ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კლასიკური მეთოდები კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(პირველი ნაწილი)

კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული საგაკვეთილო პროცესის კვლევა ცხადყოფს, რომ ასეთი გაკვეთილების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია სწავლა-სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.

მასწავლებლებს ხშირად ჰგონიათ, რომ სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მთლიანად უარყოფს სასწავლო პროცესში კლასიკური მეთოდების გამოყენებას. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით ავხსნათ, როგორ შეიძლება კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში კლასიკური/ტრადიციული მეთოდების გამოყენება.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის მინიმალური მოთხოვნები, როგორც საგაკვეთილო, განსაკუთრებით კი კლასიკური საგაკვეთილო პროცესის მაორიენტირებელი ჩარჩო, ასეთია:

* კონსტრუქტივისტულად აქტიური სწავლა – სასწავლო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა, როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ, კონსტრუქტივისტულ პერპექტივაში უნდა დაინახოს და გაითავისოს სასწავლო მასალა, მისი შინაარსი, სწავლის პროცესი. ეს არის შანსი, მოსწავლეებმა თავად მიიღონ მონაწილეობა საკუთარ ქმედებათა დაგეგმვაში, განხორციელებასა და კონტროლში. ცოდნის შეძენის სურვილი მხოლოდ გარეგანი მოტივაციით კი არ უნდა იყოს ნაკარნახევი, არამედ ეს უნდა იყოს აქტიური ცოდნა, რომელსაც მოსწავლე სიტუაციისა და საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად გამოიყენებს. ამიტომ კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში უპირატესობა ენიჭება ე.წ. მონაწილეობით სწავლას, რომელიც საფუძველშივე შეესაბამება ამ მეთოდურ პრინციპებს. მასწავლებლის მხრივ მხოლოდ ფრონტალური გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა კრიტიკულად ეკიდება, რადგან მასწავლებელი ამ დროს ერთპიროვნულად დგას წინა პლანზე, მოსწავლეთა ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ისინი ამ დროს ცოდნის პასიური მიმღებნი არიან. თუმცა ფრონტალური ფაზების გონივრული კომბინაცია სწავლების ინტერაქტიული მეთოდების მრავალრიცხოვან სპექტრთან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მოახდინონ საკუთარი ცოდნის სტრუქტურირება, ზრდის მათ ჩართულობას, რაც გაკვეთილს უფრო სახალისოსა და შედეგიანს ხდის.

* თვითრეგულირებადი სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა მიისწრაფის, ასწავლოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლა, რაც ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამისთვის აუცილებელია, მოსწავლე ჩამოყალიბდეს თვითრეგულირებად შემსწავლელად. თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, როგორ გამოიყენოს შეძენილი ცოდნა თუ სასწავლო სტრატეგიები, როგორია მისი სწავლის სტილი, რა ძლიერი თუ სუსტი მხარე აქვს, როგორ გამოიყენოს ძლიერი მხარეები პრობლემების გადასაჭრელად და როგორ დაძლიოს სისუსტეები. ასეთ მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები და, აქედან გამომდინარე, ფლობენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს. თვითრეგულირებად მოსწავლეებს მაღალი აქვთ სწავლის მოტივაცია, მათი მიზანია, განვითარდნენ, განიმტკიცონ ცოდნა. ისინი გამუდმებით ეძებენ ახალ გამოწვევებს და სირთულესთან შეჯახებისას უფრო შეუპოვრები ხდებიან. დაბრკოლებათა გადასალახავად კი აუცილებელია ნებისყოფისა და თვითდისციპლინის გამომუშავება. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება მოსწავლეებს ამ უმნიშვნელოვანეს უნარს ვერ განუვითარებს.

* კონტექსტსა და სიტუაციაზე დაფუძნებული სწავლა – კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, საგაკვეთილო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სიტუაციებს, რომლებიც მოსწავლეთა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ამოდის და განიხილებოდეს კონტექსტში, ე.ი. ეყრდნობოდეს უკვე ნასწავლსა და განხილულს. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან. ამის მიღწევა კი კონსტრუქტივისტ მასწავლებელს შეუძლია თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გონივრული კომბინაციით.

* მოდელით სწავლა – სწავლისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მოიაზრებს მოდელით სწავლას. „მოდელი” ანუ მისაბაძი პიროვნება შეიძლება იყოს როგორც რეალური ადამიანი (მასწავლებელი, მშობელი, თანატოლი, საკუთარი თავი და სხვ.), ასევე ფილმისა თუ ლიტერატურული ნაწარმოების გმირი (ე.წ. „სიმბოლური მოდელი”). მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გონივრულად შეარჩიოს მოდელი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კლასიკური, ფრონტალური მეთოდით მუშაობისას. სასწავლო პროცესში მხოლოდ კლასიკური მეთოდების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია მოდელით სწავლისათვის. კვლევა გვიჩვენებს, რომ საკმარისი არ არის, მასწავლებელი იყოს მხოლოდ მზა ინფორმაციის მიმწოდებელი. ამ დროს მოსწავლეები ვერ აღიქვამენ კონცეფციას და დასაბუთებას, თავს არიდებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, შეკითხვის დასმას, სხვათა პოზიციის შეფასებას. საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ ან მეტისმეტად ხშირად ფრონტალური მეთოდის გამოყენებას მივყევართ პასიური სასწავლო ქმედებისკენ, რომელიც ვერ წარმოადგენინებს მოსწავლეს საკუთარი და სხვთა ქმედების ეფექტურ მოდელს.

* ინტერაქტიული სწავლება – ინტერაქტიული სწავლების დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის სუბიექტია, მისი აქტიური მონაწილეა. სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, მისი თვისებები და ცოდნა. შესაბამისად, იცვლება სწავლების მიზანი, იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწორედ ინტერაქტიული სწავლება განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. ეფექტიანი ინტერაქტივი, ერთი მხრივ, მიიღწევა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკმაოდ ხშირად მიმართავს მიდგომას: „მე მსურს” და „მე უნდა” და იცავს ბალანსს მათ შორის. მეორე მხრივ, ინტერაქციის დროს მაქსიმალურად უნდა წარმოჩნდეს განსხვავებული პოზიციები, საკითხი გაანალიზდეს და შეფასდეს სხვადასხვა კუთხით, რაც მსჯელობისა და დისკუსიის საშუალებას იძლევა. საგაკვეთილო პროცესის დროს ინტერაქტიული მიდგომა შეიძლება უზრუნველვყოთ თანამედროვე და კლასიკური მეთოდების ერთობლივი გამოყენებით.

* ურთიერთთანამშრომლობით სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება. სასწავლო მასალის შინაარსი და ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც სასიამოვნო სასწავლო გარემო, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ატმოსფერო, ურთიერთნდობა უწყობს ხელს სწავლას, ასევე სასწავლო მასალის შინაარსიც განსაზღვრავს ურთიერთობებს. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება ურთიერთთანამშრომლობით სწავლებას ვერ უზრუნველყოფს.
მომდევნო სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გამოვიყენოთ ტრადიციული მეთოდები, კერძოდ, ფრონტალური ფაზები, კონსტრუქტივისტულად დაგეგმილ გაკვეთილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი