ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სემიოტიკური წიგნიერება სწავლების დაწყებით საფეხურზე

ბავშვობიდან   არ მომწონდა ყველა ლექსის ,,დაზეპირება’’.

  • რატომ?

ამ კითხვაზე არ მქონდა პასუხი, უბრალოდ, არ მომწონდა და ვერც ვერავინ მიხსნიდა, რატომ უნდა დამეზეპირებინა ყველა ლექსი, რომელიც პროგრამულად ისწავლებოდა.

…მაგრამ მაშინ სხვანაირად არ შეიძლებოდა, მინდოდა თუ – არა, მაინც უნდა მესწავლა. თუმცა იყო ლექსები, რომელთაც ხალისით ვსწავლობდი, ზოგსაც – სიმღერით  და არასდროს მავიწყდებოდა… ხანდახან ლექსის დასწავლის ნაცვლად სიუჟეტს ვხატავდი… გარკვეული დროის შემდეგ მე თვითონ დავიწყე საყვარელ ტექსტებზე მუსიკის შექმნა…

 

გავიდა დრო…

ჩემს შეკითხვებს ,,მისმა უდიდებულესობამ’’, სემიოტიკამ გასცა კომპეტენტური პასუხები და მივხვდი, რომ:

,,სამყარო ჩვენში განსხვავებულად შემოდის, განსხვავებული არხებით: ხმებით, ხედვით, შეგრძნებებით… სამივეთი ერთად, ან ერთით – განსაკუთრებით… ამას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთსა და იმავე მოვლენებს განსხვავებულად აღვიქვამთ და რომ ამ განსხვავებულობამ კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიოს… არადა, რამდენი და რამდენჯერ მინახავს ამის გამო მოკამათე ადამიანები. ან ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთს ვერ გაუგეს მხოლოდ იმის გამო: რომ განსხვავებული აღქმის ენებით საუბრობენ…ნიშანთა სამი განსხვავებული სემიოტიკური სისტემა: ბგერები, სახეები, შეგრძნებები…’’ (ც.ბარბაქაძე).

 

ცნობილია, რომ ფსიქოლოგები ადამიანებს ჰყოფენ აუდიალებად, კინესთეტიკებად და ვიზუალებად.

როდესაც სწავლების დაწყებით საფეხურზე სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, აღქმა-აზროვნების რომელ ტიპს მიეკუთვნებიან ჩვენი მოსწავლეები:

  • აუდიალურს, რომლებიც სმენით აღიქვამენ;
  • კინესთეტიკურს, რომლებიც გრძნობენ;
  • თუ ვიზუალურს, რომლებიც ხედავენ.

 

სწორედ ამ მოცემულობისა და განმასხვავებელი ნიშნების გათვალისწინებით (მინდა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანამედროვე რიტორიკის აკადემიის დამფუძნებელ დირექტორს, ქ-ნ ცირა ბარბაქაძეს) ვცდილობ, მოსწავლეებმა მაქსიმალურად ღიად და თავისუფლად გადმოსცენ საკუთარი შთაბეჭდილებები და ვფიქრობ, სულაც არ არის აუცილებელი ლექსის მექანიკურად დაზეპირება.

 

მინდა, გაგიზიაროთ, როგორ შეძლეს ჩემმა მეხუთეკლასელებმა სამ სემიოტიკურ ენაზე  შოთა ნიშნიანიძის ,,ჩქარი მატარებლის’’ აღქმა.

დასაწყისში მოსწავლეებს ვთხოვე, თავიანთი სიტყვებით განემარტათ, რა არის პოეზია. ამის შემდეგ მოვასმენინე ლექსის ჩანაწერი მურმან ჯინორიას შესრულებით. https://www.youtube.com/watch?v=ZvWdW8Lwlh0

მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა გულწრფელად ისაუბრეს, როგორი მუსიკა ჩაესმათ. ეს იყო მხიარული, სევდიანი თუ  საზეიმო (ლექსის აუდიალური აღქმა) და როგორი განწყობა შეუქმნა ამ ლექსის მოსმენამ.  გასათვალისწინებელია, რომ აღქმა მხოლოდ ლექსზე არ არის დამოკიდებული, არამედ – იმაზე, თავად როგორ განწყობაზეა მსმენელი მოსმენის მომენტში.

ყურადღებით მოვისმინე ყველა მოსწავლის პასუხი და არაფერი შევუსწორე.

ერთხელ კიდევ მოვასმენინე ლექსი და მოსწავლეებს ვთხოვე, გადმოეცათ, რა ტიპის ფიზიოლოგიური შეგრძნება ჰქონდათ ლექსის მოსმენის დროს  (ლექსის კინესთეტიკური აღქმა):

  • გული ამიფანცქალდა…
  • ჭიანჭველებმა დამიარა…
  • სიხარულის ბურთი მომაწვა…
  • სევდამ შემიპყრო…

ყურადღებით მოვისმინე ყველა მოსწავლის პასუხი და ისევ არაფერი შევუსწორე.

შემდეგ ერთხელ კიდევ მოვასმენინე ლექსი და ვუთხარი:

– ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რის შესახებ არის ლექსში საუბარი, არამედ თქვენ დახატეთ ცნობიერებაში, რას ხედავთ, როცა ამ ლექსს ისმენთ.

ყველა მოსწავლემ განსხვავებულად და ორიგინალურად გადმოსცა შთაბეჭდილება:

  • ცაზე თეთრი ღრუბლებია…
  • ყველაფერი ტრიალებს, ტრიალებს…
  • ვიღაც ტყის გზას მიუყვება…
  • ვიღაც ეზოში თამაშობს…

შენიშვნა: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა პასუხი სწორია, რადგან თითოეული მოსწავლე სხვადასხვანაირად აღიქვამს და ასე ხატავს ცნობიერებაში მოსმენილს. შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს კავშირში ტექსტთან. დასასრულ,  მოსწავლეებმა დახატეს და აღწერეს საკუთარი წარმოსახვით შესრულებული ნახატები.

 

 

დადგა საფინალო შეკითხვების დრო:

  • რომელი სიტყვა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

თითქმის ყველა მოსწავლემ განსხვავებული სიტყვა დაასახელა, ხოლო კითხვის პასუხად, რა არის პოეზია, ასევე,  ყველამ ერთხმად გააკეთა სწორი დასკვნა:

  • პოეზია არის მუსიკა!
  • პოეზია არის ფანტაზია!
  • პოეზია არის შეგრძნებები!
  • პოეზია არის ტექსტი!

ვფიქრობ, მოსწავლეთა მიერ გაკეთებული დასკვნები ცხადად ასახავს, რომ  ისინი განსხვავებულად აღიქვამენ მოსმენილს, გამოხატავენ ემოციებს, განცდებს, შეიგრძნობენ, ხედავენ, უსმენენ ლექსის მუსიკალურ წყობას და ამგვარად აღქმული პოეზია ბევრად უფრო საინტერესოა მათთვის, ვიდრე, უბრალოდ, ფურცლიდან წაკითხული და დაზეპირებული ლექსი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მასწავლებლის წიგნი – ცირა ბარბაქაძე – სემიოტიკური წიგნიერება

https://bit.ly/35gc9aF

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge/ge/curriculum/competencies/semiotic-competence

სემიოტიკა

https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10185

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი