პროფესიები სამეცნიერო ფილმებიდან – ნაბიჯი რეალობისკენ

შესანიშნავია, როდესაც დროს ერთი ნაბიჯით უსწრებ, როდესაც ხვდები, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გახადო, ოცი წლის შემდეგაც წარმატებული იყო. თუ ვიოცნებებთ და ყველასათვის საყვარელი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების რეჟისორებს დავესესხებით, შესაძლოა, მათ მიერ გამოგონილი პროფესიების ნაწილი მომავალში მოთხოვნადი გავხადოთ.

  1. წერილების პროფესიონალი ავტორი („ის“, არცთუ შორეული მომავალი)

„ის“ ისტორიაა, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა. ამ მომავალში ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ისეთ კორპორაციებს მიანდობენ, რომლებიც მათ პირადი წერილების მიწერაშიც დაეხმარებიან. თქვენ მხოლოდ წერილის თემისა და ადრესატის შერჩევა მოგიწევთ. თქვენს წერილებს პროფესიონალურად დაწერენ, თუ საჭიროა, სენტიმენტალურადაც, ამქვეყნად ყველაზე გულის ამაჩუყებელი ან საქმიანი ტონით.

ასეთი წერილების მწერლები უკვე არსებობენ და ამისთვის ხელფასსაც იღებენ. თუმცა პირად შეტყობინებებს და ელექტრონულ წერილებს ჯერ ისევ ჩვენ თვითონ ვაგზავნით და არც ბრაუზერზე გვაქვს სპეციალური ფანჯარა, სადაც ავტომატურ რეჟიმში ამოგვიხტება ხოლმე წინადადება, ბებიას დაბადების დღე ხატოვნად და ლამაზად, ოღონდ სისტემების ჩარევით მივულოცოთ.

 

ფერმერი მარსზე (მარსელი“, 2035 წელი)

ეს ყველაზე რეალური პროფესიაა. მარსის კოლონიზაცია მხოლოდ დროის ამბავია. თუმცა აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის გარეშე აქ გაშენებული ბაღი და პლანტაცია დიდ სარგებლობას ვერ მოგვიტანს. ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.

რისი კეთება უნდა შეგვეძლოს? თითქმის ყველაფრის. ინჟინერია, ქიმია, ბიოლოგია – ეს საგნები საუკეთესოდ უნდა ავითვისოთ, მათ გარეშე მარსზე ვერ ვიცხოვრებთ. რა თქმა უნდა, გამოგვადგება ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნაც. რუტინული დავალებები – მზის ბატარეის დამონტაჟება, რობოტის გადაპროგრამება, ქიმიური რეაქციის ჩატარება, ხომალდის საწვავისგან წყლის მიღება… ჯილდოდ კი წითელ პლანეტაზე კულტივირებული პომიდორი და კიტრი გვერგება.

ასე რომ, ფერმერობა მარსზე – ეს არის ვაკანსია გამბედავი ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ გამოწვევები. თავდაპირველად აქ მუშაობა რთული და სარისკო იქნება – თქვენ ეცდებით მარსის მკვდარი მიწის გამოცოცხლებას უხელფასოდ, კარიერული პერსპექტივის გარეშე, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად დაგიფასდებათ. როდესაც დანარჩენი მოსახლეობა ამ პლანეტაზე ჩამოსვლას დააპირებს, უკვე საკუთარი მეურნეობისა და პლანტაციების მფლობელი იქნებით.

 

რობოტამწყობი („ელიზიუმი“, 2154 წელი)

რა თქმა უნდა, პოპულარული იქნება რობოტებთან დაკავშირებული პროფესიებიც, მაგრამ ერთია, როდესაც ისეთ ადამიანებს იკრებ გარშემო როგორიცაა ენაკინ სკაიუოკერი „ვარსკვლავური ომებიდან“ და სულ სხვა – მანქანების წარმოება: მათ ელიტა გამოიყენებს საკუთარი ძალაუფლებისა და პრივილეგიების შესანარჩუნებლად. მომავლის ამ ვერსიაში აშკარად მოიზრება სოციალურ კლასებად დაყოფა.

ზოგი ცხოვრობს ქალაქ ელიზიუმში, დედამიწის ზედაპირიდან მოშორებით. მათ აქვთ სუფთა ჰაერი, მედიკამენტები, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები, შეუძლიათ თითქმის ყველა დაავადების განკურნება, სიმსივნის ჩათვლით. სხვები კი ნაგავსაყრელად გადაქცეულ პლანეტაზე ცხოვრობენ და მდიდრების კეთილდღეობას ემსახურებიან. წესრიგს რობოტები იცავენ.

ვფიქრობთ, არავის სურს იყოს რობოტამწყობი ელიზიუმის სამყაროში. არასასიამოვნოა ისეთი იარაღის წარმოება, რომელსაც თავად შენ მოგიშვერენ. აქ არავინ დააზღვევს თქვენს ჯანმრთელობას და ქუჩაშიც იოლად აღმოჩნდებით. თანაც, მოწამლულ და ინფიცირებულ დედამიწაზე ადამიანები მალე იხოცებიან. კარიერაში წარმატებაც გამორიცხულია. ასე რომ, ამ სამსახურს არ გირჩევთ. უმჯობესია, თავი ხელში აიყვანოთ და სისტემის შეცვლისთვის იბრძოლოთ.

 

ავატარის ოპერატორი („ავატარი“, 2154 წელი)

ეს სამსახურიც მომავლისაა, მაგრამ ბევრად უფრო მიმზიდველი, მეტიც -თითქმის საოცნებო. ის ჰგავს თამაშს ვირტუალურ რეალობაში. თუმცა ეს სულაც არ არის თამაში. თქვენ უნდა აკონტროლოთ უზარმაზარი არსების უზარმაზარი სხეული, ეს კი რთულია.

ეს ასე ხდება: ბუნებრივი რესურსების განვითარების კორპორაცია დაგიქირავებთ, რათა გადაფრინდეთ პლანეტაზე, სადაც მინერალების მოპოვებას აპირებენ. თქვენ წევხართ სპეციალურ კაფსულაში პლანეტის თავზე დაკიდებულ სადგურზე. თქვენი ცნობიერება სხვის სხეულთან – ავატართან არის დაკავშირებული. ავატარით თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რასაც კომპანია გიბრძანებთ. ის კარგად გიხდით, ამიტომ არ გადარდებთ მინერალების მოპოვების ზნეობრივი მხარე.

სინამდვილეში თქვენ ჩვეულებრივი დაქირავებული პირი ხართ, უსაფრთხოების გარანტიით – მაშინაც კი, თუ თქვენს ავატარს რამე დაემართა, გადარჩებით. საჭიროა ტაქტიკური უნარების, იარაღის გამოყენების ცოდნა. ოღონდ რამდენიმე წელი სახლში ვერ დაბრუნდებით. პირველ ექვს წელს ძილში გაატარებთ, შემდეგ უნდა იმუშაოთ, ხოლო კიდევ ექვსი წელი შინ დასაბრუნებლად დაგჭირდებათ. თქვენი სხეულისა და ფსიქიკისთვის დრო სწრაფად გაიფრენს, მაგრამ შინ დაბრუნებულს შვილები უკვე გვარიანად წამოზრდილები დაგხვდებიან.

 

მეხსიერების წამშლელი („ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, უახლოესი მომავალი)

ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რა მოჰყვება მეხსიერების წაშლას? თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც? თქვენ დაგავიწყდებათ ახლახან ნანახი საინტერესო ფილმი, წაკითხული წიგნი ან ადამიანი, რომელიც გიყვართ. ვფიქრობთ, ვაკანსიაზე – „მეხსიერების წამშლელი“ – დიდი მოთხოვნა იქნება.

მეხსიერების წაშლა ხანგრძლივი პროცესია. ჯერ უნდა შექმნათ მეხსიერების ბარათი კლიენტთან ერთად. მასზე დაიტანოთ ყველა ის მომენტი და მოვლენა, რომლის დავიწყებაც გსურთ. შემდეგ კლიენტს ტვინის გარკვეული უბნები უნდა გაუთიშოთ. მეხსიერების წაშლის პროცესი, გარკვეულწილად, თავის ტვინის ფუნქციონირების მოშლაა.

ოღონდ იმ ეპოქის ექიმები ხმამაღლა იტყვიან, რომ მეხსიერების წაშლის პროცესი ორგანიზმისთვის თრობასთან მიახლოებული რამ იქნება. მეხსიერების ბარათის შედგენის შემდეგ კლიენტს შინ გაგზავნიან. მოგვიანებით თქვენ ან სხვა სპეციალისტი აპარატურით გამოცხადდებით მასთან და მის მოგონებებს წაშლით. პროცედურის დაწყებამდე კლიენტი სპეციალურ საძილე აბებს დალევს, ამიტომ დილით მას აღარ ემახსოვრებით და არც ის ემახსოვრება, რაც გადახდა.

მეხსიერების წაშლისას მნიშვნელოვანია სიზუსტე და თანმიმდევრულობა. წარმატება მიიღწევა გეგმის შედგენით და მისი შესრულებით. თუ რაიმე გამოგრჩათ, შეიძლება, მოგონებები დაბრუნდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმე ცუდად შეასრულეთ.

თანამედროვე სამყაროში მეხსიერების წამშლელები არ არსებობენ, მაგრამ ამ პროფესიისთვის უნარ-ჩვევების ათვისება წინასწარ შეგეძლებათ ბუღალტერიაში ან საბანკო საქმიანობაში ჩაღრმავებით, რადგან მომავალ პროფესიაში ყველაფერი საათივით აწყობილი უნდა იყოს.

სამომავლოდ მეხსიერების წამშლელი კომპანიები იმუშავებენ ისე, როგორც ახლა სხვა რიგითი კომპანიები მუშაობენ. ასე რომ, შეგიძლიათ, დაწინაურებისა და სოციალური სოციალური პაკეტის მიღების იმედიც კი იქონიოთ.

 

რეპლიკანტებზე მონადირე („დანის პირზე მორბენალი“, უახლოესი მომავალი)

ძნელია ცხოვრება და მუშაობა სამყაროში, სადაც დანამდვილებით არასოდეს გეცოდინება, ვინ ხარ – ადამიანი თუ ბიორბოტი, გენეტიკური ინჟინერიის პროდუქტი. და თუნდაც რობოტი იყო, მაინც არ იცი, რა განსხვავებაა თქვენ შორის.

„დანის პირზე მორბენალის“ ორიგინალური სამყარო 1982 წელს შეიქმნა – ეს არის ფანტაზია ამ დროის საზოგადოებაზე. ფილმში აღწერილ რეალობაში არსებობენ ადამიანები და რეპლიკანტები – ჩვენგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავებული რობოტები.

კაცობრიობა მათ მონებად იყენებს, თუმცა ხშირად ფიზიკურად და ინტელექტუალურად ისინი აღემატებიან კიდეც თავიანთ პატრონებს. რეპლიკანტებს აქვთ თვითგანადგურების პროგრამა, რომელიც ოთხწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ აქტიურდება, მაგრამ მრავალ მათგანს არ სურს ამასთან შეგუება. ისინი გარბიან და წინააღმდეგობის ჯგუფს უერთდებიან. მათ დასაშოშმინებლად პოლიცია ქმნის „დანის პირზე მორბენალთა“ სპეციალურ დანაყოფს.

იყო დანის პირზე მორბენალი ნიშნავს არა მხოლოდ გაქცეული ბიორობოტების დევნას, არამედ მუდმივ თვითრეფლექსის: ვინ ვარ მე, რა ქმნის ჩემს პიროვნებას? უამისოდ ვერ განსაზღვრავთ, ვინ არის თქვენ წინაშე – რობოტი თუ ადამიანი. მხოლოდ ემოციების განსაზღვრელ სპეციალურ ტესტს შეუძლია ამ ბუნების ამოცნობა.

 

სიზმრების მომპოვებელი („დასაწყისი“, ახლო მომავალი)

სიზმრები ჩვენი არაცნობიერია. მათში ჩვენი შიშები, იმედები, ოცნებები და განცდებია თავმოყრილი. სიზმრებში არის ყოველგვარი ინფორმაცია ჩვენ შესახებ. ის, ვინც ჩვენს სიზმრებში შეაღწევს, გვმართავს. მას შეუძლია, ჩვენ შესახებ შეიტყოს ის, რაც ჯერ თვითონაც არ ვიცით.

ამ პროფესიას დიდი პოტენციალი აქვს. სიზმრების მომპოვებელი ადამიანია, რომელიც სხვის სიზმრებში გადადის, თავისთვის საჭირო ინფორმაციას ისაკუთრებს და ყიდის. არავინ იცის, რამდენად ღირსეულია ასეთი შემოსავალი, მაგრამ სამუშაო რთულია და გუნდურ მუშაობას მოითხოვს.

სიზმრების მომპოვებელი იმგვარ სიზმარს აპროექტებს, რომელიც სიზმრების მქონე ადამიანის რეალობას ჰგავს. მერე მის ნდობას მოიპოვებს, ხდება მისი საუკეთესო მეგობარი. მხოლოდ ამის შემდეგ ცხადდება ყველა საიდუმლო. ცხადია, ამ ადამიანის ცნობიერებას შეუძლია თქვენში საფრთხის ამოცნობა, მაგრამ თუ პროფესიონალი ხართ, გაქცევაც უნდა გეხერხებოდეთ. ასევე, გამოგადგებათ ფსიქოლოგიის, ლოგიკის, პროექტირების ცოდნა.

ამ პროფესიის გამო შესაძლოა კანონთან უთანხმოება გქონდეთ, მაგრამ ეს საქმიანობა უდავოდ სარფიანია. თქვენს კლიენტებს შორის მსოფლიოს უდიდესი ბიზნესმენები იქნებიან. ერთი კარგად შესრულებული შეკვეთა და ვინ იცის, იქნებ მთელი ცხოვრება არხეინად გაატაროთ.

კომენტარები

comments