პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დიაგნოსტიკური შეფასების სირთულეები

კიდევ ერთი სემესტრი დასრულდა და მოსწავლეთა შეფასების დროც დადგა. ეს საკითხი სკოლაში მოსვლის დღიდან ყველაზე მეტად მაღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების გზით სასკოლო შეფასებასთან დაკავშირებულ არაერთ რესურსს გავეცანი და გამოვცადე, მაინც მგონია, რომ შეფასება პირობითი, სუბიექტური რამაა და ერთი მასწავლებლის მიერ ათობით მოსწავლის განვითარების დონის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებლად მიმაჩნია.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლობის პასუხისმგებლობა ვიტვირთე, იმდენი ქულა გამოვიყვანე და იმდენი განმავითარებელი შეფასების რუბრიკა შევქმენი-შევავსე, დათვლა გამიჭირდება. თუმცა, გამოცდილების მიუხედავად, სულ იმის შეგრძნება მრჩება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო შეფასების სისტემა არც თუ ისე ზუსტ ინსტრუმენტს წარმოადგენს. განმავითარებელი შეფასება გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა ბოლომდე ვერც განმსაზღვრელი შეფასების დროს ვიქნებით დარწმუნებული, რომ ის ქულა, რომელიც სემესტრის განმავლობაში მიღებული ნიშნების საშუალოს წარმოადგენს, მოსწავლის რეალურ პროგრესს ასახავს.

შეფასების პროცესს ართულებს „საზომი ინსტრუმენტების“ სიმწირე. სწავლა-სწავლების პროცესში ამდენ ინდიკატორზე ერთნაირად ვერც მასწავლებელი კონცენტრირდება. სახელმძღვანელოების ავტორებსაც ვერ მოვთხოვთ ყველა უნარზე თანაბრად მორგებას.  ამას გარდა, შედეგზე ბევრი გარეშე ფაქტორი ზემოქმედებს: სასწავლო გარემო, მოსწავლის განწყობა, შეფასების რუბრიკების, ტესტების თუ სხვა ტიპის დავალებების ხარისხი და ა.შ.

დაწყებით საფეხურზე განახლებული სტანდარტისა და სახელმძღვანელოს გამო კიდევ ერთხელ მომიხდა კურიკულუმის შედგენა. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი და საინტერესო საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაა. ალბათ ჩემი ბუნების ბრალიცაა, მეტი აქცენტი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე რომ გავაკეთე და, შედეგად, გასული სემესტრის შეფასებისას რამდენიმე ინდიკატორის გასწვრივ მორიდებით მოვნიშნე გრაფა „არ დაწყებულა მუშაობა“. ალბათ მომავალ სემესტრს ჩრდილში დარჩენილი უნარების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით დავიწყებ, თუმცა მაინც ბუნებრივი პროცესის მომხრე ვარ და სახელმძღვანელოს შემქმნელების თუ მასწავლებლის მახვილი თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ე.წ. მეორეული ინგრედიენტების სასწავლო პროცესში ხელოვნურად ჩამატებას არ მივესალმები.

დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით სასწავლო რესურსი რომ ძალიან მწირია, ალბათ ყველა დამეთანხმება. არსებობს რამდენიმე დამხმარე სამუშაო რვეული, რომელიც ძირითადად ლექსიკურ-გრამატიკული სავარჯიშოებით ან ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული არც თუ ისე გამართული ტესტებით შემოიფარგლება. ეს რვეულები დამატებით სამუშაოდ კი, მაგრამ დიაგნოსტიკის ინსტრუმენტად ნამდვილად არ გამოდგება. „კარგი სკოლის“ (G-PRIED) ბაზაზე არსებული დიაგნოსტიკური ტესტები ერთადერთი „ბანკია“, რომელიც ამ ეტაპზე მაშველ რგოლს წარმოდგენს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის.

მესამე კლასის მაგალითზე ვისაუბრებ იმ უნარებზე, რომელთა „გაზომვაც“ ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური ტესტირების შედეგად შევძელი. გამოვყოფ გამართულად კითხვის უნარის შემოწმებას, რომლის დაწყებით საფეხურზე წარმატებით დაძლევა წიგნიერების უნარების სათანადოდ განვითარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს (ბუნებრივია, თუ მოსწავლე მთელ ძალისხმევას ტექსტის ამოკითხვაში ჩადებს, წაკითხულის გააზრება გაუჭირდება.). კითხვის ტექნიკაში იგულისხმება გაბმულად, სწრაფად, სათანადო ინტონაციითა და პაუზებით კითხვა. ტესტის ჩატარება ინდივიდუალურად მოგიწევთ, თუმცა თავად ტესტირების პროცესი ხანმოკლე და მარტივია – უნდა ჩართოთ წამზომი და დაითვალოთ მოსწავლის მიერ ერთ წუთში სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა. შეცდომით წაკითხული სიტყვა გადაიხაზება და გამოაკლდება წაკითხული სიტყვების ჯამს. თუმცა მოსწავლეს თვითშესწორების უფლება აქვს და გადახაზული სიტყვის აღდგენაც შესაძლებელია.

საკითხავი მასალები ლექსიკურად და შინაარსობრივად შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს. ტექსტის შერჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მოსწავლის და მასწავლებლის სამუშაო ფურცლები. მასწავლებლის ვარიანტს თან ახლავს თითოეულ სტრიქონში განთავსებული სიტყვების რაოდენობა (მოცემულია მთლიანი ტექსტი) და დახურული კითხვები გამომსახველობით კითხვის (სასვენი ნიშნების გათვალისწინება, ინტონაციით კითხვა) უნარებზე დასაკვირვებლად. ტესტირების დაწყებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ მოსწავლეს, აუხსენით დავალების მიზანი და გაეცით მკაფიო ინსტრუქცია.

ზემოაღნიშნული დიაგნოსტიკური ტესტის დახმარებით, მასწავლებელი შეძლებს სტანდარტით გათვალისწინებული ერთ-ერთი უნარის (ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა) და მისი ქვეპუნქტების გაზომვას. ასევე შეგვიძლია გავიგოთ, შეუძლია თუ არა მოსწავლეს სასვენი ნიშნების ფუნქციის (დაწყ.(I).11. ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას) გააზრება და არსებული ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება.

რაც შეეხება ლექსიკასთან დაკავშირებულ ტესტს, მისი დახმარებით შეგიძლიათ გაზომოთ სტანდარტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ინდიკატორის ქვეპუნქტი – „უცნობი სიტყვების ახსნა კონტექსტის გათვალისწინებით“  (ქართ.დაწყ.(I).12). ამას გარდა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას. თავად ტესტირების პროცესი მარტივია: მოსწავლეებს ურიგებთ ამობეჭდილ სამუშაო ფურცლებს, ისინი ერთ სივრცეში, მაგრამ ინდივიდუალურად ასრულებენ სამუშაოს, რომლისთვისაც გამოყოფილია 10 წუთი (თუ დიაგნოსტიკურ ტესტირებას პირველად ატარებთ, ზედმეტი სტრესისა და დიაგნოსტიკის პროცესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან არიდების მიზნით, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნას გირჩევთ). წინა შემთხვევის მსგავსად, ტესტირების დაწყებამდე აქაც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მკაფიო, მარტივი სიტყვებით ფორმულირებული ინსტრუქციის მიწოდება. ყურადღება გაამახვილეთ მაგალითებზე, რომლებიც ლექსიკასთან დაკავშირებული ყველა ტესტის შესავალშია მოცემული და მოახდინეთ სწორი პასუხების შემოხაზვისა და შეცდომის გასწორების  ხერხების დემონსტრირება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მაგალითს:

 

მხდალი კურდღელი დათვის დანახვისთანავე ბუჩქებში მიიმალა. ამ წინადადებაში სიტყვა მხდალი ნიშნავს:

ა) მორცხვს             ბ მშიშარას            გ) სწრაფს

შენიშვნა: ტესტის მაგალითში არ არის ნაჩვენები შეცდომით შემოხაზული ვარიანტის გაუქმების ხერხი, თუმცა მოსწავლეს ამ შემთხვევაშიც აქვს პასუხის შეცვლის (თვითშესწორების) უფლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა გაზომვაც „კარგი სკოლის“ დიაგნოსტიკური ტესტირების ფორმატში შეგვიძლია, წაკითხულის გააზრებაა (ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთადაკავშირება). აღნიშნული უნარის განვითარების დონის განსაზღვრა შეგვიძლია როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული ტესტების დახმარებით. დავალების შესრულებისთვის განსაზღვრულია 15-20 წუთი, თუმცა მასწავლებელმა აქაც უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოუცდელ მოსწავლეს გაუჭირდება ასეთ მოკლე დროში ტესტის დასრულება.

მოსწავლის მხრიდან არასასურველი ღელვის თავიდან ასარიდებლად გირჩევთ დიაგნოსტიკური ტესტირების პერიოდულად ჩატარებას და იმის ხაზგასმას, რომ აღნიშნული პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილების დაგეგმვაში დაგეხმარებათ. მოსწავლემ არ უნდა იგრძნოს „შეფასების საფრთხე“, რაც აუცილებლად გამოიწვევს შფოთვას და არარეალურ შედეგს მიიღებთ. მიღებული შედეგის მიუხედავად,  ტესტირების დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ მოსწავლეებს და შეაქეთ თანამშრომლობისთვის, დახმარებისთვის და ა.შ.

„კარგი სკოლის“ ბაზაზე არსებული ტესტები ნამდვილად დაგეხმარებათ მოსწავლის რამდენიმე უნარის შეფასებაში. თუმცა რჩება უნარ-ჩვევათა დიდი ნაწილი, რომელთა გაზომვის ერთადერთ გზას სასწავლო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვება წარმოადგენს. ამიტომაც გირჩევთ, ეძებოთ დამატებითი რესურსები და თავადაც შეეცადოთ ეფექტური დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების შექმნას. პირადად მე უახლოეს მომავალში ენობრივ-გრამატიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შექმნას ვგეგმავ. იმედს ვიტოვებ, რომ წლიდან წლამდე დიაგნოსტიკის მიმართულებით უფრო მეტი საჭირო რესურსი შეიქმნება და მასწავლებლები ამ საქმეში უდიდეს წვლილს შევიტანთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი