პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩრდილების სამოსი წუთისოფლის კარნავალისთვის

ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფელის“ შთაბეჭდილება

 წუთისოფელი სიტყვა-საგანძურია და ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება ამ საგანძურს მართლა დაიუნჯებს ხოლმე, დაიმუხტება მისი ღვთაებრივი შინაარსით და ყველასათვის საცნაურს გახდის ამ სამყაროში ადამიანის ყოფნის გამოცანას, მისი ტანჯვა-სიხარულის პარადოქსებს, მისი ცოდვა-მადლის მშვენიერებას…

ვახუშტი კოტეტიშვილი იყო ასეთი რჩეული კაცი, ადამიანი-დღესასწაული, ის მართლა ჰგავდა სიტყვა წუთისოფელს – რადგან მის მიერ მარადისობაში მოხელთებული წუთი, მისი პირადი წუთი იყო წარსულის და მომავლის შეხვედრის ადგილი, ადამიანად ყოფნის სიხარულში დაყოვნებული აწმყო, თანაბრად „ძველი“ და „ახალი“ სამყაროებით… ამიტომ, შეუძლებელიც იყო, ვახუშტი კოტეტიშვილს არ დაეწერა ავტობიოგრაფიული რომანი, ეს მხოლოდ მას კი არა, დროსაც სჭირდებოდა და გარემოებასაც – ამ რომანით მის წუთს თავისი სათქმელი უნდა ეთქვა მარადსოფელში.

ვახუშტი კოტეტიშვილზე წერას და ლაპარაკს სულ ვეკრძალვი, და არასდროს ჩამითვლია ჩემი თავი ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მეც ისევე შინაურულად მოვყვე მასზე, ჩემი წილი ხსოვნის კალთა ამოვიბერტყო, როგორც ამას მისი უამრავი, ერთმანეთზე უკეთესი და (მისი წყალობითაც)  თავის პროფესიაში შემდგარი ადამიანი აკეთებს. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი მისი შეგირდი (ზუსტად ამას გულისხმობდა „ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობა“ კულტურის ინსტიტუტში – შემოქმედებითი ჯგუფის წევრი შეგირდად ითვლებოდა და ხელმძღვანელი – ოსტატად), ეს ბატონი ვახუშტის ცხოვრების უკანასკნელი წლები იყო, მისი დღითიდღე გაუარესებული ავადმყოფობის, მისი იძულებით დუმილში ამეტყველებული საოცარი საქმეების. სწორედ ამ წლებში დაიწყო მან ბიოგრაფიული ნოველების  წერა და რამდენიმე თავი ჩვენც წაგვიკითხა.  მაშინვე ვიცოდით, რომ წინ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი წიგნი გველოდა, ცხოვრების შრეებში ჩაფურცლული ადამიანური თავგადასავალი, ისეთივე ცოცხალი და მგრძნობიარე, როგორც მისი ავტორი, რომელსაც ამ წიგნამდე უკვე ჰქონდა იმდენი და ისე კარგად ნაკეთები და ნამოღვაწარი, რომ ის საქმე თავად დაიტევდა წიგნებს, ტომეულებს… თუმცა „ჩემი წუთისოფელი“ ბატონმა ვახუშტიმ სულის ტყუპისცალად წერის დაწყებისთანავე აქცია და ბოლოს კი, თავადაც ამ წიგნად, ამ წიგნში მფეთქავ პორტრეტებად და მოვლენებად, ამბებად და აჩრდილებად იქცა.

ამიტომ, მე ამ წიგნზე ვისაუბრებ, როგორც ადამიანზე. ჩემი ვახუშტი კოტეტიშვილი ახლა ეს წიგნია – ბიოგრაფიული რომანი „ჩემი წუთისოფელი“.

თავადაც ასე გადაწყვიტა, რომ ყველასთვის წიგნად და წიგნში დარჩენილიყო. უოლტ უიტმენის სტრიქონები წაიმძღვარა: „მეგობარო, ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე – და კაცს შეეხები“. წიგნის კამერტონად კი მისი ცხოვრების ერთი ტრაგიკული ეპიზოდი იქცა – 90-იან წლებში, სამოქალაქო ომად წოდებული ქაოსისა და ჯოჯოხეთის დღეებში, მისი მამაპაპეული სახლიც გადაწვეს რუსთაველზე. მთელი მისი ცხოვრება ხომ ისედაც სულ ხანძარი და ქარტეხილი იყო, მაგრამ ეს ხანძარი სულ სხვა სამანად, ზღუდედ იქცა და ამიერიდან ორად გაყო მისი ცხოვრება – ხანძარსაქეთ და ხანძარსიქით. „აქეთ“ ხელახლა შობის აქტი განმეორდა – არარად, დედიშობილად, უწარსულოდ დარჩენილმა, ეგზისტენციალურ სიცარიელეში, სადაც ათი კაციდან ცხრას ალბათ გული გაუსკდება ან სამუდამოდ ჩაიქნევს ხელს ყოველივეს ხელახლა დაწყებაზე, ვახუშტი კოტეტიშვილმა სულ სხვა რამ დაინახა – დიდი სინათლე. თვალისმომჭრელი და სუნთქვისშემკვრელად მიმზიდველი. ალბათ ამ წამს და ამ ხილვაში გაცხადდა მისთვის უმთავრესი აზრი – ის, რაც ცეცხლმა შთანთქა, მას სიტყვაში უნდა გაეცოცხლებინა, რადგან ეს ხომ მხოლოდ სახლი და ნივთები (უძვირფასეს წინაპართა) არ იყო, ეს – წარსული იყო, ეპოქების თავშესაყარი, დიდი ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც ცოცხლად დარჩენილი შთამომავლისგან წარმოუდგენელ სულიერ ძალისხმევას ითხოვდნენ და საჭიროებდნენ.

„ჩემი წუთისოფელი“ სწორედ ეს აქტია – სულიერი ძალისხმევის, ცეცხლის სიტყვაში გარდაცვალების, სულიერი შობის აქტი.

„თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ის ჩემი წინაპრები, რომლებიც თვალითაც არ მყვანან ნანახნი, უფრო რეალურნი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც შესაძლოა, ყოველდღე ვხვდები ქუჩაში თუ დაწესებულებებში, ბაზარში თუ ტელევიზორის ეკრანზე. ის კოტეტიშვილები და დილევსკები, ქართველიშვილები და ამირეჯიბები, რაჭველიშვილები თუ ღამბაშიძეები და მრავალნი სხვანი, თავ-თავიანთი სიკვდილით აღსრულებულნი თუ ჯალათების ხელით ჩაკლულნი ციმბირის ტაიგებსა თუ სოღანლუღის ხრიო ბორცვებზე, ჩემს უსახურ თანამედროვეებზე უფრო ნაღდები არიან, რადგან ისინი ჩემში არიან გარდაცვლილნი, ჩემს არსებაში… მე, ვინც შიშველ-ტიტველი მოვედი ამ სამყაროში, მათ შემმოსეს, გამხვიეს თავ-თავიანთ ჩრდილებში და ასე გაიარა ჩემმა წუთისოფელმა“. და თუკი ამ წიგნს ჩრდილების ესკიზებით შექმნილ მისტიკურ ანიმაციად წარმოვიდგენთ, გეტყვით, რომ ალბათ არ არსებობს ამ ჩრდილებზე უფრო მეტყველი, ფერადი, ჩახჩახა და მკაფიო სილუეტები. ყველა მათგანი უნიკალური პორტრეტია, რომელიც სულ ცოტა ხანში თქვენს განუყრელ თანამგზავრად იქცევა, სხვა საქმეში გართულს თავს შეგახსნებეთ, დაგაფიქრებთ, მოინატრებთ და მოისაკლისებთ კიდეც და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ მიუბრუნდებით… ამ წიგნში ცხოვრობენ ვახუშტი კოტეტიშვილის დიდებული წინაპრები – მღვდლიანთ ვეებერთელა და განუმეორებელი ოჯახი, რომლისგანაც ნაცარტუტა დატოვეს კომუნისტებმა და მაინც, ამ ნაცრიდან წამომართულ და ღვთისა და ადამიანური სიყვარულის ძალით ხორცშესხმულ სიცოცხლედ მოგვევლინა ამ წიგნის ავტორი… თქვენ წინაშე დგანან და მთელი ქვეყნის სამყოფს ცხოვრობენ – ვახტანგ კოტეტიშვილი და მისი უნიჭიერესი ძმები – ლადო და გიგო, იუმორით ცნობილი, მრავალტანჯული და მაინც გაუტეხელი ფოფოდია ეკატერინე, ამ უფლის წყალობადაბერტყილი ოჯახის მამა – მღვდელი ილია, რომელიც მამადავითის გუმბათიდან კომუნისტების მიერ ჩამოყრილი ზარების ხილვამ ჩააგდო ლოგინად და ეს სურათი იქცა მისი აღსასრულის მიზეზად; ვახტანგ კოტეტიშვილის სტუდენტი, ახალგაზრდა ნიკო სამადაშვილი, პავლე ინგოროყვა და ივანე ჯავახიშვილი და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი ნათელი და დიდი სახე გაიელვებს ამ შორეულ, მტკივნეულ და მაინც ღვთაებრივი ძალით ამაღლებულ თავგადასავალში…

ერთი მშვენიერება ისაა, თუ როგორ, რა ენით ჰყვება ამ ყველაფერს ვახუშტი კოტეტიშვილი – უზადო იუმორით, დაუფარავი სიფაქიზით და ძარღვით, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა, მის ენასა და აზროვნებას, მის საქციელსა და დამოკიდებულებას საერთოდ ყველაფრის მიმართ. ვახუშტი კოტეტიშვილს დედა – ნინო (ნუსია) დილევსკი არ ახსოვს, როგორც თავად იცოდა თქმა – ის ამქვეყნად დედის სიცოცხლის ფასად მოვიდა, ამიტომ პირველივე ფურცლებიდან იგრძნობა მისი დაუფარავი მოკრძალება, ქვისგამხეთქი სინაზე დედაზე საუბრისას… ასეთივე სინაზით და სიყვარულით, ა-ჩემ-ებული, დაუფლებული სიყვარულით წერს ის თავის გამზრდელ დაზე – ლეილაზეც (ეს წიგნი სულაც ლეილას ეძღვნება), რადგან მათი დედმამიშვილობა ამ სიტყვის შინაარსზე უფრო მეტი იყო, უფრო შორი და მარადიული, ამ ურთიერთობაში ვერავინ და ვერაფერი ჩაერია, სიკვდილის გარდა, და თუ ვინმე სადმე და-ძმობის ამბავს იტყვის, ვახუშტის და ლეილას და-ძმობის ამბავიც იგავივით მოაგონდება…

„ჩემს წუთისოფელში“ არის ამბები, რომლებიც, ჩემი ფიქრით, ცალკე ნოველებად სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს. ერთ მათგანზე – „კოტეტიანთ თუმნიანზე“ კი მითხრეს, რომ შეტანილიც ჰქონიათ სახელმძღვანელოებში და ეს, რა თქმა უნდა, საშინლად გამიხარდა. რადგან ეს ხომ ჩვეულებრივი ამბები არაა, აქ ადამიანობის,  ურთიერთსიყვარულისა და ღირსების ისეთი მაგალითებია, როგორებსაც დღეს ასე, წიგნებში თუღა ამოვიკითხავთ და როგორც ყველა ნაღდი და დიდი ამბის წესია – ჩვენც რაღაც ძალით გადმოგვედება და მოგვინდება, ასე მოვიქცეთ, ასე შევძლოთ, ასე გვიყვარდეს… ვისურვებდი, ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა ნახონ ეს წიგნი, გააცნონ ბავშვებს და ერთად ისაუბრონ უამრავ თემაზე. უფრო მეტიც – ვისურვებდი, პოლიტიკოსებმაც ნახონ ეს წიგნი, გადაიკითხონ, როგორც უახლესი წარსულის სახელმძღვანელო, რადგან აქ ყველაზე ნათლად, ადამიანური ენითა და სინამდვილის დამოწმებით წერია ის, რასაც თავად მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგებში, ყალბ და „ამომრჩეველზე“ გათვლილ პატრიოტიზმში ხლართავენ და უკვე მერამდენე წრეზე გვატრიალებენ, სხვის დაქოქილ კარუსელში საცდელი ციყვებივით.

წარსული ვახსენე და, „ჩემი წუთისოფლის“ მკითხველმა შესაძლოა თავად ავტორის ცხოვრების მომდევნო პერიოდი მოისაკლისოს – რომანი ვახუშტი კოტეტიშვილის მოწაფეობის წლებით მთავრდება, უფრო სწორად, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამ მომდევნო დროის თხრობაც ჩაფიქრებული ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო… ერთგან თავად ახსნა ვახუშტიმ ამ პროცესის მთელი სირთულე: „ჩემო ერთგულო და მოთმინებით აღსავსე მკითხველო! მე დედაჩემის აღსასრულამდე, ანუ ჩემს დაბადებამდე თავისუფლად გიყვებოდი ჩემი წინარე წუთისოფლის ამბებს, ვინაიდან იქ ლაღი ვიყავ, ნორმალური ხალხის ნორმალური ცხოვრებით გალაღებული… შორეული თუ ახლობელი წინაპრების ცხოვრებისეული მოზაიკის რესტავრაციისას მე მხოლოდ ფერად-ფერად ქვებს ვამატებდი, რომლებიც დროის ფრჩხილით იყო ამოციცქნილ-ამოცვენილი… მეგზურობას გიწევდი იქ, სადაც მე მხოლოდ ჩემი ფიქრითა და ოცნებით მიბოდიალია კედელ-კედელ ხელის ფათურით… მე აქამდე ვმრავალსიტყვაობდი და ენად ვიყავ გაკრეფილი. ახლა კი თავზარდამცემი სინადვილისგან ფრთები მაქვს მოტეხილი. ფანტაზია და ხელოვნური ზიზილ-პიპილები აქ უადგილოა, რადგან, მარინა ცვეტაევას თქმისა არ იყოს: „არსებობს ისეთი რაღაც, რაც მეტია, ვიდრე ხელოვნება! უფრო შემზარავი, ვიდრე ხელოვნება!“.

ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრება ეს შემზარავი სინამდვილეა თავიდან ბოლომდე, თუმცა რის ვახუშტი იქნებოდა, ამ შემზარავის წინაშე შიშზე არ გაემარჯვა, საამისოდ უხვი და ულევი ნიჭიერებაც ჰქონდა, ღირსებაც და სიყვარულიც. სწორედ ამ თვისებების გამოა, რომ ამ წიგნში საგანგებოდ არ დაუსახელებია არცერთი „უარყოფითი“ გმირი, არცერთი გვარი, ვინც მის წინაპრებს და მის ოჯახს, თავად მასაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია, უღალატა და გაწირა. ეს წიგნი ვახუშტის შენდობის წიგნიცაა, ამ ადამიანთა და მათ შთამომავალთა მიმართ, უფრო თუ განვაზგადებთ – იმ მსახვრალი დროის მიმართ, რომელმაც თავის ღრჭიალა ბორბლებქვეშ მოიყოლა ულამაზესი და უჭკვიანესი, უკეთილშობილესი და უმშვენიერესი საქართველო…

რომ დასცლოდა, ალბათ კიდევ ბევრ ამბავს მოჰყვებოდა, კიდევ ბევრ ჩრდილს მოისხამდა და გამოფენდა წუთისოფლის კარნავალზე, სადაც თავად ყოველთვის იყო რჩეული წვეული, თავად იყო დღესასწაული, მრავალმხრივი და მრავალფერი ნიჭიერების, საქმის, სიყვარულის საბადო.

„ჩემი წუთისოფელია“ ამის დასტურიც – ცეცხლიდან შობილი სიტყვა, მძლავრი და ჩაუქრობელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი