სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე!

უილიამ გლასერი, ამერიკელი ფსიქიატრი, დაიბადა 1925 წელს. იგი ავტორია რეალობის თერაპიისა და არჩევანის თეორიისა. 1967 წელს არიზონაში დააარსა „რეალობის თერაპიის” ინსტიტუტი ( The Institute for Control Theory, Reality Therapy and Quality Management).
ბევრი მოსწავლე იტანჯება სკოლებში წარუმატებლობის გამო. ერთი შეხედვით, წარუმატებლობა სკოლაში იმ უამრავ პრობლემათაგანია, რომელსაც ეჯახება ადამიანი თავის სიცოცხლეში. ეს შეცდომაა – მრავალმხრივი წარუმატებლობა არ არსებობს. „რეალობით თერაპიის” (იხ. განმარტება) პრინციპებიდან გამომდინარე, წარუმატებლობა სულ ორი ტიპისაა, მაგრამ ორივე – სიყვარულის ნაკლებობა და დაბალი თვითშეფასება – იმდენადაა გადაჯაჭვული ერთმანეთს, რომ მათი განცალკევება რთულიცაა და არაბუნებრივიც.

ჩვენ გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები. ესენია სიყვარული და ღირსების გრძნობა. ადამიანმა სხვისი სიყვარულიც უნდა ისწავლოს და თვითონაც უნდა გრძნობდეს იმავეს სხვისგან. თუ ადამიანს განუცდია ურთიერთსიყვარული, თანაც – მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ის გარკვეულწილად უკვე წარმატებულია. მიჩნეულია, რომ სიყვარულის მოთხოვნილება ოჯახში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ირკვევა, რომ ასეთი შეხედულება მცდარია. მასწავლებლებს ფაქტობრივად აძრწუნებენ ბავშვები, რომლებსაც სითბო და ალერსი სჭირდებათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ მათი მხრივ სიყვარულის აშკარა გამოხატვის დროს. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულის ასეთი მძაფრი მოთხოვნილება აქვთ, – არა მარტო უფროსების, არამედ თანატოლების მხრივაც, – იშვიათად იღებენ თბილ და უანგარო დამოკიდებულებას. თქმა, რომ სიყვარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სკოლის მოვალეობა არ არის, იგივეა რაც ვამტკიცოთ, რომ თუ ბავშვი ოჯახში მოკლებულია სითბოს, არც მომავალში უნდა ჰქონდეს მისი იმედი. მოზრდილი ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში სიყვარული აკლდათ, ძალიან ძნელად სწავლობენ სიყვარულს.

რაც შეეხება ბავშვის მეორე ძირითად მოთხოვნილებას, საკუთარი მეს მნიშვნელობის შეგრძნებას, სკოლასთან მისი უშუალო კავშირი ეჭვს არ იწვევს. ცოდნა და აზროვნების უნარი ხომ აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემისთვის. თუ ბავშვი დადის სკოლაში, მაგრამ ვერ ახერხებს ცოდნის მიღებას და მასწავლებლის მოთხოვნათა შესრულებას, ოჯახი და გარემო ძნელად თუ შეცვლიან რამეს. გარდა ამისა, თუ ბავშვი სწავლობს ფიქრს და მის წინაშე წამოჭრილი ამოცანების გადაჭრას (რასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს ადეკვატური თვითშეფასებისთვის), ის იმავდროულად საკუთარი თავის რწმენასაც იძენს, ურომლისოდაც ასე ძნელია გიყვარდეს სხვა და სხვასაც უყვარდე. საკუთარი თავის რწმენა აძლევს ადამიანს ძალას, გადაიტანოს ცალმხრივი სიყვარული, ეს კი ნიშნავს, რომ მეტი შანსი აქვს ამ მოთხოვნილების რეალიზებისა. თუ ადამიანს შესწევს სიყვარულის უნარი და ისიც უყვართ, წარმატება მისი თანამგზავრი იქნება, რადგან სიყვარული მამოძრავებელი ძალაა მიზნისკენ მიმავალთათვის და ხელს უწყობს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას, მაგრამ თუ თვითონ არ შეუძლია სიყვარული და მხოლოდ გარშემო მყოფებისგან ითხოვს ამას, იოლად აღმოჩნდება ჩიხში. ამის მაგალითია განებივრებული ბავშვები, რომელთაც არ ესმით, რატომ არ იქცევა მთელი სამყარო ისე, როგორც მათი წინდაუხედავი მშობლები.

სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა ერთმანეთთან ისეა გადაჯაჭვული, რომ მათი განხილვა მიზანშეწონილია იდენტობის ერთი ინტეგრალური ცნების ჭრილში, როგორიცაა საკუთარი თავის პიროვნებად. 
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის კარდინალური მოთხოვნილებაა საკუთარი თავის აღქმა პიროვნებად – რწმენა, რომ გარშემო მყოფები პატივს სცემენ, რწმენა საკუთარი მნიშვნელობისა და დადებითი შეფასებისა მათი მხრივ.

ამრიგად, სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა ის ორი გზა, რომლებსაც, როგორც გვიჩვენებს კაცობრიობის გამოცდილება, საკუთარი იდენტობის გაცნობიერებისკენ მივყავართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ის აღიქვამს თავის თავს სრულყოფილ პიროვნებად, ვინც პოულობს გზას სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ, ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია შეძენილ ცოდნაზე, გამოცდილებასა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის უნარებზე.

ბავშვების უმეტესობას აქვს ორი ადგილი, სადაც შეუძლიათ მისდიონ ამ გზას – სახლი და სკოლა. თუ შინ ყველაფერი რიგზეა, ბავშვს შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას იმ ნეგატივის მიუხედავად, რაც სკოლაში ხდება, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა სარისკოა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სკოლამ, სადაც ბავშვი იძენს ძირითად სოციალურ გამოცდილებას, უზრუნველყოს ორივე გზის გავლის შესაძლებლობა: მასაც უყვარდეს და ისიც უყვარდეთ, მიიღოს კარგი განათლება და, შესაბამისად, შეიძინოს საკუთარი თავის რწმენა.
საუკეთესო იქნება, თუ სკოლებში სიყვარულს განიხილავენ როგორც სოციალურ პასუხისმგებლობას. თუ ბავშვებს არ განუვითარებთ ურთიერთპასუხისმგებლობის გრძნობას, სწრაფვას, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი თავისთვის – სიყვარული დაკარგავს თავის ჭეშმარიტ სახეს, გადაიქცევა საცოდავ და პრიმიტიულ გრძნობად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ ოჯახური ან რომანტიკული სიყვარულის მსგავსად, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ, არ იყვნენ ერთმანეთისადმი გულგრილნი და დაეხმარონ ერთმანეთს სირთულეთა დაძლევაში. სოციალური პასუხისმგებლობის აღზრდა ყველა სასკოლო პროგრამაში უნდა შევიდეს. თუ ეს არ მოხდა, ბევრი ბავშვი ვერ იპოვის საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში. შეძლებული ოჯახებიც კი ვერ ახერხებენ სკოლის პრობლემათა  კომპენსირებას, თუმცაღა ამ ბავშვების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია, ოჯახურ ურთიერთობებზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას ყველა ბავშვს გზა მთავარი ცხოვრებისეული მოთხოვნილების რეალიზაციისკენ – გააცნობიერონ საკუთარი თავი სრულყოფილ პიროვნებებად. ამის უუნარობა არ ნიშნავს,რომ ადამიანი საერთოდ ვერ აღიქვამს თავს პიროვნებად. ბევრი ისე ცხოვრობს, რომ არ იცის, რას წარმოადგენს. ასეთები არიან სულით ავადმყოფები ან საბოლოოდ წყალწაღებულები, რომლებიც ბუნაგებში ან გამოსასწორებელ დაწესებულებებში ცხოვრობენ. ასეთი ადამიანი არცთუ ისე ბევრია იმ დროს, როდესაც ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარუმატებლობის დამთრგუნველი შეგრძნება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით – გვხვდებიან ყოველ ნაბიჯზე და სწორედ ისინი წარმოადგენენ დრამატული პრობლემების წყაროს, რომლებიც ხანდახან მოუგვარებელი გვეჩვენება.

ადამიანს თითქოს უნდა ახასიათებდეს შერეული თვითშეგნება, ანუ წარმატებასთან ერთად წარუმატებლობის მიღებაც, მაგრამ ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია. ადამიანი ან ცხოვრობს წარმატებულობის შეგრძნებით, აქვს საკუთარი თავის რწმენა და შინაგანი კმაყოფილება, ან თავი წარუმატებლად მიაჩნია და ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს თანამდევ ფსიქოლოგიურ დისკომფირტს. იშვიათად, როდესაც ადამიანში ერთდროულად ცხოვრობს ორივე საწყისი, წესისამებრ, ერთ-ერთი მათგანი იმარჯვებს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის იდენტობას სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემის საფუძველზე, მას რჩება ორი გზა – კონფრონტაცია საზოგადოებასთან, რაც დანაშაულის ჩადენით გამოიხატება და საკუთარ თავში ჩაკეტვა. ასეთ არჩევანს გარკვეულ თვითშეგნებამდე მივყავართ. ყალიბდება არშემდგარი პიროვნების კომპლექსი. რაც უფრო მეტად შედის ჩიხში მისი ცხოვრება, მით უფრო მძაფრდება არასრულფასოვნების კომპლექსი. წარუმატებელა მოსწავლემ (პიროვნებამ) უნდა გაიგოს (და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის დასახმარებლად), რომ არსებობს საიმედო ალტერნატივა -სიყვარული და საკუთარი ღირსების გრძნობა, ე.ი. შესაძლებლობა გააცნობიერო თავი სრულყოფილ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას. მაშინ მას ექნება საკუთარი თავის რწმენა.

თუ ბავშვს შინ პრობლემები აქვს, თუ გრძნობს, რომ ის არავის სჭირდება, აკლია სიყვარული და პატივისცემა, საქმე ძალიან რთულადაა. მიუხედავად ამისა, მან უთუოდ უნდა დაიკმაყოფილოს ყველა ადამიანისთვის ორგანული მოთხოვნილება – გაარკვიოს, ვინ არის ის. თუ შინ ამას ვერ ახერხებს, ის ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი ქუჩაში, მათ შორის, ვისთვისაც ეს გრძნობა გაურკვეველ ხასიათს ატარებს. პატივისცემის მოპოვებისა და ვინმესთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დამოუკიდებელი მცდელობა მარცხით მთავრდება. კანონის უგულებელყოფის მიზეზით ასეთი მოზარდები ხშირად ხვდებიან ციხეში და ამ არაბუნებრივი მეთოდით პოულობენ ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართ მზრუნველობას გამოიჩენენ, მაგალითად, პოლიციის ინსპექტორს, რომელიც ზედამხედველობას უწევს პირობით მისჯილებს. საბაზო მოთხოვნილებების – სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვების – დაუკმაყოფილებლობის გამო ასეთ მოზარდებს იპყრობს ღვარძლი და იმედგაცრუება. ისინი ყველაფერში ადანაშაულებენ საზოგადოებას, რომელმაც მათ ნორმალური არსებობის საშუალება წაართვა, ამიტომ მათი ქმედებები მიმართულია ამ საზოგადოების წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ, ძალის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. თუ ეს სასოწარკვეთილი მცდელობაც ამაო აღმოჩნდა ან შიშმა საშუალება არ მისცა, დასდგომოდნენ დანაშაულებრივ გზას, ადამიანები იტანჯებიან და იკეტებიან საკუთარ თავში.

ტანჯვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა შედეგია საკუთარი თავის შეცნობის წარუმატებელი მცდელობისა. ჩვენ ვცდებით, როდესაც ასეთი ადამიანების ქცევას მათ ფსიქიკურ აშლილობას მივაწერთ. ისინი ავადმყოფები არ არიან. მათ არაფერი სჭირთ ისეთი, თვითონვე რომ ვერ განიკურნონ. თუ ბავშვებისთვის კარგი გვინდა, უნდა შთავუნერგოთ მათ, რომ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება მნიშვნელოვანწილად მათ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ისინი თვითონ არიან პასუხისმგებელნი იმ სამოქმედო გზის არჩევაზე, რომელიც მათ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებამდე მიიყვანს. ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები უამრავ ბარიერს უქმნიან მოსწავლეებს ინდივიდუალური ღირებულებების გაცნობიერებაში, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობა ცოდნის მიღების კუთხით – როგორც არ უნდა შევცვალოთ სკოლები,  თავდაუზოგავი შრომისა და თვითდისციპლინის გარეშე ისინი ყოველთვის დამარცხდებიან.

თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები არ რეალიზდება შინ, ის უნდა რეალიზდეს სკოლაში. წარმატების გზაზე მან სკოლაში უნდა მიიღოს ის, რაც აკლია: თბილი ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან. მარტოხელა ადამიანს, ბავშვი იქნება თუ მოსიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ მიმავალი გზა ზრდილი, ვერასდროს ექნება კმაყოფილების შეგრძნება, თუნდაც იმ ორი გზით იაროს, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. მთავარ პრობლემად კვლავ დარჩება გარშემო მყოფებს შორის ისეთი ადამიანების არარსებობა, რომელთანაც ბავშვი პიროვნულ ურთიერთობას დაამყარებდა, ამიტომ სკოლის იმედიღა რჩება. მარტო დარჩენილი ბავშვი ვერასოდეს გააცნობიერებს თავს პიროვნებად და არარეალიზებული დარჩება. მისთვის დახშული იქნება სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ მიმავალი გზა.

წარმატებული ადამიანი წარმატებულია ურთიერთობებშიც, წარუმატებლები კი უჩივიან იზოლირებას. მათი მთავარი პრობლემა მარტოსულობაა. სკოლაში წარუმატებლობის პრობლემას არ უკავშირებენ მარტოსულობას და თუ მაინც აღიარეს მისი არსებობა, ამტკიცებენ, რომ მას სკოლასთან საერთო არაფერი აქვს. მარტოსული და, შესაბამისად, წარუმატებელი ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად ერთ-ერთი გზაა კლასის კრებების ჩატარება – ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

სკოლას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იხსნას ბავშვი ან, სულ ცოტა, შეუმსუბუქოს პიროვნული განვითარების ისეთი ნეგატიური ფაქტორი, როგორიცაა მარტოობა. სკოლაში ბევრია მგძნობიარე ადამიანი, რომელიც თანახმაა, დაეხმაროს ბავშვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, პედაგოგიური პროგრამები არ უწყობს ხელს მათთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში, ამიტომ ისინი თავს იკავებენ ასეთი კავშირებისგან. სწორედ სკოლას ძალუძს დაეხმაროს მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებულები და შეიძინონ საკუთარი მნიშვნელობის განცდა. სასწავლო პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ წაახალისოს ბავშვები აკადემიური და სოციალური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტისკენ. 
* „რეალობით თერაპია” – ესაა გლასერის მიერ შემუშავებული ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომლის ძირითადი მიზანია პაციენტისთვის „რეალობის შეგრძნების” გააქტიურება და დახმარება იმ ნაპრალის გადალახვაში, რომელიც არის მის მიზნებსა და რეალურ ცხოვრებაში მათი განხორციელების შესაძლებლობას შორის.

ამ მეთოდის გამოყენებისას უარს ამბობენ იმ შეხედულებებზე, რომლებიც ასე თუ ისე „ხსნის” შეუსაბამობას ინდივიდის გეგმებსა და მათ რეალიზაციას შორის („გაუცნობიერებელი მოტივები”, „დამცავი მექანიზმები” და სხვ.). მოცემული მექანიზმები კი არ ასუსტებს რეალობის განცდას, არამედ, პირიქით, ამ უკანასკნელის შესუსტებას მივყავართ ფსიქიკური მოვლენების წარმოშობამდე. რეალობის განცდის შესუსტების შედეგია ის, რომ ინდივიდს უქვეითდება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ადამიანი საკუთარ თავს კი არ მიიჩნევს იმის მიზეზად, რაც მის თავს ხდება, არამედ ფიქრობს, რომ ბედმა ის სათამაშოდ აქცია, რის გამოც ერღვევა განწყობა მომავლისადმი, მომავალი საქმეების დაგეგმვისადმი დამოკიდებულება.

ფსიქოთერაპევტი ეხმარება პაციენტს საკუთარი სურვილების გაცნობიერებაში, მიზნების დასახვასა და სამომავლო გეგმების დაწყობაში. ისინი ერთად განიხილავენ მათი რეალიზების გზებს, მაგრამ არასდროს ეხებიან შესრულებული საქმეების მიზეზებს (მიიჩნევა, რომ პაციენტმა თავადაც იცის ეს მიზეზები), უარს ამბობენ აგრეთვე ფსიქოთერაპევტიულ დიაგნოზზე, რადგან ის ვერშესრულებული საქმეებიდან დიაგნოზზე გადაიტანს პასუხისმგებლობას. არც პაციენტის წარსულს განიხილავენ (რადგან მისი შეცვლა უკვე შეუძლებელია). ამ მეთოდის პრაქტიკულმა გამოყენებამ გვიჩვენა, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებთან მუშაობისას, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ფსიქიკური ან სხვა პრობლემები, აგრეთვე სამართალდამრღვევ მოზარდებთან მუშაობისას, და ნაკლებეფექტურია, როდესაც პაციენტს აქვს გაუცნობიერებელი კონფლიქტები.
კახა ჟღენტი
თეკლა ხუნწარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი