ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ უნდა ბავშვის სიყვარული

ცოტა ხნის წინ, როდესაც საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნებს ვახარისხებდი, თვალში მომხვდა წიგნი, რომელიც მანამდე მაჩუქეს, სანამ ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ.

 

„როგორ უნდა ბავშვის სიყვარული“ – ასე ჰქვია აღმზრდელობითი ხასიათის ესეების კრებულს, რომლის ავტორი იანუშ კორჩაკია. პოლონელი პედაგოგი და საბავშვო მწერალი, რომლის ნამდვილი სახელია ერიხ ჰენრიხ გოლდშმიდტი, ჩვეული მგრძნობიარობით და სიფაქიზით ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვის დაბადება, მისი აღზრდა, დედობრივი გრძნობა, ოჯახის სამყარო, გარემო პირობები და მათი ზეგავლენა ბავშვზე და სხვა იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც ბავშვებთან ახლოს მყოფ ადამიანებს გვაინტერესებს და გვჭირდება.

იანუშ კორჩაკის შემოქმედების ცენტრალური ხაზი ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი სწორად აღზრდა, მისი პიროვნების დანახვა და დაფასებაა. ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი ხელმსაწვდომი ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ლიტერატურა, როგორიც თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციაში ვიძირებით. ამ დროს ფასდაუდებელი საგანძურია იანუშ კორჩაკის პედაგოგიური რჩევები და დარიგებები, რომლებიც გამთბარია ბავშვებზე ფიქრით, ნასაზრდოებია მათზე დაკვირვებით, რის გამოც არასდროს კარგავს აქტუალობას.

იანუშ კორჩაკის ეს წიგნი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1918 წლებში, ავტორის ფრონტზე ყოფნისას დაიწერა. ესეების კრებული ოთხი თავისგან შედგება: „ბავშვი ოჯახში“, „ინტერნატი“, „საზაფხულო ბანაკები“, „ობოლთა სახლი“. ავტორი ყურადღებას ამახვილებს წვრილმან დეტალებზე, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში შეუმჩნეველი რჩება, მერე კი მძიმე შედეგებს იწვევს.

თანამედროვე აღზრდა იქითაა მიმართული, რომ ბავშვი მოხერხებლი იყოს, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაძინოს, დათრგუნოს, გაანადგუროს ყოველივე ის, რაც არის ნება და თავისუფლება, სულიერი სიმტკიცე, ძალა მისი მოთხოვნილებებისა. ზრდილობიანი, გამგონე, კარგია, მოხერხებლია და არც არავის მოაფიქრდება, რომ შინაგანად ეს ბავშვი უნებისყოფო, ცხოვრებაში ბრძოლის უნარს მოკლებული იქნება.

ამ სიტყვების კითხვისას ვის დავინახავდი, თუ არა საკუთარ თავს, რომელიც ზოგჯერ ოცნებობს, მისი შვილები ნაკლებად ხმაურიანები იყვნენ, ნაკლებად აქტიურები, სწრაფად ისაუზმონ, ისადილონ, ივახშმონ, სწრაფად გაიხეხონ კბილები და სწრაფადვე დაიძინონ. ერთი სიტყვით, სწრაფად იცხოვრონ და უბრალოდ ისეთები გახდნენ, ისეთი დამყოლები, რომ ჩვენთვის მათთან ერთად ცხოვრება უფრო კომფორტული იყოს.

აღმზრდელობით რუტინაში ჩათრეული მშობლები უამრავ შეცდომას ვუშვებთ და იმწუთას ვერც კი ვიაზრებთ სიტუაციის სიმძიმეს; არ ვუფიქრდებით, რამდენად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ჩვენი დაუფიქრებელი საქციელი. მერე კი, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, ვიწყებთ ხელჩართულ ბრძოლას მათ შესაცვლელად, მათი ძლიერი ნების მოსადრეკად. ვიბრძვით, რომ არ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, უსიტყვოდ დაგვემორჩილონ და არ შეგვეწინააღმდეგონ, როდესაც რამეში არ გვეთანხმებიან.

ბავშვი იტყვის ასე: საკუთარი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, – და შენც, დედა, უპასუხებ:იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით“, – წერს კორჩაკი.

და სევდიანია ეს გაშვებაც… პირველ რიგში, ალბათ სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ მშობლებმა: ბავშვები, რომლებიც რაღაც ძალით ჩვენს ცხოვრებას დაუკავშირდნენ, თავისუფალი ნების მატარებლები არიან და ჩვენსას ვერ დავუქვემდებარებთ.

ჰოდა, ურჩევ მას, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა იცხოვროს. მერე რა, რომ ირგვლივ ერთფეროვნებაა და ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის. ვინ უნდა გამოვიდეს შენი შვილი? მებრძოლი თუ მუშაკი? სარდალი თუ ჯარისკაცი? თუ უბრალოდ ბედნიერი? ბედნიერება კი სადაა, ბედნიერება კი რაღაა? იცი კი მისკენ მიმავალი გზა? არსებობს კი ადამიანი, ვინც ეს იცის?

 

ამ კრებულში ვერ შეხვდებით რეცეპტებს და მითითებებს, როგორ აღვზარდოთ შვილები და როგორ ვიზრუნოთ მათზე, რადგან თითოეული ბავშვი უნიკალურია, ძნელია, ყველა პატარა ერთ, ყველასათვის მოსაწონ ყალიბს მოარგო და ამის მიხედვით მართო მისი პიროვნება. იანუშ კორჩაკის აზრით, ბავშვის სიყვარული და მისი სწორად აღზრდა ნიშნავს მივენდოთ მშობლობის გუმანს, დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს, მათ ემოციებს და სურვილებს და ფრთხილად, ოდნავ ხელის ცეცებით და ფეხაკრეფით გავიკვლიოთ გზა მათი სამყაროსკენ, მათი გულებისკენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი