ერთი ტექსტის სემიოტიკური განხილვა და ინტეგრირებული გაკვეთილი

ერლომ ახვლედიანი,  „პეპელა და მისი ჩრდილი“

 

ერლომ ახვლედიანის ეს შესანიშნავი მოთხრობა ჟურნალ „დილას“ ერთ-ერთ ნომერში ვიპოვე და საბავშვო ანთოლოგიისათვის შევარჩიე. ამ  პატარა, ენობრივად სრულყოფილ, ლაკონურ საბავშვო ტექსტში ღირებულებითი საკითხების მთელი სისტემაა განხილული და ამიტომაც, მაშინვე ვიფიქრე, რომ კარგი ტექსტი იქნებოდა წიგნიერების გაკვეთილებისათვის. ( მხოლოდ სკოლაში არა, ამ მოთხრობას სტუდენტებთანაც მშვენივრად ვიყენებ, როგორც ლოგიკურ, ენობრივ და სემიოტიკურ სავარჯიშოს).

მოკლედ გიამბობთ ფაბულას:

ერთ დღეს,  შემთხვევითობის გამო სულიერმა და უსულო არსებებმა თავიანთი ჩრდილი დაკარგეს:

„თურმე ფუტკრის გაბრაზებულმა ჩრდილმა გოჭის ჩრდილს უკბინა (კბენა მან პატრონისაგან ისწავლა). გოჭის ჩრდილიც ჭყივილით გაიქცა (გოჭის ჩრდილმაც პატრონისაგან ისწავლა ჭყივილი) და დინგით გააგდო ინდაურის ჩრდილი. ინდაურის ჩრდილი წიწილას აედევნა. წიწილას ორი ჩრდილი აღმოაჩნდა. ციკნის, ბატკნის და ხბოს ჩრდილებმაც დატოვეს თავიანთი პატრონები და ისინიც წიწილას აედევნენ. მიდის წიწილა და მიათრევს ხუთ ჩრდილს. ძალიან უჭირს. ღონე ელევა. ქანცგალეული ეცემა მოლზე… ძაღლი დარბის ეზოში, უყეფს თავის ჩრდილს, სურს როგორმე გაექცეს მას, მაგრამ ჩრდილი თავქუდმოგლეჯილი დასდევს პატრონს. ბოლოს მაინც დაუტოვა თავისი ჩრდილი თეთრ ყვავილს, ხოლო თვითონ თეთრი ყვავილის ჩრდილი გაიყოლია. უნდა გენახათ, როგორ განაზდა მურა. ის თითქოს თვითონ გახდა თეთრი ყვავილის ჩრდილის ჩრდილი. ცდილობდა მისთვის მიებაძა და მასავით ირწეოდა, აღარ იცოდა, რა ექნა. ხოლო თეთრ ყვავილთან დარჩენილი ძაღლის ჩრდილი ადგილიდან ვერ იძროდა, თითქოს დაჭედესო.“…

წარმოიდგინეთ ხომ, როგორი ამბავია? მოთხრობის სიუჟეტი ჩრდილების ძებნით გრძელდება, საბოლოოდ ყველაფერი გვარდება, ყველა სულიერი თუ უსულო არსება თავის ჩრდილს მიაგნებს.

რა შუაშია სემიოტიკა? თუ ტექსტის დეკონსტრუქციას მოვახდენთ და საგნისა და ჩრდილის ურთიერთობა აღმნიშვნელ-აღსანიშნის კავშირი იქნება, მშვენიერი სავარჯიშო გამოგვივა – როგორი დამოკიდებულებაა აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, როგორი მიმართებაა, როგორი მნიშვნელოვანია, რომ აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის კავშირი შევინარჩუნოთ.

რასაკვირველია, შეიძლება ვიმსჯელოთ, რას აღნიშნავს მოთხრობაში ჩრდილი, ადამიანის ინდივიდუალურობას? ხასიათს? ეგოს? მისწრაფებას? მოსწავლეებს ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია უჩნდებათ ტექსტთან დაკავშირებით.

ამისათვის, მოსწავლეებთან რამდენიმე აქტივობას ვგეგმავ:

  1. ტექსტის კითხვა, ჩაღრმავებული კითხვის მეთოდი, ტექსტის დეკონსტრუქცია და აწყობა.
  2. ხელების პროექტი – ყველა მოსწავლე თავის სახატავ რვეულში თავისი ხელის გარშემოწერილობას შემოწერს, დააწერს სახელსა და გვარს, ასე ვიქცევი მეც, შემდეგ, ხელებს ამოვჭრით, ამოჭრილ ადგილს ვაფერადებთ და ვცდილობთ ვიპოვოთ ყველა  ის ადგილი, საიდანაც ამოვჭერით. შემდეგ ვმსჯელობთ, რა ხდება, როდესაც გამოჭრილი აპლიკაცია არ ემთხვევა, დიდი და პატარა ხელი ხვდება ერთმანეთს, საკუთარ ხელს ვერ ვპოულობთ და ა.შ.
  3. ჩრდილების თეატრი – გამოვჭრით მოთხრობის პერსონაჟებს და ინსცენირებას ვაკეთებთ ჩრდილების თეატრის მეშვეობით;
  4. სხვა საგნების ინტეგრირება, მაგალითად, საინტერესო პარალელი იქნება მათემატიკაში ზოგადი ფორმულის და მასში ჩასმული მნიშვნელობების ანალიზი, რა ხდება მაშინ, როდესაც ფორმულა არასწორია, არაზუსტია, შეუსაბამო და უკონტექსტო.
  5. კონტექსტის ცნება – იქნებ ჩრდილის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია სწორი კონტექსტის მოძებნაც იყოს, შეგვიძლია მოსწავლეებთან სახალისო მაგალითებიც განვიხილოთ, რა მოხდება, თუ აფთიაქში ცხელი პურის საყიდლად შევალთ, ხოლო საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში ლორს ან ყველს მოვითხოვთ.
  6. ფაზლის დამზადება – ამ მოთხრობის მიხედვით შესანიშნავი პროექტის მომზადება შეიძლება ბავშვებთან ერთად, როგორიცაა, განმავითარებელი ფაზლი, ყველა მოქმედ პერსონაჟსა თუ ნივთზე ცალკე აკადემიური, შემეცნებითი ბლოკის მომზადება შეგვიძლია, ბოლოს კი, ამ ფაზლის აწყობაში ერთ დიდ, საკლასო ჩემპიონატს ჩავატარებთ.

 

 

 

კომენტარები

comments