პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნახატი -ასოციაციები

არნოლდ ბიოკლინიაპოლინერის, ფროიდის, ირიკოს, დალის, კანდინსკის, რახმანინოვისა და სხვათა შთამაგონებელ გერმანელ მხატვარ ბიოკლინის ნახატთა მელანქოლიურობა  ზუსტად ასახავდა საზოგადოების იმ განწყობას, რომელსაც ერქვა დეკადანსი – ბუნდოვან დარდს, ბნელ წინათგრძნობებს, საიქიოთი ხარბად დაინტერესებას, ცხოვრებისგან დაღლის განცდას, უხეში მიწიერი სინამდვილის უარყოფას, ინდუსტრიული ცივილიზაციის მიერ დამარცხებული ჰუმანისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეპოქისადმი მიძღვნილ რექვიემს. „მსოფლიოში ყველაფერი უნდა გავიგოთ, როგორც გამოცანა” – ჯორჯო დი კირიკოს ეს სიტყვები კარგად მიესადაგება არნოლდ ბიოკლინის შემოქმედებას, რომელშიც მხატვარმა მაშინდელი ევროპის ამაღელვებელი მხატვრული იდეების სინთეზი მოხდენა. მას ეძახდნენ სიმბოლისტს და ნეოკლასიკოსს, უკანასკნელ რომანტიკოსს და სიურეალიზმის წინამორბედს. ბიოკლინი წმენდს რეალობას ყველაფერი ყოფითისგან, კონკრეტულისგან. გამოსახულებას მასთან აქვს რაღაც მაგიური დამაჯერებლობა და ამავე დროს ბოლომდე გამოუთქმელობა.

ბიოკლინის სიმბოლიზმი იყო განცდილი, ბუნებრივი, არა წიგნიერი და თეორიული. ის ისე გამოსახავდა საგნებსა და სტიქიებს, რომ ხილული სახის მიღმა იგრძნობოდა რაღაც იდუმალი მოუხელთებელი არსი. მეტაფიზიკური ფერწერის შემქმნელი ჯორჯო დე კირიკო ბიოკლინს თვლიდა თავის ერთ-ერთ მასწავლებლად. ბიოკლინის გავლენას აღიარებდა მაქს ერნსტი, სალვატორ დალიმ კი არნოლდ ბიოკლინს პატივი მიაგო თავის ერთ-ერთ ნახატში. ბიოკლინი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ნაციზმის იდეოლოგიის წინამორბედი, მაგრამ ჰიტლერის მიერ მისი დაფასების ფაქტმა სახელი შეულახა მხატვარს.
ბიოკლინი საბოლოოდ გამოვიდა მოდიდან, მაგრამ კლასიკოსებში არ ჩაირიცხა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემულ ხელოვნების ისტორიებში მას ეძღვნება სულ რამდენიმე გულგრილი პწკარი. ხელოვნებათმცოდნეები მხატვრის ყოფილ პოპულარობაშიც კი ხედავდნენ მისი ნაწარმოებების დაბალი დონის დადასტურებას. ეს არაა ახალი და აუხსნელი შემთხვევა ევროპული ხელოვნების ისტორიაში. მეოცე საუკუნის ფერწერის განვითარების საწყის წერტილად იქცა ბიოკლინის მოწინააღმდეგე და ანტაგონისტი იმპრესიონისტების შემოქმედება, თუმცა დამდგარმა საუკუნემ მოახდინა არნოლდ ბიოკლინის რეაბილიტაცია და მისი გარდაცვალების ასი წლისთვისადმი მიძღვნილი გამოფენა ტრიუმფალური წარმატებით გაიმართა 2001-2002 წლებში ბაზელში, პარიზსა და მიუნხენში. გამოვიდა სოლიდური კატალოგები და ალბომი-მონოგრაფიები, ბიოკლინზე დაწერეს სერიოზული წერილები და გადაიღეს ტელეფილმები. არნოლდ ბიოკლინის სახელი ისევ არასაკმარისადაა ცნობილი, მაგრამ ეს მხატვარი ბრუნდება ხანგრძლივი და დაუმსახურებელი დავიწყებიდან.

*     *     *

მიწის წიაღი, როგორც იდუმალი არსი: სიცოცხლის მშობელიც და დამასამარებელიც, როგორც ბნელისა და ნათლის შერწყმა ამ ნახატზე.

 

 

ედვარდ მუნკი – ნორვეგიელი მხატვარი და გრაფიკოსია. 1880 -1900 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში. განიცდიდა პოსტიმპრსიონიზმის გავლენას. გერმანიასა და იტალიაში მისმა მსოფლმხედველობამ ცვლილება განიცადა სიმბოლისტების ზემოქმედების შემდეგ, რამაც განსაზღვრა მისი ხატვის თემატიკა – სიკვდილი, მარტოობა, განგაში და სხვა.

მუნკის შემოქმედება 1890 წლის დასაწყისიდან ვითარდებოდა მოდერნის სტილში. ეს გამოიხატება კომპოზიციის გაძლიერებული დინამიკით, კონტურული ნახატებით, რომლებიც ამძაფრებდა ტრაგიზმს (,,კივილი”, 1893 წ). 1890 -1910 წლების ნახატების უმრავლესობა შედის ციკლში ,,ცხოვრების ფრიზი”. მუნკი იყენებდა მონუმენტურ-დეკორატიულ სტილს, ამასთან ლირიკულსაც. მან შექმნა პორტრეტების გალერეა.

 

*      *     *

რა არის სიცოცხლე? მაინც სევდიანი, ქარვისფერი სიმარტოვე საკუთარ თავთან და ღმერთთან, მტკივნეულიც და დიდებულიც. გეშინია, წუხხარ თუ იბრძვი არსებობისთვის, შენს სიმართლესა თუ საიდუმლოშიც – მარტო ხარ. სიცოცხლე მთავრდება, როცა ამ ბრძოლას წყვეტ და უკვე სიკვდილი ავსებს შენს ლურჯ სიმარტოვეს. ამ ნახატზე ორივე სიმარტოვეა, სიცოცხლისაც და სიკვდილისაც. მარადისობაში რაფერია სიმარტოვე, ნეტა?…….

 

გუსტავ კლიმტი – არაერთი ადამიანის საყვარელი მხატვარი, რომლის ნახატებიც სინაზის, რომანტიკის, სიშიშვლის, მშვენიერებისა და სილამაზის ტრიუმფია.
კაშკაშა ოქროსფერი მხატვარს ყველა სხვა ფერზე მეტად უყვარდა, რაც მის ნახატებში ნათლად ჩანს. საბედისწერო ქალები – ისინი დღეს კლიმტის ნახატებმა შემოგვინახეს. მხატვრის პირადი ცხოვრება ამაღელვებელი და უცნაური გახლდათ. მას ქალის სხეულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მხოლოდ კი არ მოსწონდა, ცდილობდა, ფუნჯით გამოეხატა ის, თუ როგორ აღმერთებდა ამ ქმნილებას. კლიმტის ცხოვრებაში ამბოხის დრო დადგა, როცა ძმა და მამა გარდაეცვალა. იმ პერიოდში ჩამოაყალიბა ავანგარდული ჯგუფი „სეცესიონი“ და კონსერვატიული საზოგადოება შემოიკრიბა. წლების შემდეგ მას აუბუნტდნენ. მის ნამუშევრებს ეროტიკის სიჭარბეს და მოტივების აღრევას ვერ პატიობდნენ.

ქალების მოყვარულ მხატვარს ოფიციალური ცოლი არასდროს ჰყოლია, თუმცა მის გვერდით ზრდასრული ცხოვრების ყველა პერიოდში იყო ქალი. სწორედ ერთ-ერთი მათგანის (რომლის მიმართაც პლატონურ სიყვარულს მიაწერდნენ მხატვარს) კალთაში დალია სული 52 წლის კლიმტმა, საკუთარ სახელოსნოში, იქ, სადაც ინსულტმა და პნევმონიამ სძლია. გუსტავ კლიმტმა ვერ დაამარცხა ავადმყოფობა, მაგრამ დაამარცხა დრო, რადგან მის ნახატებში მისი ყოველი ემოცია და სულია. ის დღემდე არის ინსპირაციის წყარო და რაღაც ახლის დასაწყისი. „მე ვარ მხატვარი, რომელიც დილიდან დაღამებამდე ხატავს. ვისაც სურს, რამე გაიგოს ჩემზე, ყურადღებით შეხედოს ჩემს ნახატებს”…

*     *     *

სონია კნიპსი –
ჩვენი მეხსიერება სულშია უჯრებად. ხანდახან რაღაცა სასიამოვნო ასოციაციას ,,ეძებ” და იმ უჯრას არ გამოაღებ, რომელიც საჭიროა, რადგან შავარშიიანი მოგონება შეგრჩება ხელთ. ხან კი გულმდუმარეს ხასხასა მაქმანი მოგჭრის თვალს. ეს ისაა, ადრე რომ ეძებდი, მაგრამ ახლა იპოვე… და ასეა საჭირო ზოგჯერ, რომ უჯრა შეგეშალოს. ცხოვრების იდუმალება სწორედ განწყობათა ამ მოულოდნელ ცვლაშია, რომელიც ბადებს სასურველ თანაფარდობას, ფილოსოფიურ შემგუებლობას, ამაოების სიბრძნეს, თვალში უცნაურ გაკრთომად აკიაფებულს…

 

 

 

ეჟენ დელაკრუა – ფერწერაში ფრანგული რომანტიზმის მამამთავარი იყო (1798-1863). ამ მხატვრის უსაზღვრო წარმოსახვის უნარმა შექმნა მთელი სამყარო მებრძოლი, ვნებათაღელვით აღსავსე სახეებისა. მასთან ნახავთ სცენას დანტეს ჯოჯოხეთიდანაც, ძლიერი განცდებით შეპყრობილ გმირებს გოეთეს, შექსპირისა და ბაირონის ნაწარმოებებიდან. დელაკრუამ მრავალი აღმოსავლელის სახე შექმნა, განსაკუთრებით, ალჟირელებისა და მაროკოელების, რომლებსაც აფრიკაში მოგზაურობისას ხვდებოდა.

*     *     *

გოგონა სასაფლაოზე

არსადაა არსებობის ისეთი მძაფრი და მტკივნეული შეგრძნება, როგორიც აქ. ჩვენი სხეულის დროში დასაზღვრულობასაც შევიგრძნობთ და მარადიულსაც. აქ წარმავალობის კაეშნიანი სიმშვიდეა და ამსოფლიური მწარე სიტკბოს შეგრძნება.
რატომ ხდება, რომ ხანდახან გვგონია, სხვის წილ ჰაერს ვსუნთქავთ, სიცოცხლის პულსმოდუნებულები, ვისაც ასე სწყუროდა ამქვეყნად ყოფნა და არ დასცალდა. ვიღაცისთვის კი ცხოვრებას ჩალის ფასი აქვს.
არც აქაა ლოგიკა…
თუმცა, ვინ განსაზღვრავს ჩვენი არსებობის მეტ-ნაკლებ ფასეულობას?…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი