ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაუსჯელად

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის დასაწყისშივე მიმაჩნდა, რომ დასჯა (რასაკვირველია, ფიზიკურ დასჯას არ ვგულისხმობ, რომელიც საერთოდ მიუღებელია) არ იყო იმ შედეგის მომტანი, რომლის იმედიც შეიძლებოდა გვქონოდა. ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარდა და დღეს უკვე ვთვლი, რომ დასჯას არ მოაქვს სასურველი ეფექტი. უფრო პირიქით, უმეტესად ვნებს სასწავლო პროცესს და უარყოფით გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე. წინამდებარე სტატიაში შევეცდები ამ მოსაზრების დასაბუთებას როგორც საკუთარი პედაგოგიური გამოცდილებიდან მოყვანილი, ასევე იმ ექსპერტების არგუმენტებით, რომლებიც დასჯას არაეფექტურ სასკოლო ღონისძიებად მიიჩნევენ.

 

სტატიის დასაწყისში მინდა აზრი გამოვთქვა დღევანდელ თაობაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს. ის მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც, სულ ცოტა, 40 წელს მაინც გადავაბიჯეთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი ბავშვები სკოლაში სულ სხვა შეხედულებებით მოდიან, ვიდრე წინა თაობები. აქ, რასაკვირველია, არ ვგულისხმობ 20 და მეტი წლის წინანდელ თაობებს – განსხვავება 10 წლის წინანდელ თაობასთანაც თვალში საცემია. ყველაზე დამახასიათებელია პიროვნული თავისუფლების მძაფრი მოთხოვნილება, ბავშვები ვერ ეგუებიან მის შეზღუდვას და მტკივნეულად, ხშირად აგრესიულადაც კი რეაგირებენ დასჯაზე. სულ უფრო ცხადი ხდება – მოსწავლეთა დისციპლინირების ძველი მეთოდები ახალი თაობების მიმართ სრულიად უშედეგოა. სკოლიდან უკვალოდ არის გამქრალი არათუ ის წესები, რომლებსაც დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, ჩემი მოწაფეობისას იყენებდნენ მასწავლებლები, არამედ ვხედავთ, რომ ყველა ახალი თაობა ახალ მიდგომებს მოითხოვს.

მშობლების იმ თაობას, რომელიც 60-70-იან წლებში გაიზარდა, მიაჩნია, რომ მათი თაობა ავტორიტეტების გავლენას განიცდიდა. მათ ზოგჯერ პროტესტის გრძნობაც ჰქონდათ, მაგრამ უმეტესად ვერ ბედავდნენ ,,ჩარჩოებს გარეთ” გასვლას. დღეს მშობლების უმეტესობა თავიანთი შვილების დახასიათებისას ალბათ იტყვის, რომ მისი გოგონა ან ვაჟი „შესანიშნავი ბავშვია, მაგრამ, მისი თაობის სხვა ბავშვებივით, არათუ პატივს არ სცემს ავტორიტეტებს, არამედ საერთოდ არ ეშინია მათი”.

მასწავლებლები დღეს საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგანან: ჩაუნერგონ მოსწავლეებს ავტორიტეტების პატივისცემა ისე, რომ მათ უკმაყოფილება არ გამოთქვან მათი უფლებების რღვევის გამო, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ და ა. შ.

მაშ, როგორ მოვახერხოთ მოსწავლეთა დისციპლინირება, რათა ჩვენ, მასწავლებლებმა, შევძლოთ ჩვენი საქმიანობის განხორციელება და ვასწავლოთ იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც არ სურთ სწავლა?

როცა მასწავლებელი მოსწავლეს სჯის, ამ ღონისძიებას მისი მოტივაციის ამაღლების საშუალებად განიხილავს. ეს მოსაზრება, როგორც კვლევები ადასტურებს, მცდარია. მაგალითად, დადგენილია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც სჯიან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმით, გაკვეთილების შემდეგ დატოვებით, ამის წყალობით არავითარ პროგრესს არ განიცდიან. სასწავლო ფორუმებზე, რომლებზეც ასეულობით მასწავლებელია გაწევრებული, ძალზე იშვიათად აღნიშნავენ, რომ გაკვეთილების შემდეგ დატოვება მოსწავლეთა ცუდი ქცევის გამოსწორების ეფექტური საშუალებაა.

საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახლანდელ თაობას არ აქვს შიში, ხოლო როცა მოსწავლეებს არ ეშინიათ, დასჯა კარგავს ეფექტურობას. თუ ამ ფაქტორს ყურადღება არ მიექცა და დასჯა მაინც გაგრძელდა, მისი ეფექტურობა კიდევ უფრო დაიკლებს და დადებით შედეგს, პრაქტიკულად, ვერ გამოიღებს.

განათლების ფსიქოლოგებსა და თეორეტიკოსებს მიაჩნიათ, რომ როდესაც მასწავლებელი დასჯას მიმართავს, მისი მოქმედება დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სწავლა რთული, საწვალებელი საქმიანობაა და სასწავლო პროცესის სამართავად ზოგჯერ ძალის გამოყენებაა საჭირო. სინამდვილე კი ის არის, რომ ადამიანები უკეთესად სწავლობენ მაშინ, როცა თავს კარგად, თავისუფლად გრძნობენ და არა მაშინ, როცა მათ სწავლას აიძულებენ.

გახსოვდეთ, დასჯა რომ ეფექტური საშუალება ყოფილიყო არასასურველი ქცევის გამოსასწორებლად, მაშინ დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სკოლებიდან საერთოდ გაქრებოდა.

დასჯის ირონია ის გახლავთ, რომ რაც უფრო მეტად იყენებ მას მოსწავლეთა ქცევის გასაკონტროლებლად, მით უფრო ნაკლებ ძალაუფლებას ინარჩუნებ მათზე. ამის მიზეზი მარტივი ჭეშმარიტებაა: იძულება შობს უკმაყოფილებას. და კიდევ, თუ მოსწავლეები იქცევიან ისე, როგორც აიძულებენ მოქცევას, ეს არ შეიძლება მასწავლებლის ნამდვილ წარმატებად ჩაითვალოს. მოსწავლეები კარგად საკუთარი სურვილით უნდა იქცეოდენენ და არა დასჯის შიშით.

აქ იმის გახსენებაც უპრიანი იქნება, რომ დასჯა გარეგანი მოტივაციაა. როგორც ცნობილია, გარეგანი მოტივაციის ფაქტორები შინაგანზე სუსტია და დროებითი ეფექტი აქვს. მოსწავლეები შეიძლება დროებით დაემორჩილონ იძულებას, მაგრამ შინაგანი მოტივაცია, რომელიც ადამიანებს შეცვლის სურვილს აღუძრავს, უფრო ძლიერი და ეფექტურია. დასჯა როგორც მოსწავლეთა დისციპლინირების ინსტრუმენტი არ არის ხანგრძლივი მოქმედების აგენტი. გაცილებით პოზიტიური იქნება, თუ მოსწავლეებს შინაგან მოტივაციას ავუმაღლებთ და არა გარეგანს. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა ინსტრუმენტები გამოიყენოს იმისთვის, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური.

განათლების ექსპერტები გვთავაზობენ მეთოდოლოგიურ რჩევებს, რომლებიც თანამედროვე მასწავლებლებმა უნდა გაითავისონ და სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად დასჯისა და თუნდაც დაჯილდოების გარეშე, რადგან ჯილდოც გარეგანი მოტივაცია გახლავთ.

1. წარმატებულ მასწავლებლებს კარგად ესმით, რომ მათი საქმიანობა ურთიერთობების სფეროს განეკუთვნება. ბევრი მოსწავლე, განსაკუთრებით – დაბალი სოციალური წრიდან, ძალიან მცირე ძალისხმევას გაიღებს სასურველი შედეგის მისაღწევად, თუ ნეგატიური გრძნობები ექნება მასწავლებლების მიმართ. წარმატებული მასწავლებლები კარგ ურთიერთობას ამყარებენ მოსწავლეებთან და ბევრს ელიან მათგან.

2. წარმატებული მასწავლებელი ყოველთვის პოზიტიური გზით ახერხებს კომუნიკაციას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, კარგად გაიაზრონ, რა სურთ მათგან მასწავლებლებს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორი მოქცევა იქნებოდა კარგი და არამც და არამც არ მიუთითებს მოსწავლეებს, რისი გაკეთება ეკრძალებათ მათ.

3. წარმატებული მასწავლებელი არ ცდილობს მოსწავლეთა დამორჩილებას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და არა მორჩილებას. მან კარგად იცის, რომ მორჩილება კლავს შთაგონებას.

4. წარმატებულმა მასწავლებლებმა კარგად იციან, როგორ გახადონ სასწავლო მასალა იოლად დასაძლევი, ხოლო გაკვეთილები – მიმზიდველი. მათ ესმით, რომ სასწავლო პროცესის წარმატება და მოსწავლეთა შთაგონება ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევასა და შესაბამისობაზე გადის.

5. წარმატებული მასწავლებლები აღუძრავენ მოსწავლეებს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების სურვილს და სტიმულს აძლევენ მათ, უფრო მეტი ძალისხმევა გაიღონ უკეთესი აკადემიური შედეგის მისაღწევად.

6. წარმატებული მასწავლებლები რეალისტურად აღიქვამენ სასწავლო პროცესს. ისინი გრძნობენ, როცა გაკვეთილის ბოლოს სასურველი შედეგს ვერ იღებენ და სწორად განსაზღვრავენ ამის მიზეზს. ისინი ცდილობენ, თვითონ შეცვალონ რამე და არ ცდილობენ მოსწავლეების შეცვლას.

7. წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან – სწავლა მოტივაციის გარეშე არ არსებობს. მასწავლებლებს შეუძლიათ, მოტივაციის ასამაღლებლად გამოიყენონ გარეგანი დადებითი სტიმულები: სტიკერები, ქება და სხვ., – რათა მოსწავლეებს ბედნიერება და კმაყოფილება აგრძნობინონ, მაგრამ ამ დროს არ უნდა გამოეპაროთ უნივერსალური და მარტივი ჭეშმარიტება: ადამიანი თვითკმაყოფილებას და დადებით თვითშეფასებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიცდის, როცა წარმატებას საკუთარი ძალისხმევით აღწევს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი