პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა საბავშვო ლიტერატურის დახმარებით

იდეები ლიტერატურული კვირეულისათვის

 

ჩვენ გლობალური კატასტროფების ეპოქაში ვცხოვრობთ. კლიმატური ცვლილებები, ადამიანთა დაუდევრობა, ინდუსტრიული რევოლუცია თუ ბუნებისადმი მომხმარებლური, გაუფრთხილებელი დამოკიდებულება ყოველდღიურად ართულებს ჩვენს ცხოვრებას, ცვლის სამყაროს, რომელშიც ვარსებობთ, გვიმატებს შიშს და ცვლილებების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

ეკოლოგიური წიგნიერება  განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩვენმა მოსწავლეებმა, მომავლის მოქალაქეებმა, რომელთაც მრავალ პრობლემასთან შეჯახება მოუწევთ, უნდა გააცნობიერონ ბუნების დაცვის აუცილებლობა, აიმაღლონ ეკოლოგიური ცნობიერება.

ლიტერატურაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვპოულობთ პასუხს, საბავშვო ლიტერატურაში, მითუმეტეს, ბუნებისა და ადამიანის მეგობრობა, ერთიანობა, ურთიერთზეგავლენის შედეგები – მრავალი ჩვენთვის საყვარელი საბავშვო წიგნის მთავარი თემაა.

ლიტერატურისა და ეკოლოგიის ინტეგრირება ჩვენს სკოლებშიც შეიძლება დავგეგოთ, ლიტერატურული კვირეულისთვის ინტერმედიალური, ინტერდისციპლინური აქტივობების დაგეგმვა საინტერესო, მრავალფეროვანი სასკოლო საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში სწორედ ისაა, რაც ჩვენს სკოლებსა და მოსწავლეებს სჭირდებათ.

ჩამოვთვლი რამდენიმე მიმართულებას, რომელზე ყურადღების გამახვილება შეიძლება ამ ეკოლოგიურ-ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში.

ეს მხოლოდ საკითხების ჩამონათვალია, იდეებია, რომელსაც ფრთები თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი გემოვნების, გამოცდილებისა და კონკრეტული სკოლისა თუ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების მიხედვით შეიძლება შასხას.

 

  1. მწვანეთითება ტისტუ – ყვავილები და პაცეფიზმი, ლიტერატურა- ჰუმანიზმის წყარო, ბუნება და ადამიანი, ომი და ბავშვები… ვკითხულობთ ნაწყვეტებს მორის დრიუონის შესანიშნავი  წიგნიდან და ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება ბუნების, სილამაზის, ყვავილების დახმარებით ადამიანებს მშვიდობა ვასწავლო. პრაქტიკულ ნაწილში ვასწავლით, როგორც მრავლდება მცენარეები, ყვავილებს ვთესავთ, ვაკვირდებით მარცვლის გაღვივებას( წინასწარ წყლიან კონტეინეტში ვამზადებთ გაღვივებულ მარცვლებს“), ვალამაზებთ სკოლის ეზოს და ა.შ.
  2. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, პატარა პრინცი – ეკოლოგიური განათლების აუცილებლობა, გახსოვთ პატარა პრინცცის მთავარი დილემა? როგორ გადაარჩინოს თავისი პლანეტა ბაობაბებისგან, როგორ დაიცვას მეგობარი ვარდი მავნებლებისა და ქარისაგან, ვკითხულობთ ტექსტს, მიმოვიხილავთ ბუნების დამცველი ორგანიზაციების მუშაობას, პრაქტიკულ ნაწილში ვარდების დაკალმვას ვსწავლობთ, ვაფესვიანებთ და ვრგავთ ვარდებს.
  3. ყვავილები და პოეზია- ვკითხულობთ ლექსებს ქართული თუ მსოფლიო პოეზიიდან, ვრგავთ ყვავილებს ფერების მიხედვით, ვუსმენთ ჩაიკოვსკის „ყვავილების ვალსს“ , მიმოვიხილავთ სხვადასხვა მხატვრების შესრულებულ პეიზაჟებს, ვხატავთ.
  4. პეპი გრძელიწინდას ბაღი – ვსწავლობთ მცენარეების სწორად მორწყვას და მავნებლებისგან გათავისუფლებას;
  5. ბოსტნეულის გაკვეთილები ყველაზე პატარებისთვის -ვკითხულობთ“ ჩიპოლინოს თავადასავალს“, ვსაუბრობთ ბოსტნეულის სარგებლიანობასა და ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე. ვრგავთ ბოსტნეულს, ვამზადებთ ბოსტნეულის სალათს.
  6. ვაჟა-ფშაველას სამყარო, „ხმელი წიფელი“, ქუჩი“ – ვყვებით ვაჟა-ფშაველას შემოქმედების შესახებ, ვკითხულობთ, ვრგავთ  ქართული ენდემური ჯიშის რომელიმე მცენარეს, შეგვიძლია სტუმრად მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც გვიამბობს კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ, გავიგებთ რა არის „წითელი წიგნი“.
  7. რეზო ინანიშვილი, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი, ვკითხულობთ, ვსაუბრობთ, ვსწავლობთ და ვიხსენებთ წელიწადის დროებს, რომელი მცენარე რომელ სეზონზე ყვავილობს, როდის რა უნდა დავრგოთ, ვგეგმავთ პრაქტიკული სამუშაოს – ვრგავთ ჯუჯა ნეკერჩხალს, ვხატავთ, ვაგროვებთ ფოთლებს და ვაკეთებთ შემოდგომის კომპოზიციებს.
  8. მაუგლი- გაკვეთილი მსოფლიოს უდიდესი ტყეების შესახებ, მრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, ვაგროვებთ ინფორმაციას ბუნებრივი საშიშროებებისა და კატასტროფების შესახებ.
  9. ბემბი – გავუფრთხილდეთ ფაუნას, არ დავხოცოთ ცხოველები, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა პოპულაციის გაქრობა ბუნებაზე. ვკითხულობთ ნაწარმოებს, ვნახულობთ დისნეის მულტფილმს და ვიხსენებთ რა წაგვიკითხავს თუ გვინახავს ამ თემაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი