პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უკუკავშირი, როგორც მეთოდი

(ნაწილი პირველი)
მეთოდის მოკლე აღწერა:

უკუკავშირი არის პროცესი, როდესაც მოსაუბრე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღქმული მის მიერ გაცემული შეტყობინება. მაშასადამე, უკუკავშირი ღია პასუხია პერსონის ან ჯგუფისადმი, თუ როგორ იქნა გაგებული  მისი ქცევა  სხვათა მიერ. ამ ტექნიკის სისტემატიური გამოყენება ქმნის მეტ ღიაობას და სიცხადეს ურთიერთობაში და მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. 
მეთოდის ისტორიული განვითარება:

უკუკავშირის კონცეფციის დანერგვა და მისი შემდგომი განვითარება უკავშირდება ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის კურტ ლევინისა და მისი კოლეგების სახელს. სოციალურ ფსიქოლოგიაში ტარდებოდა სემინარი. სემინარის ყოველი დღის დასრულების შემდეგ მონაწილეები ხვდებოდნენ ერთმანეთს და აანალიზებდნენ, ინტერპრეტაციას უკეთებდნენ და აფასებდნენ სემინარის მიმდინარეობისას  ხელმძღვანელის, თითოეული წევრისა და მთელი ჯგუფის ქცევას. მომდევნო დღეს ხდებოდა სემინარის შემდგომ შეხვედრებზე განხილვის შედეგად მიღებული დასკვნების გათვალისწინება, რაც ხელს უწყობდა როგორც თითოეული წევრის განვითარებას, ასევე ქმნიდა ჯგუფის საერთო დინამიკას და უზრუნველყოფდა უკეთეს შედეგს.    მკვლევარები მიხვდნენ, რომ ეს იყო ახალი, საკმაოდ ეფექტური მეთოდი.  

მეთოდის თეორიული დასაბუთება:

კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში უკუკავშირი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც თითოეული პიროვნების, ასევე მთლიანად ჯგუფის განვითარებას. თვითდაკვირვებით მონაწილეები სწავლობენ უკეთ მართონ საკუთარი ქცევა. მეთოდის მიზანია ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობებში ღიაობისა და ნდობის განვითარება, როგორც წინაპირობა ჯანსაღი ურთიერთობებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ამგვარი კომუნიკაციით ურთიერთობები ხდება უფრო ტრანსფარენტული და პატიოსანი. ეფექტური კომუნიკაციის ხელის შემშლელი ფაქტორები ადვილად მჟღავნდება და იქმნება  მისი ერთობლივად დაძლევის  შესაძლებლობა. უთანხმოებები დასაწყისშივე გამომზეურდება და მოგვარდება მანამ, სანამ იგი აგრესიამდე და წინააღმდეგობის გაწევამდე მიგვიყვანს. მეთოდის გამოყენება ასევე ამცირებს უნდობლობის ხარისხს და მცდარად ინტერპრეტირებულ აღქმას.   მის სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ იგი საკმაოდ ადვილად განსახორციელებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელთა შესახებ მეტად მწირი ცოდნა გაგვაჩნია. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ მათი შეხედულებები, ინტერესები, ხასიათი, რაც გაგვიადვილებს მათთან ურთიერთობას და აგვარიდებს კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის დროს ჯგუფური მუშაობისას. უკუაკავშირის ტექნიკების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა როგორც საკუთარი ქცევის, ასევე ჯგუფის დანარჩენი წევრების ქცევის ადექვატურად აღსაქმელად. 

უკუკავშირის ეფექტიანობა პლასტიკურად არის ახსნილი ჯოჰარის ფანჯრის დახმარებით. ჯოჰარის ფანჯარა გრაფიკული მოდელია, რომელიც შეიქმნა 1955 წელს ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგების  იოსებ ლუფტისა და ჰარი ინგჰამის მიერ და წარმოადგენს ჯგუფური პროცესის მიმდინარეობისას საკუთარი თავის შეცნობისა და სხვათა მიერ შენი აღქმის ცვალებადობას. აქ გვაქვს ოთხი ველი, თითოეული მათგანი ადამიანის განსაზღვრული ქცევის სფეროს წარმოადგენს:

ჯოჰარის ფანჯრის აგებულება:

სფერო A

საჯარო სივრცე

 

სფერო C

ბრმა ლაქა

სფერო B

 

პირადი სივრცე

სფერო D

გაუცნობიერებელი

 

 

A სფერო წარმოადგენს პიროვნების საჯარო სფეროს. აქ ქცევის
გარემეობები ცნობილია როგორც თავად ჩემთვის, ასევე ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის.

B სფერო განასახიერებს პირად სივრცეს, მაშასადამე ქმედების
სფეროს, რომელიც ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის ცნობილია, მაგრამ რომელსაც სხვებისთვის
შეგნებულად არ ვხდი მისაწვდომს და ამიტომ ის მათთვის დაფარულია. პიროვნების ასეთი კერძო
ასპექტები უპირველეს ყოვლისა თვითშეტყობინებით ხდება თვალსაჩინო. ეს მიიღწევა მაშინ,
როცა პიროვნებას ჯგუფისადმი უჩნდება ნდობა.

C სფერო არის ე.წ. ”ბრმა ლაქა” – საკუთარი ქცევის სფერო,
რომელიც სხვებისთვის თვალსაჩინოა, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ცნობილი. აქ საქმე გვაქვს
თავდაცვით და გაუცნობიერებელ ქცევასთან, რაც ხელს უშლის ჯგუფის მუშაობას, ართულებს
კომუნიკაციას. ზუსტად ამ სფეროში, როდესაც ადამიანი საკუთარ ქცევას ვერ აღიქვამს და,
შესაბამისად, ვერ აკონტროლებს, უკუკავშირის ტექნიკის გამოყენება იქნება დიდი დახმარება.

მეოთხე D ე.წ. გაუცნობიერებელი სფერო მოიცავს ისეთ ქცევას,
რომელიც როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის უცნობია მაგ. დაფარული ტალანტები, გამოუყენებელი
მონაცემები და სხვ.

ჯგუფური შეხვედრების მიმდინარეობისას შეიძლება დავაკვირდეთ,
როგორ იცვლება ცალკეულ კვადრატთა სიდიდე. თუ დასაწყისში ჯოჰარის ფანჯრის თანახმად დომინირებენ
B და C სფეროები, A სფერო კი მეტად პატარაა

A

 

C

B

 

D

უკუკავშირის მეთოდის ეფექტიანად გამოყენების შედეგად დასაწყისში დომინირებული სფეროები B და C მცირდება და მათ ხარჯზე A სფერო იზრდება. მაშასადამე,  თანდათან ნათდება ”ბრმა ლაქაც”.

ჯგუფის თითოეულ წევრს შესაძლებლობა ეძლევა ადექვატურად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე ჯგუფის სხვა წევრების ქმედება. ჯგუფის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორები მცირდება, რაც ხელს უწყობს როგორც ჯგუფის ცალკეულ წევრთა, ასევე მთლიანად ჯგუფის წარმატებას.  

მეთოდის პრაქტიკული დასაბუთება

ადამიანები გადაეჩვივნენ ღიად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები, ამის მიზეზი შედეგების და სანქციების შიშია, თუმცა სწორედ ამ ღიაობას აქვს დიდი მნიშვნელობა ურთიერთობებში წარმატებული კომუნიკაციისთვის. 

ჩვენ ხშირად პიროვნებას მხოლოდ ერთი რომელიმე კუთხით აღვიქვამთ, ჩვენს აღქმულს ვუკეთებთ საკუთარ ინტერპრეტაციას და გამოგვაქვს განაჩენი. მას მიკრული აქვს ჩვენს მიერ იარლიყი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ დაშვებაა და არა რეალობა. მხოლოდ ღია უკუკავშირის ამოქმედების შედეგად ხდება შესაძლებელი ჯგუფის ყველა წევრმა ადექვატურად აღიქვას საკუთარი თავი და ერთმანეთი. ეს კი მათ აძლევთ შანსს, გადაიაზრონ თავიანთი ქმედებები, შეცდომები და გამოასწორონ ისინი. თუ მე ღია უკუკავშირის საშუალებით შევიტყობ, როგორ ვმოქმედებ სხვებზე, შვძლებ უკეთ გავიგო სხვების რეაქცია ჩემს მიმართ და საკუთარი ქმედება მიზანმიმართულად ვმართო. მაშასადამე, უკუკავშირი ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო, რომელიც გვეხმარება პოზიტიურად აღვიქვათ კრიტიკა, მივხვდეთ, რომ ის როგორც პირადად ჩემ, ასევე საერთო საქმის სასიკეთოდ ხდება. 

იორგ ფენგლერი გვთავაზობს უკუკავშირის ფუნქციების სიას, რომელიც 13 პუნქტისაგან შედგება:

1.უკუკავშირი გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში;
2.უკუკავშირი მართავს ჩვენ ქმედებას;
3.პოზიტიური უკუკავშირი გვამხნევებს;
4.უკუკავშირი გვეხმარება შეცდომების ძებნაში;
5.უკუკავშირი გვეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში;
6.უკუკავშირი ამაღლებს მოტივაციას;
7.უკუკავშირი გვეხმარება მიზანმიმართულად ვიმუშავოთ;
8.უკუკავშირი გვიმუშავებს სხვათა დახმარების უნარს;
9.უკუკავშირი ზრდის ურთიერთგავლენას ინფორმაციის მიმღებსა და გამცემს შორის;
10.უკუკავშირი გვაახლოვებს საქმესთან;
11.უკუკავშირი გვეხმარება შემოთავაზებულის სწორად შეფასებაში;
12.უკუკავშირი გვეხმარება პროფესიული განვითარების დაგეგმვაში;
13.უკუკავშირი გვეხმარება გადაწყვეტულებების ხარისხის ამაღლებაში.

დღევანდელ მასალაში ვისაუბრეთ უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობაზე, გაგრძელებაში კი ვისაუბრებთ პრაქტიკაში მის გამოყენებაზე და ასევე უკუკავშირის ტექნიკის ცალკეულ მეთოდებზე.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი