდეგაც ადამიანს გარკვეული ფაქტების ან მოვლენების მიმართ უყალიბდება არასწორი, ყალბი დამოკიდებულება. ამ ყალბ დამოკიდებულებაზე აგებს ის თავის „ჭემშმარიტ“ მსჯელობებს და საბოლოოდ ვიღებთ რეალობას, რომელიც არის სრული აბსურდი. პრობლემა ის კი არ არის, რომ რეალობა აბსურდულია, არამედ ის, რომ ჩვენ მას ვახარჯავთ მთელ ჩვენს ენერგიას, როცა ამ ენერგიით სხვა, უფრო შემოქმედებითი საქმის გაკეთება შეგვეძლო.

სერიის პერსონაჟი მხოლოდ მას შემდეგ აცნობიერებს ამას, როდესაც შემთხვევით იმპლანტი დაუზიანდება და მოწინააღმდეგეებს დაინახავს ისეთებს, როგორებიც არიან სინამდვილეში. ეს იწვევს მის შოკს…

„შავი სარკე“ – ჩვენი ყოველდღიურობაა ასე მეტაფორულად გამოხატული. „მასის“ იმპლანტის“ შემქმნელები თანამედროვეობაშიც ცდილობენ სამყაროდან გააძევონ ის  ადამიანები, რომლებსაც მტრებად და კონკურენტებად აღიქვამენ, შემდეგ ამ წარმოდგენებს საზოგადოებას ახვევენ თავს შექმნილი და გამოგონილი ინფორმაციებით, წამლავენ ადამიანებს და იწყებენ განადგურებას… ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც კარგად ირგებენ ამ იმპლანტს, ებმებიან ხელჩართულ ომში „დემონების“ წინააღმდეგ. შეგიძლიათ თავად მოიტანოთ ამის მაგალითები ჩვენი ყოველდღიურობიდან.

სოციალურ ქსელს თუ დააკვირდებით, როცა საინფორმაციოები გადის,  აღმოაჩენთ, რომ  ინფორმაციული საწამლავით დაწამლული ადამიანები როგორ ფეხდაფეხ მიჰყვებიან მოვლენებს და იწყება გმობა ან დაცვა ვინმესი ან რაიმესი, იმის მიხედვით, როგორ შექმნეს კარგად ყალბი ინფორმაცია. ადამიანები მზად არიან ჩაქოლონ, ჯვარზე გააკრან მავანი მხოლოდ იმიტომ, რომ ასე დააჯერეს, მათ კი ზედმეტი კითხვები არ გასჩენიათ: „ტელევიზორში ხომ ასე თქვეს!“

და როგორ ფიქრობთ, ვინ ქმნის „მასის“ იმპლანტს?

სპოილერები რომ არ დაგროვდეს, ჯერჯერობით ის კითხვებიც ვიკმაროთ, რაც დაგროვდა „შავი სარკის“ მეტაფორებთან დაკავშირებით და დანარჩენი შემდეგ სერიაში იყოს!

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი