შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ციფრული მოქალაქის გზამკვლევი

საქართველოში, სადაც სამოქალაქო განათლების სკოლებში შეტანის პროცესიც რთულად და მტკივნეულად წარიმართა, ჯერ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ თანამედროვე ბავშვებს არა მხოლოდ სამოქალაქო განათლება, არამედ ინტერნეტში სამოქალაქო აზროვნების გაკვეთილები სჭირდებათ. ქსელთან კავშირის მქონე თითოეული ადამიანი ციფრული სამყაროს მოქალაქეა და თუკი გვინდა, რომ მან იქ თავი დაცულად იგრძნოს, პატივი სცეს სხვის აზრებს და გამოხატვის თავისუფლებას, ამოიცნოს ძალადობის შემთხვევები და იცოდეს მასზე რეაგირების მექანიზმები, თუკი ვისურვებდით, რომ შეძლოს ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება, საკუთარი აზრების გამოთქმა არგუმენტირებულად და თანამოაზრეების შემოკრება – ამ უნარების განვითარებისთვის ძალისხმევაც უნდა გავწიოთ.

 

ინტერნეტი, რომელიც ფაქტობრივად მეორე მსოფლიოს ციფრულ სამყაროს წარმოადგენს, ვერ იქნება უსაფრთხო და დემოკრატიული, თუკი იქ მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეეძლებათ ამ სივრცის უსაფრთხოდ, კრიტიკულად და ღირსეულად გამოყენება. და იქ, სადაც ადამიანები თავს დაცულად არ გრძნობენ, მათ ყოველთვის ელოდებათ რაიმე სახის ხიფათი. როცა ბავშვებზეა ლაპარაკი, უნდა ვეცადოთ, ისინი მაქსიმალურად დავიცვათ სხვადასხვა ხიფათისგან, რისი განჭვრეტაც შესაძლებელია.

 

კარგად ცნობილი პიზას ტესტების შედეგები, რომლებიც საქართველოსთვის უკვე წლებია საკმაოდ მძიმე შედეგებს აჩვენებს, გლობალურადაც დრამატულ სურათს გვიჩვენებს ინფორმაციის მოხმარების თვალსაზრისითაც: ტესტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რომლებიც მოზარდებს ინფორმაციის გადამუშავებისას აქვთ. მაგალითად, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნას 15 წლის ასაკის მოზარდების საშუალოდ მხოლოდ 9% ახერხებს. ეს მონაცემი მცირედით განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

სხვა კვლევის შედეგების თანახმად, რომლებიც სტენფორდის ისტორიის საგანმანათლებლო ჯგუფის მკვლევრებმა ჩაატარეს, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავების დანახვა რეკლამასა და ახალ ამბავს შორის. ეს უკანასკნელი კვლევა ამერიკელი მოზარდების უნარებს შეისწავლიდა, რომლებისთვისაც მედიაწიგნიერების გაკვეთილები სასწავლო პროცესის ნაწილია. სხვა ქვეყნებში, სადაც ეს საგანი არ ისწავლება, შედეგები, სავარაუდოდ, უფრო მძიმე უნდა იყოს.

 

ინფორმაციის გააზრებულად და კრიტიკულად მოხმარების გარდა, ციფრული მოქალაქეების წინაშე სხვა გამოწვევებიც დგას: ბულინგი, ძალადობა, ადიქცია.

 

ადრე ვწერდი, რომ ერთ-ერთ სკოლაში დავიწყე ექსპერიმენტულად უფროსკალესელებისთვის იმის სწავლება, როგორ გამოიყენონ სოციალური მედია მათთვის უფრო სასარგებლოდ და როგორ იგრძნონ თავი ინტერნეტში უფრო დაცულად. თავიდან, ამ შეხვედრებისთვის ერთიანი სახელის მოფიქრება გამიჭირდა. მერე მივხვდი, რომ ეს არის გაკვეთილები ციფრული მოქალაქისთვის, ინტერნეტში სამოქალაქო აზროვნებისთვის.

 

და როცა მოსწავლეებს ვკითხე, რა უნარები სჭირდებათ მათ, როგორც ციფრულ მოქალაქეებს, აი რა პასუხები მივიღე მათგან:

  • სწორი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა;
  • ინფორმაციის მოძიების უნარები, ძველი და ახალი ინფორმაციის, სანდო და არასანდო წყაროების ერთმანეთისგან გარჩევა;
  • კიბერბულინგისას დაცვის სტრატეგიის ცოდნა;
  • როგორ მოვიქცეთ, როცა ვინმე ჩვენგან ინტიმურ სურათებს ითხოვს და გვაშინებს, მათი არგაგზავნის შემთხვევაში?
  • როგორ ვიპოვოთ ამბები მოზარდებზე, ჩვენზე ბავშვებზე ინტერნეტში?
  • სად და ვის მოვუყვეთ ის, რაც გვაწუხებს, ისე, რომ ყველაფერში ჩვენ არ დაგვადანაშაულონ?

 

ამ და სხვა, ისეთ კითხვებზე, რომლებზე პასუხების საჭიროებაზეც ბავშვები ჯერ არ დაფიქრებულან, პასუხების მოძიებმა მათ დამოუკიდებლად უწევთ, მანამ, სანამ მათ სასწავლო პროგრამაში არ გაჩნდება ინტერნეტში სამოქალაქო განათლების საგანი. და თუკი ვინმე მათ ამ პროცესში დახმარებას გადაწყვეტთ, უკვე არსებული კურიკულუმები შეგიძლიათ გამოიყენოთ მოზარდების დასახმარებლად და იმ თემებზე დასაფიქრებლად, რომელთა წინაშეც ისინი მარტონი არიან.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი