პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ენა, მეტყველება და კომუნიკაცია – დარღვევათა ტიპები და მუშაობის სტრატეგიები (ნაწილი მეორე)

ჩვენს სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მეტყველების პრობლემები აქვთ, მაგრამ არასათანადო ინფორმირებულობის გამო სხვადასხვა იარლიყის მსხვერპლნი ხდებიან.  გყოლიათ მოსწავლე, რომელსაც ესმის, მაგრამ ვერ იგებს, ვერ ხვდება, რაზე ესაუბრებიან, იქცევა არასათანადოდ და უყურადღებოდ,  არ ასრულებს მიმართულ მითითებებს, სიტყვიერ ინსტრუქციას, არ რეაგირებს ხმის ტონის ცვლილებაზე, ვერ ეგუება თანატოლებს, იპყრობს შიში და სიმორცხვე?

თუკი ასეა, შესაძლოა, საქმე  რეცეპტული ანუ იმპრესიული  მეტყველების   დარღვევასთან გვქონდეს. როგორც წესი, იმპრესიულ ანუ რეცეპტულ მეტყველებას მიმართული მეტყველების  აღქმაგაგება უწოდებენ. ამ დროს ფიზიკური სმენა ნორმაშია. დარღვეულია სხვის მიერ მიმართული საუბრის აღქმა-გაგება. ფიზიკურად ადამიანს ესმის, მაგრამ ვერ იგებს სიტყვის, წინადადების აზრს, შინაარსს, ვერ ვხდება რაზე ესაუბრებიან, არ ესმის მნიშვნელობა. ბავშვი არ ასრულებს მიცემულ მითითებას, სიტყვიერ ინსტრუქციას, არ რეაგირებს ხმის ტონის ცვლილებაზე. ამ დროს აგრეთვე ხშირია:

  • თანმხლები სოციალური, ემოციური და ქცევითი დარღვევები;
  • ჰიპერაქტივობა, უყურადღებობა, სოციალური შეუგუებლობა სამყაროსთან და თანატოლებთან;
  • თვითიზოლაცია, შიში, შფოთვა, სიმორცხვე.

   იმპრესიული მეტყველების დარღვევის მიზეზებად მოიაზრებენ:

  • ფონემატიური სმენის დარღვევას _ ჟღერადობით მსგავსი ფონემების (ბ ფ პ ; დ თ ტ) გარჩევა;
  • ხანმოკლე სმენით მეხსიერებას _ გრძელი გამონათქვამების გაგების სირთულე;
  • სემანტიკურ პრობლემას _ სიტყვის მნიშვნელობის, სიტყვის გადატანითი მნიშვნელობის გაგების სირთულე (ხუმრობის, ფრაზების გაგება);
  • პრაგმატულ სირთულეს _ სიტუაცის შესაბამისად სხვისი მინიშნების გაგება. გაძნელებულია ჟესტების, მიმიკის, არავერბალური მანიშნებლის მიხვედრა-გამოყენება;

გარდა ამისა, დარღვევათა ტიპი მოიცავს მეტყველების შერეულ დარღვევას, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს  როგორც ექსპრესიული, ისე იმპრესიული მეტყველების პრობლემებს. ყველა ამ შემთხვევაში ირღვევა გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია, რაც შემდგომში ხელს უშლის სასწავლო პროცესში სრულყოფილ ჩართვას, წერა-კითხვის, თხრობის, მათემატიკურ სიძნელეებს, ამიტომაც ხშირია ქცევის დარღვევებიც.

მიჩნეულია, რომ მეტყველების  დარღვევას იწვევს ისეთი ფაქტორები, რომლებიც, იმთავითვეუცლადყოფნის (პრენატალურ), მშობიარობის (პერინატალური) და  მშობიარობის შემდგომ 3 წლამდე (პოსტნატალურ) კრიტიკულ პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდებში გარკვეული მნიშვნელობა  შეიძლება მიენიჭოს ყველაფერს: გადატანილ ინფექციებს, მოწამვლას, დედის ასაკს, სისხლის ჯგუფის შეუთავსებლობას, კვების ნაკლოვანებას, ტოქსიკოზს, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარებას, დაბინძურებულ გარემოს, გადატანილ ასფიქსიას და სამშობიარო ტრავმას, გართულებულ მშობიარობას, ვიწრო მენჯს, სწრაფ მშობიარობას, ჭიპლარის შემოხვევას, ტრავმებს, ინფექციებს (წითურა, წითელა, ყივანახველა), მენინგიტსა და ენცეფალიტს (თავის ტვინის ანთებას), ყურის ინფექციებსა თუ ვირუსებს. ასევე:

  • გარემოს დეპრივაცია/[1];
  • სოციალური ფაქტორი; სტრესი.

განირჩევა ორგანული მეტყველების ისეთი ტიპის დარღვევები, როდესაც ბავშვის მეტყველების განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ასაკს. ესენია:

  • მოტორული ალალია ანუ ექსპრესიული ტიპის განვითარების დისფაზია, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით მუცლადყოფნის, მშობიარობის ან დაბადებიდან ადრეულ ასაკში სხვადასხვა მავნე აგენტთა ზემოქმედების შედეგად. კერძოდ, ბროკას ცენტრი, რომელიც წარმოთქმას ახორციელებს.  ამ დროს შენარჩუნებულია მიმართული მეტყველების გაგების უნარი ანუ იმპრესიული მხარე, მაგრამ ექსპრესიული მეტყველება მკვეთრად დაზიანებულია და ბავშვს ძირითადად არ შეუძლია სიტყვის, ფრაზების წარმოთქმა, საუბარი.
  • სენსორული ალალია ანუ რეცეპტული ტიპის განვითარების დისფაზია გამოწვეულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით მუცლადყოფნის, მშობიარობის ან დაბადებიდან ადრეულ ასაკში.Aამ დროს ვერნიკეს ცენტრი ზიანდება ძირითადად და მკვეთრად განუვითარებელია მიმართული მეტყველების აღქმა-გაგება, გააზრება, სემანტიკური მხარე, ხმის ტემბრის ცვლილების აღქმა და რეაგირება. შემდგომში გრამატიკული სტრუქტურების გაგების უუნარობა.
  • მოტორული აფაზია ანუ ექსპრესიული ტიპის განვითარების აფაზია,  სენსორული აფაზია ანუ რეცეპტული ტიპის განვითარების დისფაზიაა,  რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის დაზიანებით (სისხლჩაქცევა, ინსულტი) და ამ დროს გაძნელებულია სხვისი მომართული საუბრის აღქმა-გაგება. ძალიან გართულებულია ნასწავლის გახსენება-აღდგნაზე მუშაობა და დიდ დროს საჭიროებს. უნდა შეინიშნოს, რომ ბავშვთა აფაზია განსხვავდება მოზრდილთა აფაზიისგან მეტყველების დარღვევის სიმპტომებით, მეტყველების აღდგენის ტემპით.
  • სენსორული აფაზია ანუ რეცეპტული ტიპის განვითარების აფაზია (ლკს, ანუ ლანდაუკლეფნერის სინდრომი), რომლის ძირითადი ნიშნებია: ეპილეფსიური გულყრები, ქცევითი აშლილობა (ჰიპერაქტივობა, იმპულსურობა, ოპოზიციური ქცევა), მწირი ზეპირი მეტყველება და აქვე გვხვდება წერითი და მათემატიკური დარღვევებიც, არავერბალური ინტელექტი კარგადაა შენახული, უჭირთ სიტყვის მოძებნა და ექსპრესიული მეტყველება. ქალატვინის ტრავით გამოწვეული მეტყველების დარღვეის დროს ბავშვთა აფაზიისას დაქვეითებულია ვერბალური მხარე, მსჯელობის დეფიციტი  ამბის მოყოლისას, იდიომატური გამოთქმების გაგება და გამოყენება, უქვეითდებათ მეტყველების უნარი. თუ ადრეულ ასაკში მიიღეს ქალა-ტვინის ტრავმა, ხანგრძლივ პერიოდში უქვეითდებათ მიმართული კომუნიკაციის უნარი ანუ უჭირთ ინსტრუქციის შესაფერისი დასკვნის გამოტანა; უქვეითდებათ მეტყველებასთან დაკავშირებული აკადემიური უნარები, უჭირთ ლექსიკური მარაგის აღდგენა ასაკის დონეზე. უკანა ფოსოს სიმსივნეებთან თანმხლები მეტყველების დარღვევისას ბავშვებში ვლინდება შეძენილი მეტყველების უნარის სწრაფი, პროგრესირებადი დაქვეითება, თვალის მოძრაობების დარღვევა და სხვ.

მეტყველების დარღვევისას ძალიან გავრცელებულია ბგერათწარმოთქმის  დარღვევები, როგორიცაა:

დისლალია ბგერათწარმოთქმის დარღვევა, რომლის დროსაც შენარჩუნებულია ნორმალური სმენა და სამეტყველო აპარატის მოქმედება. დისლალიას ახასიათებს: მეტყველების გვიან დაწყება, ფონემატიური სმენის დაქვეითება, არასასურველი სოციალური გარემო და სოციალური კონტაქტის შეზღუდვა, როცა მშობელი უწონებს არასწორად წარმოთქმას ბგერებისა და სიტყვების “ენის მოჩლექა”. დარღვეული ბგერების რაოდენობის მიხედვით დისლალიის ორი სახეს განასხვავებენ: მარტივ დისლალიას (დარღვეულია 1-დან 4 ბგერის წარმოთქმა)  და რთულ დისლალიას (დარღვეულია 5 ან მეტი ბგერის წარმოთქმა).   ბგერათწარმოთქმის დარღვევების აღსანიშნავად გამოიყენება საერთაშორისო ტერმინები: როტაციზმი _ რ ბგერის დარღვევა,        ლამბდაციზმი _ ლ  ბგერის  დარღვევა, კაპაციზმი _ კ  ბგერის დარღვევა, გამაციზმი _ გ  ბგერის დარღვევა, ხიტიზმი _ ხ  ბგერის დარღვევა, სიგმატიზმი _  სისინა (სზძცწ)  და შიშინა ბგერების გარღვევა (შჟ ჯჩჭ).

ბგერაწარმოთქმის ასევე გავრცელებული სახეა რინოლალია, რომლის დროსაც თანმხლებია ხმის ტემბრის დარღვევაც. ის წარმოიშობა სამეტყველო აპარატის ანატომიურ_ფიზიოლოგიერი დარღვევის შედეგად.  დისლალიისაგან ხმის ცხვირისმიერი ტემბრით განსხვავდება. დიზართრია კი ბგერათა მკვეთრად გამოთქმის დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია ცენტრალურ-ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებით და თანმხლებია ბავშვთა ცერებრალური დამბლისას. ამ დროს ღეჭვის და ყლაპვის უნარი ან სუსტია, ან საერთოდ არ აქვთ; ხმა სუსტია და ყრუ, ტემბრი შეცვლილი, მეტყველება შენელებულია. ზოგჯერ ბავშვის სახე მიმიკის გარეშეა, უმოძრაოა. თვალისა და წარბების მოძრაობა, მოტორიკა დაზიანებულია, წარმოთქმა – ძნელად გასაგები. დიზართრიის ყველაზე მძიმე ფორმაა ანართრია, როდესაც  შეუძლებელია მეტყველების გაგება საერთოდ. ბავშვის საუბარს თვითონ მშობლებიც ვერ იგებენ.

ხმის ტემბრის დარღვევებში განირჩევა: აფონია – ხმის სრული უქონლობა, გამოწვეულია სახმო აპარატის არასრულფასოვნებით და დაზიანებით; დისფონია   ხმის ტემბრის, სიმაღლისა და სიძლიერის დარღვევაა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ცენტრალური ნერვული და პერიფერიული სისტემების ბგერათწარმომქმნელი აპარატის ორგანული ან ფუნქციური დაზიანებით. ის წარმოიშობა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.  ეს დარღვევა შეიძლება იყოს იზოლირებულად ან იყოს თანმხლები მეტყველების რომელიმე დარღვევისა.

მეტყველების დარღვევებს განეკუთვნება:

მეტყველების ტემპის დარღვევები: ბრადილალია – შენელება; ტაქილალია –პათოლოგიური სისწრაფე, რომელსაც ხშირად თან ერთვის პოლტერნი ანუ უმიზეზო პაუზები, წაბორძიკება.

  • უწესრიგო მეტყველება:
  • ელექტიური მუტიზმი დამოკიდებულია ბავშვის ემოციურ განწყობაზე.  გარკვეულ პირობებში ბავშვი მეტყველების ფლობის საკმაოდ კარგ უნარს ავლენს, ზოგ  სიტუაციაში კი საერთოდ წყვეტს საუბარს. ბავშვი საუბრობს კარგად ოჯახის წევრებთან, მაგრამ არ საუბრობს სკოლაში, კლასელებთან, პედაგოგებთან და უცხო ადამიანებთან. ელექტიური მუტიზმი იწვევს სირთულეებს სოციალური კონტაქტის დამყარებისას. იგი ცუდად მოქმედებს სასწავლო პროცესზე; აკადემიურ მიღწევებზე; ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებზე. დარღვევა ხშირია ბავშვის ადრეულ ასაკში. ის გოგონებსა და ვაჟებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება და თანხვედრია ისეთ პიროვნულ თავისებურებებთან, როგორიცაა სოციალური შფოთვა, გარიყულობა, სენსიტიურობა ან ნეგატივიზმი.
  • მეტყველების ტემპისა და რიტმული ორგანიზაციის დარღვევაენაბორძიკობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის კრუნჩხვითი მდგომარეობით.  ამ დროს არ ირღვევა მთლიანად კომუნიკაციის პროცესი, მაგრამ გაძნელებულია ზოგიერთი ბგერის გამოთქმა, ბგერების, მარცვლების ან სიტყვების გამეორება, წამოძახილი, შეფერხება  მეტყველებისას, ჩუმი ან შესამჩნევი პაუზები, სხვა სიტყვის ჩანაცვლება პრობლემური სიტყვის მაგივრად, დაძაბულობა. ეს კი არღვევს მეტყველების რითმულ, რწყმულ მიმდინარეობას. ასევე ახლავს  სახისა და სხეულის სხვა ნაწილების ასოცირებული მოძრაობები. ენაბორძიკობა უნდა გამოიყოს უწესრიგო მეტყველებისგან და ტიკებისგან. ენაბორძიკობის  ფსიქიკურ და სოციალურ მიზეზებად განიხილება: თვით ენაბორძიკობის მქონე ადამიანის ნევროპათიური თავისებურებები, ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმები, ხანმოკლე ერთჯერადი ფსიქიკური ტრავმა (შიში), ღამის შიშები, ენურეზი, ემოციური დაძაბვა, უარყოფითი ემოციები, გაძლიერებული გაღიზიანებადობა, გადაჭარბებული სიხარული, მიბაძვა მშობელთა სწრაფ მეტყველებაზე, არასწორი სუნთქვა საუბრისას, უმცროსი ასაკის ბავშვის სამეტყველო მასალით დატვირთვა, პოლიგლოსია ანუ ადრეულ ასაკში რამდენიმე ენის ერთდროულად შესწავლა, ცაციობასთან ბრძოლა და ხშირი შენიშვნები, ზოგჯერ მემკვიდრულობაც,  ბავშვის ზედმეტი განებივრება; ანატომიურ-ფიზიოლოგიური მიზეზები – ფიზიკური დაავადებები, ტრავმები მუცლდყოფნისას ან მშობიარობისას  ასფიქსია, ტვინის შერყევა და ტვინის ორგანული დაზიანება, როცა ზიანდება მოძრაობის განმახორციელებელი ქერქქვეშა მექანიზმები, ნერვული სისტემის გადაღლა-გამოფიტვა, ინფექციური და  სხვა დაავადებები (ყივანახველა, წითელა, ტიფი, რაქიტი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა). არსებობს ენაბორძიკობის მსუბუქი, საშუალო, რთული და სხვ.[2]  ფორმები.

მეტყველების განვითარებას შემდეგ თავისებურებებს უკავშირებენ: ბავშვი შეიძლება საერთოდ ვერ საუბრობდეს, შეიძლება შეეძლოს საუბარი, მაგრამ არ საუბრობდეს თანატოლებთან, პედაგოგებთან. ერჩივნოს ისაუბროს სახლში და ახლობლებთან, კომუნიკაციისთვის შეიძლება იყენებდეს სტანდარტულ ფრაზებს. შეიძლება ჰქონდეს სიტყვათა გარკვეული მარაგი, მაგრამ საუბარი მაინც არ იყოს პროდუქტიული;  საუბრისას  ყოყმანობდეს, საუბრისას შეიძლება ურევდეს წინადადებაში სიტყვებს,  სიტყვაში მარცვლებს და არ შეეძლოს გარითმვა, შეიძლება ჰყვებოდეს გაკვეთილს ან მომხდარ ამბავს, მაგრამ ვერ იცავდეს თანამიმდევრობას და მოყოლისას გადადიოდეს ერთი სიტუაციიდან მეორეზე, მოყოლისას იყენებდეს დაუმთავრებელ წინადადებებს, ბურდღუნებდეს, საუბრობდეს გაუგებრად ან ჩუმად, შეიძლება საუბრობდეს კონტექსტის შეუსაბამოდ. საუბრობდეს მარტო იმაზე, რაც თვითონ სურს და აინტერესებს, არ ითვალისწინებდეს მოსაუბრის აზრს, არ უწევდეს ანგარიშს მას, შეიძლება ჰქონდეს უცნაური ან არაადეკვატური კომენტარები გაკვეთილზე; იწევდეს ხელს და ვერ პასუხობდეს; უჭირდეს სიტყვების პოვნა; იყოს დაძაბული გაკვეთილსა და სხვა სიტუაციაში და დაძაბული უსმენდეს მოსაუბრეს და გაფაციცებით ადევნებდეს თვალს.

როგორ უნდა შეფასდეს მეტყველების  დარღვევის მქონე მოსწავლე?

  • მოსწავლეზე დაკვირვება უნდა მიმდინარეობდეს როგორც არაფორმალურ, აგრეთვე ფორმალურ სიტუაციაში სპეციალური პედაგოგის, კლასის პედაგოგების, ახლობლების მხრიდან;
  • სასურველია ინფორმაციის მოპოვება წინასწარ მშობელთან გასაუბრებით, ანამნეზის (სამედიცინო ისტორიის) გაცნობა;
  • მშობლის მხრიდან ლოგოპედიური კითხვარის შევსება მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის;
  • მეტყველების პრობლემის შეფასება, უმჯობესია, მოხდეს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ მოსწავლის მთლიანობაში შესწავლისათვის;
  • მეტყველების თერაპევტის მხრიდან მეტყველების სამივე კომპონენტის (ლექსიკის, გრამატიკის, ფონეტიკის, ფონემატიური სმენის) მთლიანი,  ზუსტი შემოწმება  სხვადასხვა რესურსისა და სტრატეგიის გამოყენებით;
  • ძლიერ მხარეზე დაყრდნობით განვითარებასა და მეტყველებაში აღმოჩენილი სიძნელეების დროული იდენტიფიკაცია და სპეციალისტების დახმარება;
  • მშობელთან შეთანხმებით, მულტიდისციპლინარულ გუნდთან, ექიმთან და სპეციალურ და საგნის პედაგოგებთან ერთად მოსწავლის განმავითარებელი სტრატებიების შემუშავება, რესურსის, მომსახურების განსაზღვრა, თვითშეფასების ფორმატების მომზადება, რაც გაიწერება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას (კურიკულუმს);
  • შეფასების მიზანია, მოსწავლის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და მეტყველებაში აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორება ინდივიდუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე და ინკლუზიურ პროცესში უკეთ ჩართვისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

სწავლების სტრატეგიები:

  • აუცილებელია კლასში მოსწავლისთვის სასურველი სასწავლო გარემოს შექმნა;
  • მრავალმხრივი კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობა გაკვეთილებსა და სხვადასხვა სიტუაციებში თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას. მოსწავლის სურვილებისა და ინტერესების გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა და პატივისცემა პედაგოგთა და ახლობელთა მხრიდან;
  • აუცილებელია პედაგოგი იყოს აქტიური და ყურადღებიანი მსმენელი;
  • ისაუბროს მოსწავლესთან გასაგებად, ექსპრესიულად, ნორმალური ხმის ტემბრის, ინტონაციებისა და ტემპის გამოყენებით;
  • საუბრისას არ გამორჩეს პედაგოგს მოსწავლის არავერბალური კომუნიკაციის გამომხატველი დეტალები: მოსწავლის გამოხედვა, მიმიკა, მხრის აჩეჩვა, თითით მინიშნება რაიმეზე ან სიტყვით რაიმეს გადმოცემა. Aამის შეუმჩნევლობამ პედაგოგის მხრიდან შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლის საკუთარ თავში  ჩაკეტვა ან უწესო ქცევა;
  • საჭიროა პედაგოგმა საუბარი შეზღუდოს და მისცეს საშუალება მოსწავლეს, აზრის გამოხატვის, საუბრის დაწყების;
  • პედაგოგმა გაკვეთილზე სწორად დასვას კითხვები  აქტოვობიდან გამომდინარე და არ გამოიყენოს ვრცელი ფრაზები ან რთულად გასაგები კითხვითი სიტყვები;
  • შეამოწმოს მიწოდებული ინფორმაციის აღქმა მოსწავლის მხრიდან უკუკავშირის გამოყენებით;
  • მოაწყოს ჯგუფური მსჯელობები კლასში და ეცადოს, ჩართოს მასში მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლე;
  • დააკვირდეს, როგორ ერთვება კლასში კომუნიკაციის კუთხით, სხვების საუბრებში, საგაკვეთილო სისტემაში მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლე;
  • დააკვირდეს, ამჟღავნებს თუ არა მოსწავლე ინიციატივას საუბრის დაწყებისას; თუ იცავს რიგითობას; რამდენ წუთს შეუძლია თემის ირგვლივ საუბარი და როგორ; პასუხობს თუ არა ადეკვატურად დასმულ კითხვას და როგორია ლექსიკურ-გრამატიკული წყობა სიტყვების, ბგერების, წინადადებების წარმოთქმა, ხმის ტემბრი და საუბრის რითმი;
  • კომუნიკაციის სტიმულირებისათვის სასურველია, პედაგოგმა  ბავშვის პასუხი განავრცოს უფრო გრძელი ფრაზით;
  • საჭიროა, გამოიყენოს პარალელური საუბრები. ესმოსწავლეს გარემოსთან ურთიერთობის სხვადასხვა სტილს უვითარებს;
  • საჭიროა, გამოიყენოს სიტყვიერი, ვიზუალური ან ჟესტური მინიშნებები მოსწავლეებთან ურთიერთობისას, აქტივობის დაწყებისას.

ასეთი მიდგომა დაეხმარება მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეს განუვითარდეს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და უკეთ ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში; დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან, პედაგოგებთან და სხვებთან.

M

მეტყველების დარღვევებისას  განმავითარებელი აქტივობები

სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები და აქტივობები. ესენია: 1. სამეტყველო ორგანოთა ვარჯიშები: ა) ღეჭვის იმიტაცია ტუჩებისა და ყბების მოძრაობით; ბ) ტუჩების წინ წამოწევა, ორივე ტუჩის ერთმანეთზე დადება და გაღიმება, ტუჩების ისე გაწევა, რომ კბილები ჩანდეს, მონაცვლეობით ტუჩის პოზის შეცვლა _ ხან გაღიმება, ხან გაბრაზება, მოკუმული ტუჩების გაწევა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გ) ყბის ვარჯიში – პირის გაღება და დახურვა (5-6 ჯერ), ოდნავ გაღებული პირით ქვედა ყბის მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ, ენის ვარჯიში – ენის გამოყოფა გარეთ სწორად და მოძრაობა მრჯვნივ და მარცხნივ; ენის წვერის მიტანა ცხვირთან და ჩატანა ნიკაპთან; ენით ტუჩების მოლოკვა წრიულად; ენით წრიული მოძრაობით კბილების დათვლა; ენით შეხება ზედა და ქვედა კბილებთან; ენის მიდება რბილ სასაზე და უკან გატანა; ენის წვერის გარეთ გამოტანა; ენით ‘კოვზის” გაკეთება; ფრუტუნის იმიტაცია ე) კბილების ვარჯიში – კბილების ერთმანეთთან მიტანა და ზედ დადება; კბილების “დაკრეჭილ” მდგობარეობაში გაჩერება; ქვედა კბილებით ზედა კბილების დაჭერა.

  1. სუნთქვის მოსაწესრიგებელი ვარჯიშები – შებერვა ხელის გულზე, ბამბაზე, ქაღალდზე, წყალზე და სხვა.

თამაშები: „ქარი“, შემოდგომა” _ სხვადასხვა ფერის დაჭრილი ქაღალდები ფოთლების მაგივრად და ქარის დაბერვა.  ბავშვი უბერავს ფოთლებს; საპნის ბუშტი_ ბავშვი უბერავს საპნის ბუშტებს. ტალღები _ ნახევრად სავსე ჭიქაში ჩასხმულ წყალს უბერავს მოსწავლე. შემდეგ კი საწრუპით  უბერავს; ქარბორბალა _ ჯოხზე  გავაკეთებთ ქაღალდის ბორბალს და ბავშვი უბერავს.

  1. ცხოველთა და ფრინველთა იმიტაციები (ხმაძახილები, ხმამიბაძვები) – ძაღლის ყეფა; კატის კნავილი; ძროხის ზმუილი; თხის კიკინი; ბაყაყის ყიყინი; ბატის სისინი; კრუხის კაკანი, ღორის ღრუტუნი; ჩიტის ჭიკჭიკი.
  2. თითოეული ბგერის წარმოთქმა-განსახიერება მოქმედებით. მაგ,: -ს წარმოთქმისას ხელით ქარის განსახიერება, ბგერის წარმოთქმისას ხელით ნაჯახის მოძრაობის გაკეთება; ბგერის წარმოთქმისას ხელით ბორბლის დატრილების იმიტაცია.
  3. ფონემატიური სმენა – ვასმენინებთ სხვადასხვა ხმას და უნდა გაარჩიოს, წარმოვთქვამთ ხმაძახილს და უნდა გაიმეოროს და მიუსადაგოს ცხოველს; ვარჩევთ ხმოვან ბგერებს მთლიან სიტყვაში; ვმუშაობთ მსგავს წარმოთქმაზე; ვასახელებთ კონკრეტულ ასოზე სიტყვებს ან პირიქით, მიცემულ სიტყვაში გამოჰყოფს პირველ ასოს; ვაძლევთ ისეთ სურათს, სადაც კონკრეტული ასო სიტყვის შუაშია; ჯერ ჩვენ ვუკრავთ ტაშს და ვეუბნებით გაიმეოროს; ვუსახელებთ სიტყვას, უნდა დამარცვლოს და იმდენჯერ ტაში დაუკრას.
  4. ლოგოპედიური რიტმიკა _ მოძრაობისა და წარმოთქმის გავარჯიშება ერთდროულად და კოორდინირებული მოქმედების შესრულება; კონკეტულ ასოზე სამეტყველო ლექსის, ენის გასატეხის წარმოთქმა და გამოხატვა მოძრაობაში. მაგ: ლექსში ასო სადაც შეხვდება, იმ ადგილზე ტაში დაუკრას, ფეხი დააბაკუნოს, გადააწოდოს ბურთი გვერდზე მჯდომს. სხვადასხვა რითმული ლექსების წარმოთქმა ტემპის ცვლით.
  5. სწავლება წამღერებით. ბევრისთვის ეს ყველაზე უფრო საყვარელი მეთოდია.
  6. იდეებისა და გრძნობების გამოხატვაზე მუშაობა საუბრით – მოვაყოლოთ ოჯახზე, თავის საქმიანობაზე, საყვარელ თემაზე
  7. 9. სურათის აღწერა; სურათებით პატარა მოთხრობის შედგენა.
  8. დრამატული თამაშები.
  9. განასახიერონ ზღაპრის გმირები თოჯინების გამოყენებით.
  10. შემეცნებითი კონცეფციების დახასიათება _ მივცეთ ტომარაში ჩაყრილი საგნები. Mმოსწავლემ დაუნახავად ტომარაში რომელიმეს მოჰკიდოს ხელი და თქვას, თუ რა არის და როგორია. შემდეგ ამოიღოს და დაახასიათოს.
  11. კითხვასა და თხრობაზე მუშაობა – მოჰყვეს წაკითხულ მოთხრობას; უპასუხოს კითხვებს; დაახასიათოს პერსონაჟები; დაასრულოს და განავრცოს მოთხრობა; გააკეთოს ანალიზი; ისაუბროს სხვადასხვა თემებზე განვლილი მასალის ირგვლივ.
  12. წერითი მეტყველება – წერილობითი დავალებების შესრულება; ასოების, სიტყვების წინადადებების წერა; გადაწერა; კარნახით წერა. კითხვებზე წერილობით პასუხის გაცემა; მოთხრობის შინაარსის წერა. საკუთარი აზრის, სურვილის, მოსაყოლი დავალების წერილობით გადმოცემა სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში.

მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ექსპრესიული  მეტყველების დარღვევისას, თუ რეცეპტული ენა შენარჩუნებულია,  მოსწავლეს შეუძლია ჟესტების საშუალებით გამოხატოს აზრი, გვიჩვენოს ასო, სიტყვა და ა. შ.  ჟესტით შეუძლია გამოხატოს განწყობა, ემოცია მასთან მუშაობის პროცესში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ  ძირითადი და მნიშვნელოვანია  პედაგოგების, მულტიდისციპლინური გუნდის, მშობლების, თანაკლასელების, ახლობლების თბილი დამოკიდებულება, საგაკვეთილო მუშაობის სწორად წარმართვა. რესურსის, სავარჯიშოების, სტრატეგიების შერჩევა და ადეკვატურად განხორციელება დაეხმარება მოსწავლეს მეტყველებაში არსებული სიძნელეების დაძლევაში, სწავლასა და განვითარებაში, შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობაში უკეთ ჩართვაში. აუმაღლდება თვითშეფასება. ჩვენ კი ვიტოვებთ იმედს, რომ ეს  ინფორმაცია დაეხმარება როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და ენა-მეტყველების დარღვევის მქონე მოზარდთან  მოკონტაქტე  ნებისმიერ ადამიანს, ვინც ლიტერატურის სიმცირესა და დაბალ  საზიაროობას  უჩივის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. გაგოშიძე, თ, ჭინჭარაული, ქ. ფილაური, მ. ბაგრატიონი “ინკლუზიური განათლების პრინციპები”.  Gგამომცემლობა “ ნეკერი” 2008.
  2. თ. გაგოშიძე “ ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები”, 2007
  3. ა. ლაღიძე, თ, პაჭკორია, მ. ბაგრატიონი “ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისათვის.”
  4. მ. ფუტკარაძე, ქ. ვაშაკიძე, “ლოგოპედია“,  თბილისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1]  დეპრივაცია განისაზღვრება, როგორც „ურთიერთობათა უკმარისობა“. ამ დროს ყალიბდება სტერეოტიპული მოძრაობები, მონოტონური თვითაგზნება, კლებულობს უფროსებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მძიმე შემთხვევაში კი ბავშვი საერთოდ ,,გარიყულია“ გარემოდან. ასეთი მდგომარეობა გამოიხატება ტერმინით  ,,რესიგნაცია“, რაც ნიშნავს გაუცხოებას.

[2] მსუბუქი ენაბორძიკობა მჟღავნდება მხოლოდ აგზნებულ მდგომარეობაში ან რაიმე აზრის სწრაფად გამოხატვის სურვილისას. Aმისი  დაძლევა შედარებით იოლია, რადგან ბავშვს არ რცხვენია თავისი ნაკლის.  საშუალო ხარისხის ენაბორძიკობისას ბავშვები მშვიდ და ნაცნობ სიტუაციაში საუბრობენ თავისუფლად და ნაკლი იშვიათად მჟღავნდება. ემოციურ მდგომარეობაში კი თავს იჩენს შესამჩნევი ენაბორძიკობა. მძიმე ხარისხის ენაბორძიკობისას ბავშვები მეტყველების პროცესს თან აყოლებენ მოძრაობსაც.  მუდმივი ენაბორძიკობისას მუდმივად მჟღავნდება მეტყველებისას სხვადასხვა ფორმაში და სიტუაციაში. ტალღისებური ენაბორძიკობა ხან ძლიერდება, ხან სუსტდება, მაგრამ არ ქრება.  რეციდიული ენაბო რ ძიკო ბისას ბავშვი გარკვეული დროის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს კარგად და თავისუფლად, შემდეგ კი ისევ ეწყება ენაბორძიკობა ე. ი. ადგილი აქვს რეციდივს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი