პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განათლების ფილოსოფია და პედაგოგიური პროცესის მართვის პრობლემა თანამედროვე სკოლაში

მარინა ზაბორსკაია

ცხოვრების ყველა სფეროში ამჟამად მიმდინარე სიღრმისეული ცვლილებები სასკოლო განათლების საფუძვლებსაც ეხება. საკამათო არ არის, რომ საგანმანათლებლო კონცეფციებში არსებული პლურალიზმი ჩვენი საზოგადოების ცხოვრების მონოლოგური ფორმიდან პლურალისტულისკენ გადასვლის პროცესს ასახავს, მაგრამ ამასთანავე რთულ თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებსაც უდებს სათავეს. დიფერენციაცია და სპეციალიზაცია სასკოლო დაწესებულებებისა და მრავალფეროვნება საგანმანათლებლო პროგრამებისა შესაბამისობაშია პროფესიული საქმიანობის ახალი სახეობების წარმოშობასთან, საზოგადოების სოციალური სტრუქტურის გართულებასთან და მასში თავისი ინტერესების მქონე სოციალური ჯგუფების გამოყოფასთან, რომლებიც ხშირად ახდენენ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, ფინანსურ თუ სხვაგვარ გავლენას ბავშვების აღზრდა-განათლებაზე, ასევე – მრავალი მასწავლებლის მისწრაფებაზე, რეალიზება გაუკეთონ თავიანთ ინდივიდუალურ მიდგომას საკუთარ პროფესიაში.

ამ პროცესის მეორე მხარეა შეუსაბამობა სწავლების მიზნებს, მეთოდებსა და ფორმებს შორის. საყოველთაოდ აღიარებული საგანმანათლებლო სტანდარტების არარსებობისას რთულდება ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლა, სწავლის გაგრძელება უფრო მაღალ საფეხურებზე. ამასთან, აქტუალური ხდება ეფექტური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პრობლემა სასკოლო განათლებასთან მიმართებით, რომელიც თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტია და რომელიც სტაბილურად ვერ განვითარდება. საგანმანათლებლო სისტემის მოწესრიგების დროს სახელმწიფო ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა იყოს, არ უნდა ახდენდეს სასკოლო განათლების უნიფიკაციას და არ უბრუნდებოდეს მართვის ავტორიტარულ ფორმებს (სახელმძღვანელოთა მრავალფეროვნების შემცირება, ერთიანი გამოსაშვები გამოცდების დაწესება, ისეთი სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების მცდელობა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ სასწავლო დისციპლინები, არამედ სახელმძღვანელოების შინაარსიც და სხვ.).

განათლების სისტემის რეფორმა არ დაიყვანება მის სტრუქტურულ გარდაქმნამდე, მართვის ადმინისტრაციული მეთოდების გაძლიერებამდე. ის უფრო სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გულისხმობს, რომლის წარმატებაც შეუძლებელია მის საფუძვლებთან დაკავშირებული ფილოსოფიური რეფლექსიის გარეშე. ნებისმიერი პედაგოგიური თეორია თუ საგანმანათლებლო პროექტი ეფუძნება წინასწარ დაშვებათა მთელ წყებას, ამიტომ ფილოსოფიური კვლევა ხელს უწყობს სტრატეგიული ამოცანებისა და საგანმანათლებლო პრაქტიკის მართებულ შემუშავებას. განათლების სისტემის ელემენტების თანაფარდობა, მათი იერარქია, შინაარსი, მნიშვნელობა როგორც საზოგადოების, ისე კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში განისაზღვრება განათლების მიზნების, მნიშვნელობისა და არსის ისტორიულად განპირობებული გაგებით, საბოლოო ჯამში კი – ადამიანის ცხოვრების საზრისის გაგებით, საზოგადოებაში მისი დანიშნულებით.

სასკოლო განათლების საფუძვლების ფილოსოფიური ანალიზი იმავე წინა პირობებს ემყარება, რასაც განათლების სხვა საფეხურების ანალიზი. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავისი სპეციფიკა და სირთულე. თუკი უმაღლესი განათლების მიზანია პროფესიულად მოამზადოს ადამიანი, რომელმაც მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა, თანამედროვე სასკოლო განათლებას იმდენად ცოდნის გადაცემის პრობლემასა და მოსწავლის პროფესიულ მომზადებასთან არ აქვს საქმე, რამდენადაც იმ მეთოდების გამომუშავება-ათვისებასთან, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნების განვითარებას.

სასკოლო განათლების ფილოსოფიური ანალიზის სირთულე დაკავშირებულია არა იმდენად პედაგოგიური იდეების პლურალიზმთან, რაც თანამედროვე საზოგადოებას ახასიათებს (და ეს სავსებით ბუნებრივია ყოველი საზოგადოებისთვის, რომელიც დინამიკურად იზრდება), რამდენადაც მათი ეკლექტიკური შეერთების ფართოდ გავრცელებულ მცდელობებთან აქსიომურ განსხვავებათა გაუთვალისწინებლად. ეს ასევე გულისხმობს იმგვარი საგანმანათლებლო პროექტების შექმნას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე კულტურის თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული.

თანამედროვე ფილოსოფიაში გამოყოფენ რაციონალობის ორ საერთო ისტორიულ ტიპს – კლასიკურს, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე დასავლურ კულტურაში იყო დომინანტური (საბჭოთა კავშირში კი მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე) და არაკლასიკურს, რომელიც მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიშვა და რომელმაც დომინანტური პოზიცია დაიკავა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა კულტურაში. რაციონალობის სხვადასხვა ტიპის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, განათლების პროცესი განვიხილოთ როგორც იმ პარადიგმების ცვლა და თანაარსებობა, რომლებიც შედარებითი სისრულით გამოირჩევა. ამ კუთხით განათლების ფილოსოფიის მთავარ ამოცანად გვევლინება რაციონალობის ასეთ ცვალებად სახეობებში გარკვეულ კანონზომიერებათა გამოვლენის აუცილებლობა, რათა გეგმაზომიერად მოხდეს ზემოქმედება განათლების ორგანიზაციის სტრუქტურაზე ინდივიდისა და საზოგადოების საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კლასიკური რაციონალიზმის ობიექტივიზმმა და უნივერსალიზმმა მოახდინა განათლების ორიენტირება აღზრდა-განათლების საყოველთაო კანონზომიერების ძიებაზე, მათ ფორმებსა და მეთოდებზე, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა განათლების დემოკრატიზაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, მიჰყავდა იგი უნიფიკაციისკენ, პედაგოგიური საქმიანობის რეგლამენტაციისკენ.

განათლების ფილოსოფიაში, რომელიც არაკლასიკური რაციონალობის პრინციპებს ეფუძნება, განათლება გაგებულია მოსწავლის ინდივიდუალური, შემოქმედებითი საწყისის განვითარებისკენ მიმართულ პროცესად, რათა ხელი შეეწყოს მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას. ინდივიდუალური თვისებების საწყისი უთანასწორობის შესახებ იდეას ეს პროცესი ყოველმხრივ განვითარებული ჰარმონიული პიროვნების შესახებ იდეალის უარყოფამდე მიჰყავდა. ადამიანური სუბიექტურობის განვითარებამ ხელი შეუწყო სამყაროს შესახებ მრავალი სურათის გაჩენასა და სინამდვილის შესახებ იდეებისა და შეხედულებების პლურალიზაციას, რომლებიც, ბუნებრივია, შეესაბამება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინტერესებს, მოთხოვნებსა და ფასეულობებს. აქედან მომდინარეობს უნივერსალური საგანმანათლებლო სისტემის შექმნისა და პედაგოგიური მეთოდიკის დამუშავების უარყოფა, რომელიც მოსწავლის პიროვნების თავისებურებას ითვალისწინებს. როგორც არ უნდა გაიგებოდეს პედაგოგიკა, მკაცრ მეცნიერებად თუ ხელოვნებად, მისი ყურადღების ცენტრშია მოსწავლე როგორც განუმეორებელი ინდივიდი.

პიროვნების მთლიანობაზე აქცენტის გადატანამ, როდესაც რაციონალურ აზროვნებაზე არანაკლებ როლს ასრულებს შემოქმედებითი აქტივობის წყაროდ მიჩნეული ირაციონალური და არაცნობიერი, სწავლებასა და აღზრდას შორის არსებული საზღვრების წაშლა განაპირობა. სწავლების მიზანი იყო მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება სამეცნიერო დისციპლინათა მეთოდების და არა მათი შედეგების ათვისების გზით. რეალურად კი აღზრდის ყველა სახეობასთან ერთად ხელი უნდა შეეწყოს მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემებისა და შესაძლებლობების განვითარებას.

მრავალი სხვადასხვა პროფილის სასწავლო დაწესებულების არსებობის პირობებში, სადაც ფუნქციობს სპეციალიზებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის რეალიზებისკენ ისწრაფის, განათლების მთელი სისტემა ღია ხასიათს იძენს და აქ მოქმედებს სხვადასხვა ტენდენცია, რომლებიც პასუხისმგებელია საზოგადოების მრავალგანზომილებიანობის ზრდაზე და, საზოგადოდ, სოციალური სტრუქტურის განვითარებაზე. მოსწავლეზე როგორც უნიკალურ პიროვნებაზე აქცენტის გაკეთება ეწინააღმდეგება განათლების უნივერსალური ფორმების, მეთოდებისა და შინაარსის უნიფიკაციას. მართვა, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არაეფექტურია, რადგან ის ბოჭავს პედაგოგთა შემოქმედებით ინიციატივას. ამ პირობებში საუბარი უნდა იყოს არა იმდენად განათლების მართვაზე, რამდენადაც მისი ძირითადი კალაპოტის განსაზღვრაზე, რომელიც იძლევა პროცესის ინტეგრალურ მახასიათებლებზე გავლენის მოხდენის, სასურველი ტენდენციის უზრუნველყოფის ან, პირიქით, არასასურველი გადახვევების თავიდან აცილების საშუალებას. ეს თვალსაზრისი არ უარყოფს პროგნოსტიკული სქემების აუცილებლობას, რომელთა დანიშნულება თანამედროვე საზოგადოების შეუქცევადი განვითარებაა. დღეს უკვე მართვაში უნდა იგულისხმებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია საზოგადოების ღირებულებითი ორიენტირების შესაბამისად.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი