პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯერომ ბრუნერი და აღმოჩენებით სწავლის თეორიის მნიშვნელოვანი კონცეპტები

ჯერომ სეიმურ ბრუნერი – ამერიკელი ფსიქოლოგი, კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1952-72 წლებში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, 1972-1980 წლებში კი _ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი განვითარებისა და სწავლის თეორია კონსტრუქტივიზმის პრინციპებს ეფუძნება. 


რით არის მნიშვნელოვანი ბრუნერის თეორია?


ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია კოგნიტურ თეორიებს მიეკუთვნება. კოგნიტური თეორიების მიზანი შემეცნებითი პროცესების (გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სტრუქტურისა და ფსიქოლოგიური მექანიზმების აღწერაა. ბრუნერის თეორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისათვის, რადგან ის ნათელ და თვალსაჩინო პედაგოგიურ მეთოდებსა და მოდელებს გვთავაზობს. 


ბრუნერის მიხედვით, რას გულისხმობს სწავლა და როგორი პროცესია ის?

   

ბრუნერის მიხედვით, სწავლა გულისხმობს ბავშვის მიერ ინფორმაციის შერჩევას, ჰიპოთეზების შექმნას და ამ გზით ახალი მასალის ინტეგრირებას მის ცოდნასთან. სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: 

1.პრაქტიკული – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია), პრაქტიკული ქმედებები; 

2.ხატოვანი – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ ობიექტით, არამედ ობიექტის თვალსაჩინო ხატით მანიპულირება; 

3.სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ჩვევებისა და ცოდნის ათვისება უკეთ ხდება, თუ ბავშვი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენს თუ ცნებას.

ბრუნერის მიხედვით, სწავლა აქტიური სოციალური პროცესია, როდესაც ბავშვი თავისი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს. ამ თვალსაზრისით ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი.



ბრუნერის თეორიის მიხედვით, რა გვაძლევს გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას  და რა მოიაზრება ტერმინში “კატეგორია”?

   

გარემოს შეცნობისას ჩვენ გამოვყოფთ საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე ჩვენი გამოცდილებიდან. ამის საფუძველზე შევიმუშავებთ წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ამ პროცესში ჩვენ აღმოვაჩენთ და თავადაც ვქმნით ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს ,,ცნების” ნაცვლად შემოაქვს ტერმინი კატეგორია, რომელსაც ის იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით კატეგორია შეიძლება გავიგოთ როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.


ბრუნერის აზრით,  რა განსაზღვრავს ცნებათა შორის დამოკიდებულებებს?

   

ბრუნერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება. ამით ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება (ჩვენი შედარებით მუდმივი ცოდნის, უნარების, შთაბეჭდილებების და ა.შ. ყულაბა) შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კატეგორიების სტრუქტურირება კოდირების სისტემის საფუძველზე.  


– რა მნიშვნელობა აქვს კოდირების სისტემას სწავლის პროცესში და მოსწავლის მიერ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში?

   

ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა, ბრუნერის აზრით, იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა _ საკუთარი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვან იდეებსა და დამოკიდებულებებზე.

კოდირების სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია ასეთია:


 



 რას ანიჭებს ბრუნერი უპირატესობას – კოდირების სისტემა თავად უნდა შექმნას მოსწავლემ თუ დასრულებული სახით უნდა მიიღოს მასწავლებლისგან?

   

ბრუნერი თვლის, რომ მოსწავლე თავად ქმნის საკუთარ ვერსიას რეალობის შესახებ, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც გაუადვილებენ მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებების აღმოჩენას. სჯობს, კოდირების სისტემა თავად მოსწავლემ შექმნას, ვიდრე დასრულებული სახით მიიღოს ის მასწავლებლისგან. აღმოჩენებით სწავლა სწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალა დაუსრულებელი სახით მიეწოდებათ და მისი ორგანიზება მოეთხოვებათ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მონახონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც მასალის ელემენტებს შორის არის.  


როგორ განიხილება ბრუნერის თეორიაში  “აღმოჩენა”?

   

ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა, ან უფრო ხშირად _ კოდირების სისტემის ფორმირება, რაც ხშირად ობიექტებს ან მოვლენებს შორის მიმართების (მსგავსი და განსხვავებული) ტერმინებში გამოისახება. აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის მხრიდან გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღარ აძლევს მოსწავლეს მითითებებს მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა. ამასთან, მითითებები უნდა იყოს ზომიერი, გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ან მოსწავლე არ აღმოჩნდეს დაუძლეველი პრობლემის წინაშე. 

 

რაში მდგომარეობს აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა?

  

აღმოჩენებით სწავლების მიდგომა აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ძალიან ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება _ მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის, როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ იმაშია, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გააკეთონ დასკვნები. 


ბრუნერის მიხედვით, რა არის  აღმოჩენებით სწავლების საფეხურები?

  

ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს:

I.ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;

II.მაგალითების შერჩევა, შესაბამისი დაკვირვებების წარმოება;

III.ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;

IV.ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტების, დაკვირვებების შემუშავება და ჩატარება;

V.ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან ,,მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.


ბრუნერის მიხედვით, რა არის აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორები?

  ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი ან ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:


1.განწყობა _ მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ,,ზედაპირული”, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ,,ჩაღრმავებული”, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ელემენტებს შორის დამოკიდებულებების ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების, სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.

2.სწავლისადმი მზაობა _ მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დაფრთხება მისი სირთულით, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას და წინათ ათვისებულ მასალას დაეყრდნობა.

3.სწავლების მრავალფეროვნება _ ეს ცვლადი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით სწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას იღებს განსხვავებულ პირობებში, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ ბრუნერი იძლევა რჩევას, რომ ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ განსხვავებული სიზუსტისა და აბსტრაჰირების ხარისხით _ იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა. “სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.

4.კონკრეტული შინაარსების ფლობა _ ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, ვინც საამისოდ კარგად არის მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ვერ დააკავშირებს ინფორმაციის ელემენტებს ერთმანეთთან და ვერც განაზოგადებს მას.


ბრუნერის აზრით, რა არის ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური?

  

ბრუნერი თვლის, რომ ეფექტური სწავლებისათვის ყველაზე ადეკვატური ე.წ. “სპირალური კურიკულუმია”. სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილსა და წინა გამოცდილებას ეფუძნებოდეს.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი