პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრონტალური გაკვეთილი კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(მეორე ნაწილი)

ფრონტალური გაკვეთილი, ტრადიციული გაგებით, წარმოადგენს მასწავლებელზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესს. ეს არის სწავლების სტრატეგია, რომელიც ხშირად პირდაპირ სწავლებადაც იხსენიება და აქცენტს მასწავლებლის როლზე აკეთებს. ეს მეთოდი მრავალფეროვან ვარიაციებად ჩამოყალიბდა, თუმცა, ყველა ამ ვარიანტს აქვს ერთი საერთო – მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემის ძირითად წყაროს. ფრონტალური მეთოდის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლექციური ტიპის გაკვეთილი, კითხვა-პასუხზე აგებული გაკვეთილი, დემონსტრირებით წარმართული გაკვეთილი.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ტრადიციულ ფრონტალურ გაკვეთილს უფრო ნეგატიური იმიჯი აქვს, ვიდრე პოზიტიური. პედაგოგებისა თუ განათლების სპეციალისტების ნაწილი, რომელიც სწავლების პროცესისადმი მხოლოდ ინტერაქტიულ მიდგომებს იზიარებს, მიიჩნევს, რომ ფრონტალური გაკვეთილების გამოყენება ხელს უშლის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. ამ აზრის განსამტკიცებლად ისინი ასახელებენ ფრონტალური გაკვეთილის მხოლოდ უარყოფით მხარეებს:

* ფრონტალური გაკვეთილი უმეტესწილად ავტორიტარული და დირექტიულია;
* მოსწავლეები პასიურები არიან და მცირეა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
* არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა სწავლის ინდივიდუალური ტემპი;
* ამ ტიპის გაკვეთილი ხელს არ უწყობს მოსწავლეთა სოციალური კომპეტენციის განვითარებას;
* უეფექტოა მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) განვითარების თვალსაზრისითაც.

ხოლო როდესაც მასწავლებელი თუ განათლების მეცნიერების ზოგიერთი წარმომადგენელი ფრონტალური გაკვეთილის უპირატესობასა და წარმატებაზე საუბრობს, თვალწინ ისეთი „დიდაქტიკური მონოკულტურა” უდგას, სადაც წარმმართველია დიდი ავტორიტეტი, შიში და მკაცრი დისციპლინა – მაშასადამე, სასწავლო პროცესისადმი ავტორიტარული, კერძოდ, ბიჰევიორისტული მიდგომა. ამ შემთხვევაში ვექტორის მიმართება ცალმხრივია – მასწავლებლიდან კლასისკენ. ისინი საუბრობენ ფრონტალური გაკვეთილის მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზე. კერძოდ, იმაზე, რომ

* ის საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებს სწრაფად გადავცეთ დიდი მოცულობის ინფორმაცია;
* ის ორგანიზაციულად და მეთოდურად ადვილად ჩასატარებელია;
* მეთოდი ტრადიციული და მრავალჯერ ნაცადია.

ხშირად ფრონტალური გაკვეთილები წმინდა ტიპის ლექციიდან თუ მასწავლებლის პრეზენტაციიდან საუბარზე ორიენტირებულ ფაზებში გადადის, შესაძლოა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართოს და შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ დირექტიული მიდგომა მასწავლებელმა ინტერაქტიულით შეცვალა, მაგრამ უმეტესად ამასაც ფრონტალური ხასიათი აქვს, ე.ი. ისევ მასწავლებელი დგას ცენტრში და არა მოსწავლე. ამგვარ მიდგომას შეიძლება “მოჩვენებითი თანამშრომლობა” ვუწოდოთ, რადგან მასწავლებელი, თუმცაღა შედის დიალოგში მოსწავლეებთან, ისმენს მათ აზრს, საბოლოოდ მაინც თავად განსაზღვრავს ყველაფერს. ვექტორის მიმართება ამ შემთხვევაშიც ცალმხრივია – მასწავლებლიდან კლასისკენ.

ბუნებრივია, ასეთი მიდგომით შესაძლებელია, მოსწავლემ მიიღოს გარკვეული ცოდნა, მაგრამ როგორ ავიცილოთ თავიდან ფრონტალური გაკვეთილის თანმხლები ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური ფაქტორები? ამ კითხვაზე სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა სცემს პასუხს.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა გვთავაზობს სასწავლო პროცესში ფრონტალური გაკვეთილების შეზღუდულად და ინტერაქტიულ მეთოდებთან კომბინირებულად გამოყენებას, მაშასადამე, ფრონტალური გაკვეთილების ჩანაცვლებას ფრონტალური ფაზებით, რომლებიც, თავის მხრივ, ინტერაქტიული იქნება, ანუ წარიმართება მოსწავლეებთან დიალოგურ რეჟიმში. მოსწავლეთა ჩართვა დიალოგში, მათი მხრივ კითხვების დასმა მარტო ნებადართული კი არ უნდა იყოს, არამედ მასწავლებელი ახალისებდეს კიდეც ამას და ხელს უწყობდეს. ეს უზრუნველყოფს ვექტორის ორმხრივ მიმართებას – როგორც მასწავლებლიდან თითოეული მოსწავლისკენ, ასევე მოსწავლიდან მასწავლებლისკენ. შედეგად მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას კი არ იძენენ და მაღალ სააზროვნო უნარებს ივითარებენ, არამედ საკლასო ოთახში მკვიდრდება ღია ურთიერთობებისა და კომუნიკაციის კულტურა.

მასწავლებელს, იმისთვის, რომ შეძლოს ფრონტალური ფაზების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ფრონტალური მეთოდის ყველა თავისებურება, მისი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და გაითვალისწინოს ისინი გაკვეთილის დაგეგმვისას:

* როდესაც მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში ფრონტალური მეთოდის გამოყენებას გეგმავს, უნდა იცოდეს მისი გამოყენების საზღვრები: როდესაც მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში, მაგალითად, კვლევა-ძიების ან მეტაკოგნიტური უნარების განვითარება, ფრონტალური მეთოდის გამოყენება არარელევანტური იქნება, მაგრამ მაშინ, როცა მასწავლებლის მიზანია, ყველა მოსწავლეს დროის მცირე მონაკვეთში გადასცეს დიდი მოცულობის ინფორმაცია, დაანახოს ცალკეულ შინაარსთა ურთიერთკავშირი, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.

* ფრონტალური მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელს ყველა მოსწავლე თვალთახედვის არეალში ჰყავს, ყველანი ერთი საკითხისა თუ პრობლემის ირგვლივ არიან კონცენტრირებულები, რაც მეთოდს უფრო ადვილად გამოსაყენებელს ხდის;

* ტრადიციული ფრონტალური მეთოდით მუშაობისას მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია. წარმატების მისაღწევად საჭიროა გავუღვიძოთ მათ ინტერესი როგორც შესასწავლი თემისადმი, ასევე კონკრეტულად იმ ფრონტალური სტრატეგიისადმი, რომლის საშუალებითაც ამ მასალას გადავცემთ. ამიტომ მასალა, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი, საინტერესოდ დემონსტრირებული თუ ახსნილი. ამ დროს, გარდა იმისა, რომ მოსწავლეს უჩნდება ინფორმაციის მიღების მოტივაცია, გამოუმუშავდება კომპეტენციაც, თავად როგორ წარდგეს სხვათა წინაშე, როგორ გააკეთოს ეფექტური პრეზენტაცია. ამ კომპეტენციის მნიშვნელობა სცილდება სკოლის ყოველდღიურობას, ეს არის ადამიანის მნიშვნელოვანი უნარი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

* ტრადიციული ფრონტალური მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეთა ავტონომია, თვითეფექტურობა და სოციალური/თანამშრომლობითი კომპეტენცია შეზღუდულია. მაგრამ თუ მასწავლებელი ფრონტალურ ფაზებს მიანიჭებს ინტერაქტიურ ხასიათს, მეთოდის ეს სუსტი მხარე დაიძლევა.
ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ უნდა დავგეგმოთ ფრონტალური ფაზები, რომ გავზარდოთ მათი ეფექტიანობა:

* მხოლოდ მასწავლებელი კი არ უნდა იყოს ფრონტალური ფაზის განმხორციელებელი, მაკონტროლებელი, არამედ მოსწავლეებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გახდნენ ამ ფაზის აქტიური მონაწილენი და, შესაძლოა, წარმმართველებიც;

* სწავლების ინტერაქტიულ, ქმედებაზე ორიენტირებულ ფაზებში ან ასეთ ფაზებს შორის სასურველია ხანმოკლე ფრონტალური ფაზების ჩასმა, რათა ნათელი მოეფინოს მოსწავლეებისთვის გაუგებარ საკითხებს;

* იმისთვის, რომ ფრონტალური ფაზები ხელს უწყობდეს მოსწავლეთა საუბრის კულტურის განვითარებას, მასწავლებელმა აქტიური მინილექციის, პრეზენტაციისა თუ დემონსტრირების დროს ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ენას, ხმას, ჟესტებს, მიმიკას, ემოციებს, ოთახში გადაადგილებას, აქტიური მოსმენის კულტურას, ლექციაში მოსწავლეთა ჩართვის ინიცირებას, მათი მხრვ განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, რათა მოსწავლეებთან კონტაქტი ცოცხალი გახადოს და მისი ეს ქცევა მისაბაძი გახდეს აღსაზრდელებისთვის. მაშასადამე, ფრონტალური ფაზების სწორად წარმართვისას მასწავლებელი შეიძლება გახდეს მოსწავლეთათვის წარმატებული და გონივრული ქცევის მოდელი.

* ფრონტალური ფაზების მეშვეობით მოსწავლეები იძენენ გამოცდილებას ენის ფუნქციის შესახებ. აცნობიერებენ, რომ ვერბალური არხი ინფორმაციის გაცვლისა და ადამიანთა შორის ურთიერთობების დამყარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ფრონტალურ ფაზაში აქტიური მონაწილეობა მოსწავლეს უვითარებს უნარს, აუდიტორიას ინფორმაცია გასაგებად და სახალისოდ გადასცეს, დიალოგში შევიდეს მსმენელებთან, კორექტულად დაუსვას კითხვები, მოისმინოს და გაითვალისწინოს მსმენელთა/თანამოსაუბრეთა აზრი, განაზოგადოს ან დააკონკრეტოს ინფორმაცია, გააანალიზოს, შეაჯამოს, დასკვნები გამოიტანოს. მოსწავლეებში ვერბალური კომუნიკაციის კომპეტენციის განვითარება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ფრონტალური ფაზები დირექტიულ ხასიათს კი არ ატარებს, არამედ გაჯერებულია კითხვა-პასუხით, დიალოგით, დისკუსიით.

* ფრონტალური ფაზები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ საქმის გაიოლების მიზნით.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, ფრონტალური გაკვეთილი შეიძლება განვიხილოთ როგორც ოთხი თანმიმდევრული სამუშაო ფაზა. პირველი ფაზა – მასწავლებელი გადასცემს მოსწავლეებს ცოდნას, რომელსაც მოსწავლეები ადვილად გაიგებენ, თუ გადაცემული საკითხის სტრუქტურა მათ აზრობრივ სტრუქტურას შეესაბამება და მათი აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. მეორე ფაზამ უნდა უზრუნველყოს საკითხის უფრო ღრმად წვდომა, რაც საკლასო დისკუსიით მიიღწევა. მესამე ფაზა – ახალშესწავლილი მასალის განმტკიცება ვარჯიშით. მეოთხე ფაზა – შეძენილი კომპეტენციების სხვადასხვა, მათ შორის – არასასკოლო, სიტუაციაში გამოყენება, ე.ი. ცოდნის ტრანსფერი.

ფრონტალური გაკვეთილის ოთხივე სამუშაო ფაზის განხორციელებაზე ლაპარაკისას არ ვგულისხმობთ 45-წუთიანი გაკვეთილი – ეს უმეტესად არარეალისტურია. ოთხივე ფაზის სრულყოფილად განხორციელებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი