ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

უმშობლებო გოგო და ამბების გაშლილი ბადე     

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელოს“ წაკითხვა წლების წინ ჩავიდე გულში და მას შემდეგ ვის აღარ ვთხოვე: წიგნისკენ მიმავალი გზა მასწავლეთ-მეთქი. ხან ვუახლოვდებოდი სურვილის ასრულებას და ხან ვშორდებოდი. ზოგჯერ მეგონა, ხელის გაწვდენაღა დამრჩა-მეთქი. და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა: წიგნი ხელახლა გამოსცეს. მაღაზიაში კი მაინც იმ ფიქრით შევედი, რომ შეიძლებოდა, სოფლიდან დაბრუნებულს, ბოლო ეგზემპლარიც არ დამხვედროდა თაროზე. თითქოს ზაფხულში გამოსული წიგნი ზაფხულთან ერთად გათავდებოდა და ეს დაგვიანება სამუდამოდ სანანებლად დამრჩებოდა.

წავიკითხე და ყველაზე საყვარელ ქართულ წიგნებშიც ჩავწერე. ერთი გრძელი ღამის ამბავი მრავალ ისეთ ამბად იშლება, ერთმანეთზე გადაბმულები წარმოუდგენელი ზომის ბადეს რომ წარმოქმნიან. ბადე მთელ აღმოსავლეთ საქართველოს სწვდება და გასული საუკუნის სხვადასხვა ათწლეულის წყლებშიც დალივლივებს. შუაგულში კი კახეთია, მთელი თავისი მშვენიერებითა და ენით აუწერელი საშინელებით. დასაწყისშივე ცხედრის სიახლოვეს ვდგავართ, ერთ ციცქნა სარდაფში, და გვესმის, როგორ ეუბნება ბებია შვილიშვილს: „ზოგჯერ მგონია, რომ შენგან არაფერი არ გამოვა… და ეს გულს მიკლავს. სულ იმის ცდაში ხარ, არც ტანჯვით შეიწუხო თავი… არც სიძულვილით… და სიყვარულიც მხოლოდ სიამოვნებას დაარქვა“. არადა, ეს გოგოა, ვინც არის – სწორედ მისი ხმა ისმის ყველაზე მკაფიოდ ამ წიგნში, მისი თვალით დანახულსაც მეტისმეტად ცხადად ვხედავთ.

ერთი შეხედვით, თუ ვინმეს არ გაუმართლა – აი, ამ გოგოს, რომელმაც დიდების სამყაროს მთელი საშინელება ბავშვობაშივე იხილა და ახლობლის კუბოსთან ჯდომა, ძველი ამბების გახსენება, ასეთ პირქუშ ადგილას ღამის გათევა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. წანდილისთვის კაკალსაც ამტვრევს და ნიგოზსაც საგულდაგულოდ ნაყავს. ბევრად უფრო მძიმე მოსაგონარი აქვს – ძალიან ადრე მოუხდა თვალის გასწორება დიდი უსამართლობისთვის, საყვარელი ადამიანების უმწეოდ დაშვებული ხელებისა და თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელთა  ვერაგობისთვის. „ვერ ვხვდებოდი, ყველაფერი ეს რატომ ხდებოდა. მინდოდა, ასე ვმჯდარიყავი ამ სველ კლდეებთან, ამ თოვლში, გარინდებული და გაყუჩებული. იქნებ როგორმე მომეკრიბა გონება და მივმხვდარიყავი ჩვენი უბედურების თავსა და ბოლოს. ასე მეგონა, ამ გამოცნობით რაღაცას მივაღწევდი, ასეთი ჩაქოლილი და გაცამტვერებული აღარ ვიქნებოდი. ასე ერთბაშად უმნიშვნელო და უჩინარი რომ გავხდი, ალბათ ქაღალდის მონახევად აღარავის მივაჩნივარ-მეთქი, ვფიქრობდი. მინდოდა, რაღაც საყრდენი მეპოვნა, რაღაცას მოვჭიდებოდი…“. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებია – რას იპოვი, რას მოეჭიდები?!

დიდი ტერორი. ბავშვობის წლები ამ შავბნელ ხანას ემთხვევა, მაგრამ უმშობლებოდ დარჩენილი გოგო ისეთი ქალების ხელშია, რომლებმაც კარგად იციან, მასთან სიმართლის რა ნაწილი უნდა გაამხილონ; რა მიმართულება უნდა მისცენ მის გულში ქარიშხლად დატრიალებულ რისხვას, მუდმივად სახეცვალებად შიშს, ცნობისწადილს, ამოუწურავ ენერგიას. ბებია მუდმივად ესაუბრება წარსულსა და აწმყოზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, ადამიანებზე, თან შრომას აჩვევს, იმ დღეებისთვის ამზადებს, როცა მარტოდმარტოს მოუწევს ყოველდღიური სიძნელეების დაძლევა. „შენ გული შიგნითა გქონდეს, შემოგევლოს ბებო!“ – ამშვიდებს და ეფერება. ხანგამოშვებით კი ახსენებს: „ადამის შვილს კაცად მოვალეობა ხდის, სხვა კი არაფერი“.

ისე გამოდის, რომ სწორედაც გაუმართლა ჩვენს გოგოს – ისეთი ბებია ჰყავს, ერთ დღესაც გვერდით რომ მოისხამს მას და მის მეგობარ ჩიკოს და „ჰამლეტს“ მოუყვება; ჩიკო ჰყავს – დიდი მეგობარი, მისნაირად დაფეთებული და მთავარ კითხვებზე პასუხების გამალებით მძებნელი; ლამაზი ევა ჰყავს და, სხვა ყველაფერთან ერთად, ევას გასაოგნებელი სიყვარულის ისტორიაც ზრდის;  კიდევ ჰყავს ერთი-ორი ისეთი ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობა, ვის გულწრფელობასაც მუდამ მიწად იგრძნობს ფეხქვეშ. და ამბები, ამბები – ამაღელვებელი, თავზარდამცემი, გულის ამაჩუყებელი, ჭკუის სასწავლებელი, სასაცილო, ერთადერთხელ მოსაყოლი, სიცოცხლის ბოლომდე დასამახსოვრებელი… მისია ეს ყველაფერი, მისი სამყაროს დიდი ნაწილია.

წიგნის კითხვისას მუდმივად იცვლებოდა მანძილი ჩემსა და მთავარ გმირს შორის, ხანდახან კი სახიფათოდაც ქრებოდა. მერე რა, რომ 30-იან წლებში არ მიცხოვრია და არც ჩემს მშობლებს გასწორებია საბჭოთა რეჟიმი უმოწყალოდ, გამოგონილი მიზეზით. ეჭვი მაქვს, სხვა მკითხველებიც ამავეს დაინახავენ და იგრძნობენ – ყველას გვიშრებოდა პირი, როცა მარტო ვრჩებოდით გაუგონარსა და ამოუხსნელთან, გვეშინოდა ჩვენივე სიზმრების ახდენისა და ღამღამობით წარმოდგენილი სისხლიანი ხელების, და გული გვიგრძნობდა, რომ დარჩენილი ცხოვრებაც ასეთივე უნდა ყოფილიყო – ძნელი, ძალიან ძნელი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი