ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თეატრის როლი ბავშვის განვითარებაში

რამდენიმე წლის წინ, როცა მეოთხეკლასელი ნატალი სცენაზე, საბავშვო სპექტაკლში ვიხილე, მღელვარებამ შემიპყრო და ერთგვარი შიშიც დამეუფლა იმის გამო, როგორ შეძლებდა ეს პატარა მორცხვი, ყველასთვის შეუმჩნეველი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი გოგონა მისთვის დაკისრებული როლის შესრულებას. თუმცა, ყველას გასაკვირად, ის ისე თავისუფლად მოძრაობდა სცენაზე, ისეთ ემოციებს აფრქვევდა, ისე გამართულად და თავდაჯერებულად წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, რომ უცხო ადამიანი ვერც იფიქრებდა, თუ მას გაკვეთილზე, დაფასთან, ორი წინადადების გადაბმაც კი უჭირდა.

თეატრს ნამდვილად აქვს ასეთი მაგიური ძალა: მას შეუძლია, სრულიად შეცვალოს სცენაზე მდგომი ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება მოგვიტანოს თეატრთან ბავშვის ზიარებამ.

დღეს, როდესაც მშობელთა უმრავლესობა უმთავრესად შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე, მისთვის რაც შეიძლება მეტი მეცნიერული ცოდნის გადაცემაზე, უცხო ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზეა ორიენტირებული, ნაკლები დრო ეთმობა ბავშვებისთვის ხელოვნების ცალკეული დარგების გაცნობას. უფრო მეტიც: ბევრს ეს დროის კარგვადაც კი მიაჩნია. ალბათ ამიტომაა, რომ თანამედროვე ბავშვმა შეიძლება იცოდეს გაცილებით მეტი, ვიდრე იცოდნენ მისმა თანატოლებმა 15-20 წლის წინ, უფრო სწრაფადაც ხსნიდეს ლოგიკურ ამოცანებს, შესანიშნავად იყოს დაუფლებული საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მაგრამ სერიოზული პრობლემები ჰქონდეს ემოციურ განვითარებაში. და ეს მაშინ, როცა ინელექტისა და ემოციების მხოლოდ შეთანხმებულ ფუნქციონირებას შეუძლია უზრუნველყოს ბავშვის საქმიანობის წარმატება. პატარებს, როგორც წესი, უჭირთ გრძნობების მართვა, ისინი ეგოცენტრულები არიან, რაც ართულებს გარშემო მყოფებთან მათ ურთიერთობას. ამიტომ არის საჭირო ბავშვის ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. თეატრი ამის საუკეთესო საშუალებაა. თეატრალური ხელოვნება ბავშვისთვის ძალიან ახლობელი, გასაგები და საყვარელია, მას ხომ საფუძვლად თამაში უდევს, თამაშის პროცესში კი ბავშვი ყველაზე უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ჟესტებით, მიმიკით, მოძრაობით, სიმღერით, სიტყვით. სწორედ თამაშის დროს ახდენს პატარა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. თეატრალიზებული თამაშები, თავის მხრივ, მდიდარია მრავალფეროვანი ემოციებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ თამაშებს ბავშვის ემოციურ განვითარებასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. თეატრალიზებული თამაშები ხელს უწყობს ბავშვის საერთო განვითარებას, წარმოსახვის, მეხსიერების, დაკვირვების უნარის, ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და შესანიშნავი საშუალებაა ნებელობის განსავითარებლადაც.

თეატრალიზებული თამაშები სიუჟეტურ-როლური თამაშის ნაირსახეობად მიიჩნევა. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ სიუჟეტურ-როლურ თამაშებში ბავშვები ასახავენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, თეატრალიზებული თამაშის დროს კი სიუჟეტს ლიტერატურული ნაწარმოებიდან იღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, სიუჟეტურ-როლური თამაშისგან განსხვავებით, თეატრალიზებული თამაშის დროს ბავშვები დამოუკიდებლად არ თამაშობენ. ამ დროს მათ უფროსის, პედაგოგის დახმარება სჭირდებათ. იდეალური პირობა ამისთვის თეატრალური სტუდიაა, თუმცა საკოლო გარემოშიც, ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების სწავლების პროცესში, პედაგოგს აქტიურად და ნაყოფიერად შეუძლია თეატრალიზებული თამაშების გამოყენება, მით უფრო, რომ ასეთი თამაშები ხელოვნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი და ფსიქომოტორული უნარების განვითარებას. ამასთან ერთად, თეატრალიზებული თამაშები გარემომცველი სამყაროს შემეცნების და ათვისების კარგ საშუალებას წარმოადგენს, უვითარებს ბავშვს თანაგანცდის უნარს.

თეატრი, რომელიც ბავშვისთვის ხელოვნების ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და მიმზიდველი სახეა, თანამედროვე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის არაერთი აქტუალური პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა, ისეთი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია:

  • ესთეტიკური გემოვნების ფორმირებასთან;
  • ზნეობრივ აღზრდასთან;
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარებასთან; პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ვერბალური და არავერბალური სახეების სწავლებასთან;
  • ნებისყოფის აღზრდასთან;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან, მეტყველების კულტურის, დიალოგური და მონოლოგური მეტყველების განვითარებასთან;
  • დადებითი ემოციური განწყობის შექმნასთან, დაძაბულობის მოხსნასთან;
  • თამაშის გზით კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასთან;
  • ფანტაზიის განვითარებასთან;
  • თავდაჯერების, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებასთან, გაუბედაობის, სიმორცხვის დაძლევასთან.

ყოველივე ეს კი ბავშვს სასწავლო პროცესში დაეხმარება და ამ სფეროში წარმატების საწინდარი გახდება.

ბავშვის თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების პროცესში მშობლის როლი განუზომელია. კარგი იქნება, თუ ამაზე ზრუნვას მაშინ დავიწყებთ, როცა ბავშვი ჯერ მეტსმეტად პატარაა თეატრალური ხელოვნების არსისა და მნიშვნელობის გასაგებად. თავდაპირველად ეს ბავშვისთვის კარგად ნაცნობ საოჯახო გარემოში, ვიწრო წრეში, სახლის პირობებში უნდა ხდებოდეს. ამ დროს სავსებით საკმარისია, უმარტივესი სიუჟეტის მქონე ზღაპრის კითხვა თეატრალურ წარმოდგენად ვაქციოთ. ამის შემდეგ კარგი იქნება ოჯახური სპექტაკლების „დადგმა“, რომელშიც უფროსებიც მიიღებენ მონაწილეობას, დეკორაციების მომზადებაში კი თავად ბავშვებიც აქტიურად იქნებიან ჩართული. მოგვიანებით, როცა პატარა თავისუფლად შეძლებს ხალხმრავალ გარემოში გარკვეული დროის მშვიდად გატარებას, შეიძლება, თეატრშიც წავიყვანოთ და მისთვის კარგად ნაცნობი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს ერთად დავესწროთ, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ბავშვთან საუბარი ნანახის შესახებ, შთაბეჭდილებების გაზიარება და ემოციების გამოხატვა.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ თეატრალურ ხელოვნებასთან ბავშვის ზიარებისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მისი ცხოვრება გავხადოთ საინტერესო და შინაარსიანი, ავავსოთ ის ნათელი შთაბეჭდილებებით, ხელოვნების სიხარულით. მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ბავშვმა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეძლოს თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების პროცესში გამომუშავებული უნარების გამოყენება და ამით მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტისას წარმატებას მიაღწიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი