პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

განათლების ინოვაციები, პროცესზე ორიენტირებულიმიდგომები- უსაფრთხო გარემოსთვის

სწავლება რთული პროცესია, მაგრამ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს შეუძლიათ, გარკვეული ინოვაციები შეიმუშაონ ამ მიმართულებით და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნან. ასეთ ინოვაციურ აქტივობებს მიეკუთვნება პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება, რისთვისაც აუცილებელი არ არის გარე ინსტიტუციური ინტერვენცია და მხარდაჭერა; საკმარისია სასწავლო პროცესის სწორად ორგანიზება და სასწავლო პროცესის სტრუქტურაზე აქცენტის დასმა, სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე, მიუკერძოებლობის პრინციპსა და გააზრებულ სწავლებაზე ორიენტირება, რაც, თავის მხრივ, თანხმობაზე აგებულ ურთიერთობას გულისხმობს.

 

უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის პროცესზე ორიენტირებული მეთოდები და მიდგომები ითვალისწინებს:

 

□ ტოლერანტობის დონის დადგენას, მერე კი მის ფორმირებაზე სათანადო ზრუნვას. ამისთვის პედაგოგიურ მეცნიერებაში გამოიყენება ვალიდური მეთოდები. ერთი მათგანია კომპლექსური სადიაგნოსტიკო ანკეტა, რომელიც მოიცავს ცოდნის, მოტივაციის, საქმიანობისა და რეფლექსიის კრიტერიუმებს (ტოლერანტობის მრავლგვარობა და მისი როგორც ღირებულების ფორმირების ეტაპობრიობა თავისთავად იწვევს ცალკეული კრიტერიუმების გამოყოფას და, შესაბამისად, ინტეგრირებულ შეფასებასაც).

სამეცნიერო-მეთოდურ ლიტერატურაში განასხვავებენ ტოლერანტობის სპეციფიკურ და არასპეციფიკურ მიმართულებებს. პირველი ხელს უწყობს ტოლერანტული ცნობიერების გამოვლენას, მეორე კი აღწერს პიროვნების უნივერსალურ მახასიათებლებს და პიროვნებათაშორის ურთიერთობებს, რომლებიც, თავის მხრივ, ტოლერანტობის გამოვლენის საფუძველსაც წარმოადგენს (ხელს უწყობს ინტოლერანტულობის გამოვლენას). საზოგადოდ კი პედაგოგიური ტოლერანტობა განიხილება როგორც პიროვნების ინტეგრირებულობის ხარისხი, ამიტომ კვლევისას მიზანშეწონილია მსგავსი ინსტრუმენტების (ტოლერანტობის არასპეციფიკური მიმართულება) გამოყენება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტოლერანტობის კვლევა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან პიროვნების იდენტიფიცირების საკითხამდე დაიყვანება, ამიტომ ამისთვის იყენებენ საკმაოდ მდიდარ და მრავალფეროვან არსენალს მეთოდებისა, რომლებსაც სხვადასხვა კონცეპტუალური საფუძველი აქვს. ამავე დროს, არ გვაქვს საფუძველი, ვამტკიცოთ, თითქოს რომელიმე მათგანი უნივერსალურია ამა თუ იმ თეორიული კონცეფციის კვლევისთვის. ამიტომ ზოგადი სურათის დასადგენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობის კვლევის ადაპტირებული და ინტეგრირებული მეთოდების, უფრო სწორად, ე.წ. მეთოდური კომპლექსების გამოყენება.

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ტოლერანტობის კვლევის შესახებ მასალები ძალზე მწირია. არ არის შემუშავებული არც ანალიზისა და დასკვნების გამოტანის ერთიანი მიდგომები. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, აუცილებელია არა მარტო არსებული მეთოდური მიმართულებების სრულყოფა, არამედ ახლების შექმნაც და ისეთი ახალი პროექტული ინსტრუმენტების აპრობაციაც, რომლებიც არსებითად გაზრდის კვლევის შედეგების საანდოობას და ინტერპრეტაციისა და ტოლერანტული შემეცნების გაგების მეტ საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ კი უსაფრთხო სასწავლო გარემოს ფორმირებაში დაგვეხმარება.

 

კვლევის მეთოდური აღწერილობის მაგალითი:

 

დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი დამახასიათებელი თავისებურებები გამოყენების ფორმა – ორიენტირებულია კონკრეტული დავალების შესრულებაზე
ანკეტა ტოლერანტობის დონის დასადგენად (ადაპტირებული) კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა ტოლერანტობის არსის გაგება, მოთმინებასა და ტოლერანტობას შორის განსხვავების დანახვა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენების უნარი;

დამოკიდებულება ღირებულებებისადმი – შეხედულებები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და პრიორიტეტულ ღირებულებებზე, ასევე ღირებულებების საფუძვლები, რომლებსაც ეფუძნება პიროვნებათაშორისი ურთიერთობები.

ტესტი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ტოლერანტობის როგორც ინტეგრირების ხარისხი თავისი ყველა გამოვლინებით და სირთულით – ცოდნის, მოტივაციის, საქმიანობისა და რეფლექსიის კრიტერიუმების ჩათვლით
კითხვების კონკრეტული მიზნები რამდენად ესმით კვლევის ჯგუფის წევრებს ტოლერანტობის არსი, გააზრებული აქვთ თუ არა ეს საკითხი; შეუძლიათ თუ არა, ერთმანეთისგან განასხვაონ მოთმინება და ტოლერანტობა და გამოიყენონ ცხოვრებისეულ სიტუაციებში; შეხედულებები ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და პრიორიტეტულ ღირებულებებზე, ასევე – ღირებულებების საფუძვლები, რომლებსაც ეფუძნება პიროვნებათაშორისი ურთიერთობები.

 

ასეთი კვლევები დიდად შეუწყობს ხელს უსაფრთხო გარემოს ფორმირებას.

 

 

□  სწავლებაში პედაგოგიური მეცნიერებისა და საგანმანათლებლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ისეთი პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას, როგორიცაა ყოველდღიურ პრაქტიკაში დემოკრატიული დამოკიდებულებებისა და ქცევის მოდელირების ჩართვა. ის ხელს შეუწყობს მასწავლებლებს:

  • იხელმძღვანელონ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ღირებულებებით და საფუძვლიანად შეისწავლონ საკუთარი ღირებულებებიც;
  • ამ ღირებულებებს დაუკავშირონ საკუთარი პრაქტიკა;
  • განავითარონ საგანამანათლებლო სივრცეში ისეთი კომპეტენციები, როგორიცაა მულტიკულტურული ღირებულებები (ადამიანის ღირესებისა და უფლებების დაფასება; კულტურული მრავალფეროვნების დაფასება; დემოკრატიის, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; ემპათია, სხვა ადამიანის პატივისცემა და მისდამი დადებითი დამოკიდებულება; მოსმენა და დაკვირვება განსჯის გარეშე; სხვების მისაღებად მზაობა; გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება).

 

ასეთი გამოცდილება მოსწავლეებმა შესაძლოა მიიღონ სასწავლო გარემოს ორგანიზებისა და სწავლის პროცესშიც.

  • მაგალითად, სასწავლო გარემოში ბევრი ყოველდღიური სიტუაცია მოითხოვს არჩევანის გაკეთების უნარს. გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ავტორიტარული წესით – მასწავლებლის მიერ, ყველაზე „ძლიერი“, „საუკეთესო“ მოსწავლის მიერ ან დემოკრატიული პროცედურების დაცვით. დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებული გამოცდილების მიღებისას კი მოსწავლეები გამოიმუშავებენ ზემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციებს და შეასრულებენ სათანადო აქტივობებს.

 

სოციალური კავშირების მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლობაც. ის ამყარებს ურთიერთობებს ადამიანებს შორის და წაახალისებს სხვების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, მათ პატივისცემას. თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტური სწავლებისთვის საჭიროა სასწავლო პროცესის სტრუქტურის განსაზღვრა და მისი ორგანიზება თანამშრომლობის კონკრეტული პრინციპების საფუძველზე, რაც შემოთავაზებული სასწავლო აქტივობების შემოწმების, შეფასებისა და გაფართოების საშუალებას იძლევა.

  • მაგალითად, პოზიტიურ ურთიერთდამოკიდებულებას განამტკიცებს აქტივობა „ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი“, რომელიც სტრუქტურულად იწვევს არსებული ქცევის მოდელირებას ან აქტივობა „თანაბარი შესაძლებლობები“, რაც გულისხმობს აქტივობაში მონაწილეობას დისკრიმინაციის გამორიცხვის საფუძველზე. მაგალითად, როდესაც მასწავლებელს ჯგუფში თემა შემოაქვს განსახილვევლად, შედეგის გათვლა ადვილია – ისინი, ვინც უკვე ინფორმირებულები არიან ამ თემის შესახებ, მოირგებენ „ლიდერების“ როლს და ძირითადად ისინი ილაპარაკებენ, ხოლო ნაკლებად აქტიური ან ინტროვერტი მოსწავლეები, ასევე – ის მოსწავლეებიც, რომლებსაც აღნიშნული თემა არ აინტერესებთ, ან ძალიან ცოტას იტყვიან, ან საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას განხილვაში. ამ დროს შეიძლება დავავალოთ ჯგუფებს, მონაწილეებმა ერთმანეთს ჩამოართვან ერთწუთიანი ინტერვიუები თემის შესახებ. ამ გზით ყველა აქტიურად ჩაერთვება მუშაობაში.

ასეთი მიდგომით მოსწავლეები გამოიმუშავებენ:

  • მზაობას სხვების შეხედულებებისა და მოსაზრებების მისაღებად;
  • საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის უნარს;
  • ემპათიის, სხვისი აზრების, რწმენისა და გრძნობების აღქმა-გაგების უნარს;
  • მოქნილობას და შეგუების უნარს;
  • თანამშრომლობის უნარს;
  • კონფლიქტის მოგვარების უნარს;
  • საკუთარი თავის კრიტიკულად შეცნობა-შემეცნების უნარს და სხვ.

 

□ უსაფრთხო გარემოს ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია პროექტული სწავლებაც. პროექტში მონაწილეობისას მოსწავლეებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გააზრება-გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. პროექტული სწავლების გამოყენება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში ერთად. პროექტის საგანს ამ დროს წარმოადგენს გამჭოლი საკითხი. მაგალითად, როდესაც პროექტი მოიცავს ენობრივ და კულტურულ მრავალფეროვნებას, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მრავალფეროვნების დაფასების უნარი და განსხვავებულის მიღებისადმი მზაობა.

ჰუმანისტური კომპონენტების გააქტიურება უსაფრთხო სასწავლო გარემოს უმთავრესი პირობაა, ამიტომ ახალი კურიკულუმების დანერგვასთან ერთად პროცესზე ორიენტირებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება, ურთიერთობების შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს და სასურველია, მათზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია. ტოლერანტობის ცენტრი

https://tolerantoba.ge/index.php?id=1317639567&kat=166

 

  1. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში: წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2012
  2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები და პედაგოგიკა. დემოკატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო. ტ. 3; ევროპის საბჭო, 2018; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018 (რედაქტორები: ნათია ნაცვლიშვილი, თეონა სილაგაძე)
  3. teacher planethttps://www.teacherplanet.com/content/tolerance
  4. Toleration, Respect and Recognition in Education / ed. by Mitja Sardo. – N.Y.: A John Wiley & Sons, Ltd., 2010

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი