შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გმირი: – „ოთარაანთ ქვრივი“ და „ჰარი პოტერის თაობა’

სასკოლო პროგრამაში შეტანილი ტექსტები მოსწავლეებისთვის (ხშირად) მოსაწყენ და უინტერესო საკითხავთან ასოცირდება. ეს საერთო განწყობა, როგორც წესი გადამდებია ხოლმე და პედაგოგს ძალიან უჭირს ბავშვს სიღრმისეულად დაანახოს პერსონაჟის ბუნება, როლი და გამოიყვანოს ის სტერეოტიპული შეფასებების ველიდან.

მეც ხომ ოდესღაც ვიყავი მოსწავლე და მახსოვს, როგორ უინტერესოდ ვკითხულობდი გენიალურ „შუშანიკის წამებას“ თუ „ოთარაანთ ქვრივს“ (რომელიც, რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად მგონია ერთ-ერთი უმთავრესი „ქართული“ ტექსტი). ჩემი და ჩემი კლასელების სააზროვნო სიბრტყე პედაგოგის მოწოდებულ კლიშეებს ძნელად ცდებოდა და გვქონდა ან ნიჰილისტური დამოკიდებულება ან აგრესია ამ გენიალური პერსონაჟების მიმართ.

ახლა თავად ვასწავლი და რაკი ჩემი სალაპარაკო „ტერიტორია“ ლიტერატურას დიდად არ სცდება, მოსწავლეებთან ახალ-ახალ მეთოდოლოგიას ვიყენებ ხოლმე, რომ ისინი ტექსტების (განსაკუთრებით ძველი ტექსტების) ველს არ მოწყდნენ და ჩვენი სააზროვნო სივრცე მეტ-ნაკლებად ერთი დარჩეს.

ელაპარაკო „ჰარი პოტერისა“ და „Game Of Thrones”-ის თაობას „აბო ტფილელზე“ თან ისე, რომ მათი ინტერესი არ განელდეს და გულწრფელად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ადვილი არაა. სწორედ ამ „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახებ“ მდგომარეობამ მიმიყვანა ჩემ პირად მეთოდოლოგიაში ერთი რესურსის დანერგვისკენ.

ჩემი პროფესია (უკეთესი იქნება, თუ ვიტყვი „ხელობა“) კინოსა და სერიალების სცენარების წერაცაა. კინოინდუსტრიაში, გარკვეული მიმართულებებით (მაგალითად SitCom – სიტუაციური კომედია), სცენარისტები და გადამღები ჯგუფი, საკომუნიკაციო ენად ერთგვარ შაბლონებს ვიყენებთ, რაც გმირის უკეთესად დანახვაში გვეხმარება.

მე ამ შაბლონების სასკოლო გაკვეთილისთვის მორგება ვცადე და უნდა ითქვას – გაამართლა.

მხატვრულ ნაწარმოებზე მსჯელობას, ყოველთვის ვიწყებთ ხოლმე პერსონაჟების „განაწილებით“. ზოგს მთავარი მოქმედი პირი ხვდება, ზოგს – მეორეხარისხოვანი. ბავშვებს ევალებათ გმირების გააზრებისთვის და ჩვენთვის უკეთესად წარმოსადგენად ერთგვარი კითხვარი შეავსონ (რაც დიდი ჯგუფის სწრაფად გამოკითხვის კარგი საშუალებაცაა). მოსწავლეს აქვს მითითება, ტექსტში მოცემული ფაქტობრივი მონაცემები დატოვონ, არარსებული მასალა კი საკუთარი სურვილისამებრ გამოიგონონ (მაგალითად, რა მუსიკას უსმენს „ხევისბერი გოჩა“?).

დავალების უმთავრესი მიზანია მსმენელს დავანახოთ გმირის შინაგანი სამყარო და უკეთ გავიაზროთ მოქმედი პირების როლი ტექსტში, ნაწარმოების სრული სურათის ანალიზის ფონზე.

გთავაზობთ კითხვარს, რომელიც შევსებულია ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით.

სახელი: ანა გაბინაშვილი-ოთარაშვილისა

მეტსახელი: „ოთარაანთ ქვრივი“

 ასაკი: 42 (საინტერესო იყო, რომ მოსწავლემ, ვინც ეს შეავსო, ჩემში სტერეოტიპულად არსებული ამ პერსონაჟის ხატი – ის სულ ხანშიშესული წარმომედგინა, 42 წლის დაინახა და ლოგიკურად ახსნა რატომაც, რასაც მოგვიანებით ადრეული ქორწინების პრობლემის განხილვაც მოყვა).

გარეგნობა: წაბლისფერი, ჭაღარაშერეული თმა. თხელი ტუჩები, ოდნავ დახრილი თვალის ჭრილი. მოკლე, ერთ დროს ლამაზი, ახლა კი დაკოჭრილი ხელები. ხორბლისფერი პირისკანი, სუსტი, მაგრამ „ფორმებიანი“ სხეული, მარცხენა ხელზე პატარა ნაიარევი – ბავშვობის ტრავმა, ხიდან ჩამოვარდა და ღობეზე გაიჭრა, რასაც მალავს. (საოცარი ქვეტექსტური პარალელი და ბუნებრივი განწყობა გიორგის ჩამოვარდნის მიმართ)

ხასიათის ტიპი:

 ხისტი, მკვახე ლაპარაკი აქვს, თუმცა იშვიათად ამბობს სათქმელს. მგონია, რომ ასტროლოგიური ნიშანი „მორიელი“ აქვს და ხასიათიც ასეთია „ავკარგიანი“, მაგრამ იგესლება მოულოდნელად და მწარედ.

ხელმომჭირნეა, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანის დახმარებაზე მიდგება, საკუთარ სისუსტეს ძლევს და ეხმარება.

 განათლება

ოფიციალური განათლება არ მიუღია, წერა-კითხვა იცის. ისწავლა, რათა წაეკითხა „წმინდანთა ცხოვრება“. მოსწონს ეს ნახევრადზღაპრული ტექსტები და ძილის წინ, წესი აქვს, ნახევარ გვერდს კითხულობს, რაც არ უნდა დაღლილი იყოს.

 გეოგრაფია

კახეთის გარდა (სადაც გათხოვდა), ნამყოფია თბილისში (ოთხჯერ) და იმერეთში ერთხელ. არ მოეწონა იქაური ტრადიციები და ამაზე შვილთანაც ულაპარაკია. ქართლში დაიბადა. ოთხი და იყვნენ. გაათხოვეს გარიგებით. ქმარი უყვარდა.

 რელიგია
მართლმადიდებელი

სამსახური/შემოსავალი
პირადი მეურნეობა. შემოსავალი აქვს ზომიერი. იქაურ გლეხებზე მდიდრად ცხოვრობს, თუმცა შრომაც საკმაო უწევს. ფულს აგროვებს შვილის სასწავლებლად „მისაცემად“ და მისთვის ცალკე მდგომი სახლის ასაშენებლად, როცა გიორგი ცოლს მოიყვანს.

საყვარელი/სალანძღავი სიტყვები

მუსიკა

თბილისში ყოფნისას, ერთხელ მოისმინა „სულიკო“ ძალიან მოეწონა გიტარის რითმა და ცოტა დამახინჯებულად, მაგრამ თავისთვის ღიღინებს ხოლმე, როცა მარტოა (ძროხას წველის, ან ოთხს გვის).

ფილმები

სავარაუდოდ არ იქნება კინოში ნამყოფი, მაგრამ მოეწონებოდა „ტკბილი ნოემბერი“.

განსაკუთრებული ტალანტი

შეუძლია 4 ნიშნა რიცხვის 4 ნიშნა რიცხვზე სწრაფად გამრავლება. ასევე, ნებისმიერ ხალხმრავლობაში, უცებ გადათვლის ადამიანებს.

სპორტი

არ ცხოვრობს სპორტულად. 

ჩაცმის სტილი
მუქი ფერის სამოსი. გრძელსახელოებიან ტანსაცმელს იმიტომაც ატარებს, რომ დაფაროს იარა ხელზე.

ფსიქიკა
მყარი ფსიქიკა აქვს.

გადაუწყვეტელი საკითხები
ვერ გადაუწყვეტია ჩაერიოს თუ არა შვილის პირად სივრცეში. ინტუიციით გრძნობს, რომ გიორგის ეს ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს, მაგრამ მყარად სწამს, რომ სხვისი თავისუფლების შეზღუდვა უფრო დიდი დანაშაული იქნება. ეს სტანჯავს.

მიდრეკილებები
მიდრეკილია სიძუნწისკენ. ეს ბავშვობისდროინდელი სიღარიბის გამოა, როცა 2 ქილა მაწონს 4 და იყოფდა. ებრძვის ამ სენს და თავს ამუნათებს, როცა მოწყალების გაცემის შემდეგ „ქოქოლას აყრის“ ვინმეს.

ფობიები
ეშინია შვილის დაკარგვის. ეს ირაციონალური შიში გათხოვებამდეც ჰქონდა, სანამ შვილი ეყოლებოდა.

სხვა

მიუხედავად იმისა, რომ უსიყვარულოდ გათხოვდა, ქმარი ძალიან შეუყვარდა. ილიკო ოთარაშვილი მზრუნველი და მოსიყვარულე კაცი იყო. საინტერესოა, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა არაჯანსაღად დაიწყო, მაგრამ ქმრის გულწრფელობამ და საქციელმა ახალგაზრდა ანას გული მოულბო. როდესაც კაცი გარდაიცვალა, მაშინ მიხვდა, როგორ შეყვარებია ქმარი, ვისთვისაც ერთხელაც ვერ მოასწრო ამის თქმა.

მოკლედ, ესაა დამხმარე სასკოლო რესურსი, არ ვიცი ვის გამოგადგებათ, ვის – არა, მაგრამ ცდად ღირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი