ინტერნეტი გაკვეთილზე

კარგა ხანია, ინტერნეტქსელი განათლებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწორედ აქ ეძებენ საჭირო ინფორმაციას, რეფერატებს, წიგნებს, სტატიებსა და სხვა მასალებს. ინტერნეტს ფართოდ იყენებენ მასწავლებლებიც მეთოდური სიახლეების გასაცნობად, სამუშაოს გასამრავალფეროვნებლად და მიუხედავად იმისა, რომ აქ მოძიებული ინფორმაცია ყოველთვის არ არის ზუსტი და სანდო, ინტერნეტის პოპულარობას არაფერი ემუქრება.

თანამედროვე მასწავლებელმა იცის ამ რესურსის ფასი და კარგად ესმის, როგორ შეიძლება მისი გონივრულად გამოყენება.
მწამს – არ მწამს. როგორც კი საშინაო დავალება სახელმძღვანელოს ფარგლებს გასცდება, მასწავლებლის ამოცანაა, ასწავლოს მოსწავლეებს ინტერნეტში ორიენტირება. თავდაპირველად ბავშვებს, ცოტა არ იყოს, უჭირთ გაგება, სად და როგორ მოიძიონ საჭირო მასალა, როგორ გაარკვიონ, ვინ დაწერა ის – დილეტანტმა თუ სპეციალისტმა, დაამახინჯა თუ არა ფაქტები, ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა კონკრეტულად მიუთითოს მათ, რომელ სამეცნიერო ინფორმაციას დაეყრდნონ, თავად დაუსახელოს ვებგვერდები, საიდანაც ისინი სანდო მასალას ამოკრეფენ.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს წყაროს მნიშვნელობას, უხსნის, როგორ გამოიყურება საეჭვო საიტები. ამისთვის პედაგოგი თვითონაც უნდა ერკვეოდეს ინტერნეტრესურსებში.
შედარებითი ანალიზი. იმისთვის, რომ მოსწავლემ ინტერნეტწყაროებში ორიენტირება ისწავლოს, შეიძლება, მასწავლებელმა საშინაო დავალებად კონკრეტულ თემაზე რამდენიმე სტატიის შედარებითი ანალიზი მისცეს. მაგალითად, „ინტერვიუს ჟანრი”. ამ თემაზე თითოეულმა მოსწავლემ სამი საინტერესო ინტერნეტსტატია უნდა მოიძიოს და მათი შედარებითი ანალიზი განახორციელოს – რა საერთო აქვთ სტატიებს ინფორმირების, ლოგიკური სტრუქტურის თვალსაზრისით და სხვ. ბავშვები მხოლოდ დეტალურად კი არ გაეცნობიან ცალკეულ მასალებს ამ თემაზე, არამედ ინტერნეტწყაროების შერჩევაშიც გაიწაფებიან.

შემოქმედებითი დავალება. ინტერნეტი ფართო შესაძლებლობას იძლევა შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. თუ გაკვეთილზე არსებობს შანსი, რომ ინტერნეტრესურსი მასწავლებელმა სრულად გამოიყენოს (ამისთვის გაკვეთილი კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახში უნდა მიმდინარეობდეს), ცოდნის გამყარება-გაღრმავება სხვადასხვა სახის შემოქმედებითი და სახალისო სამუშაოთი შეიძლება. მაგალითად, კლასი ჯგუფებად იყოფა და ქმნის კროსვორდებს, რომლებიც თემატურად ეხმიანება გაკვეთილს. ან სხვა ვარიანტი: მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს დავალებას გაკვეთილის დასაწყისშივე აძლევს. გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებმა მულტიმედიური მინიპრეზენტაციები უნდა გამართონ. ინტერნეტში ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს აიძულებს, სწრაფად მოიძიონ ინფორმაცია და ერთმანეთს თემის უკეთესად გაშლაში შეეჯიბრონ. ინტერნეტი მოძიებული ინფორმაციის ვიზუალიზაციის, ილუსტრირების საუკეთესო საშუალებასაც იძლევა.
საინტერესოა ასეთი გამოცდილება: მასწავლებელი კლასს სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნას სთავაზობს. ჯგუფში კონკრეტულ თემაზე, მაგალითად, „ვეფხისტყოსნის” რომელიმე გმირზე უნდა წერონ. გარკვეული დროის შუალედში მოსწავლეები ჯგუფის გვერდზე შერჩეული თემის შესახებ ორიგინალურ კომენტარს ტოვებენ. ჯგუფის ადმინისტრატორები (მოსწავლეთა ნაწილი) ჩანაწერებს ეცნობიან, ყველაზე საინტერესოს აღნიშნავენ და ვერდიქტი ქულებით გამოაქვთ, მასწავლებელი კი ადმინისტრატორების მუშაობას აფასებს. შემდეგ ადმინისტრატორების როლს სხვა ბავშვები ირგებენ და თემაც იცვლება. 
ინტერნეტმოგზაურობა. პროექტის დემონსტრირებისთვის აუცილებელია, კლასში ინტერნეტი იყოს. აქტივობა გათვლილია უფროსკლასელებზე, რადგან ის მეტ ძალისხმევას, ახალი მასალის ლოგიკურად გადმოცემასა და საძიებო უნარების ფლობას მოითხოვს. მოსწავლემ უნდა შექმნას მარშრუტი-მოგზაურობა რომელიმე საკითხის ირგვლივ. მარშრუტში შევა სხვადასხვა ვებგვერდი. საიტიდან საიტზე გადასვლით მოსწავლე შერჩეული საკითხის შესახებ საუბრობს და თავის აზრს გამოთქვამს. სწავლების ამგვარი მოდელი წაადგება პოტენციურ სტუდენტებს, რომლებსაც მომავალში რეფერატების წერა მოუწევთ.
ინტერნეტი მასწავლებლისთვის. პედაგოგი თვითონვე უნდა იყოს აქტიური ინტერნეტმომხმარებელი. თანამედროვე მასწავლებელი ვალდებულია, სიახლეთა საქმის კურსში იყოს, დროს არ ჩამორჩეს. ძალიან ეფექტურია, როდესაც მოსწავლეები ახალ ინფორმაციას ფილმებით, რეპორტაჟებით, ფოტოსურათებით ეცნობიან. ასეთი სახით წარმოდგენილი მასალა მათ კარგად ამახსოვრდებათ. 
მნიშვნელოვანია მასწავლებლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება, იდეების გაცვლაც. ეს ყველაფერი დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.
ინტერნეტგაკვეთილი. ეჭვგარეშეა, ინტერნეტგაკვეთილი ცალკე სტატიას იმსახურებს. მისი აუცილებელი პირობაა ინტერნეტქსელთან მუშაობის გამოცდილება. მასწავლებელს შეუძლია, სწავლების პროცესი დაუსწრებლად აკონტროლოს (იგულისხმება დისტანციური ფორმატი). ასეთი გაკვეთილის მიმართ მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები არ არსებობს. გაკვეთილს მასწავლებელი საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. 
ინტერნეტგაკვეთილის ძირითადი მომენტები: ვინაიდან გაკვეთილის ფორმა არატრადიციულია, თემაც ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ვებგვერდების ჩამონათვალი, რათა მოსწავლემ იოლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია. ახალი გაკვეთილის ახსნა ვიდეოთვალის საშუალებით შეიძლება. სასურველია, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება მოსწავლისგან შემოქმედებითი რესურსის ხარჯვას ითხოვდეს. მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს, როგორ იმუშავებს შეფასების სისტემა.
გახსოვდეთ, ინტერნეტი სწავლების პროცესში მოსწავლისთვის აკრძალული ზონა არ უნდა იყოს. ონლაინსამყაროზე წვდომა ყოველთვის როდია მოსწავლისთვის საზიანო, მით უმეტეს, დღეს ჩვენი რეალური და ვირტუალური სამყაროები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

comments