ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეტაკოგნიცია საკლასო ოთახში

“რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი სკოლაში”.
დევიდ პერკინსი

1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილი სკოლის შესამოწმებლად მიავლინეს სოფ. დიდ თონეთში, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ჩანაწერი შემოწმების მასალებიდან:
“სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა,მასწავლებელს შიშით კი არა, სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხს ისე იძლევიან, ეტყობა, ესმით კიდეც, რაზედაც პასუხს ამბობენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ…”
მცირე ექსკურსი წიგნიდან 
“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”
სასკოლო პრაქტიკასთან ერთად ბევრი სხვა რამ მოწმობს წერილის ეპიგრაფად წამძღვარებულ შეხედულებას, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა პერკინსმა გამოთქვა წიგნში “გონივრული სკოლა”. “გონივრული” სწორედ რომ შესაფერისი განსაზღვრებაა, რადგან თუ სწავლა-სწავლების პროცესი გააზრებული არ იქნა, არ დაეფუძნა მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობასა და ნდობას, ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდება. ძალადობაზე დამყარებული სასკოლო და საკლასო დისციპლინა დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანს ვერ აღზრდის. ამის უნიკალური საბუთია ეს მცირე ექსკურსიც ქშწკგს-ის ისტორიიდან.
დღეს, როდესაც სასკოლო რეფორმის შედეგად გადაიხედა, შეფასდა და გადაფასდა საკითხთა წყება, მნიშვნელოვნად მიმაჩნია აქცენტის დასმა მოსწავლეთა მეტაკოგნიციაზე. ბუნებრივია, მასწავლებლის დახმარების, მის მიერ მიცემული გეზის გარეშე მოსწავლე ვერ შეძლებს, უკეთეს შემთხვევაში კი გაუჭირდება საკუთარი შემეცნებითი პროცესების კონტროლი.
სწავლა სწავლებაზე ძნელია, ხოლო მოსწავლეობა, როგორც ერთმა პედაგოგმა შეაფასა, ყველაზე რთული

პროფესიაა. როგორც არ უნდა შევუმსუბუქოთ მოსწავლეებს ეს პროცესი, მათ სწავლის სამივე საფეხურზე უწევთ სერიოზული სირთულეების დაძლევა. მეტაკოგნიცია კი დაეხმარება, უკეთ დაგეგმონ, აკონტროლონ, მოიპოვონ, დააახარისხონ, გაუზიარონ და შეარჩიონ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე დავალებები.

ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა სამ ტიპს გამოვკვეთდი.

შემეცნებით პროცესებზე დაკვირვებას, როგორც იტყვიან, “თვითკონტროლს”, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს; უმრავლესობა გაზვიადებულად წარმოიდგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას: მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ, ვინაიდან გაგება და სწავლა ერთი და იგივე რამ ჰგონიათ, ეს კი ცოდნის მოჩვენებითობას იწვევს. 

უნდა ითქვას, რომ ასეთი ვითარება სწავლის მხოლოდ დაწყებით საფეხურზე არ არის, – თუმცაღა უფროსკლასელთა შემეცნება და აზროვნება არსებითად განსხვავდება უმცროსკლასელთაგან, აქაც უჭირთ იმაზე ფიქრი, რა და როგორ იციან.

მეორე უკიდურესობაა არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ კომპლექსით შეპყრობილ მოსწავლეებს არ სჯერათ საკუთარი თავის, ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ ახალი მასალის სრულყოფილად გაგება და სწავლა, აზრადაც არ   მოსდით, თვითონაც სცადონ რამის შექმნა, კლასის წინაშე წარდგენა, მიმდინარე აქტივობების დაგეგმვა ან შეფასება.

სამწუხაროდ, ხშირად ეს მოსწავლის წარუმატებლობისადმი მასწავლებლის, მშობლებისა და ამხანაგების არასათანადო დამოკიდებულების შედეგია.

რა დასამალია, მოსწავლეები თითქმის მუდამ ცდილობენ, ისეთებად წარმოგვიდგინონ თავი, როგორებიც ჩვენ გვინდა იყვნენ (ეს ჩვეულებრივი რამ არის; ასე ვართ ჩვენც, უფროსები); რატომღაც ჰგონიათ, თუ მასწავლებელმა მათი სუსტი მხარე დაინახა, ეს მათ ავტორიტეტს დააკნინებს. არადა, პირიქით უნდა იყოს; მიმაჩნია, რომ თუ ისინი გვენდობიან, დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მათი დახმარების სურვილი გვამოძრავებს, უფრო უკეთ განუვითარდებათ მეტაკოგნიციის უნარი, რაც უდავოდ აისახება მათსავე შედეგებზე.
მეტაკოგნაციის უნარის გამომუშავება ნიშნავს, მოსწავლემ ყოველი აქტივობის შემდეგ გაიაზროს:

სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეს მეტაკოგნიციის უნარის გამომუშავებაში დაეხმარება
შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების პროცესი, საბჭოთა სკოლისგან განსხვავებით, სავსებით გამჭვირვალეა, რადგან მასწავლებელი ხელმძღვანელობს შეფასების სქემებითა და რუბრიკებით, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ათქულიანი სისტემის ყოველი დონის მახასიათებლები. ამდენად, მოწავლისთვის გასაგებია, რატომ აფასებენ ასე და არა სხვაგვარად. მიმაჩნია, რომ შეფასება არცთუ მარტივი პროცესია. მოსწავლის ცოდნის გასაზომავად არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ყოველთვის მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა კონკრეტულ მომენტში მიღებული შეფასება მოსწავლის შემდგომი მიღწევების საფუძვლად. მოსწავლის მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად კარგია მათი ჩართვა შეფასების რუბრიკის შემუშავებაში.

თვითშეფასების შემთხვევაშიც სუბიექტივიზმისგან შეფასების სქემები დაგვიცავს. კარგად შედგენილი სქემა და დიაგრამა ე. წ. სვოტ-ანალიზიც არის, რადგან ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოკვეთს. მოსწავლეები პერიოდულად რედაქტირებას უკეთებენ თავიანთ დავალების რვეულებს. ახლახან VII კლასის მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულების წარმოება არ მომეწონა. მათ უკომენტაროდ ვთხოვე, დაეწერათ კომენტარი საკუთარი თავისთვის. მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე, გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაწერეს. მათ შენიშვნებს მე თითქმის ვერაფერი დავამატე. შემოვიღეთ ასეთი რუბრიკაც: “სამახსოვრო”, – რომელშიც დროდადრო შეგონებებსა და მითითებებს იწერენ. ასეთი მეტაკოგნიტიური გადახვევები მოსწავლეს დააფიქრებს, უვითარებს თვითკრიტიკის უნარს, ეხმარება წარმატების მიღწევაში.

მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ურთიერთშეფასება. თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთის ობიექტურად შეფასება – ჩვეულებრივი ამბავია, არ სურთ, აწყენინონ თანაკლასელს, უფრთხიან ურთიერთობის დაძაბვას, უჭირთ იმის გააზრება, რომ მითითებებსა და შენიშვნებს მხოლოდ დახმარების მიზნით აძლევენ ერთმანეთს. აქ მეხმარება ე.წ. “სენდვიჩის” მეთოდი: ჯერ – ღირსების ხაზგასმა, მერე – შენიშვნა, რეკომენდაცია, მითითება, რჩევა, ბოლოს – ისევ დადებითი მხარის წარმოჩენა. როდესაც მოსწავლეებს ეს მეთოდი ვასწავლე, ისიც ვუთხარი, რომ ბუნებაში იშვიათია უშეცდომო, იდეალური ნამუშევარი და თუ ამ ფორმით ერთმანეთის დახმარებას შეძლებენ, ძალიან კარგი იქნება.
თვითშემოწმება

ეს პროცესი ეფექტურია ცოდნის კონსტრუირების დროს. მოსწავლე ინიშნავს, რა ვერ გაიგო, რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი, რის განმარტება სჭირდება, როდის შეასრულებს დავალებას სრულყოფილად, იცის თუ არა, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და მისთ. ცხადია, ამ დროს ყველაზე მარტივი და ეფექტურია საკითხის შესახებ თანაკლასელთან ან მასწავლებელთან ერთად მსჯელობა. ჩემი გამოცდილების საფუძველზე დავასკვენი, რომ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ახსენებდეს მოსწავლეებს: თუ რამე არ ესმით, ეს პოზიტიური გამოხმაურებაა იმაზე, რომ მოტივირებულნი არიან, საკითხი ბოლომდე გაიგონ და გაიაზრონ. მოსწავლის მიერ კითხვის დასმა ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური აქტივობაა. არაერთხელ მითქვამს: ყველაფერი “ესმის” მას, ვინც საკითხის არსი ყველაზე ნაკლებად გაიაზრა. ეს სიტყვები ერთგვარად ათამამებს მათ და წაახალისებს, ყურადღებით მოისმინონ და მსჯელობაშიც ჩაერთონ. 

სასკოლო რეფორმის ფონზე შეიცვალა დამოკიდებულება გაკვეთილის მოყოლის სტანდარტისა და ფორმატის მიმართაც, და მაინც, თუ მოსწავლე თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს, იცის, რომ მასწავლებელი არ მოაყოლებს დასწავლილ მასალას, – გადაკითხვასაც დასჯერდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება ლიტერატურის სწავლებისას. პირადად მე ხშირად ვიყენებ ასეთ მეთოდს, რომელსაც პირობითად “კოლექტიური თხრობა” ვუწოდე: თხრობას იწყებს ერთი და, ჩემი მითითებით, აგრძელებს სხვა. შესაძლოა, მხოლოდ თითო წინადადება ვათქმევინო, მაგრამ ამ მეთოდის წყალობით მოწაფე მოტივირებულია და ისმენს, რათა ნებისმიერ მომენტში მზად იყოს თხრობის გასაგრძელებლად (ამ დროს მოსწავლეები ხელს არ იწევენ). ამ გზით 4-5 წუთში მივიღებთ საჭირო ინფორმაციას მოსწავლეთა მზაობის შესახებ, ისინი კი ობიექტურად შეძლებენ საკუთარი თავის შეფასებას. ბოლოს მასწავლებელი ან მოსწავლე ერთწუთიან შეფასება-კომენტარს აკეთებენ.
მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება

ფსიქოლოგმა ბერნარდ უაინერმა პედაგოგიკაში პოპულარული გახადა ძალისხმევის დაფასებისა და ეფექტურობის თეორია, რომლის თანახმადაც, რწმენა იმისა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, უფრო ეფექტურს ხდის ადამიანის მოქმედებას ნებისმიერ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანი წარმატებას, წესისამებრ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირებს: უნარს, ძალისხმევას, სხვა ადამიანებს, იღბალს. ამ ფაქტორთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რადგან მის გარეშე თვით უნარიც კი აუთვისებელი რჩება. სხვა ადამიანებსა და იღბალს მინდობილი კი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ვერც წარმატებას მიაღწევს.

ძალისხმევის მონიტორინგი შეიძლება დღიურის, ე.წ. თვითანგარიშის მეშვეობითაც. ამ დღიურში ჩაინიშნავენ, როგორ აღწევენ ინდივიდუალურ თუ საერთო მიზნებს, აღწერენ მიღწევებსა თუ შეცდომებს.

შემაჯამებელ წერებზე გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი მოსწავლეთა სათანადო გამოხმაურებასა და შეცდომების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს. არადა, ყოველთვის ასე არ ხდება. მოსწავლეთა მოტივაციისა და გამოწვევის ასეთ ხერხსაც მივმართე: წავიკითხე მეცხრეკლასელთა ნამუშევრები, ჩავინიშნე მათი შეცდომები, დავუწერე სათანადო ქულები და გაუსწორებლად დავურიგე. ერთხმად გაიკვირვეს, რომ მათი ნაწერები გაუსწორებლად იყო შეფასებული. ავუხსენი მათ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი აქტივობა იყო და მინდოდა, დამხმარებოდნენ. გამაოცეს – შეცდომების 80% აღმოაჩინეს და მათი კლასიფიკაციაც მოახდინეს. გაკვეთილის ბოლოს დაფაზე დავწერეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა სამომავლოდ გაეთვალისწინებინათ. 
მოსწავლის ძალისხმევის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ისტ-ის გამოყენება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინტერნეტს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით იყენებენ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საკუთარ ბლოგზე განათავსებს ისეთ დამხმარე და დამატებით მასალებს, რომლებიც მოსწავლეს სასწავლო თემის ათვისებაში დაეხმარება – ეს გაზრდის სასწავლო ფუნქციით ინტერნეტსივრცეში ჩართულობას. მოსწავლეს შეუძლია, ამ ფორმითაც მოახდინოს მეტაკოგნიტიური პროცესების მართვა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოზარდები უკვე მეხუთე-მეექვსე კლასებში ეუფლებიან პრეზენტაციის მომზადებასა და წარმართვას. ისინი ამ სამუშაოს ხალისითა და ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

საგანმანათლებლო სოციალური ქსელი “edmodo” (edmodo.com) უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მრავალმხრივად ვითანამშრომლოთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან. ამ ქსელში ჩართვა არ არის რთული, დაცულია მოსწავლის შედეგების კონფიდენციალურობა. იგი გვაძლევს დაკვირვებისა და კვლევის არაჩვეულებრივ საშუალებას, მოსწავლეებს სწავლის სწავლაში დაეხმარება, ჩვენ, მასწავლებლები, კი ვირტუალურად ვაწარმოებთ საგნმანათლებლო-პედაგოგიურ საქმიანობას დასახული გეგმით. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართვა ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა; მშობელთა იმ კატეგორიას, რომელსაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე (და ასეთი უკვე უმრავლესობაა), ნებისმიერ დროს მივაწვდით საჭირო ინფორმაციასა და რესურსს.

მოსწავლის ძალისხმევისა და წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა მაგალითების მოყვანა ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან. მაგალითად, სტივ ჯობსის განცხადებით თვითონვე გაოცებული დავრჩი. წავიკითხე მისი უკანასკნელი წერილი, რომელშიც ნათქვამია:

“სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა, რამეთუ ძველისგან განწმენდს და გზას უხსნის ახალს… ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა სასაფლაოზე ყველაზე მდიდარი ადამიანი; ის უფრო მნიშვნელოვანია, გავაკეთე თუ არა რაიმე განსაცვიფრებელი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე!”

მეტაკოგნიცია სწავლების მეთოდი არ არის, – ეს პროცესია, რომელზეც განვითარებისა და სწავლის ნებისმიერი თეორიით ხელმძღვანელობისას უნდა ვიფიქროთ. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი გვრჩება შესასწავლი. ამიტომაც თქვა ბრძენმა სოკრატემ: “მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო”. არსებობს მეორე უკიდურესობაც – როგორც გ. დოჩანაშვილის მოთხრობის პერსონაჟი იტყოდა, ის, ვინც მხოლოდ “რობინზონ კრუზო” წაიკითხა, თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს, რადგან არც კი იცის, ამქვეყნად სხვა რამე ღირებული თუ შექმნილა. ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვეცადოთ, მოსწავლეებმა გაითავისონ სოკრატეს სიტყვები, ამაში კი სწავლების სოკრატული მეთოდიც დაგვეხმარება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი