სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ სწავლობენ ბავშვები თავისით(მეორე ნაწილი)

ყველამ ვიცით, რომ ეს სიმართლეა 
ბავშვების თვითგანსწავლის პროცესზე დაკვირვებას 
შეუძლია, განათლების შესახებ ჩვენი 
წარმოდგენები რადიკალურად შეცვალოს

გიფიქრიათ ოდესმე, რამდენს სწავლობენ ბავშვები თავიანთი ცხოვრების პირველ წლებში, სკოლაში წასვლამდე, სისტემატიზებული ცოდნის მიღებამდე? მათი სწავლა ბუნებრივად მიმდინარეობს და მათსავე ინსტინქტებზეა დაფუძნებული – ისეთებზე, როგორებიცაა თამაში, გარემოს გამოკვლევა და მასზე დაკვირვება, მაგრამ იმის თქმა, რომ ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს, არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი ძალისხმევის გარეშე სრულდება – პატარები სწავლაში უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ.

ბავშვებს ყურადღების შენარჩუნებისა და კონცენტრაციის, ფიზიკური თუ მენტალური მცდელობების, ფრუსტრაციებისა და ბარიერების გადალახვის განსაკუთრებული უნარები აქვთ. წუთით წარმოვიდგინოთ, რა ხდება ბავშვის გონებაში გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების ნებისმიერ წამს. თუ ამის წარმოდგენა შევძელით, დავინახავთ, რომ ეს მოქმედებით აღსავსე სამყაროა. ეს გამოცდილება დაგვეხმარება, სხვა შუქზე შევხედოთ ბავშვების სწავლებას – იმ შუქზე, რომელიც ბავშვისგან მოედინება და არა ბავშვზე გადადის.

 

აქ მოკლედ მოგახსენებთ იმას, რაც განვითარების ფსიქოლოგებმა იციან პატარა ბავშვების სწავლის უნარების შესახებ.
ფიზიკური განათლება

დავიწყოთ სიარულის სწავლით. ორ ფეხზე სიარული ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშანია. შეიძლება ითქვას, ჩვენ ამისთვის დავიბადეთ. მიუხედავად ამისა, ეს მოძრაობა ადვილად არ მოგვეცემა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინება, უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება სიარულის შესასწავლად.

ვიხსენებ გაზაფხულის ერთ დღეს, როდესაც ჩემი ბიჭუნა, ერთ წელს ცოტაღა რომ აკლდა, განვითარების იმ ეტაპზე გახლდათ, როცა ბავშვს უკვე შეუძლია სიარული, ოღონდ – საგნებზე ხელჩაჭიდებულს. იმ დღეს მთელი ოჯახი დიდი ტურისტული გემით ვმოგზაურობდით. ჩემმა პატარამ დაიჟინა, მთელი მოგზაურობის განმავლობაში მასთან ერთად მევლო გემბანზე. ჩვენ რამდენიმე საათი დავუთმეთ გემბანის მთელ სიგრძეზე წინ და უკან სიარულს, თანაც ჩემთვის საკმაოდ მოუხერხებელ, მოხრილ პოზაში, რათა ბავშვს ჩემთვის ხელის ჩაჭიდება შესძლებოდა.

გემბანზე სიარული მთლიანად ბავშვის სურვილი იყო. მე მხოლოდ მოხერხებული იარაღი გახლდით მის პატარა ხელში, ცოცხალი საბჯენი ჯოხი. რამდენიმეჯერ ვცადე დამეყოლიებინა, რომ შეესვენა, რადგან მივხვდი, რომ მე თვითონ მჭირდებოდა დასვენება, მაგრამ ბიჭუნამ ჩემით მანიპულირების ნამდვილი ოსტატობა გამოიჩინა. როდესაც შემთხვევით ცოტა ხნით შევჩერდებოდით, იგი აგრძელებდა დაწყებულ საქმეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები სიარულის სწავლის პიკურ მომენტში დღეში დაახლოებით 6 საათს სიარულში ხარჯავენ. ამ ხნის განმავლობაში ისინი დაახლოებით 9 000 ნაბიჯს დგამენ და გადიან 29 საფეხბურთო მოედნის ოდენა მანძილს (Adolph et al., 2003, Child Development, 74, 475-497)! ამ დროს პატარები სადმე კონკრეტულ ადგილას კი არ მიემართებიან, უბრალოდ დადიან სიარულისთვის.

ბავშვები განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენენ სიარულისადმი, როდესაც განსხვავებულ ზედაპირზე მოხვდებიან. ეჭვი მაქვს, ჩემი ბიჭუნას დაუღალავი სიარული ნაწილობრივ წყალში გემის მოძრაობით იყო გამოწვეული – გემბანის რწევა სიარულს ართულებდა და მისთვის ეს დამაინტრიგებელი გამოწვევა იყო.

თავდაპირველად პატარები ხშირად ეცემიან და შავდებიან კიდეც, მაგრამ დგებიან და სიარულს განაგრძობენ. ასე მეორდება უსასრულოდ. მერე და მერე სიარული იქცევა სირბილად, ხტომად, ცოცვად, რწევად… ამ ყველაფრის ბავშვებისთვის სწავლება და, მით უმეტეს, მათი მოტივირება საჭირო არ არის. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, მათთვის და მათი „ვარჯიშისთვის” შესაფერისი და უსაფრთხო ადგილების შერჩევაა.
ენის სწავლა

თუ ოდესმე ზრდასრულ ასაკში უცხო ენის სწავლა გიცდიათ, ალბათ იცით, რა რთული საქმეა ეს – ათასობით სიტყვა, უთვალავი გრამატიკული წესი… თუმცა ბავშვები 4 წლისთვის მეტ-ნაკლებად ახერხებენ მშობლიურ ენაში დაოსტატებას. ამ ასაკში ისინი ამჟღავნებენ სიტყვების მნიშვნელობისა და გრამატიკის წესების საკვირველ ცოდნას, ხოლო ის პატარები, რომლებიც ორენოვან ოჯახებში იზრდებიან, 4 წლისთვის როგორღაც ახერხებენ ორი ენის ათვისებას და მათ ცალ-ცალკე გამოყენებას.

ოთხი წლის ბავშვს არ შეუძლია, აღწეროს თავისი ენის გრამატიკული წესი, მაგრამ რომ იცის, აშკარაა. პატარები წარმატებით ამატებენ მრავლობითის ნიშანს („-s”-ს ინგლისურში და „-ებ”-ს ქართულში) სრულიად ახალ არსებით სახელებს, წარსულის მწარმოებელ სუფიქს „-ed”-ს – ზმნებს, ამჟღავნებენ გრამატიკული კატეგორიების (არსებითი სახელის, ზმნის, ზედსართავი სახელის, ზმნიზედის და ა.შ.) შესანიშნავ ცოდნას ახალი წინადადებების შედგენისას. როგორც ნოამ ჩომსკი ამბობს, ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ენის თანდაყოლილი აღქმა, მაგრამ სხვადასხვა ენის სიტყვები და წესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და მათ აუცილებლად სჭირდება შესწავლა.

ბავშვები უწყვეტად, გამუდმებით სწავლობენ ენას. ადრეულ ბავშვობაში ისინი ჯერ ბგერებს ბუტბუტებენ და ამით საარტიკულაციო აპარატის მოტორულ ქმედებას შეისწავლიან. გარკვეული ხნის შემდეგ მათი ბავშვური ბუტბუტი უფრო და უფრო ემსგავსება ენას, რომელიც მათ გარშემო ისმის. რამდენიმე თვის ასაკში უკვე აშკარაა, როგორ აკვირდებიან ბავშვები სხვის მეტყველებას და როგორ ერთვებიან ისეთ ქმედებებში, რომლებიც მათ ნათქვამის აღქმა-გაგებაში ეხმარება. მაგალითად, პატარები გამუდმებით აკვირდებიან სხვათა თვალების მოძრაობას, რათა დაინახონ, რას უყურებენ ისინი – ეს მათ სხვების საუბრის შინაარსის გაგებას უადვილებს. ამ სტრატეგიით, 3 წლამდე ასაკის ბავშვი ფრაზის „რა ლამაზი ქრიზანთემაა!” გაგონებისას ადვილად მიხვდება, რა საგანზე ან ობიექტზე ლაპარაკობს ფრაზის ავტორი. 2-დან 17 წლამდე ადამიანი დაახლოებით 60 000 სიტყვას შეისწავლის (Bloom, 2001,Behavior & Brain Sciences, 24, 1095-1103). გამოდის, რომ ბავშვი საათში ერთ ახალ სიტყვას სწავლობს. ენის სწავლა, ისევე როგორც სიარულისა, თამაშია. ბავშვს ეს აქტივობა საინტერესო ეჩვენება, ის თითქოს ისრუტავს ამ ახალ შეგრძნებებსა თუ ინფორმაციას. სწავლის ეს პროცესი ინტენსიურია და ბავშვის სურვილით მიმდინარეობს. 

მეცნიერული განათლება

პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. მათ აინტერესებთ გარე სამყაროს ყველა ასპექტი. დაბადებიდან რამდენიმე დღეში ახალშობილები ახალ საგნებზე დაკვირვებას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე უკვე ნანახზე. მას შემდეგ, რაც ბავშვს „თვალი-ხელის” საკმარისი კოორდინაცია ჩამოუყალიბდება, უკვე შეუძლია, ხელი შეახოს ობიექტს და მანიპულაცია ჩაატაროს მისით, – ის მხოლოდ ამას აკეთებს. ექვსი თვის პატარები იკვლევენ ნებისმიერ ახალ საგანს, რომელსაც კი მისწვდებიან, ისეთი წესით, რომელიც ამ საგნის ფიზიკური თვისებებისა და თავისებურებების შესაცნობად არის საჭირო. ისინი ჭმუჭნიან საგანს, ხელიდან ხელში გადააქვთ, აკვირდებიან სხვადასხვა მხრიდან, არხევენ მას, ძირს აგდებენ და უყურებენ, რა მოუვა და როდესაც რაიმე საინტერესო ხდება, აუცილებლად იმეორებენ იმავე მოქმედებას, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. დააკვირდით 6 თვის ბავშვის ქმედებას და თქვენ მეცნიერ-ექსპერიმენტატორს დაინახავთ.

ახალგაზრდა ადამიანის კვლევის მთავარი მიზანი იმის შესწავლაა, როგორ აკონტროლოს გარემო. მრავალმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ახალშობილებსა და ბავშვებს უფრო მეტად აინტერესებთ ის საგნები, რომელთა კონტროლირებაც შეუძლიათ, ვიდრე ის, რომლებსაც ვერ ფლობენ ან ვერ აკონტროლებენ. მაგალითად, ის მაგნიტოფონი, რომლის ჩართვა და გამორთვა ბავშვს თავისით შეუძლია, უფრო საინტერესოა მისთვის, ვიდრე ის, რომელიც ან თავისით ირთვება, ან მხოლოდ მოზრდილმა შეიძლება ჩართოს ან გამორთოს.  როდესაც ბავშვი ისწავლის საგნის მართვას და ამოწურავს ამ საგნისადმი განსახორციელებელ ქმედებებს, მისდამი ინტერესი ნელ-ნელა უქრება. ამიტომაც არის, რომ მუყაოს კოლოფი, რომელშიც შესანიშნავი, ლამაზი, მაგრამ ნაკლებად კონტროლირებადი სათამაშო დევს, შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩნდეს ბავშვისთვის და სათამაშოზე მეტი ხნით მიიპყროს მისი ყურადღება.

ადამიანის ინტერესი საგნების შინაგანი მოწყობისა და მათი კონტროლის მიმართ ადრეულ ბავშვობაში არ მთავრდება. ის მანამდე გრძელდება, სანამ ბავშვებსა და მოზრდილებს შეუზღუდავად შეუძლიათ თავიანთი გზის არჩევა. საგნების შინაარსის გაგებისაკენ ლტოლვა მეცნიერების საფუძველია. ამ სამყაროს არაფერი ანადგურებს ისე, როგორც გარემო, რომელშიც ყველას მიუთითებენ, როგორ უნდა მოექცეს ახალ ნივთებს და როგორ გააკეთოს ეს. მეცნიერების ხიბლი აღმოჩენაშია და არა ცოდნაში, რაც მხოლოდ შედეგს წარმოადგენს. ეს ყველა ჩვენგანზე ვრცელდება: 6 თვის ბავშვზე, რომელიც სათამაშო მანქანას იკვლევს, 2 წლისაზე, რომელიც მუყაოს ყუთს შეისწავლის თუ ზრდასრულ მეცნიერებზე, რომლებიც ფიზიკური ნაწილაკებისა თუ ფერმენტების შესწავლით არიან დაკავებულნი. არავინ მიდის მეცნიერებაში ვისამე მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად; ადამიანი მეცნიერი იმისთვის ხდება, რომ საკუთარ კითხვებზე მიიღოს პასუხი. ამიტომაც არის, რომ მეცნიერების შესწავლის სტანდარტული მეთოდები არასდროს აქცევს ადამიანს მეცნიერად; ის, ვინც მეცნიერი გახდა, ეს სწორედ სტანდარტული სწავლების მიუხედავად მოახერხა.

სოციალური და მორალური განათლება

პატარა ბავშვებისთვის ფიზიკურზე საინტერესო მათ გარშემო არსებული სოციალური გარემოა. ბავშვები ბუნებრივად მიილტვიან სხვებისკენ, განსაკუთრებით მათკენ, ვინც მათზე ოდნავ უფროსია და ოდნავ უფრო კომპეტენტური. პატარებს სურთ, აკეთონ ის, რასაც მათზე ოდნავ უფროსები აკეთებენ. სურთ მათთან თამაშიც. სოციალური თამაშები ის იარაღია, რომლის მეშვეობითაც ყველა ბავშვი იღებს სოციალურ და მორალურ განათლებას.

სწორედ თამაშით სწავლობს ბავშვი სხვებთან ერთად ცხოვრებას. თამაშის დროს მან უნდა გაითვალისწინოს სხვა ბავშვების საჭიროებები, ისწავლოს რეალობის სხვისი თვალით დანახვა, დათმობა, მოლაპარაკება, საკუთარი იმპულსების მართვა და კონტროლირება, სხვების სიამოვნება პარტნიორების შესანარჩუნებლად. ეს რთული გაკვეთილებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გვსურს, ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს.

ჩვენ ალბათ ვერც ამას ვასწავლით შვილებს; ყველაზე დიდი, რაც ხელგვეწიფება, ის არის, მივცეთ მათ სხვებთან თამაშის შესაძლებლობა, რათა თვითონვე გამოსცადონ სოციალური შეცდომები და წარმატებები. ყოველი ნორმალური ბავშვის ძლიერი ლტოლვა სხვებთან თამაშისკენ არის სწორედ ის მთავარი მოტივაცია, რაც აიძულებს მას, შეეწყოს სხვებს თამაშის დროს. სხვებთან ურთიერთობების მოუგვარებლად თამაში ვეღარ გაგრძელდება და ეს ბუნებრივი შედეგი ძალიან დიდი გამოცდილებაა. ვერავითარი ლექცია თუ სიტყვა მას ვერ შეცვლის.

რა მოსდის მოტივაციას, 5 თუ 6 წლის ასაკში?

ერთხელ, როდესაც ჩემი ბიჭი შვიდიოდე წლისა იყო და უკვე სკოლაში დადიოდა, მის მასწავლებელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ბავშვი სკოლაში მისვლამდე მეტი გატაცებით სწავლობდა, ვიდრე დღეს. მასწავლებლის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა: „გასაგებია. თქვენ, როგორც ფსიქოლოგმა, ალბათ კარგად იცით, რომ ეს განვითარების ბუნებრივი ცვალებადობაა. პატარა ბავშვები სპონტანურად სწავლობენ, ხოლო მოგვიანებით ისინი უფრო ამოცანებზე ორიენტირებულნი ხდებიან”.

ვხვდები, საიდან გაუჩნდა ჩვენს მასწავლებელს ასეთი იდეა. მინახავს განვითარების ფსიქოლოგიის სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებშიც ისინი განვითარებას ასაკის მიხედვით ყოფენ და სკოლამდელ წლებს „თამაშის წლებს” ეძახიან. მათ თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ თამაში 5 ან 6 წლის ასაკში სრულდება. 

წიგნის დანარჩენ თავებში ძირითადად ის გამოკვლევებია განხილული, რომლებიც აღწერენ, როგორ ასრულებენ ბავშვები დავალებებს, რომლებსაც მათ მოზრდილები აძლევენ. ალბათ მასწავლებელმაც ეს წიგნები წაიკითხა. მაგრამ ეს წიგნები წარმოგვიდგენენ იმის დამახინჯებულ სურათს, რაც ბუნებრივია.

მომდევნო სტატიებში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას იმ ბავშვებზე, რომლებმაც გადააბიჯეს 5-6 წელს და რომლებსაც მიეცათ საშუალება, თავიანთი ინტერესებისამებრ ეცხოვრათ, რომლებსაც არ შეუზღუდეს თამაშისა და შემეცნებისადმი ლტოლვა, რამაც მათ გაცილებით ძლიერი მოტივაცია შეუქმნა, ესწავლათ გაცილებით მეტი და ბევრად უფრო რთული ფორმებით, ვიდრე სასკოლო სტანდარტები ითვალისწინებს.

ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი