პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართველი დედების დარდი

საქართველოში შვილები დედებს დაბადების დღეებზე უმთავრესად ისეთ ნივთებს სჩუქნიან, რაც ოჯახისთვისაა გამოსადეგი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შვილებისთვის დედის სურვილები და მოთხოვნილებები ოჯახით იწყება და ოჯახითვე მთავრდება.

„ხუთი შვილის ყოლის სტიმული, უპირველესად, ბავშვების სიყვარულმა მომცა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გადაუღობო შვილს გზა არსებობისკენ. მე თოთხმეტ შვილზე ვოცნებობდი. ხუთის გაჩენის შემდეგ ექიმებმა ბავშვის გაჩენა ამიკრძალეს, თორემ ხუთზე გავჩერდებოდი?!” – ამბობს ჩვენთან საუბრისას თეა შენგელია, ხუთი შვილის დედა.
თეას მიაჩნია, რომ ეკონომიკური ფაქტორი არ ამართლებს ადამიანს, რომელიც ერთ ან ორ შვილს სჯერდება – მისი აზრით, ღმერთი თავის გაჩენილს არ მიატოვებს.
ქართველი დედების ზედმეტი მზრუნველობა ვნებს შვილებს. თან გადაყოლილი დედები ხშირად ჯარშიც კი არ უშვებენ მათ. თეა შენგელიას ამის თაობაზეც საკუთარი თვალთახედვა აქვს: „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მცირეა, ამიტომ რაც შეიძლება მეტი მებრძოლი უნდა აღვზარდოთ. ისეთ შვილს რა ვუთხარი, დედას რომ ჰკითხავს ჯარში ან ომში წასვლას! დედა მოვალეა, შვილის სიყვარულზე წინ ქვეყნის ინტერესები დააყენოს”.
დედის და, კერძოდ, ქართველი დედის ფენომენის შესახებ ფსიქოლოგი ანა ჯავახიშვილი გვესაუბრება.
ანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი: „დავიწყოთ იმით, რომ ქართველი დედის ფენომენი არ არსებობს. არსებობს დედის ფენომენი, რაც ქართული კი არა, ზოგადსაკაცობრიოა. დედას არათუ უყვარს შვილი, არამედ შეუძლია, თავიც გაწიროს მისთვის. სხვათა შორის, ეს გრძნობა არც ცხოველთა სამყაროსთვისაა უცხო და იგი, წესისამებრ, მდედრს ახასიათებს. ცხადია, შვილი მამრსაც უყვარს, მაგრამ ეს უფრო კულტურის შედეგადაა ჩანერგილი, ვიდრე ბიოლოგიური კოდით (გავიხსენოთ, ბერძნულ მითოლოგიაში მამა შვილებს როგორ ყლაპავდა).
ინდივიდუალისტური კულტურის ევროპულ ქვეყნებში სრულწლოვან ადამიანებზე ზრუნვა და თან გადაყოლა შვილის სიყვარულად არ მიაჩნიათ, პირიქით – თვლიან, რომ ამით შვილის უნარების გამოვლენას უშლიან ხელს. მათთვის თავისუფლება უზრუნველ ცხოვრებას არ ნიშნავს. ადამიანის ინდივიდუალობის წარმოჩენას მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ.
ჩვენთან როგორაა: ბიოლოგიურად მომწიფებული, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებელი ახალგაზრდა, სულ ცოტა, 20-25 წლამდე (ზოგჯერ – 40-45 წლამდეც) ისევ მშობლების მზრუნველობასაა მინდობილი და დროს უდარდელად ატარებს. საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე უნივერსიტეტში სწავლობს ან მშობლებთან განუწყვეტელი კონფლიქტი აქვს, რომ სხვა პრივილეგირებული ოჯახის შვილებივით „ვერ აცხოვრებენ”.
ალბათ შეგიმჩნევიათ, 1-2 წლის ბავშვი რა გულმოდგინედ ცდილობს, თავისი ხელით ჭამოს ფაფა, ჩვენ კი, ბებიები და დედები, კოვზს ხელიდან ვტაცებთ და ვაჭმევთ. ამით დროსაც ვზოგავთ და სისუფთავესაც ვინარჩუნებთ. იმასაც შეამჩნევდით – ბავშვს რომ გუბეში კენჭების სროლა მოუნდება, კენჭებს დედა ან ბებია უგროვებენ. ასეთი წვრილმანებით იწყება ბავშვში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ჩაკვლა. ამიტომაცაა, ზრდასრული შვილი ყველა თავის წარუმატებლობას დედას რომ აბრალებს.
ევროპელი დედები შვილს ქვებს არ უგროვებენ. ასეთი ურთიერთობით მოიპოვეს ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ კი ფუფუნება დასავლური გვინდა, ცხოვრების წესი კი – ძველებური, დედაშვილურ-დარდიმანდული.
დღეს, ბუნებრიობის კულტის ეპოქაში, დღის წესრიგში კვლავ თვითგანმტკიცების საკითხი დადგა, რასაც მშობლებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება.
დასავლურ სპეციალურ ლიტერატურაში ბავშვისთვის საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის გამომუშავების მეთოდებსაც შეხვდებით. მაგალითად, ასეთს: სკოლაში მასწავლებელი ბავშვებს ავალებს, შეადგინონ წინადადება სიტყვებისაგან „ტომი”, „სახელო”, „ჭიშკარი”, „წამოდება”. თუ ბავშვმა დაწერა „ტომის სახელო ჭიშკარს წამოედო”, – შეცდომად უთვლიან. მან წინადადება ასე უნდა შეადგინოს: „ტომმა სახელო ჭიშკარს წამოსდო”; „დამაგვიანდა” კი არ უნდა თქვას, არამედ „დავიგვიანე”, ანუ თვითონ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ამით იწყება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. ასე გაზრდილ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა უფრო აქვთ, ალკოჰოლს და ნარკოტიკებს ნაკლებად ეტანებიან, ვიდრე „სათბურში” გაზრდილი და დედის მზრუნველობით განებივრებული ახალგაზრდები. ეს უკანასკნელები დამოუკიდებელ ცხოვრებას არ აპირებენ, უფრო მეტიც – მშობლების იმედით ქორწინდებიან”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი