პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მეტა ადილოშ“

„მეტა ადილოშ“ ქურთულ ენაზე „მამიდა ადილოს“ ნიშნავს. ქალი სახელად ადილოშ მართლაც არსებობს, ქურთი ეშხიანი ბანოვანია და ისეთ გემრიელობებს ამზადებს, თითებს ჩაიკვნეტთ. თავის პატარა დუქანს კი, სწორედ „მამიდა ადილოშ“ დაარქვა, რადგან თვლის, რომ ყველა იქ შემსვლელის მამიდაა და მოვალეა კარგად და გემრიელად დაანაყროს.

დღეს, როდესაც ასე აირია მსოფლიო და უსამართლობის შედეგად ამდენი ქურთი იღუპება, ერთ პატარა თურქულ ქალაქში მშვიდობა სუფევს და შენ „ეს“ ხარ, მე კი „ის“,ადამიანებს საერთოდ არ ანაღვლებთ. ყველანი პლანეტა დედამიწის ბინადარნი   ვართ და ეს მოკლე წუთისოფელი   ერთმანეთზე ეროვნების წამოძახებაში არ უნდა განვლიოთ. „მეტა ადილოშ“-ს დუქანში ეს ყველაზე კარგად ჩანს. ერთ დიდ მაგიდასთან ვსხედვართ ქართველი, ქურთი, არაბი, თურქი და ყველა გულიანად ვიცინით. საოცრად მშვიდად და კარგად ვგრძნობ მათ გვერდით თავს და „მამიდა ადილოშის“ მომზადებულ სოკოს ღვეზელს ველოდები.

-ადილოშ, ეძახიან, გვაღირსე ეგ ღვეზელი ბოლოს და ბოლოს.

-მამიდა გენაცვალოთ, მომაქვს, უკვე ლანგარზეა გადმოღებული, პასუხობს ადილოში და თავზე შემოდგმული ლანგრით ცეკვა ცეკვით მოდის.

მოკლედ, „მამიდას“ ვერც დუქნის სიკრიალეს, ვერც უგემრიელეს კერძებს და ვერც იუმორის გრძნობას ვერ დაუწუნებ. მიმდინარე კვირა სოკოსი აქვს, შესაბამისად, სულ სოკოს კერძებით გვანებივრებს.

სოკო ძალიან მიყვარს… ასევე, ძალიან მეშინია…და მიუხედავად ამ შიშისა, მაინც მივირთმევ. მით უმეტეს, თუ სათბურის არის.

და…თუ ტყის არის?

რამდენმა იცის სოკოს სწორად ამოცნობა? თან თუნდაც სოკო შხამიანი არ იყოს, თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულ ნიადაგზე გაიზრდება, მასში მაინც ტოქსინები აკუმულირდება.   ზოგიერთ სოკოში კი, თურმე ტოქსინის კონცენტრაცია ნიადაგთან შედარებით მაღალიც შეიძლება იყოს. თუ სოკო გზის პირას იზრდება, სადაც მანქანების მოძრაობაა, მაშინ უეჭველად მძიმე მეტალებსაც დააგროვებს.

გარდა ამისა, სამ  წლამდე  ბავშვისთვის თუნდაც სათბურის სოკოს მიცემა ნებადართული არ არის, რადგან იქ შემავალი ცილები რთული გადასამუშავებელია. თუმცა, ამავე დროს სოკოში უამრავი რაოდენობის ვიტამინი და მიკროელემენტია. მათ შორის, სელენი-ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირი.

სელენი 1817 წელს ბერცელიუსმა აღმოაჩინა. გოგირდმჟავას წარმოების ახალ მეთოდს იკვლევდა. ნალექში, მისი აზრით, იშვიათი მეტალი ტელური უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ხელში მანამდე უცნობი ელემენტი შერჩა და მას სელენი უწოდა, რაც ბერძნულად „მთვარეს“ ნიშნავს. მთვარე დედამიწის თანამგზავრია. ტელური კი ბერძნულად „მიწას“ ნიშნავს. ამიტომაც, რადგან ტელურს ელოდა, აღმოჩენილი ელემენტი მის  „თანამგზავრად“ გამოაცხადა.

სხვა მიკროელემენთებთან ერთად სელენის მარაგი შეიძლება შევივსოთ მარცვლოვნებით, საფუარით, ზეითუნის ზეთით და ზეთის ხილით, ნიგვზეულით და ზღვის პროდუქტებით.

სოკო ცილის საბადოა. მშრალ სოკოში ცილის მარაგის 64%-ია, ხორცის კონსერვში კი 14%. ეს ისე, შედარებისთვის, რომ ვიცოდეთ.

სოკოს ოდნავ ხორცის გემო დაკრავს. საქმე გლუტამინმჟავაშია, რომელიც ოცი პროტეინგენული ამინმჟავას შედგენილობაში შედის და გლუტამინმჟავას მონონატრიუმის მარილს წარმოქმნის (C5H8O4NNa). ეს მარილი ხორცის დაძველების დროს, ცილის ხრწნის შედეგად წარმოიქმნება. ამავე პროცესში წარმოიქმნება ინოზინმონოფოსფატიც (C10H13O8N4P). ამ ორ ნაერთს ერთად კი ხორცის ძალიან მძაფრი გემო აქვს. ამიტომ არის, რომ სწორედ ამ  ნაერთებს იყენებენ ე.წ. ხორცის საკვებისთვის ხორცის გემოს მისაცემად. იაფიც არის და მომხმარებელიც ტყუვდება. თუმცა, ეს ნაერთები თავისთავად ნამდვილ ხორცშიც გვხვდება. საქონლის ხორცში ორჯერ მეტი რაოდენობით არის გლუტამინმჟავას მონონატრიუმის მარილი, ვიდრე ღორის ხორცში. ინოზინმონოფოსფატის შემცველობა კი ამ ორ პროდუქტში თანაბარია.  სოკოშიც ასევე ბევრია ცილები, რომლებიც გლუტამინმჟავას შეიცავს. ამით აიხსნება მათი გემოს მსგავსება ხორცის გემოსთან. სწორედ ამიტომ, სოკოს ძირითან ნაწილს, ანუ ქუდს  ბაზიდიოკარპს უწოდებენ (P.W.Atkins “Molecules”, Scientific American Library, 1991).

კლუბური მუშაობის დროს გასაკეთებელ ექსპერიმენტს ჩაგაწერინებთ. როგორ გამოვყოთ გლუტამინის მჟავა ბიოლოგიური მასალიდან. ჩვენს შემთხვევაში, სოკოდან.

2გ ბიოლოგიური მასალა დააქუცმაცეთ და როდინში მოათავსეთ. დაამატეთ 10მლ 75% -იანი ეთილის სპირტი და სრისეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გაფილტრეთ ფილტრის ქაღალდში. ფილტრატი, პატარა ზომის ქიმიური ჭიქით, აორთქლების მიზნით მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. სპირტის ამოშრობის შემდეგ დარჩენილ მშრალ ნაშთს დაამატეთ 2 მლ 1%-იანი მარილმჟავას ხსნარი და 10-15 წუთის განმავლობაში მოურიეთ მინის წკირით, სანამ გამოლექილი მასა სრულად არ გაიხსნება.

მიღებულ ხსნარში გლუტამინის მჟავას აღმოჩენა   შეიძლება ნინჰიდრინის რეაქციის მეშვეობით. ამისთვის, მიღებული ხსნარის რამდენიმე წვეთს ათავსებენ სინჯარაში, ამატებენ გამოხდილ წყალს, რათა ხსნარის მოცულობა შეადგენდეს 2-3მლ-ს, შემდეგ ამატებენ 3-4 წვეთ 1%-იან ნინჰიდრინის ხსნარს, რომელიც წინასწარ გახსნილია 95%-იან აცეტონში. სინჯარის შიგთავსს მოურევენ მინის წკირით და 5 წუთის განმავლობაში ათავსებენ 70გრადუსამდე გაცხელებულ წყლის აბაზანაზე. ხსნარი ინტენსიურ მოლურჯო-იისფრად შეიფერება, რაც მასში გლუტამინის მჟავის არსებობას ადასტურებს.

ამინმჟავას და ნინჰიდრინის ურთიერთქმედების საწყის ეტაპზე წარმოიქმნება ე.წ. შიფის ფუძე, ხოლო შემდეგ ის განიცდის გადაჯგუფებას, დეკარბოქსილირებას და დაშლის შედეგად მიიღება ალდეჰიდი და ამინოდიკეტოჰიდრინდენი. ეს უკანასკნელი ურთიერთქმედებს ნინჰიდრინის კიდევ ერთ მოლეკულასთან, წარმოქმნილი ნაერთი განიცდის ენოლიზაციას და გარდაიქმნება ფერადი ფორმის წარმოებულში, რომელსაც „რუემანის მოლურჯო-იისფერი“ ეწოდება. ეს პროცესი დაწვრილებით შესწავლილ იქნა რუემანის მიერ 1910 წელს.

ახლა, ოდნავ უსიამოვნო თემაზე გადავალ, რომელიც ასევე სოკოს სამეფოს შეეხება, საოცრად გავრცელებულია და ამ პრობლემაზე საუბარი მიღებული არ არის. დიახ, სოკო, რომელიც ადამიანის სხეულზე ბინადრობს (ძირითადად ფეხზე), ზემოთ აღწერილი სოკოების „გარე ბიძაშვილებს“ წარმოადგენენ. ეს სოკოც იმით იკვებება, რაზეც ცხოვრობს. თავის მიცელებსაც საცხოვრებელ არეალზე  ავითარებს. მაგ. თუ ის თითის ფრჩხილზე ცხოვრობს, მაშინ ფრჩხილის ცილით იკვებება. ამ დროს, სოკოს რაც მეტი სითბო და სინოტივე ექნება, მით უფრო გაილაღებს და გავრცელდება. იგივე პირობები ჭირდება სახლის კედლებზე მობინადრე სოკოებსაც-სითბო და სინესტე. გარდა ამისა, პარაზიტ სოკოს ვერანაირი ფრჩხილის ლაქები, მალამოები და სპრეი ვერ უშველის. ისინი მას უბრალოდ შეანელებენ და როგორც კი გამოყენებას შეწყვეტს ადამიანი, პარაზიტი ხელახლა იფეთქებს. ამ შემთხვევაში, სპეციალური მედიკამენტების დალევაა აუცილებელი, რადგან სოკო იკვებება იმით, რაზეც ცხოვრობს. როგორც კი მედიკამენტი ფრჩხილის შეგნით, შინაგანად მოხვდება, სოკო მას „მიირთმევს და მოიწამლება“. ადამიანის თითზე კი ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი დაიწყებს ზრდას.

სოკოთა სამეფოში სხვა პარაზიტებიც მრავლადაა. მაგალითად, სოკო კორდიცეფსი. მისი გავრცელების არეალი დიდია, თუმცა მაინც უფრო ტროპიკულ რეგიონებში გვხვდება. ცალგვერდა კორდიცეფსი ჭიანჭველაზე ცხოვრობს და აზომბირებს მას. საბრალო ჭიანჭველა სოკოს „ბრძანებებს“ ემორჩილება. სოკოს სპორები ხვდება ჭიანჭველას ტანზე, ჩაიზრდება მის სხეულში და სპეციალური ცილის მეშვეობით  მართავს ჭიანჭველას. მწერიც ყველაფერს ივიწყებს და ოჯახიდან გადის, მარტო დახეტიალობს, ეძებს პარაზიტის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ნახულობს შესაფერისი ტემპერატურის, ტენიანობის ადგილს, რომელიც არც ზედ მიწაზე იქნება და არც მაღლა ხეზე. ადგილის მოძებნის შემდეგ, ჭიანჭველა კვდება, მისი თავიდან კი იზრდება სოკო, რომელიც ახალი სპორებითაა სავსე. შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება, სპორებიანი კოლოფი სკდება, სპორები გარეთ იყრება და ახალ ჭიანჭველაში ჩაიზრდება. თუმცა, მასპინძლად  პეპლის ჭუპრიც გამოდგება.

ზოგიერთი სახეობის კორდიცეპსი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ნიშნით გამოიყენება. მაგალითად, Cordyceps subsessilis გადამუშავებით იმუნოდეპრესანტ ციკლოსპორინს იღებენ. ჩინურ ხალხურ მედიცინაში კი მისგან მიღებული კანის გამწმენდი სითხე გამაახალგაზრდავებელი ეფექტით ხასიათდება. ასევე, იმავე ჩინეთში „მკვდარ მასპინძლებთან“ ერთად სოკოს მიირთმევენ და ფიქრობენ, რომ დამატებით იმუნიტეტს იძენენ. თუმცა, მგონი, ეს ცუდი იდეაა. ჩინეთში კი მაინც თავისებურად ფიქრობენ და ბაზარზე თურმე ერთი კგ კორდიცეფსი 25000 ევრო ღირს.

კორდიცეფსი ერთ-ერთ საშინელებათა ჟანრის ფილმშიც არის გამოყენებული.“ახალი ერა Z“, სწორედ ასე ქვია ფილმს, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა და სადაც სოკოს მოწამვლის შედეგად  საშინელ ზომბებად გადაქცეული ადამიანები ყველას და ყველაფერს ანადგურებენ.

ადრე, როცა ჯერ „შმაქსი“ მოგონილიც კი არ იყო, ტაქსის ერთმა მძღოლმა „სოკოთა სამეფოზე“ ძალიან საინტერესო ლექცია ჩამიტარა. აღმოჩნდა, რომ სოკოს უბადლო ამომცნობი იყო და ოცი წლის სტაჟის მქონე „მესოკოვეს“ტყეში ერთი შეცდომაც კი არ ჰქონდა დაშვებული. თუმცა, დღეს ნიადაგიც უკვე ისეა დაბინძურებული, რომ შესაძლოა სწორი სოკოც საზიანო აღმოჩნდეს და ადამიანი სერიოზული მოწამვლით საავადმყოში მოხვდეს. ამიტომ, სოკო მხოლოდ სუპერმარკეტში შეძენილი უნდა მივირთვათ (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

მე კიდევ, იცით რომელი სოკო მენატრება? ბავშვობაში  ბებია ეზოს განაპირად მდგომი თხილის ქვეშ, რომ კრეფდა, იქვე ჩამიშუშავდა და ზედ თავის ხელით მოყვანილ მწვანილს მოაყრიდა…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი