ტესტები პროპაგანდის ამოსაცნობად

მედია ლაპარაკობს იმაზე, რომ ფინეთმა გაიმარჯვა ცრუ ინფორმაციასთან ომში. სასწავლო კურსები, რომლებიც ყველა ასაკის მოქალაქეებს ასწავლიდა ცრუ ამბების ამოცნობას და საინფორმაციო ომისთვის შესაბამისი ცოდნით შეაიარაღებდა, ფინეთის მთავრობის ინიციატივით 2014 წელს ამოქმედდა – ორი წლით ადრე, სანამ დაიწყებოდა საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოპოვებას ინფორმაციული ომით შეეცდებოდა. რუსეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთის ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების საინფორმაციო უნარების განვითარება ყირიმის ანექსიამ შთააგონა.

დღეს რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ომი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული თემაა, თუმცა დეზინფორმაციასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი ჯერჯერობით ბევრი არ გვაქვს. ამიტომაც იქცევს ყურადღებას ფინეთი, სადაც მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება ყველა საგნის სწავლებისას მნიშვნელოვანი ასპექტია. იქაური განათლების სპეციალისტები ამბობენ, რომ სურთ ისეთი თაობების გაზრდა, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის გადამოწმება, სწორი კითხვების დასმა და სანამ რამეს დაიჯერებდნენ ან გაავრცელებდნენ, ორჯერ მაინც დაფიქრდებიან იმაზე, ვინ დგას ამ ინფორმაციის უკან, რითაა ის მნიშვნელოვანი და ვის ინტერესებში შედის მისი გავრცელება. სხვები კი ამბობენ, რომ საინფორმაციო ომში ფინეთის წარმატება, სასკოლო პროგრამების შესაბამისად ადაპტირებასთან ერთად, იმის დამსახურებაც არის, რომ ფინელებს კითხვის საუკეთესო ტრადიცია აქვთ. ქვეყანაში, სადაც სულ 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წელიწადში 68 მილიონი წიგნი იყიდება და მთავარი ბიბლიოთეკისთვის, რომელსაც “ჰელსინკის მისაღებ ოთახსაც” უწოდებენ, წელიწადში 110 მილიონი დოლარი იხარჯება. ევროკავშირში პიზას ტესტებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც ფინელ ბავშვებს აქვთ და ბედნიერების ინდექსითაც მოწინავე ადგილებს იკავებენ. ეს მოცემულობა ზოგ ამოცანას ამარტივებს, მაგრამ ის ისევე რთულად და კომპლექსური მუშაობის შედეგად მიიღწევა, როგორც თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სასკოლო პროგრამები.

 

საინფორმაციო ომში დღეს ყველა ვართ ჩართული, განურჩევლად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამას. ბრძოლას ართულებს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის პროპაგანდაგამოვლილ ადამიანებს ხშირად უფრო უჭირთ ცრუ ინფორმაციის ნაკადში ორიენტირება, ვიდრე თანამედროვე, გაჯეტებთან ერთად გაზრდილ ბავშვებს. საქართველოში, სადაც მედიაწიგნიერება ჯერ კიდევ ახალი ხილია, დეზინფორმაციასთან ბრძოლის შთამბეჭდავი შედეგების ჩვენება გაგვიჭირდება, თუმცა შეგვიძლია, საკუთარი თავის და მოზარდების გასავარჯიშებლად ქართული თამაშები გამოვიყენოთ.

მაშ ასე:

„გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!“ ბურატინოს ცხვირის პრინციპით მუშაობს. თამაშის მორალი ასეთია: იმისთვის, რომ ცხვირის ოპერაცია არ დაგვჭირდეს, მტყუან-მართალის გარჩევაზე მეტი უნდა ვიფიქროთ.

ინფორმაციის სანდოობის შემოწმებასა და ტყუილ-მართლის გარჩევაზე აგებულ თამაშში მოცემული მაგალითები ინტერნეტში გავრცელებული რეალური და fake ამბებია.

აი, მაგალითად:

“ფეისბუკზე ჩემმა მასწავლებელმა გაზეთ “დედასამშობლოს” სტატია გააზიარა. “დედასამშობლო” იტალიურ გამოცემა Ilgiomale.it-ზე დაყრდნობით წერდა, რომ “ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშვთა ნათლობა იკრძალება”.

მაღალო ღმერთო, როგორ მოვიქცე?!” – გვეკითხება ერთ-ერთი ამოცანა. თუ დეზინფორმაციას კარგად იცნობ, ცხვირი არ გეზრდება, თუკი ცრუ ამბებს იჯერებ, შენი ცხვირი ბურატინოს ცხვირს ემსგავსება. თამაშის ღირსება ის არის, რომ ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრინციპებს გიხსნის.

 

„ლიტერატურუსის თავგადასავლები“ 10-ტურიანი თამაშია, სადაც ტურიდან ტურში გადასასვლელად ინფორმაციის გადამოწმების უნარები გჭირდება. თამაშის ბოლოს იგებ, მედიის რამდენად კომპეტენტური მომხმარებელი ხარ და როგორ უმკლავდები ცრუ ინფორმაციის ნაკადს.

მანამდე კი ინფორმიის პატარა სამეფოში ხვდები, სადაც ხალხი მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდა, ინფორმაცია ყოველთვის სანდო იყო. აქ ხალხი ენდობოდა მედიას, ერთმანეთს და თავიანთ პრინცესას. ერთ დღეს სამეფო ეჭვმა და გაუგებრობამ მოიცვა, პრინცესა გაუჩინარდა. ამბავიც აქედან იწყება.

 

„კიბერბულინგი“ ინტერნეტშეტევის დროს თვითგადარჩენის საბაზისო უნარების გამომუშავებისთვის შექმნილი თამაშია.

თამაშის გმირი 16 წლის კირაა. მას უცნობი მეგობრებში დამატების მოთხოვნას უგზავნის, ფოტოს გაგზავნას სთხოვს, მერე აშანტაჟებს და საჯაროდ არცხვენს. ჩაბნელებულ ოთახში კირა 7 კიბერმოჩვენებასთან ერთად ხვდება, რომლებიც სწორი პასუხების გაცემისთანავე უჩინარდებიან. მოთამაშე ეხმარება კირას პრობლემის მოგვარებაში და სწავლობს, როგორ უნდა მოიქცეს თვითონ მსგავს სიტუაციაში.

 

„შოპინგი მილანში” ყოფით სიტუაციაზე აგებული თამაშია. 17 წლის მილამ სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებისგან მილანის საგზური მიიღო. მზადების პროცესში და მოგზაურობისას მას 10 კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს. ეს კითხვები პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს ეხება. სწორი პასუხის შემთხვევაში დაგროვებული მონეტებით გოგონას მილანში შოპინგის შესაძლებლობა ეძლევა, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მოთამაშე ტანსაცმელს კარგავს. ასე იღებენ სხვა ამავე ან უფრო დიდი თუ მცირე ასაკის მოთამაშეები ცოდნას საკუთარი ინფორმაციის დაცვის მინიმალურ სტანდარტზე.

 

თუ თამაშები გაგართობთ, შეგიძლიათ, ტესტებიც მოსინჯოთ, რომლებსაც “მითების დეტექტორი” პერიოდულად ამზადებს სხვადასხვა თემაზე. საინტერესო იქნება მოსწავლეებთან ერთად იმ არაქართული რესურსების ნახვა და შეფასებაც, რომლებსაც სკოლის მოსწავლეებისთვის ამზადებენ სხვადასხვა ქვეყანაში მათი ინფორმაციული უნარების განსავითარებლად. ვინ იცის, იქნებ მომდევნო თამაშის იდეა თქვენს გაკვეთილზე გაჩნდეს.

კომენტარები

comments