პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ მოვიქცეთ, ბავშვთან გარდატეხის ასაკში (შესავალი)

გარდატეხის ასაკის არსი. გარდატეხის ასაკი – არა მხოლოდ რთული ასაკია, არამედ ის არის ჩვენი ცხოვრების უნიკალური ეტაპი. ასე იწყება დანიელ სიგელის წიგნი: „შეღწევის ზონის გარეთ: ანუ როგორ მოვიქცეთ, რომ არ დავკარგოთ ბავშვთან კონტაქტი გარდატეხის ასაკში“.

ეს ასაკი, განაგრძობს მეცნიერი, დაახლოებით თორმეტიდან ოცდაოთხ წლამდე გრძელდება. დიახ, არ შემშლია – მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სერიოზული გამოცდების ეს პერიოდი ოცდაოთხ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და ის სირთულეს წარმოადგენს არა მხოლოდ თავად ბავშვისთვის/მოზარდისათვის, არამედ მათ გარშემო სოციუმისათვისაც. გარდატეხის პერიოდის შესახებ წარმოდგენა მრავალ მითსა და ცრუ ინფორმაციას ეფუძნება. მინდა რამდენიმე მითზე შევაჩერო მკითხველის ყურადღება. აი ისინიც: „ამ ასაკში ჰორმონები იმდენად მძლავრობენ, რომ მოზარდები სრულებით უმართავები და არაადეკვატურები ხდებიან“. ეს სიცრუეა, რადგან მეცნიერები ამბობენ, რომ მართალია ამ ასაკში ჰორმონების გამომუშავება მართლაც ძლიერდება, მაგრამ თინეიჯერების ქცევას ისინი არ განაპირობებენ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ თინეიჯერულ აღქმას უპირველეს ყოვლისა განაპირობებს ის ცვლილებები, რომლებიც თავის ტვინის განვითარებაში მიმდინარეობს.

მეორე მითი: „გარდატეხის ასაკი – ეს მხოლოდ მომწიფების პერიოდია და ბავშვებისათვის საკმარისი „გაიზარდონ“, რათა ყველაფერი თავის ადგილას დადგეს“. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ამ ასაკში ბევრი ახალი და ხშირ შემთხვევაში ღრმა განცდები იჩენს თავს. თინეიჯერები ამ პერიოდში ისეთი ქცევებით გამოირჩევიან, რომლებიც არათანმიმდევრული და უფრო მეტიც, დაუნდობელიც კი შეიძლება იყოს. მოზარდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრების ეს ეტაპი რაც შეიძლება სასარგებლოდ გაიაროს. ანუ საზღვრების მონიშვნა, სიახლეების ძიება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება – და მრავალი მსგავსი რამ ხდება იმის საფუძველი, რომ ამჟამინდელი თინეიჯერი მომავალში სრულფასოვანი, მიზანმიმართული, ჩამოყალიბებული პიროვნება იქნება.

მესამე მითი: „გარდატეხის ასაკში ბავშვების მთავარ მიზანს წარმოადგენს უფროსებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი“. ნამდვილად, ამ ასაკში მოზარდებისათვის დამოუკიდებლობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის უფროსებთან ურთიერთობაც. ზრდასრულობაში გადასვლის ჯანსაღი პროცესი ნიშნავს ურთიერთდამოკიდებულებებს და არა ერთმანეთისაგან სრულ იზოლაციას. მშობლებისადმი ბავშვების დამოკიდებულება იცვლება და მეგობრები მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვმოძრაობთ უფროსების ჩვენდამი მზრუნველობიდან თანატოლებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობებისაკენ, შემდეგ ჩვენი ზრუნვის ვექტორი სხვა ადამიანებისაკენ გადაინაცვლებს, რაც ზრდასრულ ასაკში მათგან საპასუხო დახმარებაში გამოიხატება. სწორედ ამაში მდგომარეობს ურთიერთდამოკიდებულება. ამგვარად, ადამიანების მოთხოვნილება, ჰქონდეთ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები, მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.

დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენ შესახებ სხვა ადამიანების შეხედულებებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ჩვენს ქცევებზე. ეს განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხია თინეიჯერებისათვის, რომლებიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ანიჭებენ უფროსების მოსაზრებებს მათ შესახებ. ცნობილია, რომ ის ბავშვები გაცილებით დაბალ ნიშნებს ღებულობენ, რომელთა მასწავლებლებიც პირდაპირ თუ ირიბად მიანიშნებენ მათ არასაკმარის ნიჭიერებაზე, ვიდრე ისინი, ვისაც მასწავლებლები მსგავს არაფერს ეუბნებიან. იმ თინეიჯერებს, რომელთაც მუდმივად უწევთ მათ შესახებ ნეგატიური შეფასების მოსმენა, მეტად უჭირთ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებსაც უფროსები პოზიტიურად აფასებენ. გარდატეხის ასაკი – ეს არის დაძაბული ემოციური ცვლილებების პერიოდი და არა უთავბოლო, არათანმიმდევრული, გაუწონასწორებელი უმწიფარობის ასაკი. ეს ასაკი საკუთარი თავის, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის ძებნის პერიოდია. ეს არის მოზარდების მუდმივი სწრაფვა, გაიგონ, რა არის მათთვის უმჯობესი, რა უნარები და შესაძლებლობები აქვთ მათ როგორც მომავალ ზრდასრულ ადამიანებს.

გარდატეხის ასაკს აქვს თავისი გამოწვევები და თქვენ წარმოიდგინეთ სარგებელიც. ამ ასაკის ძირითადი მახასიათებელებს განაპირობებს თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებები. ამ პერიოდში იცვლება ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები როგორებიცაა: მეხსიერება, ლოგიკური აზროვნება, ყურადღების ფოკუსირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები. ასევე, ცვლილებას განიცდიან  ადამიანური ურთიერთობები. ამ ცვლილებების არსში ჩაწვდომა დაგვეხმარება, უფრო პოზიტიური და ნაყოფიერი გავხადოთ ეს პერიოდი ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

გარდატეხის ასაკი – საუკეთესო დროა თუნდაც სიმამაცისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. მოზარდების ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლება, რომელთაც კი არ უნდა გაურბოდნენ უფროსები, არამედ უნდა წააქეზონ კიდეც და სასიკეთოდ მიმართონ. მოზარდების თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებები ძალიან ნაყოფიერია. ის გამოცდილება, რომელიც ამ ასაკში ხდება, უშუალო გავლენას ახდენს მათ მომავალ ცხოვრებაზე. მოზარდებისათვის ბუნებრივი მდგომარეობაა არსებული საზღვრების გარღვევა. მათ ამაში შემოქმედებითი ენერგია ეხმარება, რომელიც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს უხსნის თინეიჯერებს. ამასთან ერთად აზროვნების ახალი სტილი, აღქმა და ქცევა შესაძლებელია უარყოფითი მიმართულებითაც წარიმართოს. მაინც საჭიროა გარდატეხის ასაკში აზროვნების პოზიტიურ კალაპოტში მოქცევა და ზრდასრულ ასაკშიც მისი სასიკეთოდ გამოყენება.

გარდატეხის ასაკის დასაწყისში თავის ტვინის ცვლილება გამოიხატება სიახლეების ძიებაში, სოციალური აქტიურობაში, გამძაფრებული მგრძნობელობასა და შემოქმედებითობისაკენ სწრაფვაში. მოზარდები მიისწრაფიან აღიარებისაკენ, სიახლეებისკენ, ახლო კონტაქტებს ამყარებენ თანატოლებთან, განიცდიან უფრო ძლიერ ემოციებს და უფრო მეტად ცდილობენ, გაერიდონ დამკვიდრებულ წესრიგს, რათა ახლებურად შეიმეცნონ გარე სამყარო. როგორც უკვე ვთქვით, ასეთ ცვლილებებს შესაძლებელია ნეგატიური მხარეც ჰქონდეს. მოდით, განვიხილოთ რა პლიუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს იმ ოთხ ნიშანს, რომელებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

  1. სიახლეების ძიება ძლიერდება, თანატოლების მხრიდან აღიარების მოპოვების სურვილის გამძაფრების შედეგად. მოზარდები უფრო მოტივირებული ხდებიან სოციალურად, ცდილობენ მეტად სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ. მინუსები: სიახლეების ძიებისას ახალი მძაფრი შეგრძნებების განცდის სურვილი აძლიერებს სარისკო ქმედებების განხორციელების ალბათობას. იზრდება ნერვული აღგზნება, ტრავმები, როგორც ფიზიკური ასევე, ფსიქიკური. პლიუსები: სიახლეებისკენ სწრაფვა წარმოშობს ახალ გატაცებებს, ახალ საინტერესო საქმიანობებს და ზოგადად ცვლის სამყაროსადმი მოზარდის დამოკიდებულებას, რომელიც მას განიხილავს, როგორც სახალისო თავგადასავალს;
  2. სოციალური აქტიურობა – აძლიერებს თანატოლებს შორის კავშირებს და ხელს უწყობს ახალი მეგობრების შეძენას. მინუსები: მოზარდები ცდილობენ უფროსებისაგან იზოლირებული იყვნენ. ისინი გარშემორტყმული არიან მხოლოდ საკუთარი მეგობრებით, რაც სარისკო ქმედებებისკენ უბიძგებს თინეიჯერებს. უფროსების გამოცდილების სრული იგნორირება კი კიდევ უფრო მეტად ზრდის რთული ქცევების განხორციელების ალბათობას. პლიუსები: ახალი ურთიერთობების დამყარების სურვილი, მოზარდებს უბიძგებს ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირებისაკენ, რაც თავის მხრივ მომავალი ნდობით აღჭურვილი, თავისუფალი, ბედნიერი კეთილგანწყობით სავსე ცხოვრების საწინდარი შეიძლება გახდეს.
  3. გამძაფრებული მგრძნობელობა – ცხოვრებას გაცილებით სისხლსავსეს ხდის, ურთიერთობებთან მიმართებაში. მინუსები: ინტენსიურმა ემოციებმა შესაძლოა გამოიწვიოს იმპულსურობა, გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილებები, ზოგჯერ კი არაადეკვატური, ფეთქებადი რეაქციები. პლიუსები: ემოციურობა მოზარდს ავსებს ენერგიით და ჯანსაღი მიზანსწრაფულობით, ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას მატებს აზრების სიღრმესა და მომავლის იმედს.
  4. შემოქმედებითობისაკენ სწრაფვა – გულისხმობს ცნობიერების საზღვრების გაფართოებას. ახალი, კონცეპტუალური და აბსტრაქტული აზროვნება, რომელიც მოზარდს უვითარდება, მას აძლევს საშუალებას, მოვლენების არსებულ წესრიგში ეჭვი შეიტანოს და აიძულებს თავად ეძებოს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური მიდგომები, გააკეთოს აღმოჩენები და ეცადოს დაამკვიდროს საკუთარი ახალი ხედვები. მინუსები: ცხოვრების საზრისის ძიება გარდამავალ ასაკში შესაძლებელია გახდეს პიროვნული განვითარების კრიზისის მაპროვოცირებელი. მოზარდი ხდება მოწყვლადი და მას ეკარგება სამომავლო მიზნები. პლიუსები: თუ თინეიჯერის გონება ინარჩუნებს შემოქმედებითი ძიების წარმოების უნარს, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყოველდღიური რუტინის მინიმუმამდე დაყვანა და პარალელურად ის შეძლებს ყოველდღიურ, ერთფეროვან, ყოფით მოვლენებში დაინახოს რაღაც ორიგინალური, განსხვავებული, უცნაური. ვფიქრობ, დამეთანხმებით სრულფასოვანი ცხოვრების წარმართვისათვის შესანიშნავი სტრატეგიაა!

დამატებით აღსანიშნავია, რომ გარდატეხის ასაკში სიახლის ძიების სურვილი შემოქმედებითი ძიების ბიძგს აძლევს მოზარდებს, ასევე აძლიერებს მათ გონებრივ უნარებს.

მკითხველი გაეცნო ამერიკელი ბავშვთა ფსიქიატრის დენიელ სიგელის მოსაზრებებს. ავტორი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამავდროულად მასწავლებელი, საგანმანათლებლო ცენტრის: Mindsinght Institute-ის დირექტორი. ათზე მეტი პოპულარული წიგნის ავტორი, რომლებიც ეხება ბავშვთა აღზრდის საკითხებს და თავის ტვინის ფუნქციონირებას. ამ წიგნების უმრავლესობა გამოსვლისთანავე ბეტსელერად იქცა და დიდ ინტერესს იწვევს მკითხველებში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი