ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე!“(მეორე ნაწილი)

 „რეალობით თერაპიის” გამოყენებისას ექიმი ეხმარება პაციენტს, დაძლიოს მარტოობის შეგრძნება მასთან, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანთან, ურთიერთობით. მაგრამ როდესაც ეს თერაპია გამოიყენება ადამიანთა ჯგუფთან, გარდა თითოეულ წევრთან კონტაქტისა, ექიმი უნდა იძლეოდეს პასუხისმგებლობის მაგალითს ურთიერთობის საკითხებში. სამწუხაროდ, ურთიერთმონაწილეობა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია წარმატების მისაღწევად, სკოლაში პრაქტიკულად არ არსებობს.

ტრადიციული ფსიქიატრია გვასწავლის: ექიმი პაციენტისადმი, რომელსაც მარტოობა ტანჯავს, უნდა იყოს თავშეკავებული და გულგრილი. „რეალობით თერაპია” გულისხმობს თბილ ემოციურ კონტაქტს პაციენტსა და ექიმს შორის. მასწავლებლები ცდებიან, როდესაც ბავშვებთან ემოციურ კონტაქტს თავს არიდებენ. მოსწავლეების ცუდი მოსწრების მიზეზად ისინი ხშირად ასახელებენ დაბალ მოტივაციას, თუმცა ვერ ხსნიან, რატომაა ის ასე გავრცელებული. მათი მცდელობები, ზეწოლით მიაღწიონ მოტივაციის ამაღლებას, როგორც წესი, წარუმატებელია. „რეალობით თერაპია”, პირიქით, არ ანიჭებს მოტივაციას გადამწყვეტ მნიშვნელობას. ძალა და მუქარა, ასევე შერცხვენა და სასჯელი – ცუდი სამოტივაციო ფაქტორებია. ისინი მოქმედებენ მანამდე, სანამ იწვევენ შიშს. როგორც კი ადამიანს შიში გაუვლის, მოტივაცია ქრება.

ტრადიციული ფსიქიატრი გამოდის იქიდან, რომ პაციენტს თავიდანვე აქვს დადებითი მოტივაცია, საჭიროა მხოლოდ მისი გამოთავისუფლება, საამისოდ კი პაციენტი უნდა აიძულონ, ჩაწვდეს საკუთარ მეს. სასკოლო პრაქტიკა აღიარებს საწყის მოტივაციას, მაგრამ თუ ის არ მჟღავნდება, მის სტიმულირებას დაძალების მკაცრი მეთოდებით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდი არასდროს ჭრის, პრობლემების მოსაგვარებლად სკოლაში შემოაქვთ ახალ-ახალი შეზღუდვები, მიმართავენ მუქარას, სასჯელს. „რეალობით თერაპია” ამის საპირწონედ იყენებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთგაგებაზე დამყარებულ თანამშრომლობას.

მოსწავლეები თავიანთ საქციელსა და მიზნების მიღწევაზე უდავოდ აგებენ პასუხს. თუ მათი საქციელი ნორმიდან იხრება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ფსიქიკა აქვთ დარღვეული; უბრალოდ, მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს. მაგრამ ისინი ვერ შეცვლიან თავიანთ არჩევანს უკეთესობისკენ, თუ არ აღმოჩნდნენ მათით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანის ძლიერი ემოციური გავლენის ქვეშ. შესაძლოა, სკოლაში ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ერთ ადამიანთან – მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, დირექტორთან, ანდა ბავშვების ჯგუფთან და მთელ კლასთანაც კი. ფსიქიატრიაშიც და სკოლის პრაქტიკაშიც მასწავლებელი და ექიმი ხშირად ზემოდან უყურებენ ბავშვებს, არ გამოხატავენ მათდამი კეთილგანწყობას და ინტერესს. ბავშვების თვალში ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება საკუთარი თავის იდენტიფიცირება. ამიტომაც ვერ უმსუბუქებენ მარტოობის ტვირთს მათ, ვისაც თბილი ადამიანური მონაწილეობა სჭირდება. მხოლოდ იქ, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის შედგა მეგობრული ურთიერთობა, როდესაც ორივე მხარე დაინტერესებულია სასწავლო პროცესის წარმატებით, როდესაც ერთად განიხილავენ და ეძებენ პრობლემების გადაწყვეტის გზებს, ზეიმობს განათლება – განათლება, რომელიც ბავშვს ჩვენს რთულ დინამიკურად განვითარებად სამყაროში ბედნიერი ცხოვრებისთვის ამზადებს.

ბავშვთან კონტაქტის დასამყარებლად ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ მას, მიუხედავად მისი წარსული პრობლემებისა, შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ ურთიერთდამოკიდებულება მასწავლებელი-მოსწავლე დღევანდელ კონკრეტულ ამოცანებზე აიგება. წარუმატებელი მუდამ წარუმატებლად დარჩება, თუ მას გამუდმებით გაახსენებენ წარსულს. წლიდან წლამდე მასწავლებლები აღრიცხავენ მოსწავლის მოსწრებას და ქცევას, ერთმანეთს გადასცემენ ამ ინფორმაციას და ისიც დოლაბივით ექაჩება მოსწავლეს ახალ-ახალი წარუმატებლობისკენ. ის ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას, თუ არ მოხსნიან მიკერებულ იარლიყს. ვმკურნალობთ თუ ვასწავლით, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბავშვის დღევანდელ პრობლემაზე, წარსულს კი მივმართოთ მხოლოდ პოზიტიური მომენტების გამოსავლენად. შეხედულება, რომ წარსულის შეუსწავლელად ბავშვს ვერ დავეხმარებით, მცდარია. წარსულის შესწავლას ჩვენ შეცდომების ანალიზთან ვაიგივებთ, საინტერესო კი მხოლოდ მოსწავლის წარმატებებია. მასწავლებელი და ექიმი არ უნდა დაეყრდნონ წარსულ შეცდომებს – ამ დროს ბავშვი იჯერებს, რომ წარუმატებლობა მისი თანამდევია და კვლავ მარცხდება. წარსული შეცდომების გადახაზვით ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვს, ხელმეორედ გამოსცადოს თავისი ძალები, დაშვებულ შეცდომებს კი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„რეალობით თერაპიის” მიხედვით, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს. ემოცია მართავს წარუმატებელ ადამიანებს, მაშინ როცა წარმატებული საღ აზრსა და ლოგიკას ეყრდნობა. რასაკვირველია, ემოცია ნებისმიერ მოქმედებას მოსდევს: დადებითი – გამარჯვების დროს, უარყოფითი – მარცხის შემთხვევაში. ემოცია ქმედებების შედეგია, ჩვენ კი სწორედ საქციელი უნდა გამოვასწოროთ. ადეკვატური ქცევისა და გარშემო მყოფთა წაქეზების შედეგად ადამიანს უჩნდება დადებითი ემოციები, რომლებიც, თავის მხრივ, უბიძგებს, იმოქმედოს უფრო ღირსეულად. ბავშვთან ურთიერთობისას არ უნდა უგულებელვყოთ გრძნობები, მაგრამ მისი საქციელის გამოსასწორებლად ჯობს ჩვენი გრძნობები ჩვენსავე ქმედებებს შევუსაბამოთ. როდესაც ადამიანი ღირსეულად იწყებს მოქცევას, მისი თვითშეფასება აიწევს და ჩვენი ურთიერთსიმპათიაც ძლიერდება. წინათ გარშემო მყოფებს მეტწილად ემოციები აინტერესებდათ და დახმარებისას ავიწყდებოდა ქცევა, რითაც აღრმავებდნენ ადამიანის ტანჯვას – წარუმატებლობა კვლავ თან სდევდა მას.

იმისთვის, რომ ბავშვმა თავი დააღწიოს თანამდევ პრობლემებს და მიაღწიოს წარმატებას, საჭიროა შთავუნერგოთ საკუთარი ქცევის გაანალიზებისა და შეფასების ჩვევა. ვიდრე თვითონ არ დარწმუნდება, რომ მარცხის მიზეზი მისი ქმედებებია, მას ვერავინ დაეხმარება. ამ შემთხვევაში თვითონვე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. არც სკოლამ და არც ფსიქოთერაპევტმა არ უნდა შეუმსუბუქონ მას მდგომარეობა – დაე, აგოს პასუხი. ოღონდ გულხელის დაკრეფა არ შეიძლება – მარცხის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს შედეგებზე პასუხისგებას. რაც არ უნდა ხშირი იყოს მარცხი, ისევ და ისევ უნდა შევეცადოთ, ბავშვმა თვითონ შეაფასოს თავისი საქციელი, სანამ არ დაეჭვდება იმის მიზანშეწონილობაში, რასაც იცავს.

როდესაც ბავშვი გაკვეთილზე ცუდად იქცევა, მასწავლებელმა უნდა ჰკითხოს: „რას აკეთებ?” თუ მასწავლებელს დაინტერესებული და კეთილგანწყობილი კილო ექნება, თუ ის იგულისხმებს მხოლოდ მოცემულ მომენტს და არ მოჰყვება წარსული ცოდვების გახსენებას, ბავშვი სწორად შეაფასებს თავის საქციელს. ამის შემდეგ მასწავლებელი უნდა დაინტერესდეს, – რასაკვირველია, ასაკისა და სიტუაციისთვის შესაფერისი სიტყვების გამოყენებით, – მიაჩნია თუ არა მოსწავლეს, რომ თავისი საქციელით ეხმარება საკუთარ თავს, მასწავლებელს, კლასს ან სკოლას. თუ ბავშვის პასუხი იმაზე მეტყველებს, რომ ის აცნობიერებს თავის დანაშაულს, საჭიროა ჰკითხონ, როგორ აჯობებდა მოქცეულიყო. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, სკოლაში თუ შინ, როგორც წესი, ხდება სრულიად საპირისპირო რამ: მასწავლებელი ან მშობელი იწყებენ მის კიცხვას და ემუქრებიან, თუ ასე გაგრძელდა, დაგსჯითო. ეს ტრადიციული, მაგრამ უეფექტო მეთოდი ბავშვს ყოველგვარ პასუხისმგებლობას უხსნის. უფროსები თავად აფასებენ მის საქციელს და განსაზღვრავენ სასჯელის ზომას. ბავშვს პასუხისმგებლობის იოტის ოდენა წილიც არ რჩება. 

„რეალობით თერაპიაში” ბავშვს სთავაზობენ ქცევის წესების ალტერნატიულ არჩევანს. თუ დამოუკიდებლად კეთება არ შეუძლია, ეხმარება პედაგოგი. უპასუხისმგებლო ბავშვებმა არ იციან, როგორ გამოსწორდნენ. ისინი ჩვენზე არიან დამოკიდებულები და ელოდებიან მითითებებს, როგორ მოიქცნენ. მაგალითად, როდესაც მოსწავლე გაკვეთილზე გამუდმებით ლაპარაკობს და ხელს უშლის გარშემო მყოფებს, მასწავლებელს შეუძლია მასთან ერთად მოიფიქროს, სად გადასვას, რომ მან თავისი საქციელის კონტროლი შეძლოს. ეს მარტივი გამოსავალი, რომელიც ბავშვის დახმარებითვე მოიძებნება, კონცენტრირებაში დაეხმარება მას. თავისი საქციელის დამოუკიდებლად შეფასების შედეგად ის იღებს გადაწყვეტილებას და ამგვარად სწავლობს პასუხისმგებლობას, რომელზეც ასე ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ არ ვასწავლით სკოლაში. 

სამაგიეროდ, ვასწავლით, დაუფიქრებლად დაემორჩილონ სკოლის წესებს და მორჩილ მოსწავლეებს პასუხისმგებლობას ვუწონებთ.

ბავშვი შეიძლება იყოს დამჯერე, მაგრამ არ ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა. პასუხისმგებლობა გამომუშავდება მხოლოდ სიტუაციის დამოუკიდებლად შეფასებისა და სწორი ქცევის არჩევის გზით, – ქცევისა, რომელსაც, ბავშვის აზრით, შეუძლია სარგებლობის მოტანა მისთვის და გარშემო მყოფებისთვის. თუ ბავშვს საბავშვო ბაღიდანვე მივეცით ამის საშუალება, მისგან დადგება პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნება, რომელიც აცნობიერებს თავის საზოგადოებრივ მოვალეობას და მრავალრიცხოვანი წესებისა და სასჯელების საჭიროებაც გაქრება.

შეფასება არ არის საკმარისი, ბავშვმა თავისი არჩევანის რეალიზება თვითონ უნდა მოახდინოს. მოწიფული და საკუთარი თავის პატივისმცემელი პიროვნება – ეს პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებაა და ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ ეს თვისება ბავშვებს. მას უნდა შეეძლოს მიცემული სიტყვის შესრულება, მაგრამ ამას შიში კი არა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორის რწმენა უნდა აკეთებინებდეს.

აი, ეს არის „რეალობითი თერაპიის” ქვაკუთხედი. მას შემდეგ, რაც ბავშვი შეაფასებს თავის საქციელს და პირობას დადებს სხვანაირად მოიქცეს, მას ვეღარაფერი გაამართლებს. სწორედ ესაა დისციპლინა. საზოგადოება და სკოლა უმთავრესად დასჯას მიმართავენ, ეს კი არ ამართლებს. დისციპლინის წყალობით ბავშვი თვითონ იწვნევს თავისი შეცდომების შედეგებს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ზედმეტი ტკივილი მიაყენოს მას ან დაუმსახურებლად დასაჯოს. ის შეიძლება გაირიცხოს სკოლიდან ან დათხოვნილ იქნეს კლასიდან, მხოლოდ გარკვეული ხნით, მანამდე, ვიდრე თვითონ არ ითხოვს დაბრუნებას და განმარტავს, რა ამოცანები აქვს და როგორ აპირებს მათ შესრულებას.

სასჯელისგან განსხვავებით, დისციპლინა გამორიცხავს თვითნებობას: ის მოსწავლისგან მოითხოვს თავისი ქცევის კრიტიკულ ანალიზს და მისი გამოსწორებისას გარკვეულ პასუხიმგებლობას. ამაში ბავშვს აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უფროსმა, რომელიც იქნება მისი ნდობით აღჭურვილი პირი. დისციპლინამ სათანადო ეფექტი რომ მოგვცეს, ამ უფროსმა, ამ შემთხვევაში – მასწავლებელმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აპატიოს ბავშვს შეუსრულებელი ვალდებულებები. თუ ბავშვი გაამართლეს, ის დაკარგავს უფროსის ნდობას, რადგან იგრძნობს – სინამდვილეში მისთვის სულერთია. მასწავლებელი, რომელიც ბავშვისადმი გულგრილი არ არის, მას არ გაამართლებს.
დღეს ბევრი მოსწავლე, ცხოვრებისეული წარმატების თვალსაზრისით, საკუთარ თავს არაადეკვატურად აფასებს. წარუმატებლობაზე მათი რეაქცია მხოლოდ ემოციური ხასიათისაა და მოკლებულია ლოგიკას. ისინი მარტოსულები არიან და კეთილგანწყობილი, არაგულგრილი მასწავლებლების გულწრფელი თანამონაწილეობა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ დამრიგებელი, რომელიც დაეხმარება საქციელის გაანალიზების, მოქმედების სწორი გზის, მერე კი მისი რეალიზების საშუალებათა არჩევის დროს, და არა მოძღვრები და დიქტატორები. მათ უნდათ მასწავლებლები, რომლებიც მოთმინებით ასწავლიან, ცნობიერად აგონ პასუხი თავიანთ ქმედებებზე. მხოლოდ მაშინ მოიპოვებენ გარშემო მყოფთა პატივისცემას და სიყვარულს, აღიქვამენ თავს სრულყოფილ პიროვნებებად, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს, თავი დააღწიონ მარტოობას.

 კახა ჟღენტი
თეკლა ხუნწარია
———————————–
 „რეალობით თერაპია” – ეს არის გლასერის მიერ შემუშავებული ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომლის ძირითადი მიზანია პაციენტისთვის „რეალობის შეგრძნების” გააქტიურება და დახმარება იმ ნაპრალის გადალახვაში, რომელიც არის მის მიზნებსა და რეალურ ცხოვრებაში მათი განხორციელების შესაძლებლობას შორის.

ამ მეთოდის გამოყენებისას უარს ამბობენ იმ შეხედულებებზე, რომლებიც ასე თუ ისე „ხსნის” შეუსაბამობას ინდივიდის გეგმებსა და მათ რეალიზაციას შორის („გაუცნობიერებელი მოტივები”, „დამცავი მექანიზმები” და სხვ.). მოცემული მექანიზმები კი არ ასუსტებს რეალობის განცდას, არამედ, პირიქით, ამ უკანასკნელის შესუსტებას მივყავართ ფსიქიკური მოვლენების წარმოშობამდე. რეალობის განცდის შესუსტების შედეგია ის, რომ ინდივიდს უქვეითდება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ადამიანი საკუთარ თავს კი არ მიიჩნევს იმის მიზეზად, რაც მის თავს ხდება, არამედ ფიქრობს, რომ ბედმა ის სათამაშოდ აქცია, რის გამოც ერღვევა განწყობა მომავლისადმი, მომავალი საქმეების დაგეგმვისადმი დამოკიდებულება.

ფსიქოთერაპევტი ეხმარება პაციენტს საკუთარი სურვილების გაცნობიერებაში, მიზნების დასახვასა და სამომავლო გეგმების დაწყობაში. ისინი ერთად განიხილავენ მათი რეალიზების გზებს, მაგრამ არასდროს ეხებიან შესრულებული საქმეების მიზეზებს (მიიჩნევა, რომ პაციენტმა თავადაც იცის ეს მიზეზები), უარს ამბობენ აგრეთვე ფსიქოთერაპევტიულ დიაგნოზზე, რადგან ის ვერშესრულებული საქმეებიდან დიაგნოზზე გადაიტანს პასუხისმგებლობას. არც პაციენტის წარსულს განიხილავენ (რადგან მისი შეცვლა უკვე შეუძლებელია). ამ მეთოდის პრაქტიკულმა გამოყენებამ გვიჩვენა, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებთან მუშაობისას, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ფსიქიკური ან სხვა პრობლემები, აგრეთვე სამართალდამრღვევ მოზარდებთან მუშაობისას, და ნაკლებეფექტურია, როდესაც პაციენტს აქვს გაუცნობიერებელი კონფლიქტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი