პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს ჩვენთან საუბარი უნდოდეთ

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

მე-3 თავი.

თხუთმეტი წლის გოგონა ყოველკვირეული საკონსულტაციო სესიის ბოლოს, ოთახიდან გასვლამდე, მომიბრუნდა და მითხრა:
“კარგია, როცა შეგიძლია, ვინმეს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრო. მანამდე არავისთან მისაუბრია ასეთ რამეებზე. ჩემს მშობლებს ასე ვერასდროს დაველაპარაკები”.
სკოლაში წარუმატებელი თექვსმეტი წლის ბიჭის დედ-მამამ მკითხა:
“როგორ მოვიქცეთ, რომ ჯასტინი გვენდობოდეს? არასდროს გვეუბნება, რაზე ფიქრობს. ვიცით, რომ ბედნიერი არ არის, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება მის თავს”.
ცამეტი წლის მიმზიდველმა გოგონამ ორ მეგობართან ერთად სახლიდან უიღბლო გაქცევის შემდეგ ასე მრავლისმთქმელად შეაფასა დედასთან ურთიერთობა:
“საქმე იქამდე მივიდა, რომ ისეთ უმნიშვნელო რამეებზეც კი ვეღარ ვსაუბრობდით, როგორიცაა… სკოლის ამბები. შიშით ვერ მეთქვა, რომ გამოცდაზე ჩავიჭერი – ვეტყოდი, ცუდად ვუპასუხე-მეთქი, მკითხავდა, რატომო და შემდეგ მეჩხუბებოდა. ამის შემდეგ უბრალოდ მოტყუება დავიწყე. არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ ვიტყუებოდი და საბოლოოდ შევეჩვიე… ბოლოს ისე ვსაუბრობდით, როგორც ორი სრულიად უცხო ადამიანი – არც ერთი ჩვენგანი არ ამჟღავნებდა თავის ნამდვილ გრძნობებს… არ ამბობდა, რას ფიქრობდა სინამდვილეში”.
ეს ტიპური მაგალითებია იმისა, როგორ ამბობენ უარს შვილები მშობლებისთვის საკუთარი განცდების გაზიარებაზე. მათ ისწავლეს, რომ მშობლებთან საუბარი უსარგებლო და ხშირად სახიფათოც კია. შედეგად ბევრი მშობელი შვილებისთვის ცხოვრებისეული პრომლემების მოგვარებაში დახმარების ათასობით შანსს ხელიდან უშვებს.
რატომ “ჩამოწერენ” შვილები მშობლებს როგორც დახმარების წყაროს? რატომ არ ესაუბრებიან მათ იმის შესახებ, რაც ნამდვილად აღელვებთ? მხოლოდ ზოგიერთი მშობელი რატომ ინარჩუნებს შვილებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობას?
მეორე მხრივ, რატომ არის ბავშვებისთვის პროფესიონალ კონსულტანტთან საუბარი მშობლებთან საუბარზე უფრო ადვილი? რას აკეთებს პროფესიონალი კონსულტანტი ისეთს, რაც მას ბავშვებთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს?
უკანასკნელ წლებში ფსიქოლოგებმა მრავალ კითხვას უპასუხეს. კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა არის ეფექტიანი, ნდობით აღსავსე ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტი. შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი იყოს “აღიარების (მოწონების) ენა”.

აღიარების ენის ძალა
როცა ადამიანი გულწრფელად გრძნობს და გამოხატავს მეორე ადამიანის აღიარებას (მოწონებას), ის სხვებისთვის ძლიერ დამხმარე აგენტად იქცევა. ადამიანის ისეთად მიღება (აღიარება), როგორიც არის, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მას ზრდის, განვითარების, კონსტრუქციული ცვლილებების, პრობლემების მოგვარების, სულიერი წონასწორობის დაცვის საშუალებას მისცემს, გახდის უფრო პროდუქტიულს, შემოქმედებითს და გაააქტიურებინებს მთელ თავის პოტენციალს. აი ცხოვრების ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ მშვენიერი პარადოქსი: როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას გულწრფელად აღიარებენ ისეთს, როგორიც არის, ფრთებს შლის და იმაზე იწყებს ფიქრს, როგორ შეიცვალოს, როგორ გაიზარდოს, როგორ გახდეს უკეთესი, როგორ მოახდინოს საკუთარ შესაძლებლობათა სრული რეალიზაცია.
აღიარება ნოყიერ ნიადაგს ჰგავს, რომელიც პაწაწინა მარცვალს ლამაზ ყვავილად აქცევს. ამასთან, ნიადაგი მარცვალს მხოლოდ ყვავილად ქცევის საშუალებას აძლევს. ის ბიძგს კი აძლევს მარცვლის ზრდის უნარს, მაგრამ ეს უნარი თვით მარცვალშია. მარცვლის მსგავსად, ბავშვის არსებაშიც არის განვითარების უნარის ჩანასახი, აღიარება კი ნიადაგს ჰგავს – ის ბავშვს პოტენციალის რეალიზების საშუალებას აძლევს.
რატომ ახდენს მშობლების აღიარება ბავშვზე ასეთ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას? მშობელთა უმრავლესობას ეს არ ესმის, რადგან იმ რწმენით გაიზარდა, რომ თუ შვილი მუდამ აქე, მოუწონე საქციელი – წინ ვერ წავა; თუ მისი დახმარება გსურს, მუდამ უნდა აღნიშნო, რას უწუნებ. ამიტომ მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას მთლიანად ეყრდნობა არაღიარების (დაწუნების) ენას, რადგან ეს დახმარების საუკეთესო გზად მიაჩნია. ნიადაგი, რომელსაც მშობელთა უმრავლესობა უმზადებს შვილებს, დამძიმებულია კიცხვით, კრიტიკით, ჭკუის სწავლებით, მორალის კითხვით, შეგონებითა და ბრძანებით – ბავშვის მიუღებლობის ფარული შეტყობინებებით.
მაგონდება სიტყვები ცამეტი წლის გოგონასი, რომელიც ის-ის იყო მშობლების ფასეულობებისა და სტანდარტების წინააღმდეგ ამბოხს იწყებდა:
“ისინი ისე ხშირად მეუბნებიან, რომ ცუდი ვარ, რომ სულელური აზრები მომდის და ჩემი ნდობა არ შეიძლება, ჯიბრზე ვაკეთებ იმას, რაც არ მოსწონთ. თუ მათ თვალში უკვე მაინც ცუდი და სულელი ვარ, ხომ შემიძლია, მართლა ასეთი ცუდი და სულელური რამეები ვაკეთო?”
ეს ლამაზი გოგონა საკმაოდ გონიერი იყო იმისთვის, რომ გაეგო აზრი ძველი ანდაზისა – შეძახილმა ხე გაახმოო. ბავშვები ხშირად სწორედ ისეთები ხდებიან, როგორებიც მშობლებს ჰგონიათ.
გარდა ამისა, მიუღებლობა აუცხოებს მშობლებსა და შვილებს. შვილები წყვეტენ მშობლებთან საუბარს. ისინი გამოცდილებით სწავლობენ, რომ საკუთარი გრძნობებისა და პრობლემების დამალვა გაცილებით უსაფრთხოა.
აღიარება ბავშვს გულის გადაშლის საშუალებას აძლევს. ის თავისუფლად გვიზიარებს საკუთარ გრძნობებსა და პრობლემებს. პროფესიონალი ექიმებისა და კონსულტანტების გამოცდილებამ აჩვენა, რა ძლიერი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ამგვარმა აღიარებამ. ყველაზე წარმატებულნი ის ექიმები და კონსულტანტები არიან, რომლებსაც მათთან დახმარებისთვის მისული ადამიანების მიმართ გულწრფელი აღიარების გამოხატვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ გვესმის ასე ხშირად ამ ადამიანებისგან, რომ კონსულტანტთან ან ექიმთან ვიზიტისას მათ სულაც არ ეშინოდათ გაკიცხვის – თამამად ლაპარაკობდნენ თავიანთ ნაკლოვანებებზე, რადგან გრძნობდნენ, რომ, რაც უნდა ეთქვათ, კონსულტანტი მათ არ გაკიცხავდა.
პროფესიონალი კონსულტანტებისგან გაგვიგონია ისიც, რომ მიუღებლობა, შენიშვნა, გაკიცხვა ხშირად ადამიანს საკუთარ თავში კეტავს, თავდაცვით მდგომარეობაში ამყოფებს, უზრდის დისკომფორტს და უნერგავს საკუთარი თავის მცდარი შეფასების შიშს. ამრიგად, პროფესიონალი ექიმის “წარმატების საიდუმლო” ნაწილობრივ ისიც არის, რომ ურთიერთობისას კიცხვას გამორიცხავს და შესწევს უნარი, ისაუბროს წრფელი მოწონების ენით.
მშობლებთან მუშაობისას დავრწმუნდით, რომ შესაძლებელია მათვის იმ უნარების სწავლება, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები იყენებენ. შედეგად უმრავლესობამ რადიკალურად უკლო არაღიარების გამომხატველ შეტყობინებებს და აღიარების ენის გამოყენებაში ოსტატობის გასაოცრად მაღალ დონეს მიაღწია.
როცა მშობლები სიტყვების მეშვეობით ბავშვის აღიარების შინაგანი გრძნობის გამოხატვას ისწავლიან, ისინი ეფექტიანი იარაღის მფლობელები გახდებიან. მათ შეუძლიათ, ამ იარაღით შვილს საკუთარი თავის მოწონება და აღიარება, საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება ასწავლონ, საგრძნობლად დაეხმარონ გენეტიკურად ბოძებული პოტენციალის რეალიზებაში, დამოუკიდებლობისა და თვითმართვის უნარის განვითარებაში, ასწავლონ ცხოვრებისეული პრობლემების საკუთარი ძალით მოგვარება და გადასცენ ძალა, რომელიც მათ ბავშვობასა თუ მოწიფულ ასაკში იმედგაცრუებისა და გულისტკენის კონსტრუქციულად დაძლევაში დაეხმარება.
აღიარების არც ერთი შედეგი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ბავშვის გრძნობა, რომ ის უყვართ. ადამიანის ისეთად მიღება, “როგორიც არის”, სიყვარულის ჭეშმარიტი აქტია; იგრძნო, რომ გაღიარებენ, ნიშნავს იგრძნო, რომ უყვარხარ. ფსიქოლოგიაში ახლაღა ვიწყებთ “ვუყვარვარ” გრძნობის სასწაულმოქმედი ძალის გააზრებას: მას შეუძლია გონებისა და სხეულის განვითარების ხელშეწყობა და შესაძლოა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ნაკლის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება იყოს.
აღიარებას დემონსტრირება სჭირდება

ერთია, როცა მშობელი გრძნობს შვილისგან აღიარებას და მეორეა, როცა შვილს აგრძნობინებს ამას. თუ შვილმა ვერ იგრძნო, რომ მშობელი მას აღიარებს, ამ უკანასკნელს ვერ ექნება მასზე გავლენა. მშობელმა უნდა ისწავლოს აღიარების გამომჟღავნება.
ამისთვის განსაკუთრებული უნარებია საჭირო. მშობელთა უმრავლესობას აღიარება პასიურ მოვლენად (გონების მდგომარეობად, დამოკიდებულებად, გრძნობად) მიაჩნია. მართალია, აღიარება შინაგანი განწყობაა, მაგრამ სხვაზე გავლენის ეფექტურ საშუალებად რომ იქცეს, ის აქტიურად უნდა გამოვხატოთ. მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მაღიარებენ, სანამ რომელიმე აქტიური საშუალებით არ მაჩვენებენ ამას, არ დამარწმუნებენ ამაში.
პროფესიონალ ფსიქოლოგ კონსულტანტსა და ფსიქოთერაპევტს, რომელთა დახმარების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული მათ უნარზე, გამოხატონ აღიარება, წლები სჭირდებათ იმის სასწავლად, რომ ურთიერთობის ჩვევები ამგვარი დამოკიდებულებით გაამდიდრონ. ფორმალური სწავლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით პროფესიონალი კონსულტანტი იძენს აღიარების გამოხატვის სპეციფიკურ უნარს. ის სწავლობს, რომ მის სიტყვებზეა დამოკიდებული, დაეხმარება თუ ვერა.
საუბარს შეუძლია მკურნალობა და კონსტრუქციული ცვლილებების სტიმულირება. მაგრამ საუბარიც არის და საუბარიც.
იგივე შეიძლება ითქვას მშობლებზეც. მათ შვილებთან საუბრის უნარზეა დამოკიდებული, დაეხმარებიან თუ ავნებენ. კარგმა მშობელმა, კარგი კონსულტანტის მსგავსად, უნდა ისწავლოს აღიარების გამოხატვა და ურთიერთობის შესაბამისი ჩვევები აითვისოს.
ხშირად მშობლები ეჭვით კითხულობენ: “შეუძლია კი ჩემისთანა არაპროფესიონალს პროფესიონალი კონსულტანტის უნარების შესწავლა?” ოცდაათი წლის წინ ჩვენ ვუპასუხებდით, რომ “არა”. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კურსებმა გვიჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა სწავლობს, როგორ იქცეს შვილისთვის ეფექტიან დამხმარე აგენტად. ახლა უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიის ცოდნა ან ადამიანის ინტელექტუალური შეცნობა კარგ კონსულტანტად ვერ გვაქცევს; ამისთვის, უპირველესად, ადამიანებთან “კონსტრუქციულად” საუბრის სწავლაა საჭირო.
ფსიქოლოგები ამას “თერაპიულ ურთიერთობას” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ განსაზღვრული შეტყობინებები ადამიანზე “თერაპიულ” ან გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. მათი წყალობით ის უკეთ გრძნობს თავს, საუბრის სტიმული უჩნდება, უკეთ გამოხატავს გრძნობებს, ეუფლება საკუთარი ღირსებისა და პატივისცემის გრძნობა, უმცირდება საფრთხის მოლოდინი, შიში, ხელი ეწყობა ზრდასა და კონსტრუქციულ ცვლილებებში.
არსებობს “ანტითერაპიული”, ანუ დესტრუქციული საუბარიც. მისი მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებები ადამიანს კიცხვის ან დანაშაულის შიშს უჩენს, ხელს უშლის წრფელი გრძნობების გამოხატვას, წარმოშობს საფრთხის მოლოდინს, აღვივებს საკუთარი უღირსობის განცდას და დაბალ თვითშეფასებას, აიძულებს ადამიანს, ჯიუტად დაიცვას საკუთარი თვითმყოფადობა, ამუხრუჭებს ზრდას და კონსტრუქციულ ცვლილებებს.
მხოლოდ მშობელთა უმცირესობას აქვს ინტუიციურად და “ბუნებრივად” განვითარებული ეს თერაპიული უნარი. მშობელთა უმრავლესობამ კი, უპირველესად, უნდა დაივიწყოს ურთიერთობის დესტრუქციული ჩვევები და მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლოს კონსტრუქციული ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელმა ჯერ ურთიერთობის საკუთარი ტიპური ჩვევები უნდა გამოააშკარაოს, რომ ნათლად დაინახოს მათი დესტრუქციულობა და ანტითერაპიულობა, მერე კი შვილებთან ურთიერთობის ახალი უნარები შეიძინოს.
აღიარების არავერბალური გამოხატვა
ჩვენ შეტყობინებებს ვაგზავნით სიტყვების საშუალებით (როცა ვსაუბრობთ) ან, როგორც მეცნიერები ამბობენ, არავერბალური გზით (როცა არ ვსაუბრობთ). არავერბალური შეტყობინებები იგზავნება ჟესტით, პოზით, სახის გამომეტყველებით და სხვა ქცევით. გაიქნიეთ მარჯვენა ხელი ზურგით ბავშვისკენ – ის ამ ჟესტს, სავარაუდოდ, ასე გაიგებს: “წადი”, “მომშორდი”, “ნუ მაწუხებ”. დაიქნიეთ რამდენჯერმე ხელი ხელისგულით თქვენკენ – ბავშვი ამ ჟესტს თარგმნის როგორც: “მოდი” ან “მოდი ახლოს” ან “მინდა, ჩემთან იყო”. პირველი ჟესტი გაკიცხვას გამოხატავს, მეორე – მოწონებას.

ჩაურევლობა როგორც აღიარების გამოხატვა
მშობელს აღიარების გამოხატვა შეუძლია ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობითაც. წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც სანაპიროზე ქვიშისგან სასახლის აშენებას ცდილობს. მშობელი, რომელიც შვილის საქმიანობაში არ ერევა და მას “შეცდომის” ან საკუთარი უნიკალური დიზაინის სასახლის (რომელიც შესაძლოა სულაც არ მოსწონდეს მშობელს, ან კიდევ სასახლეს სულაც არ ჰგავდეს) აშენების საშუალებას აძლევს, აღიარების (მოწონების) არავერბალურ შეტყობინებას უგზავნის შვილს.
ამ დროს ბავშვი გრძნობს: “კარგია, რასაც ვაკეთებ”, “ჩემი სასახლე მოსწონთ”, “დედას მოსწონს, რასაც ახლა ვაკეთებ”.
ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობა აღიარების არავერბალური გამოხატვის მძლავრი საშუალებაა. მრავალი მშობელი ანგარიშს არ უწევს, რა ხშირად ატყობინებს შვილს არავერბალურ არმოწონებას უბრალოდ ჩარევით, თავს მოხვევით, კონტროლით, შემოწმებით, მის საქმიანობაში ჩართვით. უფროსები თავს არ ანებებენ ბავშვებს, იჭრებიან მათ ოთახებში ან მათ პირად და ფარულ ფიქრებში, არ აძლევენ “ავტონომიის” უფლებას. ხშირად ეს თავად მშობლების შიშისა და მღელვარების, საკუთარი თავისადმი ურწმუნობის შედეგია.
მშობლებს უყვართ სწავლება (“აი, როგორი უნდა იყოს სასახლე”). ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, როცა შვილი შეცდომას უშვებს (“წყლისგან მოშორებით ააშენე სასახლე, რომ ტალღამ არ დაგინგრიოს კედელი”). მათ სურთ, იამაყონ შვილის მიღწევებით (“ნახე, რა მშვენიერი სასახლე ააშენა კოდიმ”). ისინი თავს ახვევენ შვილებს თავიანთ “დიდურ” შეხედულებებს სწორისა და არასწორის შესახებ (“შენს სასახლეს თხრილი არ უნდა ჰქონდეს?”). მათ შვილებთან დაკავშირებული ფარული პატივმოყვარე გეგმები აქვთ (“მთელი დღეა, მაგ რაღაცას აშენებ, როდისღა უნდა ისწავლო”?). მათ მეტისმეტად აღელვებთ, რას იფიქრებენ სხვები მათ შვილებზე (“ისეთი კარგი სასახლე ვერ გამოგივიდა, როგორიც შეგეძლო აგეშენებინა”). მათ სურთ, გრძნობდნენ, რომ შვილებისთვის საჭირონი არიან (“მოდი, მამი, დაგეხმარო”) და ა. შ.
ამრიგად, “არაფრის კეთება” (უმოქმედობა) მაშინ, როცა ბავშვი რაღაცას აკეთებს, მშობლის მხრივ აღიარების მკაფიო შეტყობინებაა. გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან ხშირად მშობლები შვილს ამგვარი “ავტონომიის” უფლებას არ აძლევენ. გასაგებიცაა – “თავის დანებების” დამოკიდებულება ძნელად მიიღწევა.
“მახსოვს, როგორ მეწყინა, როცა ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად მეგობრები მოიწვია და მათი გართობის ჩემეული შემოქმედებითი და კონსტრუქციული წინადადებები უარყო. მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი თხოვნით, თავი დამენებებინა, გამოწვეულ მსუბუქ დეპრესიას დავაღწიე თავი, მივხვდი, არმოწონების როგორ არავერბალურ შეტყობინებებს ვუგზავნიდი – “დამოუკიდებლად ვერ გამართავ კარგ საღამოს”, “ჩემი დახმარება დაგჭირდება”, “ვერ ვენდობი შენს შეხედულებებს”, “ვერ იქნები კარგი მასპინძელი”, “შესაძლოა, რამე შეგეშალოს”, “არ მინდა, საღამო ჩაიშალოს” და ა.შ.
აღიარების გამოხატვა პასიური მოსმენით

აღიარების ასევე მკაფიოდ გამოხატვაა შესაძლებელი არაფრის თქმით. დუმილი – “პასიური მოსმენა” – ეფექტური არავერბალური შეტყობინებაა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანს წრფელი აღიარება ვაგრძნობინოთ. პროფესიონალმა ეს კარგად იცის და ინტერვიუს დროს ფართოდ იყენებს დუმილს. ამიტომ არის, რომ ადამიანი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან თავის პირველ ინტერვიუს ასე აღწერს: “ის არაფერს ამბობდა; მხოლოდ მე ვლაპარაკობდი”; ან “საკუთარ თავზე საშინელი რამეები ვუამბე, მაგრამ მას არც კი გავუკრიტიკებივარ”; ან “ვერ ვიფიქრებდი, რომ რამის თქმას შევძლებდი, მაგრამ მთელი საათი ვილაპარაკე”.
ასე აღწერენ ადამიანები თავიანთ, როგორც ჩანს, პირველ, გამოცდილებას – საუბარს ადამიანთან, რომელიც მათ უბრალოდ უსმენდა. არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ადამიანის დუმილით აღიარებას გრძნობ. როგორც დედასა და უფროსკლასელ ქალიშვილს შორის ქვემოთ მოყვანილი დიალოგიდან ჩანს, ზოგჯერ დუმილი გაცილებით მრავლისმთქმელია:
შვილი: დღეს სასწავლო ნაწილთან დამიბარეს.
დედა: მართლა?
შვილი: ჰო. მისტერ ფრენკსმა თქვა, რომ გაკვეთილზე მეტისმეტად ბევრს ვლაპარაკობ.
დედა: გასაგებია.
შვილი: ვერ ვიტან იმ ბებრუხანას. ზის და ან თავის უსიამოვნებებზე გველაპარაკება, ან შვილიშვილებზე და ჰგონია, რომ ძალიან გვაინტერესებს. ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენია.
დედა: ჰმ!
შვილი: შეუძლებელია, მის გაკვეთილზე იჯდე და არაფერი აკეთო! გაგიჟდები! როცა ის ლაპარაკობს, ჯენი და მე ვსხედვართ და ანეკდოტებს ვუყვებით ერთმანეთს. ყველაზე საშინელი მასწავლებელია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. მაგიჟებენ ასეთი საზიზღარი მასწავლებლები!
დედა: (დუმს)
შვილი: კარგ მასწავლებელთან კარგად ვიქცევი, მაგრამ როცა მისტერ ფრენკსისნაირი მხვდება, არაფრის სწავლა არ მინდა. რატომ აძლევენ ასეთებს მასწავლებლობის უფლებას?
დედა: (მხრებს იჩეჩავს).
შვილი: ალბათ, უნდა შევეგუო, ყოველთვის კარგი მასწავლებელი ხომ არ მეყოლება. ცუდები უფრო მეტნი არიან, ვიდრე კარგები და ცუდებზე თუ ნერვებს მოვიშლი, კარგი კოლეჯისთვის საჭირო ქულებს ვერ მოვაგროვებ. გამოვა, რომ საკუთარ თავს ვავნებ.
ამ მოკლე ეპიზოდში კარგად ჩანს დუმილის ფასი. მშობლის პასიურმა მოსმენამ საშუალება მისცა შვილს, სასწავლო ნაწილთან დაბარების საწყისი ფაქტის კონსტატაციაზე შორს წასულიყო, გაეცნობიერებინა რატომ დასაჯეს, განთავისუფლებულიყო მასწავლებელზე ბრაზისა და ზიზღისგან, განეხილა ცუდ მასწავლებლებზე მსგავსი რეაგირების შედეგები და მისულიყო დამოუკიდებელ დასკვნამდე, რომ ამგვარი ქცევით ის ფაქტობრივად საკუთარ თავს ვნებდა. ამ მოკლე ხნის განმავლობაში, როცა ბავშვი აღიარეს, ის გაიზარდა. მას საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალება მისცეს; მას დაეხმარნენ, მარტოს ევლო პრობლემის გადაჭრის თვითინიციატივიანი გზით. ამის შედეგად კი ის თავად მივიდა, თუნდაც საცდელ, მაგრამ საკუთარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე.
მშობლის დუმილმა ხელი შეუწყო ამ “განვითარების მომენტს”, ამ პატარა “ზრდას”, ორგანიზმის მდგომარეობას თვითმიმართული ცვლილების პროცესში. რა ტრაგედია იქნებოდა მშობლისთვის, ხელიდან გაეშვა შვილის გაზრდის ხელშეწყობის ეს შანსი ბავშვის საუბარში ასეთი შენიშვნებით (გაკიცხვის, არმოწონების ტიპური მაგალითებით) ჩარევით:
“რა? სასწავლო ნაწილთან გამოგიძახეს?! ღმერთო ჩემო!”
“შენთვის კარგი გაკვეთილი იქნება!”
“გამოდის, რომ მისტერ ფრენკსი არც ისე ცუდია, არა?”
“საყვარელო, ოდნავ მაინც უნდა ისწავლო საკუთარი თავის კონტროლი!”
“უმჯობესია, ყველანაირ მასწავლებელს შეეგუო!”
ყველა ეს და მრავალი სხვა შეტყობინება, რომელსაც მშობელი ასეთ სიტუაციაში უგზავნის შვილს, მხოლოდ არმოწონებას როდი გამოხატავს – ის შემდგომი ურთიერთობის დასასრულია და ბავშვს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების საშუალებას ართმევს.
ამრიგად, არაფრის თქმით, ისევე, როგორც არაფრის კეთებით, შესაძლებელია აღიარება გამოვხატოთ, აღიარება კი კონსტრუქციულ ზრდას და ცვლილებებს უწყობს ხელს.
აღიარების ვერბალური გამოხატვა
მშობელთა უმრავლესობას ესმის, რომ ურთიერთობის პროცესში ხანგრძლივი დუმილი შეუძლებელია. ადამიანებს სჭირდებათ ვერბალური ურთიერთობა. ცხადია, ინტიმური, ეფექტური ურთიერთობისთვის საჭიროა, მშობლები ესაუბრონ შვილებს, რომლებსაც ეს საუბარი სჭირდებათ.

საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია, როგორ ესაუბრება მშობელი შვილს. ბევრი რამის თქმა შემიძლია მშობელი-შვილის ურთიერთობის შესახებ მხოლოდ მათი საუბრის, განსაკუთრებით კი მშობლის პასუხების საფუძველზე. თითოეულმა მშობელმა კარგად უნდა შეისწავლოს საკუთარი ვერბალური რეაქციები, რადგან სწორედ მათშია დამალული მშობლის ეფექტიანობის გასაღები.
PET კურსებზე ვიყენებთ სავარჯიშოს, რომელიც მშობლებს იმის გაგებაში ეხმარება, რა ვერბალურ პასუხებს იყენებენ ისინი, როცა შვილები გრძნობებსა და პრობლემებს უზიარებენ. თუ ამ სავარჯიშოს შესრულება გსურთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი და კალმისტარი ან ფანქარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თხუთმეტი წლის შვილი ერთ საღამოს, ვახშმობისას, აცხადებს:
“სკოლა ტეხავს! უამრავ უსარგებლო რამეს გასწავლიან, არაფერში რომ არ გჭირდება. გადავწყვიტე, სულაც არ გავაგრძელო სწავლა კოლეჯში. წარმატებული რომ გახდე, განათლება სულაც არ არის საჭირო. უამრავი სხვა გზაა ცხოვრებაში წინ წასაწევად”.
ახლა ფურცელზე დაწერეთ, რას უპასუხებდით შვილის ამ აღიარებას. გამოხატეთ თქვენი ვერბალური შეტყობინება ზუსტად იმ სიტყვებით, რომლებსაც გამოიყენებდით პასუხისას.
ამის შემდეგ სხვა სიტუაცია წარმოიდგინეთ. ათი წლის ქალიშვილი გეუბნებათ:
“არ ვიცი, რა მჭირს. ჯინის მოვწონდი, ახლა აღარ მოვწონვარ. ის აღარ მოდის ჩემთან სათამაშოდ. როდესაც მასთან მივდივარ, ის ეშლის ეთამაშება. ერთად თამაშობენ და მხიარულობენ, მე კი მარტო ვდგავარ. ორივე მეჯავრება”.
ისევ სიტყვასიტყვით დაწერეთ, რას უპასუხებდით ქალიშვილის ამ შეტყობინებას.
აი კიდევ ერთი სიტუაცია – თერთმეტი წლის შვილი გეუბნებათ:
“რატომ უნდა დავასუფთაო ეზო და გავიტანო ნაგავი? რეის არ აიძულებს დედა ამ საზიზღრობების კეთებას! უსამართლოდ მექცევი. ბავშვმა არ უნდა აკეთოს ამდენი საქმე. არავინ აკეთებს იმდენ სისულელეს, რამდენსაც მე”.
დაწერეთ თქვენი პასუხი.
მშობლის პასუხები უამრავი კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ისინი ქვემოთ არის მოცემული. აიღეთ თქვენი პასუხები და ნახეთ, ყველაზე მეტად რომელ კატეგორიას შეესაბამება ისინი.
1. ბრძანება, მოთხოვნა, იძულება
აიძულებთ ბავშვს, ბრძანებითა და მოთხოვნით გააკეთოს რაიმე:
“არ მაინტერესებს, როგორ იქცევიან სხვა მშობლები, ეზო უნდა დაასუფთაო!”
“ასე ნუ მელაპარაკები!”
“დაბრუნდი უკან და ჯინის და ეშლის ეთამაშე!”
“შეწყვიტე სლუკუნი!”
2. გაფრთხილება, დარწმუნება, მუქარა
ახსენებთ ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს:
“ეს თუ გააკეთე, ინანებ!”
“კიდევ ერთი სიტყვა და ოთახიდან გახვალ!”
“თუ უსიამოვნებები არ გინდა, უმჯობესია, ეგ არ გააკეთო!”
3. შეგონება, ჭკუის სწავლება, ქადაგება
ახსენებთ ბავშვს, რა ევალება:
“ასე არ უნდა მოიქცე!”
“ვალდებული ხარ, ეს გააკეთო…”
“უფროსებს პატივი უნდა სცე!”
4. რჩევა, კარნახი, შეთავაზება
ეუბნებით ბავშვს, როგორ მოაგვაროს პრობლემა, აძლევთ რჩევას ან სთავაზობთ მზამზარეულ პასუხებს ან გადაწყვეტილებებს:
“სთხოვე ჯინის და ეშლის, ჩვენს ეზოში ითამაშონ”.
“რამდენიმე წელი მოიცადე, ვიდრე კოლეჯის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდე”.
“კარგი იქნება, თუ ამის შესახებ მასწავლებელებს დაელაპარაკები”.
“ეცადე, სხვა გოგოებს დაუმეგობრდე”.
5. სწავლება, ლოგიკური არგუმენტაცია
ცდილობთ, ბავშვზე გავლენა მოახდინოთ ფაქტებით, კონტრარგუმენტებით, ლოგიკით, ინფორმაციით ან თქვენი შეხედულებებით:
“კოლეჯი საუკეთესო გამოცდილებას შეგძენს”.
“ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან შეგუება”.
“მოდი, მაგალითებით ვნახოთ, რას აღწევენ კოლეჯდამთავრებულები”.
“თუ ბავშვები სახლის საქმეებზე პასუხისმგებლობას იკისრებენ, მათგან პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები დადგებიან”.
“მოდი, ამას ასე შეხედე – დედას ოჯახურ საქმეებში შენი დახმარება სჭირდება”.
“როცა შენხელა ვიყავი, ორჯერ მეტ საქმეს ვაკეთებდი”.
6. გაკიცხვა, კრიტიკა, უთანხმოება, დადანაშაულება
ბავშვს კიცხავთ ან ნეგატიურად აფასებთ:
“არასწორად ფიქრობ”.
“რა ბავშვობაა!”
“ძალიან ცდები”.
“ვერ დაგეთანხმები”.
7. ქება, თანხმობა
გამოხატავთ პოზიტიურ აზრს ან შეფასებას, თანხმობას:
“კარგი შვილი ხარ”.
“კარგად სწავლა შეგიძლია”.
“ვფიქრობ, მართალი ხარ”.
“გეთანხმები”.
8. სალანძღავი სახელების წოდება, დაცინვა, შერცხვენა
ბავშვს სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებთ:
“გაფუჭებული, გაუზრდელი ბავშვი ხარ!”
“მომხედე, ყოვლისმცოდნევ!”
“ველურივით იქცევი!”
“კარგი, ჩემო “პატარავ”.
9. ინტერპრეტაცია, ანალიზი, დიაგნოზის დასმა
უხსნით ბავშვს მისსავე მოტივებს ან აანალიზებთ, რატომ ამბობს ან იქცევა ასე; ამცნობთ, რომ იცით, რაშია საქმე ან სვამთ დიაგნოზს:
“შენ უბრალოდ ეჭვიანობ ჯინიზე”.
“ამას იმისთვის ამბობ, რომ გამაგიჟო”.
“სინამდვილეში სულაც არ ფიქრობ ასე”.
“ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სკოლაში საქმე კარგად ვერ გაქვს”.
10. დამშვიდება, თანაგრძნობის გამოხატვა, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა
ცდილობთ, ბავშვს თავი უკეთ აგრძნობინოთ, უკეთეს გუნებაზე დააყენოთ, გაუქარწყლოთ ნეგატიური ემოციები:
“ხვალ ამაზე გაგეცინება”.
“ზოგჯერ ყველა ბავშვს ემართება ასე”.
“ნუ დარდობ, ყველაფერი მოგვარდება”.
“შენი შესაძლებლობების წყალობით საუკეთესო სტუდენტი იქნები”.
“ადრე მეც ასე მეგონა”.
“ვიცი, სკოლა ხანდახან ძალიან მოსაწყენია”.
“შენ ხომ სხვა ბავშვებს კარგად ეგუები”.
11. გამოკვლევა, გამოკითხვა, დაკითხვა
ცდილობთ, დაადგინოთ მიზეზები, მოტივები, საფუძველი, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:
“როდის მერე ფიქრობ ასე?”
“რატომ გგონია, რომ სკოლა გეჯავრება?”
“გითხრეს ბავშვებმა, რატომ არ უნდათ შენთან თამაში?”
“რამდენ ბავშვს ესაუბრე ოჯახური პრობლემების შესახებ?”
“ვინ ჩაგაგონა ეს აზრი?”
“რას იზამ, თუ კოლეჯში არ წახვედი?”
12. ყურადღების გადატანა, გაქარწყლება, ხუმრობა, სხვა თემაზე გადართვა
ცდილობთ, ბავშვს პრობლემა დაავიწყოთ და თავადაც აარიდოთ მას თავი:
“უბრალოდ დაივიწყე”.
“მოდი, ამაზე ჭამის დროს ნუ ვილაპარაკებთ”.
“მოდი, რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთ”.
“როგორ მიდის ფეხბურთის საქმეები?”
“ალბათ, პრეზიდენტსაც კი არ ექნება ისეთი რთული პრობლემები, როგორიც შენ”.
“ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ეს ყველაფერი”.
თუ თქვენი პასუხები ერთ-ერთ ამ კატეგორიას მიაკუთვნეთ, ტიპური მშობელი ხართ. თუ ისინი თორმეტიდან ვერც ერთს ვერ მიესადაგა, მოითმინეთ, სანამ ბავშვების შეტყობინებებზე პასუხების ზოგიერთ სხვა კატეგორიასაც წარმოგიდგენდეთ – შესაძლოა, რომელიმე მათგანს თანხვდეს.

როცა ჩვენს კურსებზე მშობლები ამ სავარჯიშოს აკეთებენ, მათი პასუხების 90% ამ თორმეტი კატეგორიის შესაბამისია. დედებს და მამებს აოცებთ ასეთი ერთსულოვნება – უმრავლესობისთვის არავის უჩვენებია, როგორ ესაუბრებიან ისინი შვილებს, კომუნიკაციის რა საშუალებებს იყენებენ მათი გრძნობებისა და პრობლემების პასუხად.
ერთ-ერთი მშობელი აუცილებლად იკითხავს: “კეთილი, ახლა ვიცით, როგორ ვსაუბრობთ, მაგრამ მერე რა? რა შეიცვლება 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის გამოყენებით?”
 

რას ნიშნავს “12 საკომუნიკაციო გზამკვლევი”?
იმისთვის, რომ მშობლებმა გაიგონ, რა გავლენა აქვს ამ საკომუნიკაციო გზამკვლევებს ბავშვებზე ან მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, უპირველესად, უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ პასუხებს, ჩვეულებრივ, ერთზე მეტი მნიშვნელობა ანუ შეტყობინება აქვს. მაგალითად, შვილის ჩივილზე, მეგობარს აღარ მოვწონვარ და ჩემთან თამაში აღარ უნდაო, თქვენი პასუხი: “მგონია, რომ თუ ჯინის უკეთ მოექცევი, ის ისევ მოინდომებს შენთან თამაშს” – ბავშვისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი რჩევის შიშველი “შინაარსი”. ბავშვს “ესმის” ერთი ან რამდენიმე (თუ ყველა არა) დამალული შეტყობინება:
“შენთვის უცხოა ჩემი გრძნობები და ამიტომ გინდა შევიცვალო”.
“არ გჯერა, რომ ამ პრობლემას თავად მოვაგვარებ”.
“მიგაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია”.
“შენსავით ჭკვიანად არ მიგაჩნივარ”.
“მიგაჩნია, რომ არასწორად ვიქცევი”.
ან, დავუშვათ, თუ შვილი გეუბნებათ: “ვერ ვიტან სკოლას და ვერაფერს, რაც მას უკავშირდება”, – ხოლო თქვენ პასუხობთ: “ჰო, ყველას გამოგვიცდია ეგ გრძნობა! არა უშავს, გაგივლის!” – ის პარალელურად ამგვარ შეტყობინებებსაც იღებს:
“ესე იგი შენთვის ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა”.
“შენთვის მიუღებელია სკოლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება”.
“ფიქრობ, რომ მე ვცდები და არა სკოლა”.
“არასერიოზულად აღმიქვამ”.
“ჩემი აზრი სკოლის შესახებ უსაფუძვლოდ მიგაჩნია”.
“სულაც არ გადარდებს ჩემი გრძნობები”.
შვილისადმი მიმართულ სიტყვებში ხშირად მშობლების შეფასება ჩანს. ამიტომ ახდენს ურთიერთობა ამგვარ გავლენას ბავშვზე როგორც პიროვნებაზე და, საბოლოო ჯამში, თავად თქვენს ურთიერთობაზეც. შვილთან ყოველი საუბრისას თითო აგურს ამატებთ თქვენი ურთიერთობის სტრუქტურას. თითოეული შეტყობინება ბავშვს ეუბნება, რას ფიქრობთ მასზე. თანდათანობით მას წარმოდგენა ექმნება იმის თაობაზე, როგორ აღიქვამთ მას. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კონსტრუქციული ბავშვისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, ასევე დესტრუქციულიც.
მშობლებმა ადვილად რომ გაიგონ, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს 12 საკომუნიკაციო გზამკვლევი, ვთხოვთ გაიხსენონ საკუთარი რეაქციები მეგობართან გულახდილობისას. ყველა ჩვენი მსმენელი, უგამონაკლისოდ, აღიარებს, რომ ამ გზამკვლევებს დესტრუქციული გავლენა ჰქონდა მათზე ან მათ ურთიერთობაზე. აი, ამგვარი საუბრების შედეგის რამდენიმე მაგალითი:
“ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევენ, პირში ბურთს მჩრიან”.
“მაიძულებენ, თავი დავიცვა”.
“მაიძულებენ, ვეკამათო, კონტრშეტევაზე გადავიდე”.
“თავს უსუსურად მაგრძნობინებენ, მამცირებენ”.
“მაიძულებენ, გავბრაზდე და აღვშფოთდე”.
“თავს უმაქნისად, დამნაშავედ მაგრძნობინებენ”.
“მაგრძნობინებენ, რომ თუ მინდა, მაღიარონ, უნდა შევიცვალო”.
“მაგრძნობინებენ, რომ არ სჯერათ, რომ ძალა შემწევს, საკუთარ პრობლემებს თავად გავართვა თავი”.
“მაგრძნობინებენ, თითქოს შემწყნარებლურად მექცევიან, როგორც პატარას”.
“მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ვერ გამიგეს”.
“მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ჩემი გრძნობები გაუმართლებელია”.
“ცდილობენ,საუბარიგამაწყვეტინონ”.
“მაიძულებენ, თავი იმედგაცრუებულად ვიგრძნო”.
“თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოწმედ ვიყო ჯვარედინ დაკითხვაზე”.
“მაგრძნობინებენ, რომ მსმენელს სულაც არ აინტერესებს, რას ვეუბნები”.
ჩვენი მსმენელები მაშინვე ხვდებიან, რომ რაკი ამ 12 საკომუნიკაციო გზამკვლევს ასეთი გავლენა აქვს მათზე სხვებთან ურთიერთობისას, ალბათ, ამგვარივე გავლენა ექნება მათ შვილებზეც.
მართლებიც არიან. სწორედ ეს თორმეტი სიტყვიერი პასუხია, რომელთა გვერდის ავლაც ისწავლეს პროფესიონალმა თერაპევტებმა და ფსიქოლოგებმა ბავშვებთან მუშაობისას. ასეთი პასუხები პოტენციურად “არათერაპიული”, ანუ “დესტრუქციულია”. პროფესიონალები ბავშვების შეტყობინებებზე პასუხის სხვა გზებს იყენებენ. ნაკლებსარისკოა, რომ ეს პასუხები ბავშვებს საუბრის სურვილს გაუქრობს, თავს დამნაშავედ ან არშემდგარად აგრძნობინებს, თვითშეფასებას დაუმცრობს, თავდაცვის სურვილს გაუჩენს, გაანაწყენებს, უღიარებლობის გრძნობას გაუჩენს და ა.შ.
ამ წიგნის დანართში მოყვანილია 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის კატალოგი, სადაც უფრო დაწვრილებითაა აღწერილი მათი მოსალოდნელი დესტრუქციული შედეგები.
ამ გზამკვლევებზე მიჯაჭვულობის გაცნობიერებისთანავე მშობლები ერთსა და იმავე შეკითხვას სვამენ: “სხვაგვარად როგორ უნდა ვუპასუხოთ? რა გზები არსებობს?” “თუ არ ვკითხე, როგორ გავიგებ, რა ხდება?”
შემდეგ სტატიაში რამდენიმე ალტერნატივა იქნება მოცემული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი