პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მრავალფეროვნების კუნძულები

როგორ შეიძლება სასკოლო ექსკურსია გართობასა და დასვენებასთან ერთად შემეცნებითიც იყოს და დაუვიწყარიც, ამაზე მეც დამიწერია და სხვებსაც. ისიც ცნობილი ამბავია, რომ ბავშვებისთვის განსხვავებულ კულტურებთან შეხება სამყაროს მრავალფეროვნების ასახსნელად და სხვების გასაგებად ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია. და ვინაიდან საექსკურსიო ადგილი შეიძლება ჩვეულებრივი სოფელი ან დასახლებაც იყო, სადაც ამ ადგილის ისტორიას და თავისებურებებს გაეცნობიან მოზარდები, გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, რომელიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, როგორც მრავალფეროვნების კუნძულები, როგორც ფინალისკენ მიმავალი ამბავი, რომლის მონაწილეც ჯერ კიდევ შეიძლება გახდე.

 

ილიაწმინდა – ერთი პატარა სოფელია კახეთში, სიღნაღთან ახლოს. აქ წლების წინ რუსეთიდან დევნილი რელიგიური უმცირესობის წევრები, მალაკნები ჩამოვიდნენ, დასახლდნენ, მათთვის ტიპური არქიტექტურით სახლები და სოფლის ცენტრში ეკლესია ააგეს და ნელ-ნელა ქართულის სწავლაც დაიწყეს. 90-იან წლებში, ულტრანაციონალისტური განწყობების გაძლიერებასთან ერთად ერთხელ უკვე დევნილებმა საკუთარი სამშობლოდან, ახლა უკვე საქართველოში იგრძნეს დევნის საფრთხე და მათი დიდი ნაწილი, ძირითადად ახალგაზრდები ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ. ახლა ილიაწმინდაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, ჩაის ისევ სამოვარში ადუღებენ, ზამთრობით რუსულ “ფეჩებს” ანთებენ და სკივრებში ახალგაზრდობის დროინდელ ნაქარგობებს ინახავენ – როცა მოკვდებიან, უნდათ რომ ეს ნაქარგები ჩააცვან და დააფარონ. მორწმუნე მალაკნები კვირაობით ეკლესიაში იკრიბებიან და ისე ტკბილად და ისე თავდავიწყებით გალობენ, ცოტა რამ შეიძლება იყოს ამაზე შთამბეჭდავი მოსასმენად.

 

ასურეთი, თრიალეთი, ბოლნისი – გერმანელების ნაკვალევებზე. გერმანელებმა კოლონიზატორებმა საქართველოში ჩამოსახლება 1817 წლიდან დაიწყეს და რამდენიმე დასახლება შექმნეს, მათთვის ჩვეული არქიტექტურით საცხოვრებელი სახლები, ეკლესიები და სამეურნეო დანიშნულების შენობები ააგეს. მათი დიდი ნაწილი დღეს დაკარგული ან პირველადი სახის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ ამ სამ დასახლებაში ჯერაც შეიძლება გერმანელების ნაკვალევის პოვნა. საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ონლაინ არქივში არაერთი საინტერესო ფაქტი იძებნება, რომლებზეც ბავშვებთან ერთად შეიძლება მსჯელობა ამ ადგილების სტუმრობისას.

 

კულაში – ებრაული სოფელი იმერეთში, სამტრედიასთან ახლოს, სადაც ადრე 6 სინაგოგა ფუნქციონირებდა და ათასობით ებრაელი ცხოვრობდა, ახლა მათ ნაკვალევებს ებრაულ-ქართული მუზეუმის და იმ ადგილობრივების დახმარებით ყვება, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ აქ ებრაელების დომინაციის პერიოდი. ებრაელებს საქართველოში ცხოვრების საუკუნოვანი ისტორია აქვთ და ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ კულაშში იყო მათი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. ამ დროისთვის კვლავ არის შემორჩენილი 3 სინაგოგა, სასაფლაო და მუზეუმი აქაური მაცხოვრებლების ნივთებით.

 

იმ შემთხვევაში, თუკი მრავალფეროვნების კუნძულებს ესტუმრებით, საინტერესო იქნება მოსწავლეებთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მუდმივად ცოცხალ თემაზე – მიგრაცია მსჯელობა.

  • რატომ ტოვებენ ადამიანები სამშობლოს და რა ნიშნით ირჩევენ ახალ ადგილს საცხოვრებლად;
  • რა პროცესებს გადის ემიგრანტი ახალ გარემოში ინტეგრაციისთვის და რამდენად ღია ვართ ახალი ხალხების მისაღებად;
  • როგორ ამდიდრებს საზოგადოებას და კულტურას მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა;
  • რა უფრო ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის – ღიაობა თუ კარჩაკეტილობა?

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი