პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საბავშვო წიგნები საშობაო დღესასწაულებით

საშობაო დღესასწაული ვინ მოთვლის, რამდენ წიგნში გვეგულება. დარწმუნებული ვარ, საკუთარი რჩეული თქვენც გაქვთ – მე კი ამ წერილში ჩემს საყვარელ სამეულს წარმოგიდგენთ. მათში შობის დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი. გარდა ამისა, სწორედ შობის დღესასწაულზე ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში.

ყველაზე მხიარული და არაორდინალური

„პეპი გრძელწინდას მოგზაურობას“ ასტრიდ ლინდგრენი საშობაო დღესასწაულით ასრულებს. მართალია შობა დიდი ხნის ჩავლილია, მაგრამ პეპის ამ „უზუსტობის“ გასამართლებლად საკმაოდ მყარი არგუმენტი გააჩნია: „ჩემი ვილის კალენდარი ჩამორჩა და კალენდრის ხელოსანთან უნდა მივიტანო შესაკეთებლად…“

მხიარულების კუნძულიდან დაბრუნებული პეპი თავის საყვარელ ვილა „ყიყლიყოს“ საშობაო ღია ბარათს დაამსგავსებს: ფუმფულა თოვლგადაფარებული სახლის ტერასაზე დიდ სანთელს დაანთებს, სამზარეულოს შუაგულში უზარმაზარ ნაძვის ხეს დადგამს ჩვიდმეტი მოციმციმე სანთლით, სუფრაზე   საშობაო ღვეზელებს, თხლად დაჭრილ შაშხს, ძეხვს და სხვა უამრავ ნუგბარს დაახვავებს, ღუმელში ცეცხლს ააგიზგიზებს, არც საჩუქრებს დაივიწყებს და ფერად შეკრულებს ყველასთვის გაამზადებს.

ზღურბლზე გაშეშებული ტომი და ანიკა აღტაცებისგან ხმას ვერ იღებენ. არადა, როგორ სწყდებოდათ გული მხიარულების კუნძულზე შობა სათანადოდ რომ ვერ აღნიშნეს. დიახ, ასეთი გახლავთ პეპი – მისი წყალობით ყველა სურვილი ხდება, მის გარშემო უსაზღვრო ბედნიერებას გრძნობენ ადამიანები. საკუთარი თავით აღტაცებას არც თავად მალავს, „მე ძალიან მუყაითი ვარო!“ – ამაყად გაიძახის სადაც კი ამის შესაძლებლობა ეძლევა.

ლინდგრენისეული შობა მხოლოდ შესაკეთებელი კალენდრის გამო როდია არაორდინალური, ამ ზღაპრულ დღესასწაულზე მისი გმირები მართლაც რომ გამორჩეულ სურვილს ჩაიფიქრებენ. სამივეს სჯერა, რომ ყოველთვის და ყველგან მხიარულად იქნებიან, რომ დიდების მსგავსად თამაშს არ დაივიწყებენ, თუმცა თავის დასაზღვევად ჯადოსნურ აბებს დალევენ, აბებს, რომლებიც სამუდამოდ პატარებად დატოვებთ!

„პეპის უნდა, სულ პატარა იყოს,“ – ასე ჰქვია უკანასკნელ თავს „პეპი გრძელწინდას მოგზაურობაში“ – თავს, რომელიც შობის სურნელითაა გაჟღენთილი. ავტორი ფრთხილად გვაპარებს, რომ პეპი იზრდება. გოგონა მართალია ამას არ აღიარებს, მაგრამ ჯადოსნური აბების ვარგისიანობაში ეჭვი ეპარება – ყოყნმანობს, შესაძლოა არ იმოქმედონო. ანიკას და ტომის წასვლის შემდეგ კი  სევდიანი თვალებით დიდხანს შესცქერის საშობაო სანთელს.

ყველაზე თბილი და ცრემლიან-ღიმილანი

„ქარი ტირიფებში“ ცხოვრებისეული გაკვეთილებითა და ჭკუის სასწავლებელი ამბებით სავსე საგანძურია. ეს წიგნი ადამიანური განცდებითა და ემოციებით ისეა გაჯერებული, ზოგჯერ გავიწყდება, წიგნის გმირები ცხოველები რომ არიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს ტენდენცია, საქმე სახლის, მშობლიური კერის სიყვარულს როცა ეხება. შობის საოცარი ღამეც სწორედ იმ თავში დგება, რომელსაც „Dulce Domum“ ანუ ტკბილი სახლი ჰქვია. ეს თავი იმ შეგრძნებას ეხმიანება, ყველა ცხოველის გულში რომ ბუდობს და ზოგჯერ კარნახობს: „ეს გზა დანამდვილებით სახლამდე მიგიყვანსო…“

მოქმედება თხუმნელას უბრალო, მაგრამ კოხტა და მყარ სახლში ვითარდება, თუმცა თავის დასაწყისში ეს სახლი არავის ახსოვს. გზააბნეულ ვირთხასა და თხუნელას შემოაღამდებათ, სწრაფი ნაბიჯებით წინ მიიწევენ და ამ დროს თხუნელას მიტოვებული სახლი თავის პატრონს მიაგნებს. დიახ, მიაგნებს, თითქოს ცოცხალი არსებააო, „მაცნეებსა“ და „შიკრიკებს“ გაუგზავნის. ვინ არიან ეს „შიკრიკები“ და „მაცნეები?“ პასუხი გაგაოცებთ – სახლის სურნელი და მისი მომნუსხველი ძახილი, ოთახებიდან წამოქროლილი ნაზი ჰაერი.

დაბრუნებულ თხუნელას სახლი სიხარულით იპატიჟებს, წყენის გარეშე იღებს უკან, ვინაიდან  კარგად იცნობს პატრონს, თითოეულ ნივთზე მოგონებას გონების კუთხე-კუნჭულში ერთგულად რომ დაატარებდა.

ვირთხა და თხუნელა საშობაო ფუსფუსში ჩაებმებიან, სუფრას გაშლიან და ამასობაში კარს მომღერალი მინდვრის თაგვების გუნდი მოადგება: სანთლის სანათის მინავლებულ შუქზე ნახევარწრედ მოქუჩდებიან, ყელი წითელი კაშნეებით აქვთ შეფუთული, თათები ღრმად უწყვიათ ჯიბეებში, ფეხებს გასათბობად აბაკუნებენ, მძივებივით თვალებით მორცხვად იცქირებიან, სრუტუნებენ და დრუნჩს სახელოთი იწმენდენ. მერე კი წინაპარი თაგვების სიმღერას იმღერებენ (რომელიც ქარბუქისგან გამოკეტილ, ბუხრიან ოთახში დაწერილს გავდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რათა შობას ემღერათ)…

ვირთხა და თხუნელა თაგვებს სახლში იპატიჟებენ, გემრიელი ვახშმითა და ცხელი სასმელით უმასპინძლდებიან. „Dulce Domum“ მართლაც რომ პირის ჩასატკბარუნებელი თავია – შობის დღესასწაულის სიხარულითა და სევდით შეზავებული. თავი, რომელიც გვახსენებს, რომ წელიწადის ამ მშვენიერ დღეს იქ უნდა დავბრუნდეთ, სადაც მშობლიური სახლის ნაცნობი სურნელი გვეგულება; რომ „სახლის სიყვარული ყველას ისე ღრმად გვაქვს გამჯდარი სულსა და გულში, თითქოს იქ ღუზით ჩაუშვესო…“

ყველაზე დასაფიქრებელი

განა შესაძლოა, შობის დღესასწაულზე ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ არ ვახსენოთ?!  მთელ წიგნს თუ ვერ გადავიკითხავთ, უკანასკნელი თავი მაინც გავიხსენოთ. „მეხუთე სტროფში“ ებინეიზერ სკრუჯი (რომელმაც უკვე სამ სულთან ერთად იმოგზაურა, საკუთარი ბავშვობა, სიყმაწვილე და გარდაცვალება იხილა) იღვიძებს!!!

შობის მოძულე, უხეში, ძუნწი და ქვახარშია პერსონაჟი, „პირველ სტროფში“ რომ გაგვაცნო ავტორმა, სრულიად გარდასახულია. საკუთარი წარსულის გამოსყიდვის სურვილი ამოძრავებს, სურს შეცვალოს ბედისწერა და კეთილი ზრახვებით გულანთებული მოქმედებას იწყებს. თუ უწინ მუდამ იმაზე ფიქრობდა, რა გზებით გაეძარცვა, გამოეძალა, ტყავი გაეძრო და  სული ამოერთვა გაჭირვებულებისთვის, თუ უპოვარს მისკენ ხელის გაშვერაც კი აშინებდა, დამფრთხალი გამვლელ-გამომვლელი კი საათსაც ვერ ეკითხებოდა, კათარზისგამოვლილს ვეღარც კი სცნობენ. „მასზე ყვებოდნენ, რომ არავის შეეძლო შობის ისე აღნიშვნა და პატივისცემა, როგორც მისტერ სკრუჯს… ნეტავ შეძლონ და ჩვენზეც იგივე თქვან! თითოეულ ჩვენგანზე!..“

სახეზე გამკრთალი პირველი ღიმილიდან უდიდეს ქველმოქმედებამდე წიგნის მთავარი გმირი ხანგრძლივ და რთულ გზას გადის. მისი ტრანსფორმაცია იმედს გვაძლევს, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ისეთ გულქვასა და შეუვალს, როგორიც ებინეზერ სკრუჯი იყო, აუცილებლად გამოუჩნდება გულშემატკივარი. რომ ადამიანებმა უხმო შეთანხმებით ერთმანეთს გულები უნდა გავუხსნათ,“ არა მხოლოდ შობას, ყოველთვის, როცა ჩვენგან თანადგომას ელიან.

ახლა კი ისღა დამრჩენია, პატარა ტიმის სიტყვები გავიმეორო: ღმერთმა თავისი წყალობა ნუ მოგაკლოთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი