პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მარტოობის 25 წელი

მზიან, თბილ, ხალისიან ქალაქში ერთბაშად ჩამოწვა საავდრო ღრუბელი. ერთბაშად ჩამობნელდა. ამიერიდან სახლებშიც, ქუჩების მსგავსად, მწუხრის ჟამს ისადგურებდა სიბნელე. მანქანის გამონაბოლქვი ჰაერში ნავთქურისა და შეშის ღუმლის კვამლმა შეცვალა. სხვაც ბევრი რამ შეიცვალა… მოკლედ, შეუჩვეველი ჭირის შეჩვევის დრო დამდგარიყო. ერთ დროს ამაყი ხალხი თავდახრილი, ფეხაკრეფით მიდი-მოდიოდა ქუჩებში.

და აი, ამ ძნელბედობის ჟამს ერთ საღამოს ერთ ვიწრო ქუჩაზე იმედი დაიბადა. თეთრი, ფითქინა, მოუსვენარი, ერთი ციდა – ყველა იმედი ხომ, სულიერის ნაშიერივით, პატარა და სუსტი იბადება…

მისი მოვლენიდან მეშვიდე დღეს ქალაქი საშინელმა ხმაურმა შეძრა. ქუჩებში უსახო ურჩხული გამოჩნდა. ქშენითა და გრუხუნით დააბიჯებდა გაუკაცრიელებულ ქუჩებში და თავისი ტლანქი სხეულით ყველაფერს სრესდა. ზოგი მასში სიცივეს ხედავდა, ზოგი – შიმშილს, ზოგისთვის ის სნეულებას განასახიერებდა, ზოგისთვის კი – ომსა და უიმედობას. ან იქნებ ყველაფერი ერთად იყო… ჰოდა, ამ განუკითხაობის ტლანქმა ოჩხარმა ერთ დღეს იმედს ფეხი დააბიჯა და გასრისა…

 

…ნიკოს და გოგის დიდი ხნის ძმობა ჰქონდათ, უფრო ძლიერი, ვიდრე სისხლისმიერი კავშირი. თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს და სიტყვის უთქმელად მიუხვდნენ საფიქრალს. ქალაქს გავარიდოთო… მთაში გადავმალოთო… აბა, ამ სიფრიფანა იმედის წაღებას რა დიდი ძალი სჭირდებოდა, მაგრამ მთაში წელამდე თოვლი იდგა და მისი გაკვალვა არ იყო ადვილი საქმე. „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანიო“, – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკომ, შებრუნდა და წავიდა. მდუმარედ გაჰყვა გოგიც.

 

…თემოს ადრიანად გაეღვიძა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ღუმელში ნაღვერდალი მოძებნა, შეშა შეუკეთა და გახურებას დაელოდა. ცეცხლმა მოათბო ოთახიც და მისი ჯალაბიც. ღუმლის ქვეშ შეშის ნაჭრებს შეავლო თვალი –თავდებოდა. ფანჯარასთან მიყუდებულ ნაჯახს დაეწოდა ასაღებად, თან არაგვს გახედა. მდინარეს ორთქლი ასდიოდა. ასე იცის დიდ ყინვაში: დინებისას ზემოთ ამომხტარი წლის მოლეკულები ჰაერში იყინებიან და უკანვე ცვივიან, მანამდე კი ღრუბელივით ნარნარებენ მდინარის ზედაპირთან. მერე გაღმა ფერდობსაც მოავლო თვალი და გულმა რეჩხი უყო. მანქანა შეამჩნია – ვიღაც ქალაქიდან ამოსულიყო. სტუმარი ჩვენში დიდად ფასობს, მით უფრო – მთაში, რადგან იქ ძვირი სანახავია, მაგრამ ასეთ ამინდში შორიდან მოსულ სტუმრებს მხოლოდ ავი ამბები მოაქვთ ხოლმე… ცივად დადო ცული. ჯერ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა. იქნებ ისეთი ამბავია, რომ უნდა დაიუქმოს. მაშინ ცულს ვერ დაჰკრავს შეშას. პალტო შემოიცვა და წელამდე თოვლს შეერია…

 

…სვიმონი ვეტერინარია. მთელი ცხოვრება ცხვარსა და „საქონში“ აქვს გატარებული. თივა უთავდება საბძელში. საქონელს ვერ მოაშივებს – არც თავად გადაუვა ლუკმა ყელში. თივა მთიდან აქვს ჩამოსათრევი. ძალიან ცივა. სანამ არხილია, უნდა მოასწროს ასვლა და ჩამობრუნება. თუ ოდნავ მოთბა, თოვლს წაყინული პირი გაულღვება და მერე წელამდე უნდა კვალოს. ამიტომ დილაუთენია შეუდგა მთის ფერდობს, თივა მოიკიდა და დაეშვა თავქვე. როგორც იქნა, მოაღწია სოფლამდე. მისი სახლი სოფლის მეორე ბოლოშია. გზად კუჭუნათ სახლს უნდა ჩაუაროს. ამ დროს აქ არავინაა ხოლმე, ახლა კი ბუხრის ყელიდან კვამლი ამოდიოდა. ეზოს თოვლს რამდენიმე ადამიანის ნაფეხურები აჩნდა. ნაბიჯი არ შეუნელებია, ისე მოიხსნა მძიმე ტვირთი და ეზოში შეაბიჯა…

 

…სოფლის სასაფლაო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვისაა. იქ იმედის დამარხვა არ შეიძლება. ასეთია ჩვენი ადათი… ფერდობზე ერთი მაჟალოს ხე შეარჩიეს. თოვლი საგულდაგულოდ გახვეტეს და ჩააშტერდნენ მიწას. პირველი წერაქვის დარტყმა თემოს ერგო. ჩვეულებრივზე მეტად ემძიმა… რაც შეიძლებოდა მაღლა ასწია და მთელი სიმძიმით დაუშვა. წერაქვის პირმა ერთი დაიკვნესა და ასხლტა. მიწასაც გაჰყინვოდა გული დარდისაგან… დიდი ჯაფა დაადგათ დედამიწისთვის გულის გადასახსნელად. ღრმად არ ჩასულან – ბოლოს და ბოლოს, იმედს მარხავდნენ… მორჩნენ. თემომ ამოყრილ მიწაში ბროლის მოზრდილი ქვა შეამჩნია, აიღო, შეყინული გოროხები საგულდაგულოდ შემოაცალა და თავთან დაუყუდა.

 

***

ოცდახუთი წლის წინ მთაში აღმა-დაღმა ხეტიალისას დასასვენებლად ერთი ხის ქვეშ ჩამოვჯექი. ქვევით არაგვის ჭალა გაშლილიყო. ხეობის მეორე მხარეს მთები აზვირთულიყვნენ. თაკარა მზეში საამური გრილი ნიავი უბერავდა. გარშემო, მდელოზე, უამრავი ყვავილი ფუტკრებს უხმობდა. მოკლედ, დაღლილისთვის სულის მოსათქმელად მშვენიერი ადგილი იყო. უცბად იქვე, ბალახში, ბროლის ქვას მოვკარი თვალი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანისგან მონათხრობი ამბები გამიცოცხლდა მეხსიერებაში. არც ის ვიცი, მათ ერთმანეთთან რამე კავშირი ჰქონდათ თუ არა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამ ქვის ქვეშ იმედი იყო დამარხული – ვიღაცის ვერასრულებული ოცნება, გახუნებული ყმაწვილკაცობა, გაფხანგული გული.

მას შემდეგ, აი, უკვე ოცდახუთი წელია,  ყოველ მარიამობას მარტოდმარტო ვაკითხავ იმ ბროლის ქვას მაღალ ფერდობზე, მაჟალოს ქვეშ, და მთელი წლის დარდს ვირეცხავ გულიდან, რომ ქვემოთ, სოფელსა თუ ქალაქში, ღიმილით სიარული შევძლო. დარდი და ვარამი ავი სენივითაა – გადამდებია. სენი კი, მოგეხსენებათ, სხვისთვის გადადებით არ რჩება. სულ ტყუილია, სხვისთვის გაზიარება დარდს აქარწყლებსო. თუ ქარსა და წყალს შეუძლია მისი წაღება, მაშ, დარდიც არ ყოფილა.

ჰო, მართლა – ძველი ამბებიდან ისიც მომაგონდა: იმ დღეს იმედი ტყუპად დაბადებულა და მეორე გადარჩენილაო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი