ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ გვაფასებენ მოსწავლეები

შარლოტ დანიელსონის სწავლების ჩარჩო

რამდენიმე ათეული წელია, ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში კარგად იცნობენ მასწავლებელთა ეფექტურობის სფეროში საერთაშორისო ექსპერტსა და განათლებაში შეფასების სისტემების დიზაინის სპეციალისტს, შარლოტ დანიელსონს. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ მის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროცესის, სწავლებისა და მასწავლებლების შეფასების სისტემა „მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია ახალი, მიუკერძოებელი, ძირეული განათლების რეფორმების ჩასატარებლად“. დანიელსონის რუბრიკებზე დაფუძნებული ფორმატი, ასევე მისეული სწავლების ჩარჩოების ადაპტირებულ ვერსია მსოფლიოს ასეულობით სკოლაში გამოიყენება მასწავლებლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელს უწყობს პროფესიულ სწავლებას, ამავდროულად, უმთავრესი რეკომენდატორია სახელმწიფო განათლების დეპარტამენტებისა და სამინისტროებისათვის როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

შარლოტ დანიელსონი ასწავლიდა ყველა დონეზე, საბავშვო ბაღიდან კოლეჯამდე, მუშაობდა ადმინისტრატორად, სასწავლო გეგმის დირექტორად, კორნელისა და ოქსფორდის  უნივერსიტეტებში მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხები. მიდგომათა ის ჯაჭვიც, რომელსაც  მსოფლიო განათლების თეორიებში „შარლოტ დანიელსონის სწავლების ჩარჩოს“ სახელწოდებით იცნობენ, სწორედ ამგვარი გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა, ამიტომაც ანგარიშგასაწევია და სასწავლო პროცესში მუდმივად სამახსოვრო.

როდესაც დაგეგმვასა და მომზადების შესახებ საუბრობს, განათლების მკვლევარი, უპირველეს ყოვლისა, უპირატესობას ანიჭებს მასწავლებლის საგნობრივ ცოდნას. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომელი ცნება თუ უნარია ცენტრალური ან პერიფერიული თავის დისციპლინაში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დისციპლინა 21-ე საუკუნეში, რამდენად გამოიყენება აღნიშნული ცოდნა გლობალური თვითშეგნებისა და კულტურული მრვალფეროვნების ჭრილში, რა პედაგოგიური მიდგომები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა თავისი ცოდნის გადასაცემად და საუკეთესო შედეგების მისაღებად.

 

I სფეროს ელემენტებია:

(ა) საგნობრივ-პედაგოგიური ცოდნის ჩვენება

  • შინაარსის ცოდნა და დისციპლინის სტრუქტურა. ყველა დისციპლინას აქვს დომინანტური სტრუქტურა, უფრო მცირე კომპონენტებით, ასევე ცენტრალური ცნებებითა და უნარებით.
  • წინაპირობის ცოდნა – ზოგიერთ დისციპლინას, მაგალითად, მათემატიკას, აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობა; გამოცდილმა პედაგოგებმა იციან რა არის ეს და როგორ გამოიყენონ ისინი სასწავლო/საგაკვეთილო დიზაინში.
  • შინაარსთან დაკავშირებული პედაგოგიკის ცოდნა – სხვადასხვა დისციპლინას აქვს „ხელწერის პედაგოგიკა“, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურია სწავლების პროცესში.

ინდიკატორებად სახელდება:

  • გაკვეთილისა და მისი ერთეულის გეგმები, რომლებიც ასახავს მნიშვნელოვან კონცეფციებს დისციპლინაში;
  • გაკვეთილისა და მისი ერთეულის გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს წინაპირობებს შორის ურთიერთობებს უნარ-ჩვევების საფუძველზე;
  • საკლასო განმარტებები;
  • კავშირები გეგმებსა და პრაქტიკაში.

(ბ) მოსწავლეთა საჭიროებების ცოდნის ჩვენება

  • მოსწავლის/მოზარდის ზოგადი განვითარების ცოდნა;
  • სასწავლო პროცესის ცოდნა;
  • მოსწავლეთა უნარების, ცოდნის დონისა და ენობრივი კომპეტენციის ცოდნა;
  • მოსწავლეთა ინტერესებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა;
  • მოსწავლეთა განსაკუთრებული საჭიროებების ცოდნა.

(გ) სასწავლო მიზნების დასახვა

  • ღირებულება, თანმიმდევრობა და სწორხაზოვნება;
  • გამჭვირვალობა;
  • თანაბრობა/ბალანსი;
  • შესაფერისობა განსხვავებულ მოსწავლეთათვის.

(დ) რესურსების ცოდნის ჩვენება

  • რესურსები საკლასო ოთახში გამოყენებისათვის;
  • რესურსები საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნის გაფართოებისთვის;
  • რესურსები მოსწავლეთათვის.

(ე) თანმიმდევრული ინსტრუქციების ფორმულირება

  • აქტივობების ცოდნა;
  • სახელმძღვანელოები და რესურსები;
  • საინსტრუქციო ჯგუფები;
  • გაკვეთილისა და თემების სტრუქტურა.

(ვ) მოსწავლეთა შეფასების შემუშავება

  • ინსტრუქსიების შედეგებზე შეთანხმება;
  • კრიტერიუმები და სტანდარტები;
  • ფორმატული/განმავითარებელი შეფასების ფორმირება.

 

II სფეროს ელემენტებია:

(ა) ნდობისა და პატივისცემის გარემოს შექმნა

  • მასწავლებლების ურთიერთობა/ინტერაქცია ბავშვებთან;
  • ბავშვების ურთიერთობა/ინტერაქცია ერთმანეთთან.

(ბ) სწავლაზე ორიენტირებული გარემოს/კულტურის დანერგვა

  • შინაარსის მნიშვნელოვნება;
  • მოლოდინები სწავლისა და მიღწევებისთვის;
  • მოსწავლეთა სიამაყე მუშაობისას.

(გ) სასწავლო/საგაკვეთილო პროცედურის მართვა

  • საინსტრუქციო ჯგუფების მართვა;
  • ცვლილებათა/გადაადგილებათა მართვა;
  • სასწავლო მასალისა და რესურსების მართვა;
  • ინსტრუქციის მიღმა მოვალეობების წარმოჩენა;
  • მოხალისეებსა და პერსონალზე დაკვირვება.

(დ) მოსწავლეთა ქცევის მართვა

  • მოლოდინები;
  • მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი;
  • პასუხი მოსწავლეთა არასათანადო ქცევაზე.

(ე) ფიზიკური სივრცის ორგანიზება

  • დაცულობა და ხელმისაწვდომობა;
  • ავეჯის განლაგება და ფიზიკური რესურსების გამოყენება.

 

III სფეროს ელემენტებია:

(ა) მოსწავლეებთან ურთიერთობა

  • მოლოდინები სწავლისთვის;
  • მითითებები და პროცედურები;
  • შინაარსის ახსნა;
  • ზეპირი და წერილობითი ენის გამოყენება.

(ბ) შეკითხვებისა და დისკუსიის ტექნიკა

  • შეკითხვების ხარისხი;
  • დისკუსიის ტექნიკები;
  • მოსწავლეთა მონაწილეობა.

(გ) მოსწავლეთა ჩართვა სწავლის პროცესში

  • აქტივობები და კონკრეტულ ამოცანებში ჩართულობა;
  • მოსწავლეთა დაჯგუფება;
  • საინსტრუქციო მასალები და რესურსები;
  • სტრუქტურა, რეგულაცია და სტიმულაცია.

(დ) ინსტრუქციებში შეფასების გამოყენება

  • შეფასების კრიტერიუმები;
  • მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგი;
  • უკუკავშირი მოსწავლეებისთვის;
  • მოსწავლეთა თვითშეფასება და წინსვლის მონიტორინგი.

(ე) რეაგირებისას მოქნილობის ჩვენება

  • გაკვეთილის რეგულირება;
  • პასუხი მოსწავლეებს.

IV სფეროს ელემენტებია:

პროფესიული პასუხისმგებლობანი

(ა) სწავლებაზე უკუკავშირი

  • სიზუსტე;
  • მომავალ სწავლებაში გამოყენება.

(ბ) აკურატული აღრიცხვის წარმოება

  • მოსწავლეთა მიერ დასახული ამოცანის დასრულება;
  • მოსწავლეთა პროგრესი სწავლაში;
  • არაფორმალური ჩანაწერი.

(გ) ოჯახებთან ურთიერთობა

  • ინფორმაცია ინსტრუქტირების პროგრამებთან დაკავშირებით;
  • ინფორმაცია თითოეულ მოსწავლესთან დაკავშირებით;
  • ოჯახების ჩართულობა მითითებების პროგრამებში.

(დ) პროფესიულ საზოგადოებაში ჩართულობა

  • კოლეგებთან ურთიერთობა;
  • პროფესიული კვლევების კულტურაში ჩართულობა;
  • სერვისი სკოლისთვის;
  • სასკოლო და რეგიონულ პროექტებში მონაწილეობა.

(ე) პროფესიული ზრდა და განვითარება

  • საგნობრივი ცოდნისა და პროფესიული უნარების ზრდა;
  • კოლეგებისაგან უკუკავშირისათვის მუდმივი მზაობა;
  • პროფესიისთვის სამსახური.

(ვ) პროფესიონალიზმის ჩვენება

  • პატიოსნებისა და მაღალი ეთიკის ჩვენება;
  • მოსწავლეების სამსახური;
  • თავდაცვისუნარიანობა და საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • გადაწყვეტილების მიღება.

პირადად ჩემთვის ერთთავად სასიხარულო აღმოჩნდა „დანიელსონის ჩარჩოს“ აღმოჩენა, ორმაგად სასიხარულო იმის გააზრება, რომ ზუსტად ამ პრინციპებით გიმუშავია, ხოლო სამმაგად სასიხარულო ვრცელი, თბილი და შეფასებითი წერილები იმ მოსწავლეთაგან, რომლებსაც წლების წინ ასწავლიდი, ახსოვხარ და ამგვარი მეთოდოლოგიის გამო მადლობას გიხდიან. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ შარლოტ დანიელსონის აღნიშნული ჩარჩოთი უმთავრესად მასწავლებლები ზემდგომების მიერ ფასდებიან, ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის შეფასება რჩება, რომელსაც ჩვენი მოსწავლეების არსებობაში ანაბეჭდად ვტოვებთ და კეთილ თუ ბოროტ მამონებად ვაცოცხლებთ.

როგორ გვაფასებენ ჩვენი მოსწავლეები? არის თუ არა ჩვენი საქმიანობა სასარგებლო  და, ამავდროულად, საინტერესო, უპირველეს ყოვლისა, მათთვის? – ამ შეკითხვებზე პასუხის ძიება ბევრი მასწავლებლის ობიექტური თვითშეფასებისა და წარმატების საწინდარი ხდება. თუმცა მასწავლებლებელთა ერთი ნაწილის თვითშეფასებაზე ჩვენში გავლენას ახდენს საგანგებოდ შერჩეულ და დაგეგმილ გაკვეთილებზე გარე ან შიგა დაკვირვება, მოსწავლეთა ტესტირების შედეგების ანალიზი, მშობელთა უკუკავშირის შედეგები და არა მასწავლებელთა თვითშეფასების ანგარიშის განხილვა ან მოსწავლეთა გამოკითხვა.

ამ მეთოდების გამოყენებისას სკოლის ბაზაზე არსებული შეფასების ჯგუფები უნდა იყენებდნენ ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მასწავლებლების სამართლიანად შეფასების საშუალებას მისცემთ. ამისათვის, აღნიშნული ინსტრუმენტები და მათი გამოყენების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს მასწავლებლის საქმიანობის მაქსიმალურად ვალიდურ და სანდო შეფასებას.

მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების ირგვლივ საგულისხმო გამოცდილებას გვთავაზობს პროექტი „ეფექტიანი სწავლების გაზომვა“. აღნიშნული პროექტი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის დაფინანსებით 2009-2012 წლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა მასწავლებლების შეფასების ვალიდური და სანდო საზომების იდენტიფიცირებას. პროექტის განხორციელების შედეგად მასწავლებლების საქმიანობის შეფასების ვალიდურ და სანდო საზომად განისაზღვრა მოსწავლეების გამოკითხვა, გაკვეთილზე დაკვირვება და მოსწავლეების ტესტირება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მიგნება არ ვრცელდება ყველა სახის დაკვირვებაზე, გამოკითხვაზე ან ტესტირებაზე. იმისათვის, რომ რომელიმე ინსტრუმენტი კარგი საზომი იყოს, ის რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.

ნიმუშად გაკვეთილზე დაკვირვება ავიღოთ: გაკვეთილზე დაკვირვების შედეგად მიღებული შეფასება რომ ვალიდური, სანდო და სამართლიანი იყოს, ამისათვის:

– ინსტრუმენტი (აქ დაკვირვების რუბრიკა) უნდა ეყრდნობოდეს მასწავლებლის სტანდარტს, რომელიც ვალიდური კრიტერიუმებისა და ინდიკატორებისაგან შედგება, ანუ აღწერს იმ ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც კარგ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

– რუბრიკა უნდა ზომავდეს მხოლოდ იმ კომპეტენციებს, რომელთა გაზომვაც დაკვირვების საშუალებითაა შესაძლებელი და წარმოადგენს ტიპური გაკვეთილის ნაწილს. მაგალითისათვის, ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს მასწავლებლისათვის საჭირო კომპეტენციების ძირითად ჯგუფებს შარლოტ დანიელსონის მიხედვით. პროექტის („ეფექტიანი სწავლების გაზომვა“) ფარგლებში გამოყენებული რუბრიკა აფასებდა მხოლოდ მე-2 და მე-3 სფეროებს და არ ცდილობდა, გაეზომა ის კომპეტენციები, რომლებიც 1-ელ და მე-4 სფეროებშია დაჯგუფებული, რადგან გაკვეთილზე დაკვირვების საშუალებით შეუძლებელია მათი ვალიდური გაზომვა. მაგალითისათვის, შეუძლებელია გაკვეთილებზე დაკვირვების გონივრული რაოდენობის ფარგლებში მასწავლებლის საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნის სრულფასოვანი გაზომვა.

– რუბრიკა უნდა უზრუნველყოფდეს მასწავლებლის კომპეტენციების სანდოდ შეფასებას ისე, რომ ყველა შემფასებელი მაქსიმალურად მიახლოებულად აფასებდეს მასწავლებლის ამა თუ იმ ქცევას. ამისათვის რუბრიკა უნდა შედგებოდეს არა მხოლოდ ინდიკატორებისა და თითოეული ინდიკატორის შესაბამისი დონისაგან (მაგალითად, არადამაკმაყოფილებელი, საბაზისო, გაწაფული, წარჩინებული), არამედ, ამასთან ერთად, თითოეული კრიტერიუმის თითოეული დონის კრიტიკული მახასიათებლებისა და შესაბამისი მაგალითებისაგანაც. ამ გზით შეფასებაში მონაწილე თითოეული შემფასებლისათვის ნათელი უნდა გახდეს ის, თუ როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის ქცევა (გეიტსის ფონდი, 2012). – შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკვირვებისა და დამკვირვებლების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა: რამდენი დამკირვებელი და რამდენ გაკვეთილზე დაკვირვებაა საჭირო სანდოობის ოპტიმალური დონის მისაღწევად? როგორც კვლევა გვიჩვენებს (ჰილი და სხვები, 2012), ოპტიმალური სანდოობის (0.65) მიღწევა შესაძლებელია 2 დამკვირვებლის მიერ 3 გაკვეთილის შეფასების შემთხვევაში.

 

მასწავლებლების შეფასების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მასწავლებლისათვის ინფორმატიული უკუკავშირის მიწოდებაა. მასწავლებლებისა და დირექტორების თქმით, ქართული სკოლების უდიდეს ნაწილში მასწავლებლებს უკუკავშირს აწვდიან. თუმცა საქართველოში ისევე, როგორც კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების უდიდეს ნაწილში, ამ უკუკავშირის წყაროს შედარებით იშვიათად წარმოადგენენ მათი კოლეგები. როგორც კვლევა გვიჩვენებს, მასწავლებლებს შორის ასეთი ტიპის კომუნიკაცია მასწავლებლებს უზრუნველყოფს მათი საქმიანობის შესახებ მტკიცებულებებითა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო მხარდაჭერით (გოლდსტეინი, 2007; მილანოვსკი, 2005). ამიტომ, როგორც სკოლის, ასევე სისტემის დონეზე უნდა წახალისდეს მასწავლებლების მიერ ერთმანეთის შეფასება, მაგალითად, მასწავლებლების შეფასების ჯგუფების შექმნა.

 

გაკვეთილის გამოკვლევა პროფესიული განვითარების პროცესია, რომელიც იაპონელმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს თავიანთი საქმიანობის სისტემატური გამოკვლევის მიზნით. მისი დანიშნულება ეფექტიანობის გაზრდაა. გამოკვლევის ეს პროცესი კონცენტრირებულია მცირე რაოდენობის „გამოსაკვლევ გაკვეთილებზე“ მასწავლებლების ერთობლივ მუშაობაზე. „გამოსაკვლევ გაკვეთილებზე“ მუშაობა ითვალისწინებს დაგეგმვას, სწავლებას, დაკვირვებასა და ანალიზს. ამ პროცესისათვის აქცენტირებული მიმართულების მისაცემად მასწავლებლები ირჩევენ ერთ საერთო მიზანს და სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე სვამენ საკვლევ კითხვას. ეს საკვლევი კითხვა მათ შემდგომში ეხმარება მიმართულების შენარჩუნებაში „გამოსაკვლევ გაკვეთილებზე“ მუშაობისას.

თითოეულ „გამოსაკვლევ გაკვეთილზე“ მუშაობისას მასწავლებლები ერთობლივად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. მათგან ერთ-ერთი ატარებს ამ გაკვეთილს, დანარჩენები კი აკვირდებიან გაკვეთილის მსვლელობას. გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ჯგუფი იკრიბება და განიხილავს დაკვირვების შედეგებს. ხშირად ჯგუფს ცვლილება შეაქვს გაკვეთილის გეგმაში, რის შემდეგაც მეორე მასწავლებელი ატარებს მას სხვა კლასში და ჯგუფის სხვა წევრები აკვირდებიან. ჯგუფი ისევ იკრიბება და ისევ განიხილავს დაკვირვების შედეგებს. ბოლოს მასწავლებლები წერენ ანგარიშს – თუ რა ისწავლეს გაკვეთილის გამოკვლევიდან და განსაკუთრებით მათი საკვლევი კითხვის შესახებ.

 

 

წყარო: https://danielsongroup.org/framework/

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი