რატომ ამტვრევს ბავშვი სათამაშოებს

ერთხელ, ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო დ საყურადღებო დიალოგის მოულოდნელი და უნებლიე მოწმე გავხდი. “არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს, მის ოთახში სათამაშოს ვერ ვპოულობ, დამტვრეული რომ არ იყოს. ჯერ დაშლას იწყებს, და თუ ვერ დაშალა, ამტვრევს. რამდენჯერ ვეჩხუბე, დავემუქრე კიდეც, რომ აღარაფერს ვუყიდიდი, მაგრამ, ვერაფრით გადავაჩვიე სათამაშოებისათვის ზიანის მიყენებას“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შორიახლოს მოთამაშე პატარა ბიჭუნას დედა. „მგონი ჩემი გოგონა არაფრით ჩამოუვარდება თქვენ შვილს – თოჯინა არ დატოვა, თავი, ხელი ან ფეხი მომძვრალი რომ არ ჰქონდეს. რბილი სათამაშოები სულ გამოშიგნული აქვს. ხან ვთხოვ, ვეხვეწები, რომ ასე აღარ მოიქცეს, ხან ვეჩხუბები, ვსჯი, მაგრამ შედეგს ვერც მე მივაღწიე“.  ქალბატონს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მათკენ მომავალი ორი პატარა შევნიშნე – გოგონას თავმომძვრალი თოჯინა ეჭირა ხელში, ბიჭს კი – დამტვრეული მანქანა. „აი, ხომ ვამბობდი, რომ ყველაფერს ამტვრევს, ეს სათამაშო მანქანა გუშინ ვუყიდე და დღეს უკვე დამტვრეულია. შენ აღარასოდეს ეღირსები ახალ სათამაშოს!“ – არ დაიშურა შვილის მიმართ მუქარის სიტყვები ქალბატონმა. „ჩემსას კი დღეს მოუტანეს ეს თოჯინა საჩუქრად. ასეთი საქციელის გამო, აღარასოდეს გამოგიყვან ეზოში სათამაშოდ!“ – ასე გადაწყვიტა შვილის დასჯა გოგონას დედამ. გაღიზიანებული და აღშფოთებული დედების მუქარით ატირებული და შეშინებული ბავშვები სახლში ძალით წაიყვანეს.

ვფიქრობ, ეს პატარები თავის თანატოლებს შორის გამონაკლისები ნამდვილად არ არიან. არცთუ ისე იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ბავშვს, რომელსაც მშობლები მუდმივად საყვედურობენ იმის გამო, რომ სათამაშოებს არ უფრთხილდება, აზიანებს და ამტვრევს. მაინც რატომ ამტვრევს პატარა სათამაშოებს და როგორ უნდა მოიქცეს უფროსი ბავშვის ასეთი ქცევის საპასუხოდ. იმისათვის, რომ ანალოგიურ სიტუაციებში ბავშვთან ურთიერთობის სწორი სტრატეგია შევარჩიოთ, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა გავერკვეთ მისი ქცევის გამომწვევ მიზეზებში. ეს მიზეზები კი შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდეს:

  • ზემოაღნიშნული ქცევის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ბავშვის ცნობისმოყვარეობაა. უმრავლეს შემთხვევაში სათამაშოების დამტვრევის სურვილი მხოლოდ და მხოლოდ პატარას ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შედეგია. განვითარების გარკვეულ პერიოდში (დაახლოებით 2-დან 3 წლამდე) ცნობისმოყვარეობა გაორმაგებული ძალით იფურჩქნება. პატარას სურს მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მის გარემომცველ საგნებსა და მათ თვისებებზე. ის მზად არის „ჩაატაროს ექსპერიმენტები“ ნებისმიერი ნივთით, რომელიც ხელში ხვდება. როგორც წესი, მისი „ექსპერიმენტების მსხვერპლი“ ყველაზე ხშირად სათამაშო აღმოჩნდება ხოლმე. პატარა შლის სათამაშოებს, ყრის მათ იატაკზე, ამტვრევს, სურს გაიგოს, რა არის სათამაშოს შიგნით, როგორ არის ის მოწყობილი და ამ გზით ბავშვი შეიმეცნებს განსხვავებას საგნებს შორის, სწავლობს ბუნების კანონების გაგებას და ცდილობს, დაინახოს კავშირი საკუთარ თავსა და გარემომცველ სამყაროს შორის. პატარას სურს, რომ მის ხელთ არსებული ყველა ნივთი მას „ემორჩილებოდეს“; ის თვლის, რომ საკუთარი სათამაშოების უფროსი თავად არის და მისთვის ნებადართულია, მოექცეს მათ ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ბავშვი ხვდება, რომ სამყაროში არსებობს გარკვეული იერარქია, ის თავად ემორჩილება მშობლებს, ე.ი. თოჯინები, მანქანები და ფუმფულა დათუნიები მის დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ, მას ემორჩილებოდნენ. მათი დამტვრევით, დაზიანებით ის არცთუ იშვიათად საკუთარი „ძალაუფლების“ დემონსტრირებას ახდენს;
  • ხშირად ბავშვი ამტვრევს, აზიანებს ისეთ სათამაშოებს, რომლებიც მისი ასაკისათვის შეუსაბამოა. არის შემთხვევები, როდესაც უფროსები არ ითვალისწინებენ პატარის ასაკს, არ აქცევენ ყურადღებას ასაკობრივ შეზღუდვებზე ინფორმაციას და ისეთ სათამაშოს ყიდულობენ მისთვის, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ პატარას უჭირს მისი ასაკისათვის შეუფერებელი სათამაშოს მოხმარება, ვერაფერს უგებს მას. გაუგებრობა იწვევს სიბრაზეს, გაღიზიანებას და გაუგებარი საგნისაგან განთავისუფლების სურვილს. ყოველივე ამას კი, როგორც წესი, მოჰყვება სათამაშოს დაზიანება, დამტვრევა;
  • მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღებაც შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვმა დაიწყოს სათამაშოების დამტვრევა, დაზიანება. ხშირად სამსახურში უზომოდ დაკავებული, დატვირთული, დაღლილი მშობლები, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ შვილთან საჭირო დროის გატარებას, ცდილობენ ძვირადღირებული სათამაშოებით, საჩუქრებით გამოისყიდონ თავიანთი „დანაშაული“. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვერანაირი ძვირადღირებული ნივთი ვერ ჩაანაცვლებს მშობლების ყურადღებას. არიან ბავშვები, რომელთაც ყველანაირი სათამაშო აქვთ, რასაც კი მოისურვებენ, მაგრამ, აკლიათ ახლობლების სიყვარული, მხარდაჭერა, ყურადღება და თანაგრძნობა; ისინი, როგორც წესი, თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. მათი მოქმედების დევიზი ხდება – „ყურადღება ნებისმიერ ფასად!“ სათამაშოს გატეხვით ბავშვი იპყრობს მშობლების ყურადღებას და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქცევის გამო მას ეჩხუბებიან, საყვედურობენ, ემუქრებიან და თავადაც ხვდება, რომ ეს ცუდი საქციელია, ის დაჟინებით იმეორებს მას, რადგან ასეთი ქცევა მშობლების ყურადღების მიპყრობის კარგ საშუალებაა მისთვის;
  • ხშირად ბავშვი ამტვრევს სათამაშოებს იმიტომ, რომ ასეთი ქცევა მას ქვეცნობიერად უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლებაში ეხმარება. თუ უფროსები, როდესაც მათ აგრესია უგროვდებათ, უყვირიან ბავშვს, პატარა კოპირებას უკეთებს მათ ქცევას და რადგან სხვა გამოსავალს ვერ პოულობს, უყვირის სათამაშოებს, ამსხვრევს მათ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად ბავშვის მხრიდან სათამაშოების მიმართ გამოვლენილი აგრესია ნიღბავს პროტესტს უფროსების მოქმედების წინააღმდეგ. თუ დედამ ნება არ დართო გაეკეთებინა, რაც მას სურდა და პირიქით, აიძულა ისეთი რამის გაკეთება, რაც არ უნდოდა, მას იპყრობს წყენა, სიბრაზე და უჩნდება სურვილი, რომ ზიანი მიაყენოს  მშობლებს, თუმცა, იმის გამო, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია თავისი ემოციების მართვა, ვერ პოულობს უკეთეს ხერხს, გარდა იმისა, რომ დაამტვრიოს მათ მიერ ნაყიდი სათამაშო.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი სათამაშოს ამტვრევს:

  • უპირველეს ყოვლისა, კარგი იქნება, თუ ვიმოქმედებთ ბავშვის ქცევის გამომწვევი მიზეზების შესაბამისად. ამასთან, მოვერიდოთ ბავშვთან ჩხუბს, საყვედურებს, მუქარას, მით უმეტეს, თუ პატარას სათამაშო შემთხვევით გაუტყდა მისი დაბალი ხარისხის გამო, ან იმის გამო, რომ მისი მოძრაობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული, დახვეწილი, მოუქნელია და ადვილად უვარდება ნივთი ხელიდან;
  • თუ ბავშვი შლის და ამტვრევს სათამაშოს ცნობისმოყვარეობის გამო, სურს გაიგოს როგორ არის ის მოწყობილი, რა არის შიგნით, ვუყიდოთ ისეთი სათამაშოები, რომელთა დაშლასა და აწყობასაც შეძლებს, თუნდაც ჩვენი დახმარებით. ხელს ნუ შევუშლით პატარას, შეიცნოს გარემომცველი სამყარო, პირიქით, ყველანაირად დავეხმაროთ მას ამაში. გავითვალისწინოთ, რომ ცნობისმოყვარეობის სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მომავალი გამომგონებლის აღზრდას შევუწყოთ ხელი;
  • ბავშვისთვის სათამაშოს შეძენისას გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, შესაძლებლობები, ასაკი. ამასთან, ნუ დავტოვებთ პატარას სათამაშოსთან მარტო, ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება მისი მოხმარება.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ დროთა განმავლობაში სათამაშო შეილახება. დაზიანდება, შეიძლება დაიშალოს, გატყდეს კიდეც და ამაში საგანგაშო არაფერია. სათამაშოს ვყიდულობთ ბავშვისთვის და არა ჩვენთვის, რომ თაროზე მოვათავსოთ და დავტკბეთ მისი სილამაზით.

 

კომენტარები

comments