სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ლათინური შემოკლებები ყველასთვის

– მაააას, ეს „სც“ რა არის?

– რა „სც“? – მაბნევს მოსწავლის შეკითხვა.

– ყველა წერილში გიწერიათ…

ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ჩემი საყვარელი ლათინური აბრევიატურა „sc.”, რომელსაც მართლაც ლამის ყველა წერილში ვიყენებ, შესაძლოა, გაუგებარი იყოს ჩემი მკითხველისთვის, მით უმეტეს, თუ მკითხველი მოსწავლეა. და არაფერია ამაში დასაძრახ-დასამუნათებელი, რადგან ოდესღაც, სანამ ლათინური ენის ანაბანას შევისწავლიდი, არც მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ლათინური ასოებით გამოხატული აბრევიატურები და შემოკლებები და არც ის ვიცოდი, როდის რომელი ლათინური აბრევიატურა უნდა გამომეყენებინა. მაგრამ იმ სახელმძღვანელოს, რომლითაც სტუდენტობის პერიოდში ლათინურ ენას ვსწავლობდი, ბოლოში ერთვოდა ხშირად გამოყენებული და სასარგებლო აბრევიატურათა სია. ამ სიაში აღმოვაჩინე, რომ აბრევიატურები, რომლებიც მანამდე აკადემიურ და არააკადემიურ ტექსტებში მხვდებოდა, ლათინური სიტყვების ან რამდენიმე სიტყვის პირობითი შემოკლება ყოფილა. მაშინ არც ის ვიცოდი, რომ მუსიკალური ნოტების დასახელებაც, რომელთა წარმომავლობაზეც მანამდე არ მიფიქრია, ლათინური სიტყვებიდან მომდინარეობდა და სიტყვების პირველი მარცვლები იყო. მერე და მერე სულ უფრო მეტ, კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას ვიღებდი ხან ინტერნეტით, ხან კიდევ სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობით. ვინაიდან აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მე უნდა მესწავლებინა ლათინური შემოკლებები, გადავწყვიტე, რომ ეს საკითხი ინტერესმოკლებული არც ამ ინტერნეტგამოცემის მკითხველისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის იქნებოდა. გთავაზობთ ლათინური შემოკლებებისა და აბრევიატურების სასარგებლო სიას:

AD – anno Domini – გამოიყენება წლის აღსანიშნად, როგორც იულიუსის, ასევე გრიგორიანულ კალენდარში. აბრევიატურა, რომელიც ლათინური სიტყვების „ანო დომინი“-ის შემოკლებაა და მახვილი უკეთდება როგორც პირველი, ასევე მეორე სიტყვის პირველ მარცვალზე, იშიფრება უფლის წლად, ანუ მიუთითებს წელს, როდესაც ჩაისახა/დაიბადა იესო და დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა. ინგლისურენოვან ტექსტებში წლებს, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის აღსანიშნად გამოიყენება, წინ ერთვის აბრევიატურა BC. BC (ვამბობთ „ბისი“), იგივე before Christ, ითარგმნება, როგორც ქრისტემდე. ამ აბრევიატურის ანალოგიით შექმნილი აბრევიატურის, AC, გამოყენება, რომელიც ქრისტეს დაბადების შემდგომ პერიოდს, ანუ after Christ-ს, უნდა ნიშნავდეს, არასწორია.

A.M. – ante meridiem – ამ აბრევიატურას ლათინური ანბანის მთავრული ასოებით წერენ, ხოლო მეტყველების დროს ასოებს ინგლისური წარმოთქმით გამოთქვამენ. „ეიემ“ (ინგლისური გამოთქმით) არის ლათინური სიტყვების „ანტე მერიდიემ“-ის პირველი ასოები და აღნიშნავს თორმეტსაათიან შკალაზე დროს შუადღის თორმეტ საათამდე. შესაბამისად, 6 A.M. დილის ექვსი საათია, რადგან აბრევიატურა მიუთითებს, რომ ციფრი ექვსით გამოხატული საათი შუადღის თორმეტი საათის წინ იყო.

  1. – ca. – circa – ლათინურად წარმოითქმის „კირკა“. ინგლისურად დაწერილი ტექსტის წაკითხვისას მას ინგლისური წარმოთქმით „სერქა“ ვამბობთ, ხოლო სხვა შემთხვევებში ლათინურად. თუმცა ეს ერთასოიანი შემოკლება, რომელიც ქართულად ითარგმნება სიტყვით „დაახლოებით“, როცა ქართულ ტექსტში შეგვხვდება, აჯობებს, წავიკითხოთ „დაახლოებით“. აბრევიატურა ისტორიულ თარიღებს აღნიშნავს და გამოიყენება მაშინ, როდესაც ისტორიული მოვლენის ზუსტი წელი უცნობია და ამის გამო სავარაუდო წელს ვუთითებთ.
  2. – confer – „კონფერ“ ლათინური ენიდან ითარგმნება, როგორც „შეადარე“ და წაკითხვისას ან ლათინური წარმოთქმით ვკითხულობთ ან მის ქართულ ეკვივალენტს ვიყენებთ.

C.V. – CV – curriculum vitae – მიუხედევად იმისა, რომ ამ აბრევიატურის უკან ლათინური სიტყვები დგას, მას ყველა ინგლისური წაკითხვით – „სივი“ – წარმოთქვამს. აბრევიატურას  ზოგჯერ წერტილებით და ზოგჯერ წერტილის გარეშე წერენ. ორივე სწორი ჩაწერაა. პირველი ასოს უკან დგას ლათინური სიტყვა „კურიკულუმ“. სიტყვა  „კურიკულუმი“ დღეს სასკოლო თუ საუნივერსიტეტო პროგრამის მნიშვნელობითაც და საგნის მოცემული კურსის აღსანიშნადაც გამოიყენება, ხოლო როგორც აბრევიატურის პირველი ასო, მისი თარგმანი „აღწერას“ ნიშნავს, რადგან აბრევიატურის მეორე სიტყვაა ლათინური „ვიტე“/„ცხოვრება“ ნათესაობით ბრუნვაში. CV-ში აქცენტირებულია ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები და მოიცავს განხორციელებული საქმიანობების ჩამონათვალს და მოკლე აღწერას სამსახურში ან აკადემიურ დაწესებულებაში წარსადგენად კონკრეტული მიზნებისთვის. ამ მიზნების გათვალისწინებით ხდება მისი შედგენა და აქცენტების დასმა, რათა დამსაქმებელს ან საკონკურსო კომისიას გავაცნოთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

et al. – et alia – მიუხედავად იმისა, რომ ამ ლათინურ აბრევიატურას, რომელიც წარმოითქმის „ეტ ალია“ მახვილით პირველ ა-ზე, ქართული შესატყვისი აბრევიატურა „და სხვ.“ აქვს, მას იყენებენ აკადემიურ ტექსტებში ადგილის, საგნებისა და პირების ჩამოთვლის სანაცვლოდ. განსაკუთრებით ხშირად კი სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში, როდესაც უთითებენ წიგნს ან სტატიას, რომელსაც ერთზე მეტი ავტორი ჰყავს. როგორც წესი, ასეთ დროს წერენ წიგნის ან სტატიის პირველი ავტორის გვარს, ხოლო, დანარჩენი ავტორების გვარების დაწერის ნაცვლად, წერენ ლათინურ აბრევიატურას.

etc. – et cetera – „ეტ ცეტერა“ მახვილით პირველ „ე“-ზე ქართულად ითარგმნება როგორც „და დანარჩენი“, „და სხვა“. განსხვავებით „ეტ ალია“-სგან, „ეტ ცეტერა“ არასოდეს არ გამოიყენება ადამიანების ჩამოთვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო სწორი იქნებოდა თარგმნისას გამოგვეყენებინა ქართული შემოკლება „და სხვ.“, მისი შესატყვისი ქართულად არის „ა.შ.“.

e.g. – exempli gratia – „ეგზემპლი გრაცია“, მახვილით პირველი სიტყვის მეორე ე-ზე და მეორე სიტყვის პირველ ა-ზე, იგივეა, რაც ქართული შემოკლება „,მაგ.“, რაც იშიფრება, როგორც „მაგალითად“. ინგილისურენოვან ტექსტებში, ისევე როგორც აკადემიური ხასიათის ნაშრომებში, ამ აბრევიატურას ჩვეულებრივად საკმაოდ ხშირად იყენებენ.

  1. – floruit – „ფლორუიტ“ ლათინური სიტყვაა და გამოჩენილი ადამიანის, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იქნება ის თუ ხელოვანი, ზეობის ხანას გულისხმობს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი წლები უცნობია ან დასაზუსტებელი და მხოლოდ მისი მოღვაწეობის პერიოდია ცნობილი.

f ff. – folio/foliis – „ფოლიო“ ან „ფოლიი“ არის შემოკლება, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სქოლიოში მისათითებელია რამდენიმე გვერდი. სიზუსტისთვის წერენ მხოლოდ გამოყენებული ნაშრომის კონკრეტულ გვერდს, რომელიც საინტერესოა მკითხველისთვის, დანარჩენ შემდგომ გვერდებს კი „ff.“ შემოკლებით აღნიშნავენ. ცხადია, ჩნდება შეკითხვა, რატომ არ უთითებს ავტორი დასამოწმებელი გვერდების პირველ და ბოლო ნომერს, ხოლო შუაში რატომ არ სვამს ტირეს. რა თქმა უნდა, როდესაც მითითებული პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე ყველა გვერდი საინტერესოა, ტირე იწერება, მაგრამ როდესაც მითითებული გვერდის ნომრიდან მისათითებელ ბოლო გვერდამდე ზოგიერთი გვერდი ჩავარდნილია, ასეთი შემთხვევებისთვისაა ლათინური შემოკლების გამოყენება მიზანშეწონილი. მაგ. თუკი ნაშრომში მივუთითებ გვ. 27-36, ეს იმას ნიშნავს, რომ ოცდამეშვიდე გვერდიდან ოცდამეთექვსმეტე გვერდამდე თითოეული გვერდი მნიშვნელოვანია დამოწმებისას. ხოლო როდესაც ოცდამეშვიდე გვერდიდან მხოლოდ ოცდამეათე, ოცდამეთერთმეტე და ოცდამეთექვსმეტე გვერდებია საინტერესო, მაშინ დაიწერება გვ. 27ff.

ibid. – ibidem – „იბიდემ“, მახვილით პირველ მარცვალზე, გამოიყენება ციტირებისას, როდესაც კონკრეტულ გვერდზე/ფურცელზე ერთხელ უკვე მითითებულია წიგნი/სტატია ან წიგნის/სტატიის შესაბამისი გვერდი და მეორედ აღარ არის მისი გამეორება მიზანშეწონილი ტექსტის ეკონომიურობიდან გამომდინარე.

  1. – idem – „იდ“ შემოკლება აღნიშნავს მამაკაც ავტორს ციტირების დროს ტექსტის ეკონომიურობის მიზნით, როდესაც ერთსა და იმავე გვერდზე ორჯერ ან მეტჯერ გვხვდება ერთი კონკრეტული ავტორი. ქალი ავტორის შემთხვევაში „იდ“ იქნება „ეად“, ლათინურად „ead.”, შემოკლება, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “eadem”.

i.e. – id est – „იდ ესტ“ ლათინურ აბრევიატურას შეესაბამება ქართული აბრევიატურა „ე.ი.“. ეს ორი სიტყვა სიტყვასიტყვით ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ეს არის“.

M.A. – Magister Artium – ხელოვნების დოქტორი არის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭება ბაკალავრიატის შემდგომი საფეხურის სტუდენტს, მაგისტრანტს. საინტერესოა, რომ სიტყვა „ხელოვნება“ ამ სიტყვათშეთანხმებაში არ აღნიშნავს მაინცდამაინც სახვით ხელოვნებას ან მის მომიჯნავე დარგებს. ლათინური სიტყვა „ars” სახელობითი ბრუნვის ფორმაა. ეს სიტყვა ბრუნვისას იშორებს სახელობითი ბრუნვის ნიშანს და იბრუნებს ფუძისეულ “t”- ს, რომელიც სახელობითში არ ფიქსირდება. ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე „შვიდი თავისუფალი მეცნიერება“ ან “septem artes liberales” წარმოადგენდა თავისუფალ საგნებს/პროფესიებს, რომლებიც უნდა შეესწავლა ყველა თავისუფალ ადამიანს. თავისუფალი განათლება, რომელიც არ ზღუდავს პირს პროფესიულ არჩევანში და მას მიანდობს, საჭიროებისდა მიხედვით, გადავიდეს ერთი მომიჯნავე პროფესიიდან მეორეში ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, უპირისპირდება, ე.წ. განათლებას სპეციალიზაციით, როდესაც სასწავლო საგნები მიმართულია ერთი კონკრეტული სპეციალობის მისაღებად. თავისუფალი მეცნიერებები ოდესღაც იმ შვიდ საგანს მოიცავდა (ტრივიუმი – გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა და კვადრივიუმი – არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), რომლებიც საფუძვლად დაედო და გადაიზარდა, ე.წ. ენციკლოპედიურ მეცნიერებებში. სწორედ ამ მეცნიერებებს გულისხმობს აბრევიატურის უკან მდგარი სიტყვა „ხელოვნება“ და არა მის პირდაპირ მნიშვნელობას. დღეს მაგისტრატურის დასრულებისას მინიჭებული M.A. ხარისხი წარმოითქმის ინგლისური წაკითხვით „ემეი“, თუმცა სასურველია, რომ ქართულად „მაგისტრის ხარისხი“ წარმოვთქვათ.

N.B. – nota bene – „ნოტა ბენე“, მახვილით პირველ ე-ზე, ქართულად ითარგმნება, როგორც „შენიშნე კარგად“, თუმცა უმჯობესია, თუკი ვიტყვით „მიაქციე ყურადღება“. იმისთვის, რომ მკითხველს არ გამორჩეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ავტორი ტექსტში მოცემულ პასაჟს დასაზუსტებლად წინ ურთავს ამ ლათინურ შემოკლებას. აბრევიატურის ეს ორი ასო არ უნდა აგვერიოს ნაპოლეონ ბონაპარტის ინიციალებში, რადგან მისი სახელის პირველი ასოებიც იმეორებს ლათინურ აბრევიატურას. ცხადია, იმპერატორს არ გამორჩენია დამთხვევა. საკუთარი სახელის შემოკლებისას მისი მიზანი სწორედ ეს იყო, სახელი „ნაპოლეონ ბონაპარტე“ კარგად ჩაენიშნათ, მისი სახელისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ და არ გამორჩენოდათ.

Ph.D – Philosophiae Doctor – ამ შემოკლებას ინგლისური წაკითხვით წარმოთქვამენ. „ფიეიჩდი“ არის ლათინური სიტყვების „ფილოსოფიის დოქტორის“ შემოკლება (სიტყვა „ფილოსოფია“ იწერება არა F-ით, არამედ Ph-თი, ამიტომაც ერთი ასოს ნაცვლად შემოკლებისას ორი ასო გადმოდის). ოდესღაც ფილოსოფია ყველა დარგის საფუძველი იყო, მოგვიანებით კი მოხდა მისი განშტოებების წარმოქმნა ცალკეულ დარგებად. შესაბამისად, ნებისმიერ სფეროში სამეცნიერო ხარისხს ტერმინი „ფილოსოფიის დოქტორი“ აღწერს. ეს არ შეეხება მხოლოდ მედიცინას, მხატვრობას და მუსიკას – ამ დარგებში აკადემიური ხარისხი ზოგჯერ სხვაგვარად აღინიშნება.

P.M. – post meridiem – „პოსტ მერიდიემ“, მახვილით პირველ ი-ზე, ლათინურიდან ითარგმნება, როგორც შუადღის, ანუ შუადღის თორმეტი საათის შემდეგ. ამ შემოკლებას ინგლისურად კითხულობენ „ფიემ“. თუკი 6 A.M. დილის ექვსი საათია, საღამოს ექვსი საათი ასე ჩაიწერება – 6 P.M. ეს, ცხადია, შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დროის თორმეტსაათიან შკალას ვიყენებთ. ოცდაოთხსაათიანი შკალის გამოყენებისას საღამოს ექვსი საათი 18:00 არის.

P.S. ან P.P.S. – post scriptum ან post post scriptum – არის დანართი, მინაწერი ძირითადი ტექსტის ბოლოში. როგორც წესი, შემოკლებას ჩაწერისას ვიყენებთ, ხოლო წაკითხვისას ასოებს ვშლით და მის უკან ნაგულისხმევ სიტყვებს წარმოვთქვამთ. ეს სიტყვებია „პოსტ სკრიპტუმ“ მახვილით ი-ზე. როდესაც მინაწერს კიდევ ერთი მინაწერი უკეთდება, უკვე „პოსტ პოსტ სკრიპტუმ“-ი გვაქვს.

Q.E.D. – quod erat demonstrandum – „კვოდ ერატ დემონსტრანდუმ“-ში მეორე სიტყვაზე ასო – ე-ზე, ხოლო მესამე სიტყვაზე ასო ა-ზე უკეთდება მახვილი. პირველად ამ სამი ლათინური სიტყვის შემოკლება აბრევიატურის სახით, ე.წ. ევკლიდეს გეომეტრიის თარგმანისას შემოიღეს. შემდგომ მას უკვე პოსტრენესანსული ეპოქის მათემატიკოსებიც და მომიჯნავე დარგის მეცნიერებიც მიმართავდნენ. ლათინურიდან ეს სამი სიტყვა ითარგმნება, როგორც „რისი ჩვენებაც გვინდოდა“. ძველ ბერძნულ ტექსტებში ეს სიტყვებია „ჰოპერ ედეი დეიქსაი“, რაც „ჩვენებას“ კი არა, „დამტკიცებას“ აღნიშნავდა. ამიტომაც, მათემატიკური თუ ლოგიკური არგუმენტების შედეგად მიღებული დასკვნები, რომლებიც აჩვენებს, რომ მტკიცებულება გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, თანმიმდევრული მსჯელობით, ერთიმეორისგან გამომდინარე მოქმედებებით, ამ აბრევიატურით იწყება.

R.I.P. – requiescat in pace – „რეკვიესკატ ინ პაკე“ ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „მშვიდობით განისვენებდე/მშვიდობაში განისვენებდე“. აბრევიატურა ნამდვილად ამ სამი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს, მაგრამ, ვინაიდან მოცემული სამი სიტყვის პირველი ასოები ემთხვევა ამავე ინგლისური სიტყვების პირველ ასოებს, ხშირად ეშლებათ აბრევიატურის წარმომავლობა და მიაჩნიათ, რომ “R.I.P.” “Rest In Peace“ არის. ცხადია, ეს აბრევიატურა სამეცნიერო ტექსტებში არ შეგხვდებათ, მაგრამ მას დღეს აქტიურად იყენებენ ფეისბუქის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები, როდესაც გამოხატავენ სინანულს ვიღაცის გარდაცვალების გამო. მოცემულ სიაში ამ კონკრეტული აბრევიატურის შეტანა სწორედ აუცილებლობამ და დასახელებულმა ფაქტმა განაპირობა.

  1. – scire licet/scilicet – „სკილიკეტ“ მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან „სკირე ლიცეტ ან სკირე ლიკეტ“. ორი სიტყვიდან კონტამინაციით მიიღება ერთი სიტყვა, რომელიც შემდგომში მოკლდება. შემოკლებისას ამ სიტყვის პირველი ორი ასო იწერება. სიტყვა ქართულად ითარგმნება, როგორც „იგულისხმება“. როდესაც ნაწერში ტავტოლოგიის თავიდან აცილების მიზნით გავურბივართ სიტყვის ან საკუთარი სახელის გამეორებას, მის ნაცვლად ვიყენებთ ნაცვალსახელებს. მაგრამ ხანდახან ავტორი შიშობს, რომ გამოყენებული ნაცვლასახელი არასწორად არ იქნას გაგებული, ამიტომაც ის ფრჩხილებში ჩასვამს ლათინურ შემოკლებას და დააკონკრეტებს მისათითებელ პერსონაჟს ან საგანს.

Sic. – sic erat scriptum – „სიკ ერატ სკრიპტუმ“ (მახვილი ე-ზე და მესამე სიტყვის ი-ზე მოუდის) ქართულად ითარგმნება „ასე იყო დაწერილი“/“ასე ეწერა“. როგორც წესი, ამ შემოკლებას გამოიყენებენ ისეთ შემთხვევაში, როცა უნდათ აჩვენონ, რომ შეცდომა ციტატაშია და ის არ ეკუთვნის მას, ვინც ციტატის პასაჟის შეცდომას იმეორებს.

viz. – videre licet/videlicet – ეს შემოკლება ლათინური სიტყვიდან „ვიდერე ლიცეტ“ ან „ვიდერე ლიკეტ“ მომდინარეობს, რომელიც მოკლდება „ვიდელიკეტ“ ან ვიდელიცეტ“. ეს სიტყვა ზედმიწევნითი თარგმნისას ნიშნავს იმას, რომ მითითებული მასალა განკუთვნილია სანახავად. თუმცა შემოკლებული სახით მას იყენებენ „სახელდობრ“-ის ფუნქციით. ხშირად ამ შემოკლებას ვერ განასხვავებენ და ამიტომ ერევათ ხოლმე ლათინურ აბრევიატურებში, რომლებიც აღნიშნავს „ე.ი“-ს ან „მაგალითად“-ს. ლათინური შემოკლება „ვიზ“ ზოგჯერ წერტილით იწერება, ზოგჯერ კი წერტილის გარეშე და აკონკრეტებს სათქმელს ჩამოთვლის დროს. ის იწერება ჩამოსათვლელი საგნების ან პირების ნუსხის წინ და მოჰყვება სიტყვას, რომელიც დასაკონკრეტებელია.

ცხადია, აქ მოტანილი ლათინური შემოკლებებისა და აბრევიატურების გავრცობა შესაძლებელია, მაგრამ მე ვარჩიე და სიაში შევიტანე მხოლოდ ისინი, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, ყველაზე ხშირად გვხვდება სამეცნიერო ტექსტებში ჩვენც და ჩვენს მოსწავლეებსაც. არ არის აუცილებელი ამ სიაში შეტანილი ფორმების დაზეპირება, მაგრამ ალბათ თავად განსაზღვრავთ, რისი ცოდნა გამოგადგებათ მომავალში თქვენ ამა თუ იმ ტექსტისთვის აკადემიური სახის მიცემის პროცესში. აქვე დავძენ, რომ, თუკი უადგილოდ გამოიყენებთ ლათინურ აბრევიატურას ან შემოკლებას, ტექსტს აკადემიურ სახეს კი არ მიანიჭებთ, უვიცობის დემონსტრირებას მოახდენთ. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმე ლათინურ შემოკლებას გამოიყენებთ. წარმატებები!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი