პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვალერია საფაროვა -შოტლანდიის სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების სისტემა

უკანასკნელი ორი ათეული წელია, სასკოლო განათლების ხარისხის შეფასება ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია არა შეფასების უნივერსალური მოდელის შექმნა, არამედ შეფასების უკვე არსებულ სისტემათა ხარისხის შესწავლა და ანალიზი არსებული მიდგომების გამდიდრებისა და სისტემატური შეფასების კულტურის განვითარების მიზნით.

ევროპის ქვეყნებში არსებული სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების თავისებურებათა შესწავლისას განვითარების შემდეგი ტენდენციები გამოვავლინეთ:

– განათლების სისტემათა დეცენტრალიზაციის პროცესი და სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება განპირობებულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით. სკოლა განიხილება როგორც „სოციალურ სიკეთეთა” ბაზრის სეგმენტი. მან ხარისხიანი პროდუქტი უნდა წარმოქმნას გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს სუბიექტს განათლების განვითარების გზათა დამუშავების პროცესში და ამიტომ გავლენას ახდენს სახელმწიფოს საგანამანათლებლო პოლიტიკაზე. ამასთან ერთად, სკოლისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების შედეგად, – რაც გამოიხატება სასწავლო გეგმის დამოუკიდებელი შემუშავებით, სასწავლო მასალების შერჩევით, ინოვაციური ქმედებების შესაძლებლობით, ბიუჯეტის დამოუკიდებელი განაწილებით და სხვ. – იზრდება მისი პასუხისმგებლობაც. იზრდება სკოლის თვითშეფასების როლიც, რაც გულისხმობს სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ანალიზსა და სუსტი მხარეების განსაზღვრას. სკოლა სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს მოსწავლეებს, მშობლებს, საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს.

– ტრადიციისამებრ, შენარჩუნებულია განათლების ხარისხის შეფასების გარეგანი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს სახელმწიფოს მხრივ. გარეგანი შეფასება ხორციელდება ინსპექტორული ორგანოების მიერ ნაციონალურ ან რეგიონულ დონეზე. მაგრამ ამ ორგანოებს უმეტესწილად საკონსულტაციო ფუნქცია აქვთ. ისინი სკოლებს უზრუნველყოფენ მეთოდური მხარდაჭერით საკუთარი საქმიანობის თვითშეფასების განხორციელებასა და მომავალი განვითარების გეგმის შემუშავებაში.

– გარეგანი და შინაგანი შეფასების ობიექტს წარმოადგენს სკოლის მთლიანი, კომპლექსური საქმიანობა. ფასდება არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ საგანმანათლებლო სისტემის ყველა ელემენტი, რომლებიც ამ შედეგის მისაღწევ საშუალებებს წარმოადგენს. ამ ელემენტებს განეკუთვნება: სწავლების მიზნები, შინაარსი, ორგანიზაციული ფორმები და საშუალებები, ცოდნის გადაცემის ხარისხი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეფექტური მართვა.

მიუხედავად ზემოთ აღწერილი ტენდენციებისა, თითოეულ ქვეყანას საკუთარი უნიკალური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სცენარი აქვს, რომლებიც თავისებურ გავლენას ახდენს განათლების ხარისხის შეფასების სისტემაზე.

შოტლანდიაში, სადაც სკოლა, ტრადიციულად, დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენს დეცენტრალიზებული სისტემის პირობებში, დღესდღეობით შეინიშნება ცენტრალიზაციის გაძლიერება განათლების ხარისხის მართვის თვალსაზრისით.

განვიხილოთ შოტლანდიური სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ზოგიერთი თავისებურება.

შოტლანდია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც შეიმუშავა და წარმატებით დანერგა სკოლის თვითშეფასების ინოვაციური სისტემა. სასწავლო დაწესებულების თვითშეფასება განათლების ხარისხის შეფასების მთავარ ფორმას წარმოადგენს. მაგრამ, ამასთან ერთად, სკოლასა და მის საქმიანობას აფასებენ სახელმწიფო და განათლების რეგიონული საბჭოები.

ნაციონალურ დონეზე შოტლანდიის სახელმწიფო ინსპექცია უზრუნველყოფს განათლების მთელი სისტემის ხარისხს. სწორედ იგი შეიმუშავებს განათლების ხარისხის კრიტერიუმებს შოტლანდიურ სკოლებში; ახორციელებს სკოლების საქმიანობის სისტემატურ შემოწმებას; აქვეყნებს ანგარიშებს შემოწმების შედეგების შესახებ; კონსულტაციას უწევს განათლების საბჭოს განათლების ხარისხის საკითხებზე.

რეგიონულ დონეზე განათლების საბჭოები ხარისხის რეგულარულ აუდიტებს ახორციელებენ სკოლის თვითმმართველობის პირობებში; ადგენენ ანგარიშებს ამ შემოწმების შედეგების შესახებ; მონაწილეობენ სკოლის განვითარების გეგმის შემუშავებაში და ეხმარებიან სკოლას მის რეალიზაციაში.
სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ორგანიზაცია შოტლანდიაში

თითოეული სკოლა შემდეგნაირად აწარმოებს თვითშეფასებას: სამი წლის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესის სხვადასხვა ასპექტის სისტემატური ანალიზი მიმდინარეობს; შეფასების სუბიექტები არიან სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციული აპარატი და პედაგოგიური კოლექტივი. სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით „რამდენად წარმატებულია ჩვენი სკოლა?” წარმოდგენილია თვითშეფასების მექანიზმები და ხარისხის გასაანალიზებლად გამოყოფილია სკოლის საქმიანობის შვიდი ასპექტი:

1) სასწავლო გეგმა;
2) მოსწავლეთა მიღწევები;
3) საგანმანათლებლო პროცესი (სწავლა და სწავლება);
4) მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ხელშეწყობის ფაქტორები;
5) სკოლის კლიმატი;
6) რესურსები;

7) მართვა, დირექტორის საქმიანობა, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

თითოეული ასპექტი ფასდება იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, შეფასების პარამეტრებს მოიცავს. მაგალითად, ასპექტი „სასწავლო გეგმა” ფასდება ორი კრიტერიუმით:

1. სასწავლო გეგმის ორგანიზაცია;

2. კურსები და პროგრამები.

„სასწავლო გეგმის ორგანიზაციის” კრიტერიუმი აღიწერება შემდეგი პარამეტრებით:

* სასწავლო გეგმის ელემენტთა მოცულობა და დაბალანსებულობა;
* საგანთაშორისი კავშირები;
* საგანთა გაწერა და საგანთა ორგანიზება მოსწავლეთა არჩევანის შესატყვისად;

„კურსებისა და პროგრამების” შეფასების პარამეტრებს განეკუთვნება:

* კურსის ან პროგრამის ელემენტთა მოცულობა და დაბალანსებულობა, მათი შესაბამისობა ნაციონალურ და რეგიონულ ჩარჩოებთან;
* კურსებისა და პროგრამების მთლიანობა და თანმიმდევრულობა;
* კურსის ან პროგრამის კალენდარულ-თემატური დაგეგმვა და მასწავლებელთა მეთოდური უზრუნველყოფა;

თითოეული პარამეტრი ფასდება 4-ქულიანი სკალით, სადაც 4 ნიშნავს „ძალიან კარგს”, 3 – „კარგს”, 2 – „დამაკმაყოფილებელს” და 1 – „არადამაკმაყოფილებელს”.

შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს როგორც სკოლის მთლიანი საქმიანობა, ისე მისი ერთი ან რამდენიმე ასპექტი.
თვითშეფასების პროცესის საფუძვლად სამი საკითხი გვევლინება:

1. როგორ ვმუშაობთ?
2. როგორ შევიტყოთ ამის შესახებ?
3, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე?

მონაცემთა შეკრების მეთოდებია:

* ინტერვიუ;

* ანკეტირება (მრავალი სკოლა იყენებს ინსპექტორატის მიერ შემუშავებულ ანკეტებს სკოლის კლიმატისა და საგანმანათლებლო პროცესის შესაფასებლად). ანკეტებს ავსებენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები;

* ჯგუფური განხილვები და სამუშაო შეხვედრები;

* დოკუმენტაციის ანალიზი (მოსწავლეთა ნამუშევრები, ანგარიშები მშობლებისთვის, ანგარიში სკოლის განვითარების გეგმის რეალიზაციის შესახებ, სასწავლო გეგმა და ა.შ.);

* დაკვირვება (პირდაპირი დაკვირვება, კლასების გაცვლა, გაკვეთილთა ვიდეოჩანაწერი და სხვა);

* მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების ანალიზი (მიღწევათა დონეები, მოსწავლეების მიღწევათა ნაციონალური და რეგიონული მაჩვენებლები, „დამატებითი ღირებულების” მაჩვენებლები).

თვითშეფასების შედეგის საფუძველზე ისაზღვრება სკოლის საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები, მუშავდება ანგარიში სტანდარტისა და ხარისხის შესახებ (Standards and Quality report), გამოიყოფა სკოლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. 2000 წლიდან სკოლები ვალდებულნი არიან, შეადგინონ სკოლის განვითარების ყოველწლიური გეგმა, რომელშიც დასახულია მიზნები და განსაზღვრულია საშუალებები ამ მიზნების მისაღწევად. სკოლები ვალდებულნი არიან აგრეთვე შეადგინონ ანგარიშები მშობლებისთვის.

თვითშეფასების შედეგები ედება საფუძვლად სახელმწიფო ინსპექციის გარეგანი შეფასების დაგეგმარება-განხორციელებას. სასკოლო განათლების ხარისხის ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით ნაციონალურ სახელმძღვანელოში („რამდენად წარმატებულია ჩვენი სკოლა”) გაწერილი კრიტერიუმები და მექანიზმები საერთოა შიდა და გარე შეფასების წარმოების დროს. სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ორგანიზების აღნიშნული თავისებურებანი მოწმობს ხარისხის მართვის ახალი მრავალდონიანი სისტემის წარმოქმნას, რომელშიც სკოლის მაღალი ავტონომიურობა ერწყმის კონტროლის ცენტრალიზაციას სახელმწიფო დონეზე.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა
შენიშვნები
1 Improving our school. A Consultation paper on national priorities for schools education in Scotland Edinburgh. 2000.
How good is our school? Self-evaluation using quality indicators. HMIE. 2001.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი