პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მშობლის როლი ბავშვის მოსწავლედ ჩამოყალიბების პროცესში

ნებისმიერი ადამიანისთვის შვილის სკოლაში შეყვანა საკმაოდ სერიოზული და, ამასთან, სასიხარულო მოვლენაა. იწყება ახალი ეტაპი როგორც ბავშვის, ისე მისი მშობლების ცხოვრებაში. თუმცა სიხარულთან ერთად ეს მოვლენა ერთგვარ მღელვარებას და შიშსაც კი უკავშირდება. მშობლებს აფიქრებთ, რამდენად მოეწონება სკოლა მათ შვილს, როგორ მოახერხებს ის ახალ გარემოსთან შეგუებას, რამდენად სასიამოვნო იქნება მისთვის სწავლა. უნდა ითქვას, რომ უფროსების შიში მთლად უსაფუძვლო არ არის. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა პირველ დღეს სკოლაში სიხარულით წასული ბავშვი მეორე დღეს ტირის და იქ დაბრუნებაზე უარს ამბობს.

ბავშვის სკოლაში მიყვანა არ ნიშნავს, რომ ის უკვე მოსწავლეა. მას საკმაოდ გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევს იმისთვის, რომ მოსწავლედ ჩამოყალიბდეს. ამ გზაზე ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მშობლების დახმარება სჭირდება.

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის

* მხარი დავუჭიროთ ბავშვის ბუნებრივ მისწრაფებას, გახდეს მოსწავლე. მისი სასკოლო საზრუნავისადმი გულწრფელი ინტერესი, მისი პირველი მიღწევებისა და შესაძლო სირთულეების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება დაარწმუნებს პირველკლასელს, რომ მისი ახალი   საქმიანობა, არა მხოლოდ მისთვის, მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია.

* ბავშვთან ერთად განვიხილოთ ქცევის წესები, რომლებიც სკოლაში დახვდა, ავუხსნათ მათი დაცვის აუცილებლობა.

* ბავშვი სკოლაში მიდის იმისთვის, რომ ისწავლოს. შესაძლოა, რაღაც მაშინვე არ გამოუვიდეს და წარმატებასაც პირველი მცდელობისთანავე ვერ მიაღწიოს, ეს ბუნებრივია. ბავშვს აქვს შეცდომის უფლება. ვიყოთ შემწყნარებელნი მის მიმართ. გავითვალისწინოთ მისი შესაძლებლობებიც, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია.

* შევადგინოთ ბავშვთან ერთად დღის განრიგი და თვალყური ვადევნოთ მის დაცვას.

* მხარი დავუჭიროთ პირველკლასელის სურვილს, მიაღწიოს წარმატებას. ბავშვის მიერ შესრულებულ დავალებაში, მის სასწავლო საქმიანობაში, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, აუცილებლად ვიპოვით ისეთ რამეს, რისთვისაც შეიძლება მისი შექება და ემოციური მხარდაჭერა. დადებითმა კომენტარებმა და ისეთმა ფრაზებმა, როგორიცაა: „ყოჩაღ!“ „რა კარგად გაართვი თავი ამ დავალებას!“ – და ა.შ., შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ბავშვის ინტელექტუალური მიღწევები. სწავლის პირველ წელს ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. თუ გვინდა, ის გაიზარდოს მშვიდ, თავდაჯერებულ ადამიანად, აუცილებლად შევაქოთ. მუდმივმა საყვედურებმა შესაძლოა ბავშვს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის თავის თავს ისე ეპყრობა, როგორც ეპყრობიან მას უფროსები.

* თუ რამემ შეგვაწუხა ბავშვის ქცევაში, მის სასწავლო საქმიანობაში, მივმართოთ რჩევისა და კონსულტაციისთვის მასწავლებელს და საჭიროებისას – სკოლის ფსიქოლოგსაც. მათთან თანამშრომლობა ბევრი პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება.

* სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ბავშვის ცხოვრებაში მასწავლებლის სახით ჩნდება ადამიანი, რომელიც უფრო დიდ ავტორიტეტად იქცევა, ვიდრე მშობელი. პატივი ვცეთ პირველკლასელის აზრს თავის პედაგოგზე და მოვერიდოთ მის აუგად მოხსენიებას, საყვედურებს, მის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას ბავშვის თანდასწრებით, მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი გვაქვს.

* სწავლა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. სკოლაში შესვლა არსებითად ცვლის ბავშვის ყოფას, მაგრამ ამ ფაქტმა არ უნდა მოაკლოს მის ცხოვრებას მრავალფეროვნება და სიხარული. პირველკლასელს აუცილებლად უნდა რჩებოდეს საკმარისი დრო თამაშისათვის.

* არ არის საჭირო, პირველ კლასში მისული ბავშვი იმავდროულად ჩავწეროთ მუსიკალურ სტუდიაშიც, სპორტულ სექციაშიც და რაიმე წრეზეც. კარგი იქნება, თუ ამას გავაკეთებთ სკოლაში შეყვანამდე ერთი წლით ადრე ან მეორე კლასიდან. სასკოლო ცხოვრების დაწყება 6 წლის ბავშვისთვის სერიოზული სტრესია. თუ პატარას არ ექნება შესაძლებლობა, ისეირნოს, დაისვენოს, აუჩქარებლად მოამზადოს გაკვეთილები, მას შესაძლოა ჯანმრთელობა შეერყეს, ჩამოუყალიბდეს ნევროზი.

* გვახსოვდეს, რომ ბავშვს ყურადღების კონცენტრირება შეუძლია არა უმეტეს 10-15 წუთის განმავლობაში, ამიტომ როცა მას გაკვეთილების მოსამზადებლად დავსვამთ, 10-15 წუთის შემდეგ მოვწყვიტოთ ამ საქმეს და მივცეთ შესვენების, ფიზიკური განმუხტვის საშუალება.

* კომპიუტერთან, ტელევიზორთან ჯდომა და ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მხედველობას ძლიერ ტვირთავს, არ უნდა გაგრძელდეს დღეში 1 საათზე მეტხანს.

* მოთმინებით და გულწრფელად ვუპასუხოთ ბავშვის ნებისმიერ შეკითხვას.

* ვეცადოთ, ყოველდღე გამოვნახოთ დრო ბავშვთან მარტო დასარჩენად, მასთან სასაუბროდ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ოჯახში უმცროსი ბავშვებიც არიან.

* არასოდეს ვუთხრათ ბავშვს, რომ ის სხვებზე უარესია. ასეთი რამ გულშიც კი არ უნდა გავივლოთ. პირიქით, ნუსაროდეს მოგვერიდება, ხაზი გავუსვათ, რომ მისით ვამაყობთ.

* ვიყოთ გულწრფელი ბავშვის მიმართ ჩვენი გრძნობების გამოხატვისას, მისი შეფასებისას.

* ყოველთვის ვთქვათ სიმართლე, მაშინაც კი, თუ ეს ჩვენთვის მომგებიანი არ არის.

* შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა თავად ბავშვი.

* ნუ ვეცდებით წარმატების მიღწევას ძალით. იძულება ყველაზე უარესი საშუალებაა პრობლემების დასაძლევად.

* ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვიყვარს თავად ის, ისეთი, როგორიც არის და არა მისი მიღწევები.

* და საერთოდ, ხანდახან მაინც დავაყენოთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილას.

 

ასე რომ, მშობლის როლი ბავშვის მოსწავლედ ჩამოყალიბების პროცესში უაღრესად დიდია. დავეხმაროთ პატარას პირველი სირთულეების უმტკივნეულოდ გადალახვაში. სანაცვლოდ მომავალში მისი წარმატებებით მოგვრილი სიხარული არ მოგვაკლდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი