შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ გავხდი მასწავლებელი

„მამაჩემისგან დავალებული ვარ სიცოცხლის მოცემისთვის, მასწავლებლისგან კი – კარგად ცხოვრების სწავლებისთვის“, – ამბობდა ალექსანდრე მაკედონელი. როგორც ხედავთ, მასწავლებელი ცოდნის გადაცემაზე უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ განათლების სისტემა ამდენ ბარიერს აწესებს პროფესიაში შესვლის მსურველებისთვის.

ჩემი მასწავლებლის სტატუსით სკოლაში დაბრუნების ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ე.წ. სქემის სისტემა ამუშავდებოდა. სკოლაში ჯერ კლასის დამრიგებლად დავიწყე მუშაობა, რაღაც დროის შემდეგ კი საგნის სწავლების საშუალებაც მომეცა. დღეს ალბათ პროფესიაში შესვლა ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან თავის დროზე არც პედაგოგიკის სპეციალური კურსი გამივლია და არც მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებს არ ვუფრთხი (ახლახანს დავამთავრე მაგისტრატურა განათლების ადმინისტრირების განხრით), ჯერ კიდევ პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, ალბათ იმიტომ, რომ სკოლას ჩემთვის კომპეტენციის დადასტურება არასდროს უთხოვია. თუმცა საგნის გამოცდა მაინც ჩავაბარე და  მომავალ წელს მეორე გამოცდის ჩაბარებასაც ვგეგმავ.

საინტერესოა, როგორ აფასებენ ახლად კურსდამთავრებულები მასწავლებლის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებს და რა საშუალებებს მიმართავენ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე არსებული სირთულეების გადასალახად. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად გავესაუბრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულს თამარ რიჟამაძეს, რომელიც თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ახალბედა მასწავლებელია:

,,ჩემი განათლების სფეროთი დაინტერესება ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულმა, შემდეგ კი ცოდნის გადაცემის სურვილმა განაპირობა. აქედან გამომდინარე, დამატებით პროფესიად გავიარე მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. თუმცა მასწავლებლის პროფესიაში შესვლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სკოლები ითხოვენ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ  ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით სამსახურში არავინ აგიყვანს. საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყება გაცილებით რთული აღმოჩნდა  და გადავწყვიტე ერთ-ერთი კერძო სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლის სტატუსს დავჯერებოდი. აღნიშნულ სკოლაში რეზიუმეს გადაგზავნისა და გასაუბრების შედეგად მოვხვდი. 2018 წლიდან კი, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად, ვასწავლი საგანს ,,მე და საზოგადოება“.

თამარმა აღნიშნა, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ყველაზე მეტად დაეხმარა პროფესიული მზაობისა და პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით, მეტიც, მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პროგრამის დამსახურებით აღმოჩნდა სკოლაში. რაც შეეხება მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ (სასერტიფიკაციო) გამოცდებს, ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ისინი გარკვეულწილად გასაუმჯობესებელია. თუმცა არ უარყოფს მათ საჭიროებას, რადგან ჯერჯერობით მასწავლებლის გამოცდები კომპეტენციის დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა და დამწყებ მასწავლებელსაც ეხმარება პროფესიაში შესვლის თვალსაზრისით.

როგორ ფიქრობთ, სერტიფიცირებული კადრები უნდა სარგებლობდნენ რაიმე სახის პრივილეგიით?

,,მასწავლებლობა დასაფასებელი პროფესიაა. თუ პედაგოგს სთხოვენ, იყოს სერტიფიცირებული, შესაბამისად უნდა შესთავაზონ გარკვეული შეღავათები და ბონუსები (სოციალური შეღავათები, პრემია, სახელფასო დანამატი და სხვ.). ვფიქრობ, ამ ტიპის წახალისება მნიშვნელოვნად გაზრდის მასწავლებლის მოტივაციას და ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.“

თამარი პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ საინტერესო გზად მოიაზრებს ისეთი საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა ,,ასწავლე საქართველოსთვის“, ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი სწორედ ამ გზით მოხვდა სკოლაში.

,,ჩემი მეგობარი  2013 წელს ჩაერთო არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერ პროგრამაში, რომელსაც ადრე ,,ქართული, როგორც მეორე ენა“ ერქვა. როგორც მისგან ვიცი, სკოლაში განაწილებამდე გაიარა გამოცდა, გასაუბრება  და ტრენინგები. ამჟამად სკოლაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით მუშაობს. თუმცა ზემოაღნიშნულ პროგრამასაც აქვს თავისი სირთულეები. გიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ოჯახთან და მეგობრებთან დროებით დაშორება. ვინც არ გრძნობს ძლიერ მიჯაჭვულობას და ადვილად ადაპტირდება უცხო გარემოში, ამ გზით ნამდვილად შეძლებს სკოლაში თავის დამკვიდრებას.“

ჩემმა რესპონდენტმა ორიოდე სიტყვით მაძიებლობის პროგრამაც შეაფასა:

,,ასევე მინდა აღვნიშნო მაძიებლობის პროგრამა, რომლის დახმარებითაც მასწავლებლობის მსურველები შეძლებენ სკოლაში მუშაობას. ეს ინიციატივა იმითაც გამოირჩევა, რომ მაძიებელი იღებს შრომის შესაბამის ანაზღაურებას და საკმარისი დრო ეძლევა მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.“

სკოლაში შესვლის შემდეგ მასწავლებელს მაინც სთხოვენ კომპეტენციის დადასტურებას და პროფესიულ ზრდას, რაზეც პედაგოგთა ნაწილი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

,,ჩემი აზრით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება უწყვეტი უნდა იყოს. ეს იქნება ტრენინგები თუ საგანმანათლებლო პროექტები, პედაგოგი უნდა ერთვებოდეს ყველაფერში, რაც მას საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა მთავარი მაინც განვითარების სურვილია. თუ შინაგანი მოტივაცია არსებობს, მასწავლებელი ყოველთვის იპოვის თვითგანვითარების გზას.“

და ბოლოს, რას ურჩევდით მომავალ მასწავლებლებს?

,,ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება (მასწავლებლობას ვგულისხმობ) და თუ მაინც აირჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც… პირველ რიგში, უნდა გიყვარდეთ მოსწავლეები, გქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება მათთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ზრუნვას მათ ყოველდღიურ განვითარებაზე, იგრძნობთ სხვათა გამოცდილების გაზიარების და მუდმივი პროფესიული განვითარების საჭიროებას.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი