ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცოდნის ფორმირება, იდეათა მოწესრიგება და სასკოლო პრაქტიკა

მაია ფირჩხაძე

ცნობილია, რომ ადამიანური ცოდნის ბუნება მონაცემებზეა დაფუძნებული. მონაცემები თავისებური ფაქტები და ციფრებია, გადაუმუშავებელი ინფორმაცია და კონცეფცია, რომლებიც შემდეგ ფაქტების მეშვეობით ფორმულირდება. ამ დროს დიდი  მოცულობის მასალა ურთიერთდაკავშირებულ მცირე ნაწილებად გარდაიქმნება. გადამუშავებული მონაცემები უკვე ინფორმაციაა, რომელიც ჩამოყალიბდება მონაცემთა გაანალიზების გზით, მონაცემების სინთეზის საფუძველზე კი ფორმირდება უფრო დიდი და რთული (მოდელებზე დაფუძნებული) სტრუქტურები, სწორად გაიწერება პროცესები და განისაზღვრება შესაძლო მოქმედების მაგალითებიც. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ცოდნა სინთეტიკური ინფორმაციაა, და რამდენადაც იგი მთელი პროცესის შედეგია, ამიტომ ცოდნის სხვადასხვა ხარისხს დონეც სხვადასხვა შეესაბამება.

ცოდნის დონეები

I. ცოდნის დაბალი დონეა ფაქტები, რომელთა კონსტატირებაც შესაძლებელია. ისინი გადმოიცემა ასევე ცხრილის სახით, დიაგრამით, ილუსტრირებულად და გრაფიკულადაც;

II. შემდეგი დონეა გაგება, რომლის არსიცაა განზოგადება ანუ ობიექტების, სიმბოლოების, პროცესებისა და მოვლენების საერთო ატრიბუტების ახსნა და განმარტება; 

II. ცოდნის შემდეგი დონეა წესები, რომელთა გამომუშავება ხდება ფაქტების ანალიზისა და გაგების გზით. წესები წარმოადგენს ნაკრებს პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროცესებისა, რომლებიც ძირითადად პასუხობს ფორმულას: “თუ ასეა, მაშინ…”.

 ასეთ ცოდნას ევრისტიულსაც უწოდებენ. იგი უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის, ვინაიდან ეფუძნება ინდივიდუალურ ემპირიულ წესებს ანდა “სისტემურ მიგნებებს” და მეტწილად დამოკიდებულია აღმოჩენებისა და ინოვაციების მეთოდებზე, ადრე შესწავლილი წესებისა და ახალი ფაქტების სინთეზსა და გაგებაზე. ევრისტიული ცოდნა განკუთვნილია იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომელთა შესაძლო ამოხსნის გზებიც გამოკვეთილი არ არის.

ცოდნა შეიძლება მივიღოთ წიგნებიდან, სამეცნიერო ნაშრომებიდან, ჩანაწერებიდან, გამოკვლევათა მასალებიდან, აუდიო- და ვიდეოჩანაწერებიდან და ა.შ., მაგრამ ცოდნის წყაროს, უპირველესად, წარმოადგენენ მკვლევარები და, რაც მთავარია, მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე ხშირად იყენებენ სისტემურ ცოდნას და ცოდნას სისტემატიზაციისთვის.

მაშასადამე, ცოდნა სისტემური ხასიათისაა. ეს ის სისტემებია, რომლებიც ინტელექტის იმიტირებას ახდენს (ექსპერტული სისტემები, ჰიპერმედია, ჰიბრიდული სისტემები და სხვ.); ესაა ხელოვნება, რომელიც გამოიყენება მეცნიერების განვითარებისთვის. ხოლო ის უნარები, რომელთა გამოყენებაც ხდება ამ დროს, მოიცავს ცოდნას შემეცნების ისეთი დარგების შესახებ, როგორიცაა ინფორმატიკა, კოგნიტური ფსიქოლოგია, ქცევის თეორია, კონკრეტული საგნის განსაზღვრული კომპეტენცია და ა.შ.

როგორც ვხედავთ, ცოდნის ანუ ინფორმაციის გადამუშავებისას ხდება ინდივიდების, ადამიანთა ჯგუფების, კულტურის ანუ, საზოგადოდ, ცოდნის ფორმირება. შემდეგ ამ ცოდნას ადარებენ სხვა ცოდნას, რითაც მიიღწევა გაგება და ამის საფუძველზე – შესაბამისი, წარმმართველი გადაწყვეტილებების მიღება.

მიღებული ცოდნა ფასდება იმით, რომ იგი აისახება ღირებულებებში, კანონებში, პროფესიულ სტანდარტებში. არსებული ცოდნის საფუძველზე იღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებებს, ამრიგად, ცოდნა გადადის ხარისხში – სიბრძნეში, რომელიც ცოდნის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ, როგორც ვხედავთ, თავად მონაცემების შეკრება, ინფორმაციის ანალიზი, სინთეზი და მისი გარდაქმნა სიბრძნედ ერთი მთლიანი იერარქიული პროცესია. ამ პროცესის, მთლიანი სრტრუქტურის საფუძველზე ცოდნა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც მოდელი, რომელიც გამოიყენება ინტერპრეტაციისთვის, პროგნოზირებისა და მართვისთვის და რომ ის წარმოადგენს დეკლარაციული (ფაქტები) და პროცედურული (მეთოდები) მტკიცებულებების ნაერთს.

აქედან პირველი, დეკლარაციული ცოდნა, საგნის რომელიმე მხარის აღწერით წარმოდგენას გულისხმობს. ეს არის ზედაპირული ცოდნა იმისა, რას წარმოადგენს საგანი, როგორ გამოიყურება და რას აღნიშნავს იგი. მისგან განსხვავებით, პროცედურული ცოდნა წარმოადგენს ინტელექტუალური შესაძლებლობების ნაერთს, რომელიც მიმართულია იმისკენ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ რამე (მაგალითად, როგორ მოვამზადოთ ფირმის წლიური ანგარიში შემოსავლისა და გასავლის შესახებ და ა.შ.). პროცედურული ცოდნას ძირითადად მოქმედების განსაზღვრისთვის ვიყენებთ.

დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ნაკრებია ასევე ცოდნის განსაკუთრებული სახე, რომელსაც საღ აზრს უწოდებენ. იგი ადამიანთა სიმრავლისთვის არის დამახასიათებელი და დროთა განმავლობაში ფორმირდება. საღი აზრი, რომელიც “ინფორმაციულ ნაერთებზეა” აგებული, წარმოადგენს ცოდნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც “ყველამ უნდა იცოდეს”. ასეთ ცოდნას საერთო ცოდნასაც უწოდებენ და იგი მიმართულია სხვადასხვა (პროფესიული) დავალების ეფექტური შესრულებისკენ.

ფაქტები და ცნებები მეტწილად დეკლარაციულ ცოდნას მიეკუთვნება, წესები და ალგორითმები კი უკვე პროცედურული ცოდნის მაგალითებია. დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანის გამოცდილებაზე, მის აღზრდასა და განათლებაზე.

საზოგადოდ, დეკლარაციული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცოდნის სისტემებში შემავალი კატეგორიაა.

    ცოდნის სისტემებში შემავალი  ხუთი  კატეგორიის საგნობრივი ცოდნა:

1.სიტყვათა მარაგი და ფრაზები;
2.დეტალები;
3.იდეათა მოწესრიგება;
4.უნარები და ტაქტიკა;
5.პროცესები.

პირველი სამი კატეგორია ინფორმაციული და მტკიცებითი ცოდნის სახელით მოიხსენიება, ორი უკანასკნელი კი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და პროცედურული ცოდნის სახელითაა ცნობილი (ამ დროს, მოცემული ტიპის ცოდნის მოსწავლეებისთვის გადასაცემად, მასწავლებელს შეუძლია, კონკრეტული მეთოდი შეარჩიოს /იგულისხმება, რომ ცოდნის სხვადასხვა ტიპს სწავლის და, შესაბამისად, სწავლების სხვადასხვა მეთოდი უკავშირდება/). 
დეკლარაციული ანუ მტკიცებითი ცოდნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია განზოგადებასა და პრინციპებთან დაკავშირებული იდეათა მოწესრიგება.

კერძოდ, რა არის განზოგადება და პრინციპი?

განზოგადებული ცნება ისეთი ლოგიკური ოპერაციაა, როდესაც აზრი მიემართება, მიედინება კერძო შემთხვევიდან სახეობის ცნების გაგებისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სააზროვნო მომენტია, რადგან მეცნიერული შემეცნების პროცესში არაერთხელ წარმოიშობა აუცილებლობა პატარა ინფორმაციის განზოგადებისა კერძო შემთხვევიდან სახეობის ცნებამდე. მაგალითად, ცნება “რიცხვი” თავიდან მოიცავდა მხოლოდ მთელ რიცხვებს, მოგვიანებით ამ ცნებაში შემოიტანეს მსგავსი, უარყოფითი, ირაციონალური, წილადი და კომპლექსური სიდიდეები, რითაც ცნება “რიცხვის” განზოგადება მოხდა: “მთელი რიცხვი” გადაიქცა “ზოგადად რიცხვად” (ანდა: “ყვავილი” – “მცენარე” – “ცოცხალი ორგანიზმი”; “ადამიანი ისეთია, რომ ის სტუდენტია და მოწინავეა” – “ადამიანი ისეთია, რომ ის სტუდენტია” და ა.შ.).

განზოგადება არის მტკიცებულება, რომლის საბუთიც არსებობს. მაგალითად ავიღოთ შემდეგი მტკიცებულება: “შუა საუკუნეების ფეოდალურ ქვეყნებში მეფის მოხელეები, როგორც წესი, მდიდარი და გავლენიანი ოჯახებიდან იყვნენ”. ეს არის განზოგადება და მის საბუთად შეიძლება მაგალითებიც მოვიყვანოთ.

განზოგადება ხშირად ერევათ ფაქტებში, რომლებითაც კონკრეტული ადამიანების, ადგილების, სულიერი და უსულო საგნებისა და მოვლენების მახასიათებლების იდენტიფიკაცია ხდება. განზოგადება ზოგჯერ აბსტრაქტულ ცნებათა მახასიათებლების იდენტიფიცირებასაც ახდენს, უფრო სწორად, აბსტრაქტული ცნების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის განზოგადების ფორმით არის წარმოდგენილი. მაგალითად: “წიგნი, რომელსაც მე ვკითხულობ, საინტერესოა”, – ეს მტკიცებულება ფაქტია, ხოლო “წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია” – განზოგადება.

მახასიათებლების მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ განზოგადების შემდეგი ტიპები:

. ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “იმისთვის, რომ ფოტოგრაფის პროფესიას დაეუფლოს, ადამიანს ექვსთვიანი მომზადება მაინც სჭირდება”);
. ადგილების სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “დიდ ქალაქებში მაღალია ტოქსიკური გამონაბოლქვის დონე”);
. სულიერი და უსულო საგნების სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “იარაღის ტარების საკითხი საკამათოა”);
. მოვლენათა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “არჩევნები ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენაა”);
. აბსტრაქტულ ცნებათა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “სიყვარული ყველაზე ძლიერი ადამიანური გრძნობაა”).

განზოგადებები ცოდნის უფრო ფართო საფუძველს უვითარებს მოსწავლეს, რადგან ის სხვადასხვა სიტუაციაში აწყდება მათ და მათი გამოყენება სჭირდება, ამიტომ განზოგადებული მტკიცებულებების დამახსოვრება ისევე საჭიროა მოსწავლისთვის, როგორც, მაგალითად, სიტყვებისა და დეტალებისა (ცოდნის სისტემებში შემავალი სხვა საგნობრივი ცოდნის ძირითადი ნიშნებისა).
სასწავლო პროცესში მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ:

1. იდეათა მოწესრიგების შესახებ მოსწავლეებს თავდაპირველად, როგორც წესი, არასწორი წარმოდგენა აქვთ, რომლის შეცვლაც ადვილი არ არის;
2. მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რეალურად მოახდინონ იდეათა მოწესრიგება;
3. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ განზოგადებებისა და პრინციპების ცხადად წარმოდგენა და რამდენიმე მაგალითის მოყვანა;
4. მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ განზოგადებისა და პრინციპების გაგებასა და სწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში.

როგორ უნდა გააკეთოს ეს მასწავლებელმა? ცხადია, უპირველესად არასწორი წარმოდგენის კორექტირებით, ამისთვის კი საჭიროა:

. წინარე ცოდნის გააქტიურება, ანუ მოსწავლეებს უნდა ვთხოვოთ, გაიხსენონ, რა იციან იდეათა მოწესრიგების კონკრეტული მეთოდის შესახებ;
. დისკუსია (მოსწავლეებს ვთხოვოთ იმის განხილვა, რაც იდეათა მოწესრიგების კონკრეტული საშუალების შესახებ იციან. განხილვის პროცესი მოსწავლეებს ახალი მიდგომების აღმოჩენისა და იდეების გენერირების საშუალებას მისცემს);
. არგუმენტაცია, როდესაც მოსწავლეებს საკუთარი პოზიციის დასაცავად კონკრეტული არგუმენტების მოშველიება უწევთ, ან როდესაც წარმოვუდგენთ ძლიერ არგუმენტებს მოწესრიგების კონკრეტული ფორმის შესახებ (ყველაზე დიდი კონცეპტუალური ცვლილება ხომ, საზოგადოდ, არგუმენტაციის პროცესს უკავშირდება);
. მოსწავლეებს “შევაძლებინოთ” იდეათა რეალური მოწესრიგება, განზოგადებისა და პრინციპების ურთიერთმისადაგება.
. მასწავლებელმა იდეათა მოწესრიგების მეთოდების გამოყენებას მეტი დრო უნდა დაუთმოს, ვიდრე იმის ახსნას, რას გულისხმობს იდეათა მოწესრიგება (რა თქმა უნდა, აუცილებელია, მოსწავლეებს ესმოდეთ, რა არის განზოგადება და პრინციპები);
. საჭიროა, მოსწავლეებმა დაიწყონ აქტიური ვარჯიში იდეათა მოწესრიგების საშუალებების სხვადასხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად.

მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითები.

I. ავიღოთ ასეთი მტკიცებულება: “ცალკეული ბრძოლები სხვადასხვა, ხშირად არაპროპორციულ გავლენას ახდენს ომის საბოლოო შედეგზე”. ამ მაგალითის საფუძველზე მოსწავლე იღებს ცოდნას, რომ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა ბრძოლებმა, დიდმა თუ პატარამ, ორივე ფრონტსა თუ სხვადასხვა კონტინენტზე, საბოლოოო ჯამში, გავლენა მოახდინა ომის შედეგებზე; ანდა, მაგალითად, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ომში საქართველომ რამდენიმე დიდი თუ პატარა ბრძოლა გადაიხადა. დავით IV-ის მიერ გადახდილი დიდგორის ბრძოლაც ამ ომის ნაწილი იყო. კონკრეტულმა ბრძოლებმა საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგზე – ქვეყანა თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან გათავისუფლდა, რასაც სხვა დადებითი შედეგებიც მოჰყვა.

II. მომდევნო მტკიცებულება, მაგალითად, “ბრძოლების შესახებ განზოგადება ყველა ომს შეიძლება მივუსადაგოთ”. მაგალითად, დიდგორის ომი კონკრეტული მოვლენაა და შეუძლებელია, ის პირდაპირ მოვარგოთ სხვა სიტუაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეტალები არ არის მნიშვნელოვანი და პირიქით.

მაშასადამე, იმისთვის, რომ ჩასწვდეს განზოგადების არსს, აუცილებელია, მოსწავლეს შეეძლოს კონკრეტული მაგალითების მოყვანა განზოგადების საილუსტრაციოდ (ზემომოყვანილი მაგალითის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ გვინდა, მოსწავლეებმა გაიაზრონ წინა აბზაცში მოყვანილი განზოგადება, მათ უნდა შეეძლოთ საილუსტრაციო მაგალითების დასახელება, რომელთა შორის შეიძლება დიდგორის ბრძოლაც იყოს).
და რა არის პრინციპი? პრინციპი არის განზოგადების კონკრეტული სახეობა, რომელიც ურთიერთობებს ეხება.
სკოლასთან დაკავშირებულ დეკლარაციულ ცოდნასთან პრინციპების მხოლოდ შემდეგი ორი ტიპი ასოცირდება: მიზეზშედეგობრივი პრინციპები და კორელაციური პრინციპები.

მიზეზშედეგობრივი პრინციპები მიზეზშედეგობრივ ურთიერთობებზეა დამყარებული. მიზეზშედეგობრივი პრინციპის გაგება მიზეზშედეგობრივი სისტემის კონკრეტული ელემენტების ცოდნას და იმ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაციის ფლობას გულისხმობს, რომლებიც მიზეზშედეგობრივი სისტემის ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მაგალითად, წინადადება “კონფლიქტი თავისი ბუნებით ომს იწვევს” ნიშნავს, რომ კონფლიქტსა და ომს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირის გასაგებად ადამიანს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თავად სისტემაში (ამ შემთხვევაში – კონფლიქტის ბუნებაში) მიმდინარე მოვლენათა თანამიმდევრობაზე, სისტემის ელემენტებზე, ელემენტებს შორის არსებული ურთიერთობების ტიპსა და სიძლიერეზე.

აქედან გამომდინარე, მიზეზშედეგობრივი პრინციპის გაგება დიდი მოცულობის ინფორმაციის ფლობას გულისხმობს.

კორელაციური პრინციპები კი იმ ურთიერთობებს აღწერს, რომლებიც მიზეზობრივი არ არის, მაგრამ ერთი ელემენტის ცვლილება მეორის ცვლილებას უკავშირდება.

მაგალითად, “ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვანი წინსვლა საზოგადოების კულტურული აღმავლობის ზრდის პირდაპირპროპორციულია” – ამ პრინციპის გასაგებად მოსწავლეს ელემენტებს შორის არსებულ ურთიერთობათა კონკრეტული დეტალების ცოდნა სჭირდება; მან უნდა იცოდეს ამ ურთიერთობების ზოგადი პარადიგმა – რომ კულტურის განვითარების ზრდის მაჩვენებელი იმავე სიხშირით იცვლება, როგორითაც ეკონომიკური პროცესების განვითარებისა.

ახლა ავიღოთ ასეთი მაგალითიც: ამერიკის სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები მიზეზშედეგობრივ თანამიმდევრობაში ერთიანდება. ეს მიზეზები მხოლოდ ამერიკის სამოქალაქო ომს (ერთ კონკრეტულ სიტუაციას) ეხება. მიზეზშედეგობრივი პრინციპი კი, რომელიც კონფლიქტსა და კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარე ომს ერთმანეთთან აკავშირებს, ეხება მრავალ სიტუაციასა და მოვლენას (მკვლევარები ამ პრინციპს სხვადასხვა სიტუაციისა და მოვლენის მიმართ იყენებენ).

აქედან გამომდინარე, მიზეზშედეგობრივ პრინციპსა და მიზეზშედეგობრივ თანმიმდევრობას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველი მრავალ სიტუაციას ეხება, ხოლო მეორე – ერთ კონკრეტულს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იდეათა მოწესრიგება როგორც ცოდნის სისტემებში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნობრივი ცოდნა სასკოლო პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს მოსწავლესა და მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესის პოზიტიურად წარმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი