გაზვიადებული ამბები

სიტყვა „გაზვიადებაზე“ სულ იპოლიტე ხვიჩიას გმირი მახსენდება, ცოლს და სიდედრს, ყაჩაღების მოგერიებაზე, რომ უყვებოდა. ერთი ისე მოვისროლე, ბეჩავი სად გადავარდა, თავადაც ვერ გაიგოო.  არადა, მე და თქვენ ხომ  ვიცით, შიშით თვითონვე კანკალებდა   და ყაჩაღებისგან გარბოდა.

„გაზვიადებას“ ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. უყვართ ადამიანებს არა რეალული ამბების შეთხზვა და მოყოლა. ასეთი ამბების გამო წაკინკლავებულან და სერიოზულად უჩხუბიათ კიდეც. დედა თავის ნათლია-ნინა იარაჯულს იგონებს ხოლმე. სიმართლის პირდაპირ  მთქმელი წითელ თმიანი ხევსური ყოფილა, რომელსაც ზედმიწევნით კარგად სცოდნია ბუნებრივი საღებრების მომზადება და გამოყენება. ჰოდა, ნინა ნათლია, თურმე ხშირად ყვებოდა სისხლადუღებულ ხევსურებზე, რომლებიც რაღაც გაზვიადებული ამბების გამო ხმლებით კენწლაობასაც არ ერიდებოდნენ.

-გავყარე ის ბალღებიო, ამბობდა თურმე. ანუ, დავაშოშმინე, დავაწყნარეო.

სხვების მოსმენისას, რას არ გაიგებ…„ომის დროს მხოლოდ ცხენებით კი არა, ქვემეხის ჭურვზე  ამხედრებულმაც ვიმგზავრე! ერთ-ერთ ქალაქს ალყა შემოვარტყით და გასარკვევი გახდა, ქვემეხების   რა მარაგი ქონდათ. მთელ ჩვენს რაზმში ერთი გულადიც კი არ მოიძებნა, ვინც მტრის ბანაკში შეუმჩნევლად შეიპარებოდა და ინფორმაციას გამოიტანდა. თუმცა…მე იქ არ ვიყავი? დავდექი ქვემეხის  პირას, როგორც კი ჭურვი გამოტყორცნა,  ზედ მოვახტი და ასე გადავფრინდი მტრის ქალაქში. ჩვენები ყვიროდნენ: ბრავოოო, ყოჩაღ! თავიდან სიამოვნებით მივფრინავდი, მერე კი ცოტა შფოთვამ შემიპყრო. ჰო, ვთქვათ და ჩავფრინდი, მაგრამ მტრები იქიდან ცოცხალს  გამომიშვებდნენ? ამ დროს ქალაქიც გამოჩნდა და იქ განლაგებული ქვემეხებიც. ყველა დავთვალე, თოთხმეტი იყო. ბიჭოს?.. მტრებსაც უსვრიათ ჩვენი მიმართულებით ჭურვი. ბევრი აღარ მიფიქრია, შემხვედრ ჭურვზე გადავჯექი და ასე მშვიდობიანად დავბრუნდი ჩვენებთან. ჰო, ქვემეხების  რაოდენობა მეთაურს მოვახსენე“.

ეს ცნობილი ცრუპენტელა იცანით?

დიახ, ბარონი მიუნჰაუზენია, ამბების გამზვიადებელი და მითების შემქმნელი. ცოტას კიდევ მოუსმენთ და იმასაც მოგიყვებათ ჭაობიდან ცხენი და თავისი თავი როგორ ამოათრია. ჰო, რა გასაკვირია, საკუთარ   ნაწნავს  მოეჭიდა და ჰაერში აწია.

მითები და გაზვიადებული ამბები ქიმიაშიც მოიძებნება. სხვათა შორის, ქიმიის კლუბისთვის  მშვენიერი გასართობ-შემეცნებითი აქტივობაც არის.

მაშ ასე, მოიფიქრეთ  მითები ქიმიაში და შემდეგ კლუბური მეცადინეობის დროს გაარჩიეთ.

მითების ძიება ქიმიის ისტორიიდან შეგიძლიათ დაიწყოთ.

დიახ, ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ქურუმები ამტკიცებდნენ, რომ წყალი ორ სხვა ახალ ნივთიერებას წარმოქმნიდა-ყინულს და ორთქლს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ახალი ნივთიერება კი არა,  წყლის აგრეგატული მდგომარეობა გახლდათ.

მოგვიანებით დადგინდა და დაფიქსირდა, რომ მხოლოდ სამი აგრეგატული მდგომარეობა არსებობს: აირადი, თხევადი და მყარი. მეცნიერებმა კი დიდი ხანია, რაც პლაზმა მეოთხე აგრეგატულ მდგომარეობად აღიარეს. პლაზმა პირველად ირვინგ ლანგმურმა აღწერა 1920 წელს.  ზოგიერთ წყაროში კი კოლოიდებსაც აგრეგატული მდგომარეობის ერთ-ერთ ნაირსახეობად შეხვდებით (Chemistry in Action, #113), რომელიც განსხვავდება გაზისგან, მყარი და თხევადი მდგომარეობისგან.

ან, მაგალითად…

თითქოს ნახშირბადს, მხოლოდ ორი ალოტროპული სახესხვაობა ჰქონდეს და ეს, რა თქმა უნდა, ბრილიანტი და გრაფიტია. აბა, 1985 წელს აღმოჩენილი ფულერენი რაღაა? დღეისათვის სრულად არის შესწავლილი C60 ფულერენი, რომელიც 20 ექვსკუთხედისა და 12 ხუთკუთხედისგან შედგება. მასში ყველა ატომი ექვსვალენტიანია. ფულერენის კრისტალები ნახევარგამტარია. C60 ფულერენი ფეხბურთის ბურთს მოგვაგონებს, C70 ფულერენი კი რაგბის ბურთს. სინთეზირებულია ფულერენი 600-მდე ნახშირბადის ატომით.

ზოგადად კი დღეისათვის ნახშირბადის 8 ალოტროპული სახესხვაობაა ცნობილი: 1) ბრილიანტი; 2) გრაფიტი; 3)ლონსდელეიტი ; 4) C60 ფულერენი; 5) C540 ფულერიტი; 6)  C70; 7)ამორფული ნახშირბადი; 8) ნახშირბადის ნანო-მილაკი.

 

დაბნეულობას იწვევს კიდევ ერთი  ამბავი.

განზავებული მჟავა სუსტია, კონცენტრირებული კი ძლიერი.

მოსწავლეებში (მხოლოდ?) მართლაც გაურკვევლობას  იწვევს კონცენტრაციასა (კონცენტრირებული და განზავებული, მოლ/ლ) და მჟავას (ან ფუძის) სიძლიერეს  შორის გარკვევა. არადა საქმე  ეხება მჟავას ან ფუძის დისოციაციის ხარისხს ხსნარში.

1М მარილმჟავა და ძმარმჟავას აქვთ ერთნაირი კონცენტრაცია მოლ/ლ მაგრამ,   HCl-ს უფრო დაბალი pH აქვს, ანუ, უფრო ძლიერი  მჟავაა, რადგან ხსნარში, ძმარმჟავასთან შედარებით, ~ 100% დისოცირდება. ძმარმჟავას, თავის მხრივ,  ნაკლები დისოციაციის ხარისხი აქვს. თუმცა, თუ მათი მეშვეობით გავტიტრავთ 1 М NaOH-ს, ორივე ერთნაირ ექვივალენტურ წერტილს მოგვცემს.

ახლა, კვლავ ქიმიის ისტორიაში დავბრუნდეთ…ვიტალიზმის ეპოქაში.

ვიტალისტები, ანუ ვიტალისტური თეორიის მიმდევრები  მეცხრამეტე საუკუნის ქიმიკოსები იყვნენ, რომლებსაც სწამდათ, რომ ცოცხალ ორგანიზმში არსებული ქიმიური ნივთიერებების მიღება სინთეზური გზით შეუძლებელი იყო.

1807 წელს ბერცელიუსმა ცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს ორგანული უწოდა.  არაცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს კი არაორგანული. ყურადღება მიაქცია, რომ ორგანული ნივთიერებები გახურებით არაორგანულ ნივთიერებებს წარმოქმნიდნენ, თუმცა პირიქით ვერ ხერხდებოდა.

1828 წელს ბერცელიუსის მოსწავლემ, ფრიდრიხ ველერმა  გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენა. ის აცხელებდა ამონიუმის ციანატს და იღებდა შარდოვანას.  ანუ, არაორგანული მარილიდან  ლაბორატორიაში  მიიღო ორგანული ნაერთი. ბერცელიუსი კი ჯიუტად იმეორებდა, არაო. შარდოვანა ამონიუმის ციანატში ატომური გადაჯგუფებით წარმოიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის (შარდოვანა), არაორგანული პროდუქტებისგან არ წარმოქმნილაო. ეს კამათი  1845 წელს დასრულდა. ამ დროისთვის  ადოლფ კოლბემ   ნახშირბადისგან, წყალბადისგან და ჟანგბადისგან ძმარმჟავა მიიღო.

თუმცა, იმ დროინდელი მითი, ოდნავ სახეცვლილი, არსებობას აგრძელებს და ამბობს, რომ ცოცხალი ორგანიზმებიდან გამოყოფილი ნივთიერებები აბსოლუტურად განსხვავდებიან იმავე, ოღონდ სინთეზურად მიღებული ნივთიერებებისგან.

არადა, ბუნებრივი წყაროდან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერება იმავე შედგენილობის არის, როგორიც იგივე ნივთიერება მიღებული ლაბორატორიაში. აქ ალბათ ხაზი უნდა გაესვას სიტყვას „სუფთა“-ს, რადგან ბუნებრივი წყაროსგან გამოყოფილ პროდუქტს ზოგჯერ მინარევები ახლავს  თან და სწორედ ეს მინარევებია უფრო  სასარგებლო. მაგ.   ყავისფერი შაქარი განსხვავდება თეთრი რაფინირებულისგან, რადგან მასში დამატებითი კომპონენტებია. თუმცა, ორივე შაქარია და ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმისთვის მავნეა.

ან, ვარდისფერი მარილი… მის ფერს სხვადასხვა მინერალების თანაარსებობა განაპირობებს. შეიცავს კალიუმს, ფთორს, იოდს, მაგნიუმს, სპილენძს და ა.შ. მათი საერთო რაოდენობა მხოლოდ 3%, თუმცა შეფერილობისთვის სრულიად საკმარისია. დანარჩენი 97% ნატრიუმის ქლორიდია, რომელიც კარგია თუ ცუდი თქვენთვის მომინდვია http://mastsavlebeli.ge/?p=18691

მოკლედ, ვიტალიზმის იდეა კვლავ ცოცხალია  ე.წ. „ორგანული საკვების“ იდეით, რომ ბუნებრივი კარგია და სინთეზური ცუდი http://mastsavlebeli.ge/?p=20116

ან, ასეთი ამბავი…გარკვეული  პროდუქტი ქიმიკატებს არ შეიცავს.

ჰო, მაგრამ  ყველაფერი ქიმიური ნივთიერებისგან შედგება. თითოეული პროდუქტის ფერს, სუნს, გემოს სწორედ მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების ნაკრები განაპირობებს. პროდუქტი ქიმიურად სუფთაა, ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, როგორიცაა ფერის მიმცემი, გემოს გამაძლიერებელი და ა.შ. პროდუქტში მათი არ არსებობა   მნიშვნელოვანია, რადგან  უმრავლესობა ტოქსიკურია და კანცეროგენური თვისებები ახასიათებს.

კიდევ ერთი მითი: ქიმიური ზემოქმედება, შენელებული მოქმედების ნაღმი გახლავთ.

სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინები: „ქიმიური ნივთიერებების კოქტეილი“ და „შენელებული მოქმედების ნაღმი“. გვაფორიაქებს და გვაფიქრებს. თუმცა, ადამიანები მუდამ „ქიმიურ კოქტეილში“ ცხოვრობდნენ. მე თუ მკითხავთ, ეს მითი რეალობასთან ახლოს არის. უფრო, რომ განვმარტოთ, დიახ, ადამიანები მუდმივად ქიმიურ ნივთიერებებთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა, 21-ე საუკუნეში „კოქტეილს“ საშიში ნივთიერებები დაემატა და გამოდის, რომ მართლაც „შენელებული მოქმედების ნაღმი“ გვაქვს.

სანამ თქვენთვის გაზვიადებულ ამბებს ვწერდი, ბარონი  მთვარეზე გაფრენას ლამობდა. უფრო სწორედ,  წარმატებით აცოცდა და ჩამოცოცდა კიდეც.

„ნიადაგში თურქული ბარდა ჩავთესე. მაშინვე ზრდა დაიწყო. ხუთ წუთში თვალი ვეღარ ავაწვდინე, იმხელაზე აიჭრა ცაში. ბევრი არ მიფიქრია, ზედ ავცოცდი. ასე აღმოვჩნდი ერთ საათში მთვარეზე. იქ ვერცხლის ტარიანი ცული ამივარდა, ხომ გახსოვთ. მთვარეც ვერცხლისფერია, ცულის ტარიც ვერცხლის იყო, ამიტომ პოვნა გამიჭირდა, მაგრამ მოვძებნე. დაბრუნება დავაპირე, მაგრამ…მზეს ჩემს მიერ დარგული ბარდა გაეხმო. სხვა რა დამრჩენოდა? გამხმარი ბარდისგან თოკის წვნა დავიწყე. ოდნავ მოკლე გამოვიდა, თუმცა მაინც ჩამოვცურდი. გარკვეული დროის შემდეგ თოკი დამთავრდა და ცასა და მიწას შორის გამოკიდებული დავრჩი. ცულით ზედა ნაწილი მოვჭერი და ქვედას მოვაბი. ასე აღმოვჩნდი მიწაზე.

ჰმ, თქვენც ხომ იცით, მიუნჰაუზენი არსად დაიკარგება.“

კი, ასეთი ფანტაზიორი არსად დაიკარგება.

ჩვენ კი მსგავსი გაზვიადებული ამბები ქიმიის კლუბში საკამათოდ და სადისკუსიოთ გადავიტანოთ…ისევ და ისევ, ცოდნის გაღრმავების მიზნით.

 

კომენტარები

comments