ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლება აუდიტორიაში და მის გარეთ

სერიიდან „ჩემი მასწავლებლები“ – ალექსანდრე (საშა) ღლონტი

 

ადამიანი ამბებისგან შედგება და, საბოლოოდ, ეს „ამბები“ იქცევა ხოლმე ჩვენს ნავიგაციად ცხოვრებაში…. ამა თუ იმ შემთხვევის დროს გაგვახსენდებიან ჩვენი ძვირფასი მასწავლებლები და გზას გვასწავლიან: მარჯვნივ თუ მარცხნივ…

იქნებ პირდაპირ?

 

ნამდვილი მასწავლებლები მხოლოდ აუდიტორიაში არ გვასწავლიან, ისინი გვასწავლიან ყოველთვის – ნებისმიერი ურთიერთობის დროს და თან ისე, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ამ დროს მისგან სწავლობ… ეს არის ოსტატისა და შეგირდის ნამდვილი ურთიერთობა; სწავლების მიზანი ხომ ცნობიერების ფორმირებაა და ჩვენს ყოველდღიურ კითხვებზე პასუხი. ეს შესაძლებელია – მეცნიერების შესწავლის გზით, ხელოვნების გზით და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ურთიერთობისას.

ასეთი იყო პროფესორი ალექსანდრე ღლონტი  – ენათმეცნიერი, მრავალი წიგნის, გამოკვლევის, ჯილდოს მფლობელი, თუმცა მის საყოველთაოდ ცნობილ დამსახურებებზე კი არ მინდა საუბარი, არამედ იმაზე, რაც მე მაკავშირებდა და რის გამოც ის ჩემთვის უნიკალური ადამიანი და მასწავლებელი იყო.

მრავალთაგან სულ სამ ამბავს მოგიყვებით, რომლებიც ახლა წამოტივტივდება ცნობიერების ზედაპირზე.

ამბავი პირველი: პირველი შეხვედრა

დამფრთხალი აბიტურიენტი ვარ… ქართულის გამოცდაზე გავდივარ და მითხრეს, რომ კომისიის თავმჯდომარეა  პროფესორი ალექსანდრე ღლონტი… მანამდე ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, მურად მთავრელიძემ, ხაშურიდან რომ გამოამცილა, დამარიგა: რომ მაღალ ნიშნებს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეები წერენო (ვერაფრით ვერ  გავიგე, ეგ რას ნიშნავდა და რატომ არ შეეძლო კომისიის წევრს მაღალი ნიშნის დაწერა და თუ სამაგისო კომპეტენცია არ ჰქონდა, რატომ იჯდა კომისიაში!) და ამიტომო კომისიას რომ ჩააბარებ და თუ არ გაგიშვეს თავმჯდომარესთანო, ეს ნიშნავს, რომ დაბალ ნიშანს გიწერენ და აუცილებლად მოითხოვე თავმჯდომარეო, უფლება არა აქვთ, არ გაგიშვანო! ფეხი არ მოიცვალო, იცოდეო… შენ მხოლოდ ფრიადი გეკუთვნისო!

მოკლედ, ქართულის საკითხებთან ერთად ეს შეგონება კარგად ჩავიბეჭდე გონებაში. შევედი ქართულის ზეპირ გამოცდაზე და 2 ქალია გამომცდელი. ავიღე ბილეთი…. რა თქმა უნდა, არცერთი საკითხი არ ჩამიგდია, დამატებითი ბილეთიც ამაღებინეს, კითხვებიც დამაყარეს… ამხედ-დამხედეს კიდეც და კარგიო, თავისუფალი ხარო! აი, აქ გამახსენდა მურადი მასწავლებლის: ფეხი არ გამოადგა, სანამ თავმჯდომარეს არ ჩააბარებო. ჰო და, გაგულისებულმა: – მეთქი, რას ნიშნავს თავისუფალი ვარ? – შევუტლიკინე დიდ გულზე მყოფმა, თავმჯდომარე სად არის მეთქი? ერთ-ერთმა სათვალეებს ზემოდან გადმომხედა გაკვირვებულმა (როგორ გავბედე აბიტურიენტმა თავმჯდომარის მოკითხვა) და წარბაწეულმა მკაცრად მომახალა: – თავმჯდომარე გასულია და დიდხანს არ მოვაო! მაგრამ ასე ადვილად თავიდან ვერ მომიშორებდნენ და ვუთხარი: – ჰო და, სანამ მოვა, აქ ვიჯდები და დაველოდები მეთქი! (ზუსტად ისე, როგორც „ცისფერ მთებშია“: „დალოდება ხომ შეიძლება?“) თავად, რა თქმა უნდა, არც გამოუძახებიათ და დამივიწყეს კუთხეში მიმჯდარი საერთოდ.

არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა… მინიმუმ 2 საათი…  უკვე სრულდებოდა გამოცდა ყველა აუდიტორიაში. უცებ ღია კარში შემოვიდა მომცრო ტანის და სანდომიანი სახის პროფესორი და გამომცდელებს მიმართა: – მე ხომ არავინ მელოდებაო…? გუმანით მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო თავმჯდომარე. ეგრევე ფეხზე წამოვხტი, სანამ გამომცდელები არას ეტყოდნენ და: – მე გელოდებით, პატივცემულო მეთქი. – ოჰ, მობრძანდითო, – ღიმილით და პატივისცემით რომ მომმართა, გული მომეცა. დავსხედით, გადახედა ჩემს საკითხებს და გადადო გვერდზე. ხელახლა ამაღებინა ბილეთი…. ერთი….მეორე….მესამე…. მისმენდა გულდასმით, კითხვებსაც მისვამდა და კეთილგანწყობა ეწერა სახეზე, რაც ძალას მმატებდა. მერე გადავედით წინადადების გარჩევაზე, რაც ჩემი ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო და ვნებითი გვარის დეტალური განხილვა რომ დავიწყე, უკვე გამაჩერა…. დაავიწყდა გამოცდა და ყველაფერი და დაინტერესდა, ვინ ვარ, საიდან ჩამოვედი და ვინ მასწავლიდა და ასე შემდეგ. ვუთხარი, რომ ხაშურიდან ვარ… – შიგ ხაშურიდან? – მეკითხება…  – ვაჰ, ვფიქრობ… ახლა ჩემი სოფელი რომ ვუთხრა, საიდან ეცოდინება და ნეტა, რას მეძიება მეთქი. არა და, ჩამეძია…. ვუთხარი, რომ ხაშურთან ახლოს, არის ერთი სოფელი, რომელსაც ჰქვია ოსიაური და იქიდან ვარ და სკოლაც იქ დავამთავრე მეთქი. – ოსიაურიდან ხარო? – კარგი მეზობელივით შემეკითხა, – კი მეთქი… და პირველი გაოცება იყო მისი შემდეგი კითხვა: – ზემო ოსიაურიდან თუ ქვემოდანო? მაშინ რა ვიცოდი, ტოპონიმების მკვლევარს რომ ველაპარაკებოდი… ოსიაურიდან გადავიდა ფრონეს ხეობის სოფლებზე და უკვე 100 წლის მეგობრებივით ვგრძნობთ თავს… გულიანი საუბრის შემდეგ გამომცდელებიც გაგვახსენდა და მკითხა: – რაო, რა გითხრეს ამ გამომცდელებმაო? შევჩივლე ჩუმად: – თქვენთან არ მიშვებდნენ მეთქი? – ჰმ… უყურე ამათო და მოუბრუნდა და ეუბნება: აბა, დამენახეთ, ვინ არ უწერდა ამ გოგოს ხუთსო? უუუჰ…. რა ამაყად გადავხედე ჩემს მტარვალ გამომცდელებს და საგამოცდოს ფრიალით გამოვედი შენობიდან…

ამბის შეგონება:  ამ დღეს მივხვდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! რომ ზოგჯერ აღმოჩნდები ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ვერავინ დაგიცავს! რომ: გამოცდა, სიკვდილი და სიყვარული – ის ადგილებია, სადაც მარტო ხარ! ჰოდა, მარტომ უნდა ისწავლო თავდაცვა!

გაგარძელება: ამ ამბის გაგრძელება ის იყო, რომ იმ წელს ჩავირიცხე და სულ მინდოდა კიდევ შევხვდეროდი ჩემს მხსნელ პროფესორს… მაგრამ როგორ…? პირველკურსელი პინგვინი ვარ… და პირველივე კვირას აუდიტორიაში შემოდის ახალგაზრდა ქალი და კითხულობს: – ცირა ბარბაქაძე რომელი ხართო? -მე ვარ მეთქი…. წამომყევითო და გავყევი და ვკვდები ინტერესით, სად მივყავარ? შემიყვანა ერთ-ერთ კათედრაზე, სადაც დამხვდა პროფესორი ალექსანდრე ღლონტი (ქართული ენის კათედრის გამგე ყოფილა), რომლიც დიდი სიყვარულით გადამეხვია და მთელ კათედრას გააცნო ჩემი თავი, როგორი ნიჭიერი და ჭკვიანი ვარ (დავიწვი სირცხვილით)… ის დღე იყო და ის დღე… კათედრიდან რომ ბატონი ალექსანდრე მომიკითხავდა, მეძახდნენ: ბაბუა გეძახის, ბარბაქაძე…. და მეც გავრბოდი სიხარულით.

 

ამბავი მეორე: „ფანჯარა“

ეს უბრალო ფანჯარა არ გეგონოთ, ამ სახელით პროფესორები აღნიშანვენ ლექციებს შორის არა შესვენებას, არამედ დიდ შუალედს, როდესაც 1 ან 2, ან 3  ლექციის შემდეგ აქვთ ლექცია და ამ დროს შინ წასვლასაც ვერ მოასწრებენ…

სულ კადრივით ვხედავ დღემდე ამ სურათს:

სულხან-საბა ორბელიანის (ამჟამინდელი ილიაუნი) სახელმწიფო უნივერსიტეტი… ქართული ენის კათედრა… პროფესორი ლეო კვაჭაძე და პროფესორი ალექსანდრე ღლონტი… პროფესორებს ე.წ. “ფანჯარა” აქვთ და ამ დროს ყოველთვის ჭადრაკს თამაშობდნენ… მიყვარდა მათი მოსმენა და ყურება… ჯერ რა ამბებს იხენებდნენ და ჰყვებოდნენ… ჭადრაკის თამაშის დროს კი ნამდვილი “ბრძოლის ველი” იყო… ერთხელ ბატონმა ალექსანდრემ ფიგურა დამალა და შენიშნა ბატონმა ლეომ… იქ ამბავი დატრიალდააა….მოკლედ, სულ შუაში ვიყავი  და ორივე მიმოწმებდა: – ხედავ, რა ჰქნა….? – ხედავ, რა იკადრა…?

– როგორ თამაშობ, ვაჟბატონო? – ცხარობდა ბატონი ლეო… როგორ მალავ ფიგურებს? ჩამოყალიბდი კიდევ, ცხრა სვლას რომ აკეთებ ერთდროულად და მერე უკან აბრუნებ ფიგურებს… გადაწყვიტე, რა გინდა?

– შენ…შე როგორ იქცევი ბიჭო…?

– როგორ ვიქცევი…? – აღშფოთდა ლეო

– რომ წაავლებ ფიგურას ხელს და ერთი საათი არ უშვებ, რატომ არ აკეთებ სვლას…?

– იმიტომ რომ ვფიქრობ…

– ჰოდა, მეც ვფიქრობ და იმ სვლებს იმიტომ ვაკეთებ…

მე ვიცინოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ მათი ჭადრაკული ვნება მაშინვე დასრულდებოდა, როგორც კი აუდიტორიაში შესვლის ზარი დაირეკებოდა… უცებ ხდებოდნენ სხვანაირები და აღარც ახსოვდათ, თამაშის დროს რომ “ხოცავდნენ” ერთმანეთს…

– წავედით, ბიჭო, ლექციაზე…?  (ალექსანდრე (საშა) ღლონტი)

– წავედით, წავედით… შენგან მაინც არაფერი არ გამოვა… (ლეო)

ფაქიზად ჩაყრიდნენ ჭადრაკის ფიგურებს და მორიგ შესვენებამდე გადაინახავდნენ საპატიო ადგილას.
გამოიცანით, აბა, ამ ფრაგმენტის შეგონება რა შეიძლება იყოს?

თავს უფლება მიეცით, ყოველთვის იყოთ ბავშვები!

ამბავი მესამე: მოგზაურობა

ჩემი რჩეული მასწავლებლები მხოლოდ ლექციებზე არ გვასწავლიდნენ… მათთვის სასწავლო პროცესი“ იყო მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი სიტუაცია…  ბატონი ალექსანდრე ფოლკლორისტიც იყო და შემოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო, ამიტომ თავის მოვალეობად თვლიდა, რომ სტუდენტებისთვისაც გაეცნო ეს ადგილები და მეცნიერული ცოდნა ადგილზე გადაეცა. ასე მოგვატარა მთელი საქართველო და, შეიძლება ითქვას, მისი მოგზაურობებიდან პირველად ვნახე და მოვისმინე ბევრი რამ. როგორც კი შესაბამის ტრანსოპრტში ჩავსხდებოდით, ბატონი ალექსანდრე მოიმარჯვებდა მიკროფონს და იწყებოდა ყველა ადგილის, ტიპონიმის დახასიათება, აღწერა, შესწავლის ისტორია… არცერთი უმნიშვნელო დეტალი არ გამორჩებოდა… ან სად იტევდა ამდენ ინფორმაციას?

მისი მთავარი სიტყვები იყო: „- გაიხედეთ მარჯვნივ… გაიხედეთ მარცხნივ… ახლა გამოჩნდება“:  ეს სოფელი, ეს მდინარე, ეს ციხე, ეს ტაძარი, ეს ადგილი…. ეს სახელი ასე დაერქვა, ტოპონიმი ამას ნიშნავს…  მოკლედ, ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა და გართობისკენ მიდრეკილებს ავტობუსიდან სვამდა… არასდროს არ კარგავდა დროს ჭამაზე… სულ სირბილ-სირბილში ვჭამდით… ან გამოაცხადებდა: წახემსება 5-7 წუთი… დროს არც დაამრგვალებდა. ცოტა ხანში დაიხედავდა საათზე: დარჩა 1 წუთი… გავდივართ! იმდენი ჰქონდა მოსაყოლი და გადმოსაცემი, სანამ თავის პროგრამას არ ამოწურავდა, შანსი არ იყო, მოვდუნებულიყავით… ამ „პროგრამაზე“ კი წამოსვლამდე გულდასმით მუშაობდა.

ერთხელაც შატილში ვართ… მოვიარეთ ანატორი… ავედით კოშკებზე… ბატონ ალექსანდრეს ყველა კუთხეში თავისი ნაცნობი, მეგობარი, კოლეგა, ნასტუდენტარი ხვდებოდა… შატლშიც აღმოჩნდა ასეთი. ისედაც სულ რამდენიმე მოსახლე იყო. შეგვიპატიჟა კოშკში, მუზეუმივით სახლი იყო, მასპინძელი გვიყვებოდა თავის ამბებს და ბატონი ალექსანდრე უსმენდა და თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა… მერე გარეთ გამოვედით… გავიფანტეთ. მე ვუყურებდი, როგორ იდგა კოშკზე დიდი ხანი დუმილში და სველი თვალებით… ამ სურათმა ძალიან იმოქმედა და იმ დღეს ლექსპრომტი დავუწერე. აი, ისიც:

ხევსურეთში

ზეცის ლილაში გარხეულან

თავქვე დაკიდული ჩანჩქერები,

ჯიხვის რქასავით დახვეულა

გზა და… მივუყვებით დაჯერებით,

უნდოა ცა და მთების ფერი,

ნისლებით სავსეა ხევ-ხუვები,

მაგრამ აღარსად ხევისბერი,

არსად – ამაყგულა ხევსურები.

შატილში მზე ღრუბლებს გაერია,

სხივები წვიმის წვეთებს დააცილებს,

ამ ღრუბლებს გზა თუ აერიათ,

აბა, კოშკის თავზე რა ატირებთ?

და ვიდრე საღამოს გავლექსავდეთ,

სევდა ლოდებისა გვანადგურებს,

კოშკიდან ბატონი ალექსანდრე

სრულიად საქართველოს გადაჰყურებს.

მასპინძელს თვალები ენამება,

წარსულზე გვიყვება დანანებით,

დაცლილი ბუდეები ენანება,

მთებიდან გაფრენილი არწივები…

უნდოა ცა და მთების ფერი,

ოცნებით სავსეა ხევ-ხუვები…

ნეტავ, სად არის ხევისბერი?

ან საით წასულან ხევსურები?

 

ამ ამბის შეგონება: სწავლებას ბევრი ფორმა აქვს და ის მხოლოდ აუდიტორიაში არ მიმდინარეობს!

 

 

დასასრულის მაგიერ: ქუდით ხელში და წერილით ჯიბეში

 

ერთხელ ბატონი ალექსანდრე ხითხითით შემოდის კათედრაზე: სადღაც 85 წლისაა… გვეძახის: მოდით… მოდით… რა უნდა გიამბოთ. უცებ შევიკრიბეთ: – რა მოხდა, ბატონო საშა?

– რა მოხდა და სახლიდან მოვდივარ (კეკელიძეზე ცხოვრობდა და ფეხით ჩამოდიოდა უნივერსიტეტში) და გზაში ცოტა შეუძლოდ ვიგრძენი თავი და იქვე, სადღაც, უადგილო ადგილას ჩამოვჯექიო. რომ დავჯექი, ქუდი მოვიხადე და მუხლებზე დავიდეო, ვფიქრობ, ცოტას დავისვენებ და წამოვდგებიო…. ამ დროს კი რა ხდება…? უცებ ჩემს ქუდში ისმის ფულის ჩხრიალი… ხალხს მათხოვარი ვეგონე ამობრუნებული ქუდითო… წამოვხტი საწარაფოდ, ვიღას ახსოვდა ცუდად ყოფნა: ავტეხე ამბავი: პროფესორი ღლონტი ვარ… პროფესორი ღლონტი ვარ, დამეხსენით!

ამ ამბავს ისე მხიარულად ჰყვებოდა, ჩვენც დაგვხოცა სიცილით. ბოლოს დაამატა: – აგერ ბატონო, რაღად მინდა პროფესორობა, ფულის იოლად შოვნის გზა ვიპოვეო… თან მაშინდელი პროფესორის ხელფასი….

ერთხელაც ჯიბიდან რაღაც ფურცელი ამოუვარდა. ჩემკენ გადმოფრიალდა, მე დავწვდი და მივაწოდე. უცებ მეუბნება: – იცი, ეს რა არის…? – არ ვიცი, ბატონო საშა. გაშალა ფურცელი და მეუბნება: საიდუმლოდ გეტყვი, ამ ბოლო დროს ცუდად ვხდები ხოლმე, არ ვიცი, შეიძლება ისე მოხდეს, რომ გონება დავკარგო, ქუჩაში დავეცე… ჰო და, ჯიბით სულ დამაქვს, რა უნდა ჰქნან ამ დროს და რიხიანად და ღიმილით მიკითხავს ფურცლიდან: „მე ვარ პროფესორი ალექსანდრე ღლონტი, თუ ქუჩაში მნახოთ დაგდებული, მიმიყვანეთ ამ მისამართზე: კეკელიძის #…“

მაშინაც და ახლაც ცრემლებით ამევსო თვალები…. ვერასდროს ვერ დავუშვებდი, ჩემი ძვირფასი მასწავლებლების გარდაცვალებას… ასეცაა! ისინი გამუდმებულად ჩემთან არიან, როგორც ჩემი განსაკუთრებული ელემენტები…. მე მათგან შევდგები…

ამ ბოლო ამბის შეგონება კი ასეთია: memento mori, ადამიანებო! და იცხოვრეთ სიყვარულით!

ეს კი მისი ბიოგრაფიაა. წყარო https://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013815/

 

ალექსანდრე (საშა) ღლონტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1932 წელს.

1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1935-1937 წწ. საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტერატურის განყოფილების გამგე, ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935-1940 წწ. და 1947-1980 წწ. იგი ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნიერო ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთში, ბორჯომის ხეობაში; 1938-1941 წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეკანი, ასევე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად; 1941-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1952 წწ. კვლავ ხელმძღვანელობდა გორის ნ.  ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კათედრას; 1953-1958 წწ. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1960-1967 წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1967-1990 წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე, 1990 წლიდან  გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს: საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია (1981), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1985), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1988) და 7 მედალი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.84

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 – ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1961 – შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1961-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის – “ქართული ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხები” (2 მონოგრაფია, 12 ლექსიკონი – 15 წიგნად)
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი