პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ხელოვნური სამოთხის“  ლიტერატურული ანატომია  

თანამედროვე გერმანელი მწერლის, იული ცეს რომანი „არწივი და ანგელოზი“ წარმოსახვაში დანტესეული ჯოჯოხეთის სანახებს წამოატივტივებს. რომანის მისტიკურ-ალეგორიული სახელწოდება მკითხველს თავიდანვე განაწყობს სიმბოლურ სახეთა გააზრება-გაშიფვრისაკენ, თუმცა მოლოდინი სულ სხვაგვარად იხსნება. მწერალი რომანში ნარკოტიკებით გამოფიტულ, დაშლილ-განადგურებულ ადამიანებს გვიხატავს, ხოლო ნარკობიზნესს წარმოაჩენს, როგორც კოსმოსური მასშტაბის ობობას, რომელსაც თავის ქსელში მთელი ქვეყნიერება მსხვერპლივით მოუქცევია, შხამავს და უკანასკნელ მაცოცხლებელ სისხლის წვეთებს წოვს.

იული ცეს ევროპაში  სახელგანთქმულ რომანს, ლიტერატურული პრემიებით აღიარებულს, (გერმანიაში 2001წ. გამოიცა), ახლა ქართველი მკითხველიც გაეცნო მაია მირიანაშვილის თარგმანით.  იული ცეს ამ რომანში პოსტმოდერნისტული ესთეტიკითა და მხატვრული ხერხებით წარმოჩენილია ნარკომანთა სულიერ-ზნეობრივი ცხოვრება. ადამიანთა დაშლილი და დასნეულებული სული შიგნიდან არის დანახული და ხელის გულზე გადმოშლილი. რომანის მთხრობელი თვითონ მთავარი გმირია, რომელიც ფრაგმენტულად იხსენებს თავის ცხოვრებას. კოკაინისაგან გაბრუებული მისი ცნობიერება სამყაროსაც  დაშლილს და გაუცხოებულს წარმოაჩენს. მისი ლოგიკა აბსურდულია და ხშირად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოკლებული. ასე რომ, მკითხველი მთხრობელთან ერთად ქანაობს წარსულსა და აწმყოში, რეალობასა და ირეალობაში. რომანში არა მხოლოდ დროული, არამედ სივრცობრივი კონტურებიც წაშლილია, რათა მთელი სამყარო რაღაც ზედროული და ზესივრცული პერსპექტივით დაიხატოს. მიუხედავად რომანის მხატვრული სისტემის ასეთი გარეგანი ქაოსისა, მწერლის ოსტატობის წყალობით, ნელ-ნელა, თხრობისას გამოიკვეთება ფაბულა და სიუჟეტი, დეტექტიური დაძაბულობით აღსავსე  მინიშნებებითა და გადახვევებით. მთავარი გმირისთვის მწერალი ერთგვარ შიზოფრენიულ დისკურსს ირჩევს, ამგვარად უფრო დამაჯერებელს ხდის მის სულიერ გაუწონასწორებულობას და გულწრფელად გვაჯერებს მისი ნაამბობის რეალურობაში. ამგვარმა დისკურსმა ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარების“ გმირის, ბენჯის მიერ აღქმულ-დანახულ-გადმოცემული ამბები გაგვახსენა. იმის მონაყოლშიც ხომ ასე დანაწევრებულად ჩანდა სამყარო, თუმცა არა ნაკლებ ღრმად და მრავალფეროვნად, ვიდრე სრულიად ჯანმრთელის ნაამბობში. იული ცე გვიხატავს, როგორ იქცევა „ღვთის ხატად და მსგავსებად“ შექმნილი ადამიანი ეშმაკის მსხვერპლად, კარგავს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს, თავისუფალ ნებას და სათამაშოდ იქცევა.

რომანის მთავარი გმირი, მაქს მაქსიმილანი, ბავშვობიდანვე მოექცა იმგვარ გარემოში, რომელმაც იგი ნარკომანად აქცია. მისი უახლოესი მეგობრები ნარკომაფიასთან უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ. ჯესის მამა ჰერბერტი ბალკანეთში იკვლევდა ნარკოგზებს, შვილები და მათი მეგობრებიც ამ საქმეში ჰყავდა ჩართული. მაქსმა ცხოვრებაში მიაღწია იმას, რომ ერთ ცნობილ იურიდიულ ფირმაში სამართლის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. რომანის ზომიერად ჩახლართული სიუჟეტი მკითხველის ყურადღებას მთლიანად იპყრობს, რადგან იქმნება ინტრიგა და მოლოდინი: ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ეს ადამიანები: მაქსი, ჯესი, სერჟი, როსი, რუფუსი, ჰერბერტი? რადგან რომანში  გმირის მიერ სინამდვილე ისე დანაწევრებულად არის გადმოცემული, რომ წაშლილია ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახულს შორის.

რომანის გმირი თავის თავგადასავალს უყვება ახალგაზრდა სტუდენტ ფსიქოლოგს, კლარას (იმავე, ლიზა მიულერს), რომელიც ნარკომანის ჩანაწერების მიხედვით სადიპლომო შრომასა წერს, თან რადიოგადაცემა მიჰყავს: „უიმედოთათვის, ნიჰილისტებისთვის, მარტოსულებისთვის, ატომის მკვლევრებისთვის, დიქტატორებისთვის და უბრალოდ, ქუჩის უსაქმურებისთვის“. კლარა კასეტებზე იწერს მაქსის თავგადასავალს და ამასობაში მისი ცხოვრების თანამონაწილე ხდება, თვითონაც კოკაინით ბრუვდება. ამან იმ მარტვილთა ქცევა გაგვახსენა, კეთროვანებს რომ უვლიდნენ, გვერდით უწვებოდნენ და სითბოს უნაწილებდნენ. როგორც გაირკვევა, კლარამაც არ იცის, რომ ეს საქმეც დიდი დაკვეთისა და ობობას ხლართის ნაწილია. დამკვეთები კი ყოვლისშემძლე, მსოფლიო მასშტაბის, უმაღლესი დონის ორგანიზაციებში (მათ შორის, გაერო-ში) მოკალათებული ბოსები არიან. მწერლისაგან ამგვარი მინიშნებები მის სითამამეზე მეტყველებს. თვითონ პროფესიით იურისტია და ეტყობა, კარგად არის ჩახედული ამ საქმეებში. რომანში ვენაში საადვოკატო ფირმის ამერიკელი ხელმძღვანელი რუფუსი მაქსს ეუბნება, ჩვენ კეთილშობილური მიზნებისთვის ვიღვწით, ახალი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად განიარაღების პროექტებზე ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების გარეშე ამ მოლაპარაკებათა გარეშე მსოფლიო ვერ გაძლებდაო. თანაც, ამ საქმეებს ტვირთად მიიჩნევს, რომელსაც ღირსეულად ეზიდება. მაქსი კი აღმოაჩენს, რომ ეს „ღირსეული ტვირთი“ ნარკობიზნესია და მეტი არაფერი. იგი ათასნაირ დოკუმენტზე მუშაობდა, მათ შორის, ევროპისა და აღმოსავლეთის განვითარების საითხებზე. არ იცოდა, რომ ეს ისევ და ისევ ნარკოტიკებით  საქმეში ახალი გზის შექმნას ემსახურებოდა. როცა მიხვდა, გვიან იყო, ის უბრალო მარიონეტად ქცეულიყო სხვათა ხელში. ეჭვი კი ნელ-ნელა გაჩნდა და გაღრმავდა. როდესაც შეფს გაუმხილა სამსახურს თავს ვანებებ, ნარკომანი ვარო, მან უპასუხა, ყველა იურისტი ნარკომანიაო. უფრო მეტიც: „ჩვენთან მომუშავეთა თითქმის ასი პროცენტი ნარკოტიკს იღებსო“. გამოდის, რომ, ე.წ. მშვიდობისმყოფელნი, მსოფლიოში ახალ გზებს კვალავენ ნარკობიზნესისთვის. რომანის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ მათ ნარკობიზნესისთვის ყველაფერი აქვთ: საინფორმაციო საშუალებები, მისამართთა სიები, სერვერები, საბანკო კავშირები, თუმცა მათ ეს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, რადგან საჭიროა გაფართოვდეს ნარკოტიკთა გადატანის გზები, უნდა შეიქმნას შუალედური რგოლები,  საზღვარზე უნდა იცოდნენ, რას ატარებენ, აგრეთვე, პარტნიორები უნდა ჰყავდეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე. გამაოგნებელი კი ის არის, რომ ყოველივე ეს ხდებოდა და ხდება აღმოსავლეთის განვითარებისა და ახალი თავისუფლების მოქმედების ზონაში. თანაც, ამისთვის თანხებს იღებენ აღმოსავლეთის განვითარების საერთაშორისო დაცვის ფონდიდან. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამაზრზენ პაროდიად აღიქმება ერთ-ერთი დოკუმენტის ბლანკზე გამოსახული ემბლემა – დაფნის გვირგვინით შემკული მსოფლიო რუკა.

მაქსიც აღმოსავლეთის განვითარების ექსპერტია და გაერთიანებული ევროპის ინსტიტუციონალურ რეფორმაზე მუშაობს. მისი ცხოვრება კი ნელ-ნელა ჭაობს ემსგავსება. თავს კი ისე განიცდის, როგორც ქიმიურ ელემენტებად დაშლილს. საგულისხმოა, რომ გმირის წარმოსახვაში სამყარო დეფორმირდება და თითქოს სილამაზე  ქრება. ბუნება ისევე მახინჯდება, როგორც სული, ამიტომაც არის, რომ „მთვარეც დაფლეთილია“ და ცაზე ცუდის მომასწავებლად არის მიწებებული. ყველგან სიცარიელეა. გმირი განმარტოვდება ყველასგან და საკუთარი თავისგანაც გაუცხოვდება. მაქსი, ჯესი, სერჟი – ესენი აღმოჩნდნენ ბედისგან დაწყევლილნი, ნარკომაფიის ქსელში გახლართულნი. მათი სიმბოლო რომანში ასე გამოიკვეთება – ობობას ქსელში გახლართულ უმწეო ჭიამაიები. საგულისხმოა, რომ თვითონ მაქსიც ცდილობს, ჩასწვდეს თავისი დასნეულებული სულის ხლართებს. იგი თავს აღიქვამს ჭურჭლად, რომელშიც უამრავი მატლი დაფუთფუთებს. მისთვის ყველაფერს დაუკარგავს აზრი, სამსახურსაც, ფულის შოვნის სურვილსაც და ნორმალურად ცხოვრებასაც. მაინც რა იქცა მის ცხოვრებაში ათვლის წერტილად, როდესაც დაიწყო არა გარეთ, არამედ საკუთარ არსებაში ყურება და ჩხრეკა? ეს იყო უმწეო, უსუსური ნარკომანი ახალგაზრდის, ჯესის, მისი ბავშვობის დროინდელი მეგობრის თვითმკვლელობა. მაქსი ჯესის ბოლო დროს უვლიდა და მფარველობდა, თითქოს ამგვარად ცხოვრების ერთგვარი საყრდენი თუ მიზანი მოიპოვა. რაღაც ანგელოზურმა გაიღვიძა მასში, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს დამთავრდა. ტრაგედიამ გმირი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ, იმავდროულად, დააწყებინა ფიქრი ამ თვითმკვლელობაში საკუთარ დანაშაულზე. ამ ფიქრმა კი, მტანჯველმა და ჯოჯოხეთურმა, ის საბოლოო გამოღვიძებამდე მიიყვანა. ერთბაშად გაუჩნდა იმ სიყალბისაგან  გაღწევის სურვილი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა.

რომანში დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით არის წარმოჩენილი ადამიანთა სულიერი ცხოვრების უფაქიზესი ნიუანსები. მწერალი ხატავს, როგორ იქცა მაქსის ცხოვრება მექანიკური მოძრაობების ერთობლიობად, რომელთაგან უმთავრესად იქცა კოკაინის მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყარომ ფერი, სუნი და სტრუქტურა შეიცვალა. გმირი იმდენად ჩაეფლო შინაგან სიცარიელესა და სიბნელეში, რომ ნატრობს, სულ ღამე იყოს. სიბნელეში უკეთ გრძნობს თავს, ან კიდევ სურს, რომ დღეში მხოლოდ ხუთი წუთი ეღვიძოს, დანარჩენი კი ეძინოს.

რომანის პერსონაჟები თავს დაკარგულებად მიიჩნევენ, „როგორც ფრინველები გადაფრენისას, რომელთაც გეზი დაკარგეს და აღარ იცოდნენ, საით იყო სამხრეთი“. ზოგი ადამიანებსაც კი ვეღარ აღიქვამს, ირგვლივ მხოლოდ ვეფხვებს, ყვითელსა და თეთრ ლომებს ხედავს. ე.ი. ხედავს ადამიანთა დაბინძურებულ, გაველურებულ, გამხეცებულ სულებს. რომანში წარმოჩენილია, რომ თითქმის მთელი ევროპა ნარკობიზნესის გზებითაა დასერილი. ამ გზებზე დახეტიალობენ პერსონაჟები, მშვიდსა თუ ცხელ წერტილებში და  „სიკვდილს“ დაატარებენ თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რომანი ნოველებად არის დაყოფილი, რაც მწერალს შესაძლებლობას აძლევს, ცალკეულ ფრაგმენტებს დამოუკიდებლობა მიანიჭოს და გმირის ცხოვრების ცალკეული დეტალები დასრულებულ სურათებად წარმოგვიდგინოს. მწერალს ევროპა და მთელი სამყარო დაწყლულებად წარმოუდგება, რადგან უამრავი ნარკომანია. მწერალი ამ დამღუპველ მოვლენას კი არ აფასებს, ადამიანებს კი არ განსჯის ან იბრალებს, არამედ უბრალოდ ხატავს მათ სულს. რომანის მთავარი გმირის აზრით, ევროპის დიდი ნაწილი ნარკოტიკებით არის განადგურებული, „ცოცხლად  დარჩენილნი კი წაბილწულნი და აზროვნებადაკარგულნი არიან”.

ჯესის, რომანის ავადმყოფი, ყველაზე უსუსური გმირის, ცნობიერებაში საკუთარი სიცოცხლე, ნარკოტიკებისაგან განადგურებული, ზღაპრული სახეებით იბურება. „პატარაობაში, – ჰყვება ის, – ძალიან ცუდად ვიყავი. ერთმა დიდმა არწივმა რაღაც დიდ სახლში მიმიყვანა, სადაც მოტაცებულ ბავშვებს აგროვებდა. იქ ვიჯექი ფანჯარასთან. ამინდსა და წელიწადის დროებს ვაკვირდებოდი. ზაფხული მეჯავრებოდა. ამდენი ხმაური და ფერი თავს მატკიებდა. ქვემოთ ერთი ასკილის ბუჩქი იდგა. მზის მსგავსი ყვავილები ჰქონდა. ყვავილების ყვითელი ფერი თავისკენ მიმიხმობდა. ზარის წკრიალის მსგავსი ხმა ჰქონდა“. ჯესის ცნობიერებაში ასე ტრანსფორმირდა არწივად საკუთრი მშობელი თუ მთელი სამყარო, რომელმაც იგი ლოკოკინების, თეთრი მგლებისა და ვეფხვების გარემოში ჩაკეტა. ჯესიმ რეალურ გარემოს სწორედ ეს ზღაპრული სამყარო დაუპირისპირა, რათა დაევიწყებინა ის საშინელი ფაქტები, რაც ენახა და განეცადა. ბალკანეთში მის თვალწინ ერთ ტყვე ქალს ყურები დააჭრეს და მერე დახვრიტეს, თვითონ იღებდა მონაწილეობას საქმეში, რაც ლტოლვილებისთვის ნარკოტიკების გადამტანებად გამოყენებას გულისხმობდა. (ლტოლვილებს ნარკოტიკიან პარკებს აყლაპებდნენ). ჯესიმ იცის, რას საქმიანობენ მისი ახლობლები და ეს არის მისთვის ჯოჯოხეთი. მას აწუხებენ „ანგელოზების ენები”, რომლებიც წვიმას მიწაზე ჩამოაქვს. ეს „ენები” ამხელენ იმ სისასტიკეს, რაც ცხოვრებაშია და რისი აღქმაც და გააზრებაც ტანჯვისა და ჭკუიდან შეშლის გარეშე შეუძებელია. ჯესი იმ ნარკოტიკებით ვაჭრობის თვითმხილველი იყო, რომლითაც ფინანსდებოდა სერბიის მხრიდან ბალკანეთის ომი. იგი იყო მოწმე „სერიოზული საერთაშორისო მასშტაბების დანაშაულობებისა“.

რომანის გმირები ხანდახან ცდილობენ დინებიდან ამოსვლას, გათავისუფლებას, როგორც ჯინის ბოთლიდან, მაგრამ ვერ ახერხებენ. ისინი არიან ოცნებამოკლული ბავშვები. რომანის მრავალ საგულისხმო დეტალთაგან ერთს გამოვარჩევ. კლარა ჰყვება, როგორ ოცნებობდა ცხენზე და მშობლებსაც რომ ეგრძნოთ ეს, აივანზე პირსახოცი გაჭიმა და ყოველ დილა-საღამოს საჭმელი მიჰქონდა: „უბედური ბავშვი ვიყავი. მთელი ბავშვობა აივანზე ასე მეკიდა პირსახოცი“. ეს მისი და მისნაირების ცხოვრების მეტაფორაა.

მწერალს სჯერა, რომ  როგორც ჩამქრალი ვარსკვლავების შუქი დღემდე აღწევს  დედამიწამდე, ასევე, სიკვდილის შემდეგ დიდხანს დარჩება ადამიანთა სახეები ამ სამყაროში. რომანის პერსონაჟები ერთმანეთში ირეკლებიან, როგორც სარკეებში. ეს მწერლისთვის საინტერესო ხერხია პერსონაჟთა ხასიათის სხვადასხვა რაკურსით დასახატავად. ისინი ერთმანეთის „გამოცნობას“ ცდილობენ. მწერალი კი მათ სარკეებს ათამაშებს და მკითხველიც ერთვება ამ თამაშში. ის ამ სარკეებში მოულოდნელად საკუთარ თავსაც დალანდავს და მიხვდება, თვითონაც სჭირს ის სიცარიელე, რაც რომანის გმირებს.

რომანის ერთგვარ გასაღებად გვესახება ეპიზოდი, როდესაც გმირი კითხულობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე მიღებულ დოკუმენტს, რომელშიც გამოხატულია ღრმა წუხილი ალბანეთში გაუარესებული მდგომარეობის გამო, მრავალეროვანი თავდაცვითი ძალების შექმნის შესახებ, სადაც კიცხავენ ძალმომრეობის ყოველგვარ ფაქტს. პარალელურად კი მაქსის ცნობიერებაში ტივტივებს სულ სხვა სიტყვები და წინადადებები: „მე პატარა ვარ…. ჩემი გული სუფთაა; დღეს თუ რამე უსამართლობა ჩავიდინე, ნეტა მაღალმა ღმერთმა ვერ შენიშნოს… შენი წყალობა… სისხლი ქრისტესი…. ახლა შეგვიძლია ისევ ცუდის გაკეთება“. ამ ფრაზებმა დოსტოევსკისის გმირები გაგვახსენა, პირჯვარს რომ იწერენ კაცის მოკვლის წინ. სამშვიდობო რეზოლუციები მწერალს ამგვარ ფარისევლობად წარმოუდგება, ერთგვარ „ნებართვებად“ ბოროტ საქმეთათვის, ამ შემთხვევაში, ნარკობობიზნესისთვის.

ასე გაკრთება რომანში ადამიანთა სულებიდან განდევნილი ღვთის რწმენა. მწერალს სჯერა, რომ უზენაესი ყველაფერს ხედავს და არც არავინ დარჩება დაუსჯელი. საგულისხმოა რამდენიმე  ეპიზოდში პერსონაჟთა გულგრილ მზერაში შემთხვევით მოხვედრილი ეკლესიის გუმბათები და მტრედები. ეს ყოველივე გაუცხოებულია მათთვის, რადგან ყველგან ნარკომაფიის ობობას ქსელებია, ესენი შემთხვევით შემოფრენილ ბუზებს ჰგვანან, რომელთა სახეზე აღარც ტკივილი იხატება და აღარც სიხარული. მათ უჩნდებათ სურვილი, დატოვონ დედამიწა და მზის სისტემაში უკეთესი პლანეტა მოძებნონ, სადაც არ იქნება ამდენი ნაგავი და ყველაზე მთავარი – „ინფორმაცია“.

მწერალმა იცის, რომ „ყველა სიმართლე, რომელსაც ჩვენ ბოლოს მივაკვლევთ, ზედაპირზევე ძევს“. ეს სიმართლეა რომანშიც წარმოჩენილი. რომანის ერთ თავს „ბრინჯი და კანტი“ ჰქვია. მაქსი და ჯესი  ბრინჯს ჭამენ და თან კანტს კითხულობენ, ხანდახან ნიცშესაც აყოლებენ. მაქსი აზრსაც მიადევნებს თვალს, ჯესი კი მხოლოდ სიტყვებს ისმენს, შინაარსისაგან დაცლილს. მეტაფორულად, დღევანდელობაში ადგილი არ რჩება სერიოზული განსჯისა და მაღალ მატერიებზე ფიქრისათვის. ყოფიერების ფილოსოფია კუჭიდან იწყება და მის გარშემო ტრიალებს.

მწერლის დაკვირვებით, ადამიანის სული  შეიძლება არწივიც იყოს და ანგელოზიც. ინგლისურად: Eagels and Angels, ან ორივე ერთდროულად. არწივი ძალაუფლების სისასტიკეს განასახიერებს, ანგელოზი კი უმანკოებასა და სისუფთავეს. რომანში გამოიკვეთება ცხოვრების ოქროს წესი: „აიღე ყველაფერი და ბევრი, მაგრამ მარტო ის, რასაც დედაბუნება გვთავაზობს და   არა ნარკოტიკი“. რომანის ერთი პერსონაჟი ამბობს: „ნეტავი ვის რაში ვაინტერესებთ? ჩვენ ერთი ძველი დაწერილი ქაღალდის ფურცლები ვართ“. მწერალს აინტერესებს სწორედ ეს  გადასაყრელად გამზადებული ფურცლები, გულდასმით კითხულობს და მკითხველსაც წააკითხებს ჩვეულებრივი ადამიანების უჩვეულო ისტორიებს, მათ ტკივილს აზიარებს და ამ ტკივილით თითქოს განწმენდს და აამაღლებს.

ერთ ეპიზოდში მაქსი განიცდის თავის მარტოობას, ორმოს თხრისას შემთხვევით ჭიაყელას გადაწყვეტს, მერე ერთად ჩადებს მიწაში, რათა მას „ბედნიერად გაეგრძელებინა სიცოცხლე და მარტო არ ყოფილიყო“. „მე რომ ვინმეს რამდენიმე მაქსად დავეყავი და სიცოცხლის გაგრძელება შემძლებოდა, ალბათ, ბედნიერად ვიცხოვრებდი, ასე მარტო აღარ ვიქნებოდი“. გმირი ცოცხლობს თავისი არსებობის ტკივილიანი მოგონებებით. რომანის ერთ ეპიზოდში კლარა იოცნებებს: „მინდა ტყეში პატარა სახლი მქონდეს და წინ ძეწნები იდგას. მეტი ამ ცხოვრებაში არაფერი მინდა. არასოდეს“. რაზეც მაქსი უპასუხებს: „ჩემო კარგო, ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაში ისეთი უბრალო რამაა, რასაც ვერასოდეს მიიღებ“. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის ოცნება დაკარგულ სამოთხეზე, რომელსაც ცოდვით დაცემული კაცობრიობა ვეღარასოდეს დაიბრუნებს. ისიც დიდი შეღავათია, რომ ოცნებაში მაინც არის ჩარჩენილი. კლარა ერთგან ამბობს: „ცხოვრება უჩვეულო რამაა. შეჩერდები და მერე ისევ გადადგამ ნაბიჯს, ყოველი შეჩერებისა თუ ნაბიჯის გადადგმაზე ცხოვრებაც გეცვლება“. მწერალი ამ ცხოვრების ცვლილებას გაადევნებს თვალს და ყოველი ადამიანის არსებობის აუცილებლობასა და განუმეორებლობაში გვაჯერებს.

მიუხედავად პირქუში სურათებისა, რომლებითაც სავსეა რომანი, მკითხველს გადარჩენის რწმენა მაინც უჩნდება. ნაწარმოების ბოლო ეპიზოდში წვიმს. სულიერად განადგურებული გმირი საიდუმლო თოთხმეტნიშნა რიცხვის გამხელის ფასად, რომელიც „ტრილიონ დოლარად“ ფასდება,  კლარას სიცოცხლეს გამოისყიდის. მერე თითქმის დედიშობილა გადის წვიმაში, რაღაცის მოლოდინში. წვიმა  გმირის სულის განახლება-განწმენდაზე მიანიშნებს. წყალი ხომ მითოლოგიურ-რელიგიურ ასპექტში სწორედ ახლად შობაზე მიანიშნებს. საგულისხმოა ისიც, რომ მაქსი 33 წლისაა. ასე რომ, მისი ტკივილიანი „ჯვარცმა“ და გამოღვიძება სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით იტვირთება. რომანში უდაბნოს ერთი უცნაური ყვავილის შესახებაცაა მოთხრობილი, რომელიც გამოშრობის პერიოდში ყავისფერდება, მიწას განერთხმება და ბიოლოგიურად კვდება, მაგრამ საკმარისია წყალი დაესხას, რომ მაშინვე იფურჩქნება, იზრდება, მწვანდება. ეს არის  იერიქონის ვარდი. მწერალს სჯერა, რომ ნარკოტიკებით გამომშრალი, სიკვდილის პირას მისული ადამიანიც გამოცოცხლდება სიყვარულის  ძალით და აღორძინდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი