შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ სწავლობენ ბავშვები თავისით (მესამე ნაწილი)

მონადირე-შემგროვებელთა სიბრძნე 

ასეულობით ათასი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის ჩასახვის დღემდე (დაახლ. 10 000 წლის წინ), ჩვენ, ადამიანები, მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოება ვიყავით. ჩვენი ადამიანური ინსტინქტები, ყველა იმ ინსტინქტური შესაძლებლობის ჩათვლით, რომლებიც სწავლის ინსტინქტს მოიცავს, სწორედ ცხოვრების ამ წესის კონტექსტში განვითარდა. ამიტომაც, ვფიქრობ, ბუნებრივია ვიკითხოთ: როგორ სწავლობდნენ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები იმას, რაც აუცილებელი იყო სრულყოფილ და ეფექტურ ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის მათ კულტურაში?
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს ადამიანთა ბევრი განსხვავებული ჯგუფი აფრიკის, აზიის, ავსტრალიის, ახალი გვინეის, სამხრეთ ამერიკის და სხვა ქვეყნების შორეულ ადგილებში. ეს ის ჯგუფები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი, რომლებზეც გავლენა თითქმის არ მოუხდენია თანამედროვე ცივილიზაციას. თუმცაღა თითოეულ შესწავლილ ჯგუფს თავისი ენა და კულტურული ტრადიციები აქვს, ცხოვრების წესით, მისი მოწყობით ისინი ერთმანეთს ჰგვანან, რაც საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესზე მხოლობით რიცხვში.
მონადირე-შემგროვებლები პატარა მომთაბარე ჯგუფებად ცხოვრობენ (25-დან 50 კაცამდე თითოეულ ჯგუფში)  ყველა ჯგუფი გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად იღებს. მათ თავიანთი ეთიკური სისტემა აქვთ, რომელიც წევრთა თანასწორობას ემყარება და ჯგუფის ყველა წევრი იზიარებს მდიდარ კულტურულ ტრადიციებს, რომლებიც მოიცავს მუსიკას, ხელოვნებას, ცეკვებს, ძველ ლეგენდებსა თუ ისტორიებს.

ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში მოძიებული მონაცემების სრულყოფისთვის მე და ჯონათან ოგასი (მისი სტუდენტობის პერიოდში) დავუკავშირდით რამდენიმე ცნობილ ანთროპოლოგს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მონადირე-შემგროვებელთა თემში. ვთხოვეთ, შეევსოთ ჩვენ მიერ მომზადებული კითხვარები და გაეზიარებინათ ამ თემებში ბავშვების ცხოვრების შესახებ მათი დაკვირვების შედეგები. ცხრა მკვლევარი გამოგვეხმაურა და გასცა პასუხი ჩვენს კითხვარს. საბოლოოდ შეგროვდა მასალები ექვსი სამონადირეო-შემგროვებელი თემის შესახებ. სამი მათგანი აფრიკაში ცხოვრობდა, ერთი – მალაიზიაში და ერთიც – ახალ გვინეაში. 

როდესაც კითხვარი და ლიტერატურა გადავამუშავეთ, დაუჯერებელი აღმოჩნდა შედეგების სრული შესაბამისობა კულტურასთან. ქვემოთ იხილეთ 4 ძირითადი დასკვნა, რაც ამ კვლევის შედეგად მივიღეთ: 

1. მონადირე-შემგროვებელთა ცივილიზაციის ბავშვებს წარმატებულ ზრდასრულებად ჩამოყალიბებისთვის უამრავი სახის ცოდნის ათვისება უწევთ.
შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ განათლებას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში, რადგან მათ არც ისე ბევრის სწავლა უწევთ. სინამდვილეში ისინი უზარმაზარ ინფორმაციასა და ცოდნას იღებენ.

კარგი მონადირე რომ გახდეს, ბიჭმა უნდა შეისწავლოს ორასიდან სამასამდე სახეობის ძუძუმწოვრისა და ფრინველის ქცევის წესები და თვისებები (ეს ის სახეობებია, რომლებზეც მონადირეთა ჯგუფები ნადირობენ), მათზე ნადირობის, მათი დევნისა თუ პოვნის რთული წესები, ნადირობისთვის საჭირო იარაღების (მშვილდ-ისრის, შუბის, ხელშუბის, მახის, ხაფანგის, ბადის) დამზადება და მათი პრაქტიკაში გამოყენება – სროლა, ხაფანგების გამართვა-დამაგრება, ცხოველის კვალში ჩადგომა და სხვა.

გოგონებმა უნდა შეისწავლონ, ურიცხვი მცენარიდან რომლის ნაყოფი, ღერო, ფესვი თუ თესლია საკვებად ვარგისი, დაიხსომონ მათი შეგროვების დრო, ადგილი და წესები, მოპოვებული ნედლეულის გადამუშავების, მისი უსაფრთხო საკვებად ქცევისა და საკვები ღირებულების გაზრდის მეთოდები. ამ უნარებს ქალი წლების განმავლობაში ეუფლება. საჭიროა ამ მრავალფეროვანი ცოდნის შენახვა, გადამუშავება და ვერბალურად გადაცემა მომდევნო თაობებისთვის.

დამატებით მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებმა უნდა შეისწავლონ მათ ტერიტორიაზე (ტერიტორიაზე, რომელზეც საზრდოს მოიპოვებენ) გზის გაგნება-ნავიგაცია, ქოხებისა და დროებითი თავშესაფარის აშენება-გამართვა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება, მტაცებლებისგან თავის დაცვა, ამინდის პროგნოზირება, ჭრილობებისა და სნეულებების მკურნალობა, მშობიარობისას დახმარება, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა-პატრონობა, ჯგუფის სხვა წევრებთან ჰარმონიული თანაცხოვრება და სწორი ქცევა, მეზობელ ჯგუფებთან მოლაპარაკება, ისტორიების მოყოლა, მუსიკისა და სიმღერების შექმნა, სარიტუალო ცეკვები და სხვა. ვინაიდან ჯგუფში ვიწრო სპეციალიზაცია არ მიმდინარეობს (გარდა იმისა, რომ ქალები შემგროვებლები არიან, ხოლო მამაკაცები – მონადირეები), ყველა ვალდებულია, აითვისოს მოცემულ კულტურაში დაგროვილი მთელი ცოდნისა და უნარების ძირითადი ნაწილი.
2. ბავშვები ამ ყველაფერს სწავლების პროცესის გარეშე ითვისებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებს უზარმაზარი ინფორმაციის ათვისება და გადამუშავება უწევთ, მონადირე-შემგროვებლების ჯგუფებს სკოლის მსგავსი არაფერი აქვთ. მოზრდილები არ ქმნიან სასწავლო პროგრამებს პატარებისთვის, არც მათ მოტივირებას ცდილობენ, არც გაკვეთილებს უტარებენ და არც მათი სწავლის პროგრესის მონიტორინგით იწუხებენ თავს. როდესაც ვიკითხეთ, როგორ სწავლობენ ბავშვები იმას, რაც სჭირდებათ, დაახლოებით ასე გვიპასუხეს: ისინი თვითონვე სწავლობენ დაკვირებით, თამაშით და კვლევით. რა თქმა უნდა, ზრდასრულს შეუძლია, აჩვენოს მოზარდს, როგორ გააკეთოს უკეთ, მაგალითად, ისრის პირი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ამას გულწრფელად ითხოვს. მოზრდილები თავად არ ერევიან ბავშვების ცხოვრებასა თუ აქტივობაში და არც მათი განათლების საკითხი აწუხებთ – ათასწლოვანმა გამოცდილებამ დაარწმუნა ისინი, რომ ბავშვები თვითსწავლების ოსტატები არიან (Y. Gosso et al. (2005), “Play in hunter-gatherer societies”).
3. ბავშვებს უამრავი დრო აქვთ თამაშის, კვლევისა და თავგადასავლებისთვის.
კითხვაზე, რამდენი დრო აქვთ ბავშვებს სათამაშოდ, ჩვენ მიერ გამოკითხულმა ანთროპოლოგებმა ერთსულოვნად გვიპასუხეს, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ, უმეტესად თავისუფლები იყვნენ და მთელ დღეებს თამაშში ატარებდნენ.

თავისუფლება, რომელიც მინიჭებული აქვთ მონადირე-შემგროვებელთა კულტურის ბავშვებს, ნაწილობრივ ამ ტომების წარმოდგენებიდან მომდინარეობს. უფროსები დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვის მიერ განათლების მიღების უტყუარი გზა სწორედ თავისუფლებაზე გადის. გარდა ამისა, ეს დაუწერელი კანონი ამ ტომებში გამეფებული ეგალიტარიანიზმის, პერსონალური ავტონომიიისა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება, რომელიც თანაბრად ეხება ბავშვებსა თუ მოზრდილებს (S. Kent (1996), “Cultural diversity among African foragers: causes and implications).

მონადირე-შემგროვებელი მშობელი ბავშვს უყურებს როგორც სრულყოფილ ინდივიდს, რომელსაც იგივე უფლებები აქვს, რაც ზრდასრულს. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები ტომის ეკონომიკაში მაშინ ჩაერთვებიან, როდესაც მზად იქნებიან ამისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ არ უნდა აკეთებინო ბავშვს ისეთი რამ, რაც თავად არ სურს. ნიშანდობლივია, რომ სწავლისა და საზოგადოებისთვის (ტომისთვის, ჯგუფისთვის, – ლ.ა.) სასარგებლო საქმის კეთების ინსტინქტები სწორედ იმ საზოგადოებაში წარმოიშვა, სადაც ადამიანის ინსტინქტებს ნდობით ეკიდებიან!
4. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა საქმიანობას და დაკვირვების შედეგებს თავიანთ თამაშებში იყენებენ.
მონადირეთა და შემგროვებელთა ხალხების ბავშვები არ არიან მოწყვეტილნი ზრდასრულთა სამყაროს. ისინი უშუალოდ აკვირდებიან ყველაფერს, რაც მათ დასახლებაში (ბანაკში) ხდება – ექსპედიციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, ქოხების მშენებლობას, იარაღის, კულტურისთვის დამახასიათებელი არტეფაქტებისა და სხვა, ყოფა-ცხოვრებაში საჭირო ხელსაწყოების დამზადებას, საჭმლის მომზადებას, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლასა და გაზრდას, ავადმყოფობასა და მტაცებლებთან ბრძოლას, ჭორაობასა და კამათს, ადგილობრივ პოლიტიკას, ცეკვებსა და დღესასწაულებს. ხანდახან ბავშვები მოზრდილებს მიჰყვებიან საკვების მოსაპოვებელ ექსპედიციებში, ხოლო ბიჭები, დაახლოებით 10 წლიდან, ხანდახან მამაკაცებს სანადიროდაც მიჰყვებიან.

ბავშვები აკვირდებიან ყოველივე ამას და თვალით დანახულს თუ ყურით გაგონილს თავიანთი თამაშების სცენარში რთავენ. დროთა განმავლობაში, თამაშითა და ერთობლივი შემოქმედებით, ისინი თანდათან ოსტატდებიან სხვადასხვა საქმიანობაში. ასაკის მატებასთან ერთად მათი თამაში ძალიან ემსგავსება რეალურ აქტივობებს. არ არსებობს მკაფიო საზღვარი თამაშსა და რეალურ მოქმედებებს შორის. მაგალითად, ბიჭები, რომლებიც თამაშ-თამაშით ნადირობენ პეპლებზე თავიანთი პატარა მშვილდ-ისრებით, მოგვიანებით, ასევე თამაშით, მომცრო ძუძუმწოვრებზე გადადიან და ხშირად ნანადირევი სახლშიც მოაქვთ. მოგვიანებით მოზრდილი ბიჭები უკვე კაცებთან ერთად მიდიან „ნამდვილ” სანადირო ექსპედიციაში, თუმცა თამაშის სული ამ დროსაც შენარჩუნებულია.

კიდევ ერთ საინტერესო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბიჭებისა და გოგონების მიერ სათამაშო სახლების მშენებლობაც. ჩვენი კითხვარის შევსებისას ნენსი ჰაუელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ტომის, ი-კუნგის ბავშვები თამაშ-თამაშით ხანდახან მთელ „საბავშვო” სოფელსაც კი აშენებენ თავიანთი ნამდვილი სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე. ეს სოფელი იქცევა მათ სათამაშო ადგილად, სადაც ბავშვები დიდებზე დაკვირვების შედეგად ათვისებულ აქტივობათა უამრავ სცენას გაათამაშებენ.

გამოკითხული მეცნიერები აღწერენ უამრავი სხვა ტიპის აქტივობასაც, რომლებსაც ბავშვები მოზრდილთა იმიტაციით რეგულარულად იყენებენ თამაშებში: ფესვების ამოთხრა, მაჩვზღარბის სოროდან გამოგდება კვამლით, საჭმლის კეთება, პატარების მოვლა, ხეზე ძრომა, ლიანებისგან კიბის დაწვნა, იარაღებისა და ხელსაწყოების დამზადება, მძიმე ტვირთის აწევა-ზიდვა, ნაკადულზე გადასასვლელი ხიდების კეთება, ცეცხლის გაჩაღება, მტაცებლებისგან დამცავი ზღუდეების მშენებლობა, ცხოველების მიბაძვა (მათი გარჩევა-ცოდნა და მათი ქცევების შესწავლა), მუსიკის შექმნა, ცეკვა, თხრობა, კამათი და არგუმენტირება – ყველა ეს საქმიანობა აღნიშნული იყო ჩვენი რესპონდენტების პასუხებში. ვინაიდან ყველა ეს თამაში-აქტივობა სხვადასხვა ასაკის ბავშვების გარემოში მიმდინარეობს, პატარები გამუდმებით სწავლობენ უფროსი ბავშვებისგან იმას, რაც ჯერ თვითონ არ იციან.

ბავშვებს ამას არავინ სთხოვს, არც არავინ აქეზებს – ისინი ყველაფერს ბუნებრივად აკეთებენ, ისევე, როგორც ყველა სხვა ბავშვი, რადგან ბავშვისთვის არაფერია ამქვეყნად უფრო სასურველი, ვიდრე მალე გაზრდა და მშობლებივით ან უფროს და-ძმასავით „დიდად” გახდომა. ეს სურვილი მძლავრი მოტივატორია საიმისოდ, რომ ბავშვებმა, თუ ამის საშუალება მისცეს, უსასრულოდ ითამაშონ და დახვეწონ თავიანთი უნარები, რომლებიც მათთვის „დიდობასთან” ასოცირდება.
შეიძლება თუ არა ამ დაკვირვებების მისადაგება ჩვენს კულტურასთან?

ჩვენი კულტურა, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება მონადირე-შემგროვებელთა კულტურისგან, ამიტომ ბევრი ეჭვით შეხედავს იმ გაკვეთილებს, რომლებიც მონადირეთა კულტურებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ. მაგალითად, მონადირე-შემგროვებელ ხალხებს არ გააჩნიათ დამწერლობა და არითმეტიკა; აღმოჩნდება კი თვითგანსწავლის, თვითმოტივირებადი სწავლისა და ცხოვრების წესი ეფექტური მათთვისაც, ვისაც სამი „რ”-ს შესწავლა სურს?

ჩვენს კულტურაში, მონადირე-შემგროვებელთა კულტურისგან განსხვავებით, თავისა და ოჯახის შენახვა-უზრუნველყოფის უამრავი გზა არსებობს, უამრავი უნარი და ცოდნის ათვისება შეუძლიათ ჩვენს შვილებს, თუმცა, იმავდროულად, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დააკვირდნენ ჩვენს, მოზრდილთა, ყოველდღიურ საქმიანობას და აითვისონ – ჩვენთან ბავშვები, მონადირეთა შვილებისგან განსხვავებით, უმეტესად შორს არიან ზრდასრულთა საქმიანობისგან, რაც ხელს უშლის მათ, მიბაძონ უფროსებს და მათი საქმიანობა თავიანთ თამაშებში გაიმეორონ. 

თუმცა, მომდევნო სტატიაში ვეცდები გიჩვენოთ, რომ სწავლის ის მეთოდი, რომელიც ასე ქმედითია მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში, ასეთივე შეიძლება იყოს ჩვენი შვილებისთვისაც. ეს შესაძლებელია, თუ მათ ისეთ სასწავლო გარემოს შევუქმნით, რომელშიც იმავე მეთოდის გამოყენებით ჩვენს შვილებსაც მიეცემათ თავისით სწავლის საშუალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი