ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

იაპონური განათლების სისტემის თავისებურებანი

ცნობილია, რომ იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ხალხია: საერთაშორისო კვლევების მიხედვით, იაპონიის მოსახლეობა 100-პროცენტიანი წიგნიერების ზღვარს აღწევს.

ნიშანდობლივია, რომ, მიუხედავად მაღალი საგანმანათლებლო მაჩვენებლებისა, იაპონია განათლების სისტემაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3.3%-ს ხარჯავს.

იაპონიის სასკოლო განათლებას ერთ-ერთ ურთულეს და მრავალმხრივად დატვირთულ სისტემად მიიჩნევენ. მის სათავეს კონფუციანიზმი წარმოადგენს. კონფუცი, რომელსაც ჩინეთის პირველი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას უმადლიან, განათლებას სახელმწიფოებრიობის განუყოფელ ელემენტად მიიჩნევდა.

იაპონიის საგანმანათლებლო რეფორმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარდა. ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით დამკვიდრდა 6-3-3-4 სისტემა: 6 წელი – დაწყებითი, 3 – საბაზო, 3 – საშუალო და 4 – საუნივერსიტეტო სწავლებისთვის. სავალდებულო სასკოლო სწავლების პერიოდი მოიცავს 9 წელს, ხოლო საშუალო საფეხურის 3 სასწავლო წელიწადი არასავალდებულოა. 

იაპონიის საგანმანათლებლო სისტემა მკაცრი იერარქიის მქონე სტრუქტურაა. განათლების სამინისტრო აკონტროლებს როგორც სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების შემუშავებისა და გრიფირების სისტემას, მეთოდიკური გზამკვლევებისა და ტესტების შემუშავებას, ისე სასწავლო პროცესის მსვლელობასაც. სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება კერძო თუ საჯარო სასკოლო სექტორის ფინანსური საქმიანობაც.

სასწავლო წელი იაპონიაში სამსემესტრიანია. მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, ის გაზაფხულზე, აპრილში იწყება. სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი არდადეგები მხოლოდ ექვსი კვირა გრძელდება, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები – ორ-ორი კვირა, ხოლო სასწავლო პროცესი მცირე რაოდენობის უქმე დღეებითა და დღესასწაულებით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში არა მარტო სასწავლო, არამედ ფისკალური წელიწადიც აპრილში იწყება და მარტში მთავრდება, რაც ეკონომიკური ასპექტებისა და ფაქტორების წყებაზეა დამოკიდებული. არდადეგების მონაკვეთი ემთხვევა საკურას (ალუბლის ნაირსახეობა) ყვავილობას, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიმბოლოა და ნათელ მომავალს განასახიერებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობის სწრაფი ზრდის შედეგად კლასებში მოსწავლეთა რაოდენობამ ორმოცდაათს მიაღწია. ამჟამად კი ის ფიქსირებულ ორმოცს შეადგენს.

გარდა დაწყებითი სკოლის დაბალი კლასებისა, სასწავლო დღის საშუალო ხანგრძლივობა იაპონიის სკოლებში 6 საათს უდრის, რაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია.

 

გარდა გრძელი სასწავლო დღისა, იაპონელ მოსწავლეებს შინ მრავალმხრივ დატვირთული საშინაო დავალებების შესრულება უწევთ, ხშირად – არდადეგებზეც კი.

დაწყებითი და საბაზო საფეხურების დამთავრებისას მოსწავლეები არავითარ გამოცდას არ აბარებენ, რადგან იაპონური განათლების პრინციპები ეწინააღმდეგება შედეგების გამოცდებსა და ტესტირებაზე ორიენტირებულ შემოწმებას.

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეები, გარდა ძირითადი სასკოლო საგნებისა, დაწყებითი საფეხურის I-დან VI კლასის ჩათვლით ეუფლებიან ეთიკას, რომელიც მათ ადამიანებთან ურთიერთობისა და ქცევის ნორმებს ასწავლის. 

რაც შეეხება სკოლაში კვებას, აღსანიშნავია, რომ სასკოლო სადილის მენიუ იაპონიის სკოლებში ყველა მოსწავლისთვის ერთნაირია და მას საკლასო ოთახში მიირთმევენ.

სადილის შემდეგ იაპონელ მოსწავლეებს ნახევარი საათი ეძლევათ დასასვენებლად, რათა მათი საჭმლის მომნელების სისტემა არ დაზიანდეს. გარდა ამისა, ევალებათ კბილების გამოხეხვაც პირის ღრუს სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

ყოველი იაპონელი მოსწავლე სასწავლო დღის 15 წუთს სკოლის შენობის, მათ შორის – სველი წერტილების, სავალებულო დალაგებას უთმობს. ეს საქმიანობა, აღმზრდელთა თქმით, მოსწავლეებს სისუფთავისა და ჰიგიენური გარემოს სიყვარულს უღვივებს.

საინტერესოა ისიც, რომ რიგით დამლაგებელს, რომლის პროფესიასაც იაპონიაში “ჯანმრთელობის ინჟინერი” ეწოდება, ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ზეპირი და წერითი ტესტის ჩაბარება უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ერია, ისინი არ ცნობენ მომსახურე პერსონალს – დამლაგებლებს, ძიძებს და სხვა. დიასახლისები თვითონვე ართმევენ თავს საოჯახო საქმეს და ბავშვების აღზრდას.

ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მოსწავლეთა გუნდური უნარ-ჩვევების, ჯგუფური დისციპლინისა და კოოპერაციული ქცევითი უნარების განვითარება მიიჩნევა, რაც იაპონური განათლების სისტემის თავისებურებას წარმოადგენს და იმავდროულად წარმატებასაც განაპირობებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი