ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სოკრატეს როლი, თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაში

პელეპონესის ომმა, რომელიც დაახლოებით ოცდაათ წელიწადს გაგრძელდა (431-404 წ.წ.), შეარყია ათენის ძლიერება, ხოლო ათენის დამარცხებამ, რაც თავისთავად დემოკრატიის დამარცხება იყო, ისეთი ვაკუუმი შექმნა ბერძნულ სივრცეში, რომელსაც ვერაფერი შეავსებდა. ეს არ ყოფილა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური კრახი, ეს იყო ათენის სრული დაცემა. იმ ავბედით დროს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ათენის ჭეშმარიტი ძალა მისი სულიერი კულტურა იყო. ამის შეგნებამ კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩააყენა მოქალაქეები, რომელთაც მისთვის ზურგი შეექციათ. ისინი ხსნას, გამოსავალს ქვეყნის სულიერ აღორძინებაში ხედავდნენ. წაგებულმა ომმა განვითარების ახალი ბიძგი და ახალი გზა მისცა აზროვნებას. ეს სიახლე ლიტერატურაშიც აისახა. პოეზიამ დაკარგა სულიერი ცხოვრების წინამძღოლობა, ტრაგედიის ძლიერი სუნთქვა თითქოს მინელდა, წინა პლანზე პროზამ წამოიწია, გავრცელდა სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრება და სკოლა. ქსენოფონტეს, ისოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს და სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან მწერალთა ქმნილებები მიზანდასახული და, ამდენად, პროგრამული ხასიათისა იყო. მათ ძირითად ამოცანას ადამიანის ფორმირება, მოქალაქის აღზრდა წარმოადგენდა, მოქალაქისა, რომელიც სახელმწიფოს პატრონი და საყრდენი იქნებოდა. ეს იყო სწორედ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. ლიტერატურის ახალმა ჟანრმა გამოხატვის ახალი ფორმა მოიტანა – ფილოსოფიური დიალოგი, საუბარი ან კამათი ბრძენსა და მის თანამოაზრეს, მიმდევარს ან მოწინააღმდეგეს შორის. ამ ფორმის დაბადებას სოკრატეს მიაწერენ.

სოკრატე, ანტიკურ მოქალაქეთა საშუალო წრის წარმომადგენელი და მათი ინტერესების გამომხატველი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა დასავლეთის პედაგოგიკის ისტორიაში. წერილობითი მემკვიდრეობა სოკრატეს არ დაუტოვებია. ის „სოკრატული” ლიტერატურა, რომელიც არსებობს, მისი სიკვდილის შემდეგ გაჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის პლატონის ფილოსოფიური ქმნილებები და ქსენოფონტეს მოგონებანი. ქსენოფონტე თავის “მოგონებებში სოკრატეზე” მოგვითხრობს დიდი ათენელის ცხოვრებაზე, მის აღმზრდელობით მოღვაწეობაზე და საილუსტრაციოდ მოჰყავს სოკრატეს საუბრები. პლატონს, რომელიც სამუდამოდ სოკრატეს თაყვანისმცემელი და ერთგული დარჩა, თავისი დიალოგის მთავარ მოქმედ პირად სოკრატე გამოჰყავს და საკუთარ შეხედულებებსაც ხშირად მას მიაწერს. სოკრატეს სიკვდილის შემდეგ შეიქმნა მისი ცხოვრების ისტორიაც. ძნელი სათქმელია, რა არის აქედან რეალობა და რა – მითი, ლეგენდა, რომელია სოკრატეს ნააზრევი და რომელი – მისი მიმდევრებისა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – სოკრატემ „თავისი ცხოვრებით მაგალითი მისცა ახალ სამყაროს, სამყაროს, რომელიც მთლიანად ადამიანის სულიერ ღირებულებაზე იყო დაფუძნებული. ეს იყო ადამიანის სულში შეღწევა, ზრუნვა სულისთვის” (Jager W. 1936. Paideia, Die Formung des griechischen Menschen, in 3 Bänden, Berlin/Leipzig: Walter De Gruyter & Co, B. I : 95).

სოკრატე 469 წელს დაიბადა ათენელი მოქანდაკის სოფრონიკსის ოჯახში. მისმა ბავშვობამ და ყრმობამ პერიკლეს ზეობის პერიოდში გაიარა. იგი მოწმე შეიქმნა ათენის დიდების, მისი გამარჯვების, აღმშენებლობის. სკოლასთან ერთად, სადაც წერა-კითხვას, ანგარიშს, მუსიკას, გიმნასტიკას ასწავლიდნენ, მისი მასწავლებელი მშობლიური ქალაქი იყო ხელოვნების შედევრებით, თეატრით, ცოდნის წყურვილით შეპყრობილი ადამიანებით. მოწიფულ ასაკში სოკრატე ათენის დამარცხების, ნგრევის, თანამოქალაქეთა ზნეობრივი დაცემის, სულიერ ღირებულებათა გაუფასურების მოწმე გახდა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ადამიანებს შორის, ვინც ძველი დიდების დაბრუნებაზე ოცნებობდა და ამის ერთადერთ გზად ერის სულიერი აღორძინება ესახებოდა. სოკრატე არ წერდა, ის საერთო სატკივარზე ესაუბრებოდა თანამედროვეებს, რომელთაც საერთო სამშობლო, ისტორია, კანონი და კონსტიტუცია ჰქონდათ. მოსაუბრეებს შორის სოფისტებიც იყვნენ. ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ სოკრატესთან კამათში. სოკრატე, რომელსაც მრავალ სოფისტთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, პოლემიკისას აცამტვერებდა მათ. ასე და ამგვარად, სოფისტები კარგავდნენ მსმენელებს, პატივს, სახელს… მათგან განსხვავებით, სოკრატეს სწამდა ჭეშმარიტება, მიისწრაფოდა მისი დადგენისკენ და ამტკიცებდა, რომ საერთო ჭეშმარიტების გარეშე არ იარსებებდა არც საზოგადოება, არც კანონი, არც სიმართლე. მიუხედავად ამისა, იგი არასდროს ქადაგებდა ჭეშმარიტებაზე – სურდა, თავისი შეკითხვებით, საუბრებით, დიალოგებით დახმარებოდა ადამიანებს, თავად მისულიყვნენ ჭეშმარიტებამდე. მისი უმთავრესი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მიზანი ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა იყო.

სოკრატე კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ ზეპურ საზოგადოებაში ტრიალებდა, მხოლოდ განათლებულ ადამიანთა წრისთვის იყო ცნობილი. შედარებით გვიან გავიდა იგი ქუჩაში, ხალხში, გავიდა იმ მიზნით, რომ დახმარებოდა ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ეძიებდა, დახმარებოდა უანგაროდ, უშურველად. ამის ერთ-ერთი მიზანი სოფისტების ზედმეტად გააქტიურებაც იყო. მალე მან მრავალი მსმენელი შეიძინა, მისი აუდიტორია დღითი დღე იზრდებოდა. „რა შეიძლება იყოს უფრო მარგებელი, ვიდრე სოკრატეს საზოგადოება და მისი საუბრებიო”, – წერდა ქსენოფონტე (ქსენოფონტე, mogonebebi sokrateze. sokrates apologia. ZvelberZnulidan Targmna akaki uruSaZem. Tbilisi, Tbilisis universitetis gamomcemloba, 1973. გვ. 116))

პოპულარობა მოიპოვა მან ახალგაზრდებშიც. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი გონების სიღრმით, მჭევრმეტყველებით, მოთმინებით, სიკეთით, საერთოდ, მისი ცხოვრების სტილით. სოკრატეც აფასებდა ახალგაზრდებს როგორც თანამოსაუბრეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც გამორჩეულ ცნობისმოყვარეობასა და ცოდნის წყურვილს ამჟღავნებდა.
სოკრატე ახალგაზრდებს უკეთურებისგან განარიდებდა და უნერგავდა მათ მაღალ ზნეობას: სიკეთეს, პატიოსნებას, სამართლიანობას, თავდაჭერილობას; ასწავლიდა მშობლის, საერთოდ, უფროსის პატივისცემას, უხსნიდა ჭეშმარიტი მეგობრობის, ნამდვილი სიყვარულის არსს, აღზრდა-განათლების აუცილებლობას. ეს, როგორც უკვე ვთქვით, არც ქადაგებით და არც დამოძღვრით არ ხდებოდა. მას ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საუბარში ჩართვით, კითხვა-პასუხით მიჰყავდა მოსაუბრე ძირითად საკითხამდე და ბოლოს – სწორ დასკვნამდე. ეს არ იყო მარტო სწორი დასკვნის გამოტანა, მარტო ჭეშმარიტების დადგენა – „როგორც მოქანდაკე თლის თავის საჭრეთელით მარმარილოს, ღვთიური სილამაზის ნიმუში რომ შექმნას, ასე აცილებდა იგი თანამოსაუბრეს დაბინდული ცნობიერებიდან ყოველგვარ ზედმეტს, უსარგებლოს და პოულობდა ჭეშმარიტებას მთელი თავისი მშვენიერებით, და თანამოსაუბრე, რომელსაც თავის სულში მიჰქონდა ეს ჭეშმარიტება, უკვე თავისად მიიჩნევდა მას და ტკბებოდა მისით, როგორც მხატვრული ქმნილებით” ( Синовский В. 1914. Сократ и его время, Издание третъе, Издание Башмакова, Я.).

სოკრატე თავად იყო ზნეობრივად სრულყოფილი. მისი სიტყვა და ცხოვრების წესი არასოდეს სცდებოდა ერთმანეთს და სწორედ ეს განაპირობებდა მისი პიროვნების განსაკუთრებულ მომხიბლაობას. ის იყო ჭეშმარიტი პატრიოტი, ათენის დიდი მოქალაქე, რომელიც ერთნაირი ერთგულებითა და პატიოსნებით ემსახურებოდა მამულს როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიან დროს. მისი ყოველი სიტყვა, პირადი მაგალითი, ცხოვრების წესი არაჩვეულებრივად დადებით გავლენას ახდენდა ადამიანებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ის სარგებლობდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მსმენელებში და ასეთივე პატივისცემით პასუხობდა მათ. თავისი მსმნელები სოკრატეს მოსწავლეებად კი არა, პარტნიორებად, მეგობრებად მიაჩნდა ასეც მოიხსენებდა მათ. მისი წყალობით სიტყვა “მეგობარი” ისე დამკვიდრდა მოსწავლესთან კავშირში, რომ სოკრატეს შემდეგ ლიცეუმებსა და აკადემიებში ჩარიცხული მოსწავლე „ჩარიცხულ მეგობრად” იწოდებოდა.

სოკრატეს მთელი სისრულით ჰქონდა შეგნებული მასწავლებლის, აღმზრდელის ურთულესი ამოცანა და უდიდესი პასუხისმგებლობა. სოკრატესეულმა პედაგოგიურმა შეხედულებებმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც არ გასვლია ყავლი. თანამედროვე პედაგოგიკაში ერთ-ერთ ძირითად მიდგომას, რომელიც მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას (სხვადასხვა მოსაზრების ანალიზის, შეფასების, პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავებას და სხვ.) უწყობს ხელს, სოკრატესეული მეთოდი ეწოდება.

სოკრატე სავსებით სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ერთ-ერთ ფუძემდებლად, რადგან თანამედროვე პედაგოგიური აზროვნების ორივე ორიენტირს – ორიენტაციას პიროვნებაზე და ორიენტაციას შედეგზე – საერთო მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც სწორედ სოკრატეს სახელს უკავშირდება. სოკრატე დიალოგის დროს იყენებდა ინდუქციურ მიდგომას, რომლის მიზანია კონკრეტული მაგალითებიდან განზოგადებული დასკვნის გამოტანის უნარის გამომუშავება და რომელიც დღესაც მეტად აქტუალურია პედაგოგიურ აზროვნებაში. მასწავლებელს იმისთვის კი არ მოჰყავს მაგალითები, რომ მოსწავლემ დაიმახსოვროს ისინი როგორც კონკრეტული შემთხვევები, არამედ იმისთვის, რომ გონებაში შეადაროს ეს მაგალითები ერთმანეთს, იპოვოს საერთო და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. ეს თითქოსდა ადვილი სააზროვნო პროცესი სინამდვილეში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ამ მონაპოვრის ავტორია სოკრატე. ვერც ერთი სხვა მეთოდით ადამიანი ვერ შეძლებს სამყაროს შემეცნებას. მან შეიძლება გონებამახვილური ინტელექტუალური ამოცანები შექმნას, შეიძლება გაიზეპიროს ფაქტები და ფრაზები, მაგრამ ვერასოდეს გადაწყვეტს მისი გარემომცველი სამყაროსა და სოციუმის მიერ წამოჭრილ ვერც ერთ ამოცანას.

არის კიდევ ერთი მომენტი, უშუალოდ დაკავშირებული სოკრატეს სახელთან. ეს თანამედროვე პედაგოგიკაში ფართოდ გამოყენებული ინტერაქტიული მეთოდია. მისი დანერგვაც შეიძლება სოკრატეს მივაწეროთ. სოკრატე არ ქადაგებდა, ის ამა თუ იმ თემაზე დიალოგში იწვევდა თავის მოსწავლეებს და ამ გზით მიჰყავდა ჭეშმარიტების შეცნობამდე. ამ დიალოგებში სოკრატე, რომელიც განათლებითა და ინტელექტით გაცილებით მაღლა იდგა თავის მოწაფეებზე, არასოდეს ამჟღავნებდა ამ უპირატესობას და განიხილავდა მათ როგორც ინტელექტუალურ პარტნიორებს – ეს მიდგომაც საფუძვლად უდევს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს.

თანამედროვე პედაგოგიკის მესაძირკვლედ სოკრატე ითვლება კიდევ ერთი მიზეზის გამო. ის მარტო ინტელექტუალურად კი არ ზრდიდა თავის მოსწავლეებს, არამედ აყალიბებდა მათ ზნეობას მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით და ამასაც აკეთებდა არა დამოძღვრის ფორმით, არამედ პირადი მაგალითითა და პრაქტიკული ნაბიჯებით, რომელთა განხორციელებაში ყოველთვის ჰყავდა ჩართული მოსწავლეებიც. ეს გზა სამოქალაქო ღირებულებათა ათვისებასა და სამოქალაქო ცნობიერების გამომუშავებაზე იყო აგებული. მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის გამომუშავება დღესაც პრიორიტეტულია და, აქედან გამომდინარე, იგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი