ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თუ მოსწავლე მხატვრულ სახეს ვერ ხსნის

მხატვრული ლიტერატურის უმთავრესი მახასიათებელი რომ სახეობრივი აზროვნებაა, ნათელია არა მხოლოდ ლიტმცოდნეების, არამედ ლიტერატურაზე დილეტანტური წარმოდგენის მქონე ადამიანებისთვისაც. სახისმეტყველება ლიტმცოდნეობის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. სახეობრიობა არის ის უმთავრესი ხიბლი, რომელიც ლიტერატურულ ტექსტებს მკითხველისთვის მომაჯადოებელ სამყაროდ აქცევს. და მაინც: ყოველთვის პრობლემაა მხატვრული სახეების სწორად აღქმა და მით უფრო – მათზე წერილობითი ტექსტების შექმნა.

დაწყებით საფეხურზე ქართულის მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად ავალებენ პერსონაჟის დახასიათების წერას, რასაც პატარები იოლად ართმევენ თავს, რადგან ამაში ეხმარებათ უამრავი კოგნიტური სქემა, მაგალითად, პერსონაჟის რუკა ან პერსონაჟის თვისებების „მზე“, რომლის „სხივებზეც“ გმირის თვისებებს წერენ და შემდგომ მისი დახმარებით აგებენ თხზულებას. მიუხედავად დაწყებით საფეხურზე ამგვარი აქტივობების სიხშირისა,  მხატვრული სახის სრულყოფილი პორტრეტების შექმნა საბაზო და საშუალო საფეხურზე, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც პრობლემად რჩება. ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტში მოცემულ მხატვრულ ტექსტზე შესაქმნელი თხზულება ასაგებია სამი მითითების მიხედვით, რომლებიც თითქმის ყოველთვის დალაგებულია ამ სქემის შესაბამისად:

ი დ ე ა (მთავარი სათქმელი)

 

ს ა ხ ე (ლექსის ლირიკული გმირის ან ეპოსის პერსონაჟის ლიტერატურული პორტრეტი)

 

ს ტ ი ლ ი (ავტორის ხელწერის მხატვრული თავისებურებები)

 

ლიტერატურის არჩევით გამოცდაზე კი აუცილებელია პარალელური ტექსტების სინთეზირება და შესაბამისად აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ორი ტექსტის მხატვრული სახეების სინთეზიც.

ყოველი მხატვრული სახე, რაც უნდა მარტივი და სადა ხერხებით იყოს რეალიზებული, უთუოდ ატარებს გარკვვეულ შიფრ-კოდებს, რომელთა გახსნასაც ვეძახით სახის დეკოდირებას. მხატვრული ტექსტის იდეა და სახე ყოველთვის კავშირშია ერთმანეთთან, რადგან იდეის რეალიზების უპირველესი საშუალება სწორედ სახეა, მასში განასახიერებს ავტორი თავისი სათქმელის ყველა ქვეტექსტს. ამიტომ სახე ტევადი და მრავალშრიანია.

სახის დეკოდირება, ანუ ლიტერატურული პორტრეტის შექმნა არ არის მარტივი ამოცანა, მოითხოვს ემოციურ აღქმას, ღრმა და ფართო ხედვას, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების მაღალ უნარებს, თუმცა მასწავლებელმა უნდა შეძლოს პორტრეტის შექმნის გარკვეული ტექნიკის ეფექტურად სწავლება. უსათუოდ უნდა გავმიჯნოთ ლირიკული და ეპიკური ტექსტების სახეები, რადგან მათ გარკვეულწილად სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშნები აქვთ.

ლირიკულ ტექსტებში ყოველთვის ვხვდებით მთავარ ლირიკულ გმირებს და მათთან იდეურად დაკავშირებულ მხატვრულ სახეებს. ლირიკული გმირიც მხატვრული სახეა, მაგრამ ყველა მხატვრული სახე ლირიკული გმირი ვერ იქნება, რადგან დამხმარე საშუალებაა, ეპიკური ტექსტის მეორეხარისხოვან, ეპიზოდურ ან პასიურ პერსონაჟს მოგვაგონებს.

ძალიან ხშირად ვაწყდები მოსწავლეთა პანიკურ დამოკიდებულებას ამგვარი დავალებისადმი: „იმსჯელეთ ამა თუ იმ ტექსტის გმირის მხატვრული სახის გარშემო“. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა შექმნას უნივერსალური  სქემები, რომლებიც ერთგვარ ორგანაიზერად გამოადგება მოსწავლეს. გთავაზობთ ამგვარი სქემის მარტივ ნიმუშს:

მხატვრული სახის ანალიზი (ლიტერატურული პორტრეტი)
მხატვრული სახის ზოგადი მახასიათებლების მიმოხილვა (შესავალი)
სახის კონკრეტული მახასიათებლების მარკირება, გამოვკვეთოთ თვისებები, რომელთაც ის თავისი მოქმედებით ამჟღავნებს
არგუმენტირებული მსჯელობა გამოკვეთილი თვისებების გარშემო ტექსტიდან არგუმენტირება-ციტირებით
მსჯელობა მხატვრული სახის მისიისა და როლის გარშემო, ანუ სახე, როგორც კონკრეტული იდეის განსახიერება/რეალიზება
ლიტერატურული პარალელები (სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან)
მკითხველის დამოკიდებულება მხატვრული სახისადმი
მხატვრული სახის მახასიათებლების შეფასება-შეჯამება, მხატვრული სახე ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში (რეზიუმე)

 

მაგალითისთვის სახეობრივად განვიხილოთ ერთი პროზაული და ერთი ლირიკული ტექსტი: იოვანე საბანისძის „აბოს წამება“ და გიორგი ლეონიძის „ღამე ივერიისა“.

„აბოს წამების“ მეორე და მესამე თავები, სადაც მოთხრობილია მარტვილის ქართლად შემოსვლა, ნათლისღება და წამება, გვიხატავს წმინდა მოწამის უაღრესად დამაჯერებელ, საინტერესო, ტევად მხატვრულ სახეს. სასურველია, რომ მისი სახის დეკოდირებისთვის გაკვეთილზე დავამუშაოთ ზემოთ მოყვანილი სქემა და შევავსოთ ის ტექსტიდან მოძიებული მასალით:

მხატვრული სახის დეკოდირების ორგანაიზერი ტექსტში მარკირებული  ფაქტობრივი მასალა
მხატვრული სახის ზოგადი მახასიათებლების მიმოხილვა VIII საუკუნის ჰაგიოგრაფიული თხზულება გვიხატავს ღვთის მაძიებელი, ჰუმანური, მამაცი, თავდადებული გმირის პორტრეტს.
სახის კონკრეტული მახასიათებლები, თვისებები, რომელთაც ის თავისი მოქმედებით ამჟღავნებს. მოცემულ ეპიზოდებში აბო წარმოჩნდება, როგორც: მაძიებელი ბუნების, მოაზროვნე, გონიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ჰუმანური, ქველმოქმედი, უანგარო, პრინციპული, მტკიცე, მამაცი, ნებისყოფიანი, ღრმა ინტუიციის, ადამიანური მისიის შემმეცნებელი, ამტანი, ენამახვილი, ტოლერანტი.
არგუმენტირებული მსჯელობა გამოკვეთილი თვისებების გარშემო ტექსტიდან არგუმენტირება-ციტირებით ტექსტში აღმოჩენილ თვისებებს გმირი ამჟღავნებს, როცა:

მაძიებელი ბუნების – ბაღდადში ოჯახთან ერთად უზრუნველად მცხოვრები ქართლში, უცხო ქვეყანაში მოდის ღვთის მაძიებლად;

მოაზროვნე – აბოს ნათლად აქვს გააზრებული საკუთარი გზაც და გარშემომყოფთა დამოკიდებულებაც საკუთარი პერსონისადმი, კარგად ესმის მოვლენათა და გარემოებათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც ნათლად ჩანს ტფილისში მისი მოღვაწეობის, ხაზარეთსა და აფხაზეთში მოგზაურობისა და პატიმრობის ჟამს;

ნიჭიერი, გონიერი – აბო იოლად ითვისებს ქართულ ენაზე თავისუფლად ფიქრის და აზროვნების უნარს, სწავლობს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას სრულყოფილად, ავსებს თავის ცოდნას სჯულისმცოდნეთაგან;

მიზანდასახული – აბო გეგმავს საკუთარ გზას, ილტვის სიახლეებისკენ, ისწრაფვის თავისი ჩანაფიქრების განსახორციელებლად (ქართლში ჩამოსვლა, უცხო ენის და ღვთისმეტყველების სწავლა, მონათვლა, ქველმოქმედება, ღვაწლის მძლეობა, ქრისტიანობის ქადაგება, ქართლის ერის გამხნევება);

შრომისმოყვარე – მარტვილი თავდაუზოგავად შრომობს ყველგან, უქმად არსად არ რჩება, სულ მოძრაობაშია, ქმნის, ნელსაცხებლებს ამზადებს, ყიდის, ქველმოქმედებას ეწევა, სწავლობს, მოგზაურობს, ტალანტის გამამრავლებელია;

ჰუმანური – ის ზრუნავს დაჩაგრულ ქართლელებზე, იჩენს მეგობრებს (მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ თხზულების ავტორთან მისი მეგობრობა), საპყრობილეში ყიდის ნივთებს და აჭმევს უპოვრებს;

ქველმოქმედი – მუდამ გასცემს და უკან არასდროს ითხოვს, ტფილისის მიმდებარე სოფლებში ქადაგებს, ქველმოქმედებას ეწევა უანგაროდ;

უანგარო – მიუხედავად მრავალი შესაძლებლობისა, ის არასდროს არავისგან არაფერს ითხოვს და იღებს. ჰქონდა შანსი, რომ აფხაზთა მთავრისგან ან სარკინოზთა ამირასგან მიეღო უხვი მატერიალური სიკეთე, მაგრამ ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს („დაღაცათუ ბევრეული ოქროისა და ვეცხლისა მომცენ მე… ვერ განმაშორონ მე სიყვარულსა უფლისა ჩემისასა“…);

პრინციპული, მტკიცე, თავდაჯერებული – აბო შეუპოვარია მრისხანე შემასმენელთა და ამირას წინაშე. თავდაჯერებულია ყველა ეპიზოდში, ამირასთან მშვიდად აცხადებს საკუთარ არჩევანს და მახვილის წინაშეც კი უდრეკია;

მამაცი – მთელი მისი გზა და მოღვაწეობა ამტკიცებს, რომ აბო გამორჩეულად მამაცი ადამიანია: სარისკო იყო სარკინოზთაგან დაპყრობილ ქართლში ჩამოსვლა, ტფილისში არაბი ჭაბუკის ქრისტესთან ზიარება, ნათლობა, ქართლელებთან ღიად თანამშრომლობა და სოლიდარობა, აფხაზეთიდან წამოსვლა, სარკინოზებისადმი ანტაგონისტურად განწყობილ ნერსე ერისმთავართან სიახლოვე, აფხაზეთიდან ტფილისში დაბრუნება, გაცხადებულ ქრისტიანად ტფილისის ქუჩებში სიარული, თანამგრძნობთა მიერ გაფრთხილების მიუხედავად ქრისტიანული ცხოვრების წესის ღიად მიდევნება;

მომთმენი, ამტანი, ნებისყოფიანი – აბო საკვირველ ნებისყოფას ამჟღავნებს საპყრობილეში, ცხრა დღე უმძიმეს ასკეზისშია, ზედგომა, მღვიძარება, უწყვეტი ლოცვა, ხორციელი შიშის დაძლევა თვით მახვილის წინაშეც კი მის ზეადამიანურ ნებისყოფაზე მეტყველებს;

ღრმა ინტუიციის, წინასწარმეტყველი, სასწაულთმოქმედი – ის ღრმადმჭვრეტელი, ინტუიტური აზროვნების, წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, საკუთარი სიკვდილის ჟამიც კი უფალმა გამოუცხადა, მისი სული ზემოდან დაჰყურებს სხეულს, როცა სიკვდილით დასასჯელად მიჰყავთ, წინასწარ ხვდება, რას უმზადებენ სარკინოზები, ხედავს სულის გზას იმიერ სოფელში და სულიერ სიმშვიდეს ინარჩუნებს უმძიმეს განსაცდელშიც;

ადამიანური მისიის შემმეცნებელი – აბო არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის აცნობიერებს, რომ მისი სულიერი მისიაა სარკინოზთაგან დაჩაგრული, ქრისტიანობაშერყეული ქართლის გამხნევება, ყველაფერს აკეთებს ამ მისიის აღსასრულებლად, რის გამოც თხზულების ფინალში ავტორი მასზე აცხადებს, რომ მის გამო ქართლში ქრისტესადმი რწმენა „კუალად განახლდა“, ის მოძღვრად იქცა ქრისტიანებისთვის, მან გავლენა მოახდინა საზოგადოების ყველა ფენასა და ყველა კატეგორიის ადამიანზე;

ენამახვილი – აბოს დიალოგები აფხაზთა მეფესთან, ასევე ტფილისის ამირასთან და თანამდგომ ქრისტიანებთან მოწმობს მის ენამახვილობას;

ტოლერანტი – მთლიანობაში აბო თავისი ეპოქის დიდი ნოვატორი და ტოლერანტია, რადგან ისმაიტელთა მძლავრობის ჟამს მან შეძლო, რომ უცხო ქვეყნის კულტურა, რელიგია, ენა და ხალხი მიეღო, შეეყვარებინა, გაეთავისებინა, თვითიდენტიფიკაცია მოეხდინა ამ ხალხთან და რელიგიურ აღმსარებლობასთან. ამისკენ მოუწოდებს საკუთარი ზნეობრივი მაგალითით აბო ყველას, ქართლელებსაც და სარკინოზებსაც.

მხატვრული სახის მისია და როლი, რომელსაც მას ავტორი აკისრებს, ანუ სახე, როგორც კონკრეტული იდეის განასახიერება აბო განასახიერებს VIII საუკუნეში დევნილი, „ქენჯნილი და ძვირ-ძვირად ზღვეული“ ქართლისა და ქრისტიანული რწმენისთვის თავდადებულ ზეკაცს, ის გვევლინება უკვდავ სახედ, არქეტიპად, რომელიც მომავალი თაობების სულებში ცოცხლობს, როგორც ტოლერანტობის, ღვთისმსახურების, რწმენის, სიმამაცის და ჰუმანიზმის იდეალი.
ლიტერატურული პარალელები (სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან) აბო ტფილელი, როგორც „მეთერთმეტე ჟამის ვენახის მუშაკი“ ენათესავება წინარე და მომდევნო ეპოქების მარტვილებს, შუშანიკ დედოფალს, ასურელ მამებს, ევსტათი მცხეთელს, გობრონს, კოლაელ ყრმებს, გრიგოლ ხანძთელის საძმოს წევრებს, იოვანე და ექვთიმე მთაწმინდელებს. ასევე შეგვიძლია პარალელი გავავლოთ აკაკის თორნიკე ერისთავთან, გაბრიელ სალოსთან, ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგისთან, ვაჟას ალუდა ქეთელაურთან და ლუხუმთან, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგის“ მთავარ გმირთან, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ გურამთან, „ვეფხისტყაოსნის“ რაინდებთან და ა.შ.
მკითხველის დამოკიდებულება მხატვრული სახისადმი აბოს მსგავსი იდეური, მრავალშრიანი და ადამიანურად მომხიბვლელი გმირი მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს, ის აღძრავს პიეტეტის განცდას, აქვს ზნეობრივი გმირის, საზოგადოების გამაკეთილშობილებელი მესია-გმირის თვისებები, როს გამოც პოპულარულია ყველა თაობის მკითხველში.
მხატვრული სახის მახასიათებლების შეფასება-შეჯამება, მხატვრული სახე ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში VIII საუკუნის სარკინოზთაგან დაპყრობილი და რწმენაშერყეული ტფილისის მფარველად მოვლენილი წმინდანი შეიყვარა ქართველმა ხალხმა, ყველა ადამიანური ღირსებით გამორჩეული ჭაბუკი ტოლერანტობის, ჰუმანიზმისა და სიმამაცის სიმბოლოდ იქცა და მისი ხსოვნა ქართველებში მუდამ ცოცხლობს.

 

გიორგი ლეონიძის „ღამე ივერიისა“ სიმბოლიზმის ეპოქის ტექსტია და მიუხედავად მცირე მოცულობისა, უმდიდრეს მხატვრულ სახეებს აცოცხლებს. აუცილებელია მისი ლირიკული გმირებისა და სხვა სახე-სიმბოლოების დაფიქსირება, ხოლო მათი დეკოდირებისთვის საჭიროა მოვიშველიოთ ფანტაზია, ემოცია, ინტუიცია, შემოქმედებითი აზროვნება. ლექსში იკვეთება 12 უაღრესად საინტერესო და მრავალპლანიანი მხატვრული სახე:

მხატვრული სახეები დეკოდირება
გულაყვავებული ლირიკული გმირი მთავარი ლირიკული გმირები, რომლებიც პირველი პირით გვესაუბრებიან, განასახიერებენ ავტორის ორეულს, თავისებურ ალტერ ეგოს, რის გამოც მათი მთავარი მახასიათებელი არის გულწრფელობა, ღრმა ემოცია, ფსიქოლოგიზმი. „ისევ აყვავდა გული ვარდივით“ – ულამაზესი ეპითეტისა და შედარების დახმარებით ავტორი გვიმხელს, რომ სამშობლოზე სიმღერას აპირებს, რაც სათაურში იკვეთება („ღამე ივერიისა“).
დარიალიდან ხაზარეთისკენ გადავარდნილი წერო დარიალიდან ხაზარეთისკენ გადავარდნილი წერო აღძრავს „აბოს წამების“ ალუზიას, სადაც გზა დარიალიდან ხაზარეთისკენ ტექსტის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო ქრონოტოპია და სიმბოლურად განასახიერებს დევნილი ქართლისა და ქრისტიანობის ძველისძველ სახეს, რომელიც XX საუკუნეშიც კი აქტუალურია. ფრინველი, მათ შორის წეროც, განასახიერებს თავისუფლებისკენ ლტოლვას, ორი სამყაროს კავშირს, ადამიანთა სულიერი ძიებების გზას.
დახანძრებული ივერია ეს სინტაგმა იტევს უღრმეს ქვეტექსტებს – დახანძრებული ივერია მრავალ ჭირ-ვარამგადანახადი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც გასულიერებულია (გაპიროვნებულია) და ისტორიული ქარტეხილებით დაღლილი „წევს“, თითქოს ისვენებს, ძალებს იკრებს, საბჭოთა სინამდვილიდან და რუსული იმპერიული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს.
თარზე დამკვრელი მტკვრისპირა წნორები ასევე გაპიროვნების ხერხით იხატება წნორების მხატვრული სახე, ისინი განასახიერებენ ესთეტიზმს, მტკვრისა და თბილისის სილამაზეს, ამავე დროს იმ რყევებს, რომელთა გამოც ბევრი განსაცდელი გამოუვლია მრავალტანჯულ სამშობლოს (შევადაროთ: „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ –  ისევ და ისევ „აბოს წამების“ ალუზია). წნორი, ანუ ტირიფი ასევე გვევლინება სევდისა და ცრემლების სიმბოლოდ…
მეტივეები „მეტივეები სადღაც მღერიან“ – ისინი განსახიერებენ თბილისის კოლორიტს, მათი სიმღერა ქალაქის ინსპირაციაა, მათთან დაკავშირებულია მრავალი ქალაქური ტრადიცია.
სოფლის გუბეში გაჩრილი მთვარე მთვარე მუდამ მისტიკურის, შეუცნობლის, საოცნებოს, რომანტიკულის ალეგორიულ სახე-სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო სოფლის გუბეში გაჩრილი მთვარე ხაზს უსვამს რეალიზებულ, ახდენილ სიყვარულს, სამშობლოს ბრწყინვალებით სავსე და ბედნიერ სულს.
ბეღლებში მთვლემარე ლურჯი ყანები მწვანე ყანებს რომ სილურჯე გადაჰკრავთ შორიდან, ეს მათი ნაყოფიერების, ბარაქის, სიმდიდრის, ქვეყნის კეთილდღეობის, ადამიანთა არსობის პურის სიმბოლოა.
ლამპარივით ელვარე ხვავი „ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი“ – იშვიათი ოსტატობით მიგნებული შედარება გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დოვლათი და ადამიანთა კეთილდღეობა.
წარსულს მიბარებული ჩინგისხანები იოლი ამოსაცნობია წარსულს ჩაბარებული ჩინგისხანები, როგორც სიმბოლო წარსულის სასტიკი დამპყრობლებისა, რომელთა შორის ყველაზე სასტიკის სახელი განზოგადებულად გვიხატავს მრისხანე ოკუპანტების სახეებს.
ზღაპრისმთხრობელი მეწისქვილე წისქვილი და მეწისქვილე მხატვრულ ტექსტებში პოპულარული სახე-სიმბოლოები არიან. ისინი განასახიერებენ სოფლის ხვავსა და ბარაქას, სოფლის მცხოვრებთა ერთობას, სიახლეს, თხრობას, ფიქრს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას. მეწისქვილე ყოვლისმხილველი/ყოვლისმცოდნეა და მისი ფანტაზია შორს მიდის, მისი მოთხრობილი ზღაპარი სულის საკვებად გამოადგებათ თაობებს.
ნაღვლიანი, ძველი ქართლი ემოციური და შთამბეჭდავი ეპითეტით დახატული ქართლი თანამედროვე „დახანძრებული ივერიის“ პარალელური სახე-სიმბოლოა, ის საკუთარ იპოსტასში მალავს საქართველოს ამაღელვებელ ისტორიას.
აზნაურის ქალი მოგვაგონებს ლეონიძის მეორე შედევრის, „ნინოწმინდის ღამის“, ათაბაგის ქალს, ქალური ინიციაციის, ვნების, სიყვარულის, შთაგონების, შემოქმედების, ლირიზმისა და მუსიკალობის განმასახიერებელი სიმბოლოა და ლექსის საოცარი სახეების გალერეას ამით ამშვენებს.

მხატვრულ სახე-სიმბოლოთ ჩხრეკა-ძიების, დეკოდირებისა და ანალიზის პროცესში გადამწყვეტია არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობების სწორად ამოცნობა, არამედ მათი დაკავშირება ტექსტის იდეებთან, ცოდნის გამთლიანება/რეფლექსირება, რაც მოსწავლეს დაეხმარება, რომ ანალოგიური ძიებების დროს გამოიყენოს ეს კარგად დამუშავებული „ქეისები“, რათა ახალი და ახალი მხატვრული სახეების დეკოდირება არ იყოს დაუძლეველი სირთულე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი