შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თინეიჯერული კატასტროფები (ანიმაციური ფილმის „Thermostat 6“ მიხედვით)

ანიმაციური ფილმის „Thermostat 6“ მიხედვით

„შვილიშვილო, ეს მხოლოდ და მხოლოდ წყლის წვეთებია, სად ხედავ აქ ტბას?“ – ბაბუა აღელვებულ გოგონას ამშვიდებს და გაზეთს მშვიდად ჩასცქერის. მისი შეკითხვა ანიმაციური ფილმის 42-ე წამზე გაისმის. თუმცა აჯობებს, თავიდან და უფრო დეტალურად გიამბოთ, რა ხდება სტუდია Gobelins-ის შექმნილ „Thermostat 6- ში“, რომელიც 4 წუთსა და 48 წამს გრძელდება:

პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში შავ ეკრანს ვხედავთ და გვესმის ყოფითი პრობლემებით გაჯერებული ოჯახური დიალოგი ამინდის არასტაბილურობაზე. როგორც ირკვევა, „წლის ამ მონაკვეთისთვის შეუფერებელი სიცხეებია“ და „საერთოდაც არეულია სეზონები“. უკმაყოფილებას დიასახლისის ხალისიანი შეძახილი აქარწყლებს: „თქვენ ხომ არასოდეს ხართ ბედნიერები, გინდ მზიანი ამინდი იყოს და გინდ წვიმიანი!“.

და აი, კადრში მთავარი გმირიც მოჩანს: თინეიჯერი გოგონა (სწორედ ის შვილიშვილი წვეთებს ტბად რომ წარმოაჩენს) ბრაზიანი თვალებით აკვირდება, როგორ ავსებს ჭერიდან წამოსული წყალი უზარმაზარ ჯამს სუფრაზე, მის ცხვირწინ.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გოგონა მოსაბეზრებელ ყოველდღიურობაში მოსაწონსა და სახალისოს ვერაფერს ხედავს; აღიზიანებს სადილზე შეკრებილი ოჯახის წევრები: ოპტიმისტი მამა, ინდეფერენტული ბაბუა, თამაშის სურვილით შეპყრობილი უმცროსი ძმა და დედა, გამალებით რომ შემოაქვს ნაირ-ნაირი კერძები.

წამებში რაკურსი იცვლება და მაგიდაზე დახვავებული საკვების ფონზე წყლით სავსე ჯამი არც თუ ისეთი უზარმაზარი აღმოჩნდება. თუმცა გოგონას განწყობა უცვლელი რჩება: არც თავზე ჭერის ჩამოქცევის შიში უქრება და არც „დატბორილ სახლში არ სურს აღასრულოს სიცოცხლე!“. ცოტა ხანში მას მაგიდაზე ასულს ვხედავთ, ცდილობს მილი შეაკეთოს (ფეხსაცმლით სუფრას დასვრის და დედიკოს აღშფოთებას ამით მაინც მოახერხებს). ამგვარ საქციელს დისონანსი შეაქვს ოჯახურ იდილიაში, თუმცა სულ მცირე ხნით და სადილით ტკბობაც გრძელდება. შეკითხვაზე: „შეუძლია თუ არა ვინმეს წყალი გადაკეტოს?“, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: „ძვირფასო, მერე მე როგორ მოვამზადებ საჭმელს წყლის გარეშე?!“.

სიტუაცია თანდათან სულ უფრო მეტად რთულდება: პატარა ძამიკო უკვე თევზებს ეთამაშება მაგიდის ქვეშ მოლივლივე წყალში; მამა სხვაგან „დაცურავს,“ არკვევს, მათ სახლში „რა უფრო სევდისმომგვრელია, ხმაური თუ წყალგაყვანილობა“; დედა ამტკიცებს, რომ „პროფესიონალებს უნდა ენდონ და ხელოსნის მოსვლამდე თავი არ შეიწუხონ“. მერე მილი სკდება და უზარმაზარი ტორტით ხელში დაბრუნებულ დიასახლისს საშინლად სწყდება გული – მას ხომ დესერტის მისართმევად მშრალი ადგილი გაუხდა საძებარი.

ანიმაციური ფილმის დაწყებიდან მე-3 წუთსა და მე-40 წამზე  მანსარდაში შეყუჟული ოჯახი მოჩანს: ყურებამდე გაღიმებული დედა ტორტისგან დარჩენილ პატარა ნაჭერს ჩასცქერის, გამაძღარი მამა უდარდელად თვლემს, ინდეფერენტულ ბაბუას კალთაში ჩაუსვამს პატარა შვილიშვილი, რომელიც ცდილობს ყველას თავი დააღწიოს და ითამაშოს. მთავარი გმირი კი კვლავ გამოსავალს დაეძებს (კარგად თუ დააკვირდებით, წყალს მანსარდაშიც აუღწევია) და… ფანჯარას აღებს!

ირგვლივ ყველგან წყალი მოჩანს… ისმის მუსიკა და დედის შეკითხვა: დალევთ რამეს?

ფილმის ნახვას შეძლებთ ამ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=j6Hz_gdqS1k

ნუ აბუქებ! („Thermostat 6“. მე-2 წუთი და მე-19 წამი)

„Thermostat 6“ შეგვიძლია სხვადასხვაგვარად ავხსნათ. ერთი ვერსიის მიხედვით მასში ეკოლოგიური პრობლემების თანამდევი პროცესებია ორიგინალურად წარმოჩენელი. ოჯახის სხვადასხვა წევრი საზოგადოების სხვადასხვაგვარ რეაქციას განასახიერებს: სახლი დედამიწაა, დედა – მომხმარებლების ინტერესების დამცველი, მამა – მომხმარებელი, ბაბუა – კონსერვატორი პატრიარქი, ძმა – მომავალი თაობა, ქალიშვილი კი – მოქალაქე და აქტივისტი. ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიური კატასტროფის დამადასტურებელი ნიშნები თვალებში „ეღვრებათ“, მაინც საკუთარ ოთხ კედელს შორის მოქცეული სივრცე მიაჩნიათ უმთავრეს პრიორიტეტად. ვიწრო თვალსაწიერი ხელს უშლით რეალურად აწონ-დაწონონ მოსალოდნელი (მათი აზრით, გაბუქებული) საფრთხეები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანიმაციურ ფილმს თერმოსტატი ჰქვია, იმ მოწყობილობის სახელი, გარემო ცვლილებების მიუხედავად, ყოველთვის მუდმივ ტემერატურას რომ ინარჩუნებს. ანიმაციურები გმირები თუ ჩვენ – გონიერები (Homo sapiens), სასათბურე პირობებში თავს მშვენივრად ვგრძნობთ. სამყაროს გადარჩენაზე მნიშვნელოვანია სადილზე სათანადოდ დავნაყრდეთ, შვილებმა საკმარისი პროტეინები მიიღონ, საკუთარი კარგი აღზრდა კი  დესერტზე თანხმობით დაამტკიცონ.

დაბოლოს, თავაზიანად ვიკითხოთ: დალევთ რამეს?

თინეიჯერულ ხასიათზეა! („Thermostat 6“. პირველი წუთი და მე-11 წამი)

სტუდია Gobelins-ის ანიმაციური ფილმი შეგვიძლია სხვაგვარადაც ავხსნათ: წარღვნა თინეიჯერული კატასტროფების მეტაფორად ჩავთვალოთ, წყალი კი იმ აურაცხელი პრობლემის სიმბოლოდ, მოზარდები გამუდმებით, ყველგან და ყველაფერში რომ აგნებენ. რაც შეეხებათ უფროსებს, ისინი ხომ მოზარდების კრიტიკულ გამოხტომებს საყოველთაოდ აღიარებულ იარლიყს აწებებენ: გარდატეხის ასაკია!

ოჰ ეს გარდატეხის ასაკი, თითქოს წყალივით ჩავლა უწერია, მაგრამ რამდენი რამ მოჰყვება მის უკალაპოტო დინებას, როგორი სერიოზული გამოცდის ჩაბარება უხდება შვილსა თუ მშობელს. შემთხვევითი არ გახლავთ გარდატეხის ასაკი ყველაზე განხილვადი თემა ფსიქოლოგიაში. უფროსებს გვადარაჯებს მისი მოახლოება, ვცდილობთ, მომზადებულები დავხვდეთ და მიუხედავად ამისა, მაინც გვიკვირს, როდის გადაიქცევა ხოლმე პატარა, საყვარელი არსება უხეშ, დაუდევრად მოსაუბრე, გაღიზიანებულ მოზარდად.

ადამიანი, რომელიც ბავშვის უპირატესობით ვეღარ სარგებლობს და ჯერ ვერც უფროსის პრიორიტეტები მოუპოვებია, ხშირად ვარდება გამოუვალ მდგომარეობაში. ამიტომაც ეწინააღმდეგება დადგენილ წესებს, ცდილობს მოიპოვოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა და მინიმალური კონტროლი უფროსების მხრიდან. მოზარდის თავში ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული ურთიერთსაწინააღნდეგო მოსაზრებებს შორის. შესაბამისად მისი შეხედულებები თუ ქცევა უკიდურესად რადიკალურია. სრულიად უწყინარმა ფრაზამ შესაძლოა ისე გააბრაზოს, რომ წყობიდან გამოვიდეს, აყვირდეს, ატირდეს, ფეხები აბაკუნოს, შუა სადილის დროს მაგიდაზეც კი ახტეს (რა თქმა უნდა, ბინძური ფეხსაცმლით!)…

***

„Thermostat 6“ ის ანიმაციური ფილმია, რომელსაც მშვენივრად ხსნიან მოზარდები. მათ მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ ხოლმე და ბევრ საერთოს პოულობენ თინეიჯერ გოგონასთან, მის თავს დამტყდარ კატასტროფებთან.

„Thermostat 6“ ანიმაციური ფილმია, რომელსაც მეტი ყურადღებით უფროსებმა უნდა ვუყუროთ და გულმოდგინედ დავაკვირდეთ, საიდან იპარება ის უმნიშვნელო წვეთები, ჩვენს სამყაროს (მიკროს თუ მაკროს) დატბორვით რომ ემუქრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი