ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვინ არის დამნაშავე?

ბევრ სხვადასხვა სიტუაციასა და ვითარებაში შეიძლება ამ კითხვის დასმა, მაგრამ არის ერთი სივრცე, ერთი კონკრეტული სიტუაცია, როცა ეს ყოვლად დაუშვებელი, საზარელი და ამაზრზენია და ეს სივრცე მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახია.

ამ საკითხზე ბლოგის დაწერა მაშინ გადავწყვიტე, როცა მეგობარმა თავისი შვილის სკოლაში მომხდარის შესახებ მიამბო.

ამბის მთავარი გმირი საოცარი და ღირსეული ადამიანია – მეგობრის შვილის კლასში ახალი გადასული მოსწავლე. სიტუაცია კი ასეთია – ერთ-ერთი სკოლის მეშვიდეკლასელებმა ცელქობისა და თამაშის დროს დასვარეს კედელი.

კედელს ორი სხვადასხვა ფეხსაცმლისგან დატოვებული ნაფეხური ეტყობოდა. რადგან ყველამ იცოდა, რომ იმ სივრცეში მეშვიდეკლასელები თამაშობდნენ და ფეხსაცმლის ანაბეჭდიც დაახლოებით ამ ასაკის ბავშვებისა იყო, სკოლის დირექციამ და მასწავლებელმა დაკითხვა მოაწყვეს – კლასში შელაგდნენ და ავისმომასწავლებელ სიჩუმეში ეს საზარელი და უმისამართო კითხვა რამდენჯერმე დასვეს.

კითხვას, საბოლოოდ, გამოეპასუხა ერთ-ერთი „დამნაშავე“, რომელსაც მშობლის მოყვანა დაავალეს და „განაჩენიც“ იქვე, სიტყვიერად, ყველას თანდასწრებით „გამოუტანეს“, მაგრამ, ცხადია, ამითი უფროსები ვერ დაკმაყოფილდებოდნენ და კლასის დატოვებას მანამ არ აპირებდნენ, სანამ მეორე დამნაშავე არ ადგებოდა ან რომელიმე მოხალისე კლასელი არ გათქვამდა მის ვინაობას.

ამ დროს, გაჭიანურებულ დუმილში, კლასში ახალგადმოსულს ხელი აუწევია და მორიდებით უკითხავს:

-შეიძლება მე რომ ვიყო მეორე?

ამ გულწრფელ და გასაოცარ კითხვას, მადლობა ღმერთს, უფროსებისგან, ამჯერად მაინც, ადეკვატური რეაქცია მოჰყოლია. მეორე „ცოდვილის“ ძიების პროცესი დასრულდა და კლასში შემოლაგებული დირექცია და ოფიციალური პირები ისევ გალაგდნენ.

ამბის დასასრული.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიტუაციის წარმოდგენას ვცდილობ, მაინტერესებს და ვერაფრით მივმხდარვარ, რა მოტივი აქვთ უფროსებს – მასწავლებელს, დირექტორს, სასწავლო ნაწილს, მოადგილეს, სულ ერთია – მოსწავლეების წინაშე მდგომებს. რა სურთ მათ? რა არის მათი მიზანი?რაზე ფიქრობენ, როცა მუქარანარევი ტონით  უსვამენ ამ კითხვას ბავშვებს?

 

სამართლისა და სიმართლის პოვნა სურთ?

გამბედაობის უნარის გამომუშავებასა თუ წაქეზებაზე „მუშაობენ“?

რაიმეს გამოსწორებაა მათი მიზანი?

 

დავუშვათ, სკოლაში მოხდა რაღაც მიუღებელი.

დავუშვათ, ყველამ ზუსტად იცის, რომ ამ მიუღებელი ქცევის ჩამდენი რომელიღაც კონკრეტული კლასის მოსწავლეა (ვინაობა უცნობია).

სასწრაფო წესით იკრიბება მთელი კლასი და საზარელ დაძაბულობაში ისმის ეს კითხვა – ახლავე ითქვას, ვინ ჩაიდინა ეს! ახლავე ადგეს დამნაშავე!

 

ვფიქრობ, ამგვარი „საჯარო საგამოძიებო ღონისძიება“ დაუშვებელია და მოსწავლის ღირსების შემლახველიც. წარმოიდგინეთ თუნდაც, „დამნაშავე“ მოსწავლის, მოზარდი ადამიანის მდგომარეობა, როდესაც მას აიძულებენ ხმამაღლა და ყველას თანდასწრებით გათქვას საკუთარი ან სხვისი „დანაშაული“.

ვფიქრობ, დაუშვებელია ადამიანის იძულება გამოთქვას რაიმე შეხედულება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სხვების თანდასწრებით.

სწორედ ამას ითხოვს ის, ვინც მთელი კლასის წინაშე სხვამს კითხვას:

ვინ არის დამნაშავე?

 

ახლა მეორე ამბავიც მინდა მოვყვე. ამჯერად – პირადი გამოცდილებიდან.

 

სკოლაში, სადაც ვმუშაობ, სამასწავლებლოში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მიმდინარე საკითხებსა და პრობლემებზე. ერთ დღესაც, შესვენებაზე, აღელვებული დამრიგებელი ყვებოდა კლასში მომხდარი უსიამოვნების შესახებ – კლასში ერთ-ერთ მოსწავლეს ახალი, ლამაზი პენალი დაეკარგა. დილით სკოლაში მოტანილი უცბად გაქრა! მასწავლებელმა გაკვეთილის თემაც და გეგმაც გვერდით გადადო და  ასეთი რამ შესთავაზა მოსწავლეებს:

ახლა ჩვენ ყველანი გავალთ გარეთ და შემდეგ სათითაოდ შევალთ კლასში. ის,  ვინც სხვისი ნივთი მიისაკუთრა, დააბრუნებს მას თავის ადგილას ან დადებს მასწავლებლის მაგიდაზე. ამით ეს უსიამოვნება ამოიწურება. მოსწავლე, რომელმაც სხვისი ნივთი დაუკითხავად აიღო ( რასაც ქურდობა ჰქვია), კარგად დაფიქრდება თავის ქცევაზე. თუ მას სურვილი აქვს, შეუძლია საბოდიშო წერილი დაწეროს და ასევე მაგიდაზე დატოვოს.

„თუ ახლა ვერ მოახერხებთ დაბრუნებას, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაბრუნდეთ კლასში და დააბრუნოთ აღებული“ – დასძინა მასწავლებელმა.

 

მოგვიანებით, როდესაც კლასი ისევ შეიკრიბა ერთად, მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეს, რომელსაც პენალი დაეკარგა, შეემოწმებინა ჩანთა. ნივთი დაბრუნებული აღმოჩნდა.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა „დამნაშავეს“ სწორი გადაწყვეტილებისთვის და ამ თემას იმ დღეს აღარ მიბრუნებია.

 

მორიგი გაკვეთილები მან ისე დაგეგმა, რომ ბევრი ემსჯელათ ამ თემაზე. გარკვეული ხნის შემდეგ მის მაგიდაზე საბოდიშო წერილი გაჩნდა.

მსგავსი შემთხვევა კლასში აღარ განმეორებულა.

 

როგორ უნდა მოქცეულიყო დირექცია და მასწავლებელი ჩემი მეგობრის შვილის კლასში მომხდარი უსიამოვნების შემდეგ?

 

კლასის წინაშე პირისპირ მდგარ მასწავლებელს შეეძლო აეხსნა მოსწავლეებისთვის, რომ სკოლის სივრცე მათი სივრცეა. ადგილი, სადაც ისინი დღის დიდ ნაწილს ატარებენ. ადგილი, სადაც მათზე ზრუნავენ. ამიტომ მოსწავლეებმაც, თავის მხრივ, უნდა იზრუნონ სივრცეზე და მოუარონ მას.

მას შეეძლო ეთხოვა იმ მოზარდებისთვის, რომლებმაც თამაშის დროს დააზიანეს ან დასვარეს კედელი, მობრუნებულიყვნენ გაკვეთილების შემდეგ და მშობლების დახმარებით მოეწესრიგებინათ გარემო. შეიძლებოდა იმის შეთავაზებაც, რომ კლასს ერთობლივად დაელაგებინა და დაესუფთავებინა სივრცე.

შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა, უფრო მართებული და გამართლებული გამოსავლის მოძებნა. ოღონდ არა საჯარო სასამართლოს მოწყობა საკლასო სივრცეში და დამნაშავის აღიარების გამოძალვა.

რა თქმა უნდა, სიტუაცია და პრობლემა მრავალნაირი შეიძლება იყოს. ცხადია, არის მძიმე შემთხვევებიც და ისეთი ვითარებაც, როდესაც დუმილი და დამალვა დანაშაულის ტოლფასია და ასეთ შემთხვევები სცდება მოსწავლისა და მასწავლებლის(ან დირექციის) ურთიერთობის ფორმატს და საკლასო სივრცესაც.

შესაბამისად, ამას არც განვიხილავთ.

ისევ და ისევ, თუ საქმე მოზარდების მიერ დაშვებულ შეცდომებს და ადვილად გამოსასწორებელ ქმედებებს ეხება, დამნაშავის გამოვლენისა და სასჯელის საჯაროდ გაცხადების ნაცვლად უმჯობესია ამ პრობლემისა თუ შეცდომის აღმოფხვრაზე დავხარჯოთ ენერგია და მოსწავლეებს თავად დავავალოთ გაფუჭებულის გამოსწორება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი